ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი იოანესი

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რათა ღვთის შვილებად ვიწოდებოდეთ: ქვეყანა იმიტომ არ გვიცნობს, რომ ვერ იცნო იგი.

1 იხილეთ, რაბამი სიყუარული მომცა ჩუენ მამამან, რაჲთა შვილ ღმრთისა ვიწოდნეთ. ამისთჳს სოფელმან არა გიცნის თქუენ, რამეთუ არცა იგი იცნეს.
2 საყვარელნო, ამიერიდან ღვთის შვილები ვართ, მაგრამ ჯერ არ გამჟღავნებულა, რანი ვიქნებით. ვიცით მხოლოდ, რომ, როცა გამომჟღავნდება, მისივე მსგავსნი ვიქნებით, რადგანაც ვიხილავთ მას, როგორიც არის. 2 საყუარელნო, აწ შვილნი ღმრთისანი ვართ და არღარა გამოჩინებულ არს, რაჲ ყოფად ვართ. გარნა ვიცით, რამეთუ უკუეთუ გამოცხადნეს, მსგავსად მისსა ვიყვნეთ, რამეთუ ვიხილოთ იგი, ვითარცა იგი არს.
3 ყველამ, ვისაც ასე ეიმედება იგი, თავი განიწმიდოს, როგორც ისაა წმიდა. 3 და ყოველსა რომელსა აქუნდეს სასოებაჲ ესე მისა მიმართ, განიწმიდოს თავი თჳსი, ვითარცა იგი წმიდა არს.
4 ცოდვის ყოველი ჩამდენი ურჯულოებასაც სჩადის, და ცოდვა არის ურჯულოება. 4 ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მან უსჯულოებაჲცა ქმნეს და ცოდვა იგი არს უსჯულოებაჲ.
5 თქვენ იცით, რომ იმიტომ გამოჩნდა იგი, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და რომ მასში არ არის ცოდვა. 5 და იცით, რამეთუ იგი გამოჩნდა, რაჲთა ცოდვანი ჩუენნი აღიხუნეს და ცოდვაჲ მის თანა არა არს.
6 არცერთ მათგანს, ვინც მკვიდრობს მასში, არ შეუცოდავს: არცერთ შემცოდეს არ უხილავს და არ შეუცვნია იგი. 6 ყოველი რომელი მის თანა ეგოს, არცა ცოდოს და ყოველი რომელი ცოდვიდეს, მას არა უხილავს იგი, არცა იცის იგი.
7 შვილებო, ნურავინ გაცთუნებთ; სიმართლის მოქმედი მართალია, როგორც ის არის მართალი. 7 შვილნო, ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ. რომელმან ქმნეს სიმართლე, იგი მართალ არს, ვითარცა იგი თავადიცა მართალ არს.
8 ცოდვის ჩამდენი ეშმაკისაგან არის, რადგანაც დასაბამიდან ეშმაკი სცოდავს; მიტომაც მოგვევლინა ძე ღვთისა, რომ დაერღვია ეშმაკის საქმენი. 8 რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, იგი ეშმაკისაგან არს, რამეთუ დასაბამითგან ეშმაკი ცოდავს. ამისთჳს გამოცხადნა ძე ღმრთისაჲ, რაჲთა დაარღჳნეს საქმენი ეშმაკისანი.
9 ღვთისაგან შობილი არავინ სცოდავს, ვინაიდან მასში რჩება ღვთიური თესლი, და არ შეუძლია სცოდოს, რადგანაც ღვთისაგან არის შობილი. 9 ყოველი რომელი შობილ არს ღმრთისაგან, მან ცოდვაჲ არა ქმნეს, რამეთუ თესლი მისი მის თანა დადგრომილ არს. და ვერ ჴელ-ეწიფების ცოდვად, რამეთუ ღმრთისა მიერ შობილ არს.
10 ამით იცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ვინც არ იქმს სიმართლეს და ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, ღვთისაგან არ არის იგი. 10 ამის მიერ ცხად არიან შვილნი ღმრთისანი და შვილნი ეშმაკისანი. ყოველმან რომელმან არა ქმნეს სიმართლე, იგი არა არს ღმრთისაგან და რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი.
11 რადგანაც ეს არის უწყება, რომელიც გსმენიათ დასაბამიდან, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი. 11 რამეთუ ესე არს აღთქუმაჲ, რომელი გესმა პირველითგან, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას.
12 ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა; მერედა, რისთვის მოკლა? იმიტომ, რომ ბოროტი იყო მისი საქმე, ხოლო მისი ძმისა - მართალი. 12 არა ვითარცა-იგი კაინ, რომელი-იგი უკეთურისაგან იყო და მოკლა ძმაჲ თჳსი. და რაჲსათჳს-მე მოკლა იგი? რამეთუ საქმენი მისნი ბოროტ იყვნეს, ხოლო ძმისა მისისანი – მართალ.
13

ნუ გიკვირთ, ძმანო, თუ ქვეყანას სძულხართ.

13 ნუ გიკჳრნ თქუენ, ძმანო ჩემნო, რამეთუ გძულობს თქუენ სოფელი.
14 ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან გადავედით სიცოცხლეში, რადგანაც გვიყვარს ძმები; ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება. 14 ჩუენ უწყით, რამეთუ მივიცვალენით სიკუდილისაგან ცხორებად, რამეთუ გჳყუარან ძმანი. რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ, სიკუდილსა შინა დადგრომილ არს.
15 ყველა, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; თქვენ კი იცით, რომ არცერთ კაცისმკვლელს არ აქვს საუკუნო სიცოცხლე, თვით მასშივე დამკვიდრებული. 15 ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი კაცის-მკლველი არს და იცით, რამეთუ ყოველსა კაცის-მკლველსა არა აქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ მის თანა დადგრომილად.
16 იმით შევიცანით სიყვარული, რომ მან თავისი სული დადო ჩვენთვის; ჩვენც გვმართებს ძმებისათვის სულის დადება. 16 ამით ვცნათ სიყუარული მისი, რამეთუ მან სული თჳსი ჩუენთჳს დადვა და ჩუენცა თანა-გუაც ძმათათჳს სულთა ჩუენთა დადებაჲ.
17 ვისაც სიმდიდრე არ აკლია ამ ქვეყნად, მაგრამ გაჭირვებული ძმის შემყურე გულს იხშობს მისთვის, როგორღა დაემკვიდრება მასში ღვთის სიყვარული? 17 უკუეთუ ვისმე აქუნდეს საცხორებელი სოფლისაჲ ამის და იხილოს ძმაჲ თჳსი, რომელსა ეჴმარებოდეს რაჲმე და დაჰჴშნეს ნაწლევნი თჳსნი მისგან, ვითარ-მე ჰგიეს მის თანა სიყუარული ღმრთისაჲ?
18 შვილებო, გვიყვარდეს, მაგრამ არა სიტყვით და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით. 18 შვილნო ჩემნო, ნუ ვიყუარებით სიტყჳთა ხოლო, ნუცა ენითა, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებითა.
19 ამით შევიცნობთ, რომ ჭეშმარიტებისაგან ვართ და მის წინაშე დავიმშვიდებთ გულს. 19 და ამით საცნაურ ვიყვნეთ, რამეთუ ჭეშმარიტებისაგანნი ვართ და წინაშე მისსა გულნი ჩუენნი გუერწმუნებიან.
20 რადგან თუ ჩვენი გული გვგმობს, ღმერთი ხომ გულზე უმეტესია და იცის ყოველი. 20 რამეთუ უკუეთუ გუგმობდეს გული ჩუენი, უფროჲს არს ღმერთი გულისა ჩუენისა და იცის ყოველი.
21 საყვარელნო, თუ ჩვენი გული არა გვგმობს, პირნათელნი ვართ ღვთის წინაშე. 21 საყუარელნო, უკუეთუ გული ჩუენი არა გუგმობდეს ჩუენ, განცხადებულებაჲ გუაქუს ღმრთისა მიმართ.
22 ამიტომ, რასაც ვითხოვთ, მივიღებთ მისგან, ვინაიდან ვიმარხავთ მის მცნებებს და ისე ვიქცევით, როგორც მას მოსწონს. 22 და რაჲცა-იგი ვითხოოთ, მოვიღოთ მისგან, რამეთუ მცნებათა მისთა ვიმარხავთ და სათნოებასა წინაშე მისსა ვჰყოფთ.
23 მისი მცნება კი ისაა, რომ გვწამდეს მისი ძის იესო ქრისტეს სახელით და, როგორც გვამცნო, გვიყვარდეს ერთმანეთი. 23 და ესე არს მცნებაჲ მისი, რაჲთა გურწმენეს სახელი ძისა მისისა იესუ ქრისტესი და ვიყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მომცა მცნებაჲ.
24 თუ ვიმარხავთ მის მცნებებს, ის ჩვენში რჩება, ჩვენ კი - მასში; ხოლო იმას, რომ ჩვენში რჩება, მის მიერვე მოცემული სულით შევიცნობთ. 24 და რომელი იმარხვიდეს მცნებათა მისთა, მის თანა ჰგიეს და იგი თავადი მის თანა და ამით უწყით, რამეთუ ჰგიეს ჩუენ თანა სულისა მისგან, რომელი მომცა ჩუენ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე