ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

პავლე, ღვთის ნებით ხმობილი მოციქული იესო ქრისტესი, და სოსთენე, ძმა, -

1

პავლე, ჩინებული მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, და სოსთენე ძმაჲ,

2 ღვთის ეკლესიას, რომელიც არის კორინთოში, ქრისტე იესოს მიერ გაწმენდილთ და ხმობილ წმიდათ, ყველასთან ერთად, ვინც ყველგან, მათთან თუ ჩვენთან, მოუხმობს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელს: 2 ეკლესიასა ღმრთისასა, რომელი არს კორინთეს შინა, განწმედილთა ქრისტე იესუჲს მიერ, ჩინებულთა წმიდათა, ყოველთა თანა, რომელნი ხადიან სახელსა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, ყოველსა ადგილსა მათსა და ჩუენსა:
3 მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტეს მიერ. 3 მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა.
4 მარადჟამ ვმადლობ ღმერთს თქვენს გამო ღვთის მადლისათვის, ქრისტე იესოში რომ მოგეცათ. 4 ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა მარადის თქუენთჳს მადლსა მას ზედა ღმრთისასა, მოცემულსა თქუენდა ქრისტე იესუჲს მიერ.
5 რადგანაც ყოვლითურთ გამდიდრდით მასში, ყოველგვარი სიტყვით და ცოდნით. 5 რამეთუ ყოვლითა განჰმდიდრდით მას შინა, ყოვლითა სიტყჳთა და ყოვლითა მეცნიერებითა,
6 ვინაიდან ქრისტეს მოწმობა განმტკიცდა თქვენში. 6 ვითარცა წამებაჲ იგი ქრისტესი განმტკიცნა თქუენ შორის,
7 ასე რომ, არ გაკლიათ არავითარი ნიჭი, და მოელით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადებას, 7 რაჲთა თქუენ არარაჲთ ნაკლულევან იყვნეთ არცა ერთითა მადლითა და მოელოდით გამოჩინებასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.
8 ვინც განგამტკიცებთ ბოლომდე, რათა უმწიკვლონი იყოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დღეს. 8 რომელმანცა დაგამტკიცნეს თქუენ ვიდრე აღსასრულადმდე უბრალონი დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.
9 სარწმუნოა ღმერთი, რომელმაც გიხმოთ, რათა ეზიაროთ მის ძეს, ჩვენს უფალს იესო ქრისტეს. 9 სარწმუნო არს ღმერთი, რომლისა მიერ იჩინენით ზიარებასა მას ძისა მისისასა იესუ ქრისტეს უფლისა ჩუენისასა.
10 მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველას ერთი გქონდეთ სათქმელი და ნუ იქნება თქვენს შორის განხეთქილება, არამედ გაერთიანდით ერთი გონებით და ერთი აზრით. 10 ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რაჲთა მასვე იტყოდით ყოველნი, და ნუ იყოფინ თქუენ შორის წვალება, არამედ იყვენით განმტკიცებულნი მითვე გონებითა და მითვე მეცნიერებითა.
11 რადგანაც ქლოეს სახლეულთაგან მეუწყა, ძმანო ჩემნო, რომ დავა ყოფილა თქვენს შორის. 11 რამეთუ მეუწყა მე თქუენთჳს, ძმანო ჩემნო, ქლოველთა მათგან, ვითარმედ ჴდომა რაჲმე არიან თქუენ შორის.
12 იმას ვგულისხმობ, რომ ყოველი თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსისა, მე კეფასი, მე კი ქრისტესიო. 12 ხოლო ვიტყჳ ამას, რამეთუ კაცად-კაცადი თქუენი იტყჳს, ვითარმედ: მე პავლესი ვარ, ხოლო მე - აპოლოჲსი, ხოლო მე - კეფაჲსი, ხოლო მე - ქრისტესი.
13 ნუთუ გაიყო ქრისტე? ან იქნებ პავლე ეცვა ჯვარს თქვენი გულისთვის? ანდა ნათელი იღეთ პავლეს სახელით? 13 გან-მე-ყოფილ არსა ქრისტე? ანუ პავლე ჯუარს-ეცუაა თქუენთჳს? ანუ სახელისა მიმართ პავლესისა ნათელ-იღეთა?
14 მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ არცერთი თქვენგანი არ მომინათლავს, გარდა კრისპუსისა და გაიუსისა. 14 ჰვმადლობ ღმერთსა, რამეთუ არავის თქუენგანსა ნათელ ვეც, გარნა კრისპოსს და გაიოსს,
15 რათა ვერავინ თქვას, რომ ჩემი სახელით მოვნათლე. 15 რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: სახელითა ჩემითა ნათელ-ვეც.
16 მოვნათლე აგრეთვე სტეფანას სახლი; არ ვიცი, მათ გარდა თუ მოვნათლე ვინმე. 16 ხოლო ნათელ-ვეც სტეფანაჲსცა სახელსა, მერმე არა ვიცი, უკუეთუ ვისმე ნათელ-ვეც სხუასა.
17

რადგანაც ქრისტეს ნათლის ცემად კი არ მოვუვლენივარ, არამედ სახარებლად, მაგრამ არა სიბრძნის სიტყვით, რათა არ გაუქმდეს ქრისტეს ჯვარი.

17 რამეთუ არა მომავლინა მე ქრისტემან ნათლის-ცემად, არამედ სახარებად, არა სიბრძნისა სიტყჳთა, რაჲთა არა ცალიერ იყოს ჯუარი იგი ქრისტესი.
18 ვინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენებრ ხსნილთათვის ძალაა ღვთისა. 18 რამეთუ სიტყუაჲ იგი ჯუარისაჲ წარწყმედულთა მათთჳს სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხორებულთა ამათთჳს ძალ ღმრთისა არს.
19 რადგანაც დაწერილია: „შევმუსრავ ბრძენთა სიბრძნეს და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ“. 19 რამეთუ წერილ არს: წარვწყმიდო სიბრძნე იგი ბრძენთაჲ და მეცნიერებაჲ იგი მეცნიერთაჲ შეურაცხ-ვყო.
20 სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? ან ამ საუკუნის მაძიებელი? განა სიშლეგედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამქვეყნიური? 20 სადა არს ბრძენი? სადა არს მწიგნობარი? სადა არს გამომეძიებელი იგი ამის სოფლისაჲ? ანუ არა განაცოფა ღმერთმან სიბრძნე იგი ამის სოფლისაჲ?
21 რადგან ღვთის სიბრძნეში რომ ვერ შეიცნო ღმერთი ქვეყანამ თავისი სიბრძნით, ღმერთმა ინება ქადაგების სიშლეგით ეხსნა მორწმუნენი. 21 რამეთუ ვინაჲთგან სიბრძნჲთა მით ღმრთისაჲთა ვერ იცნა სოფელმან სიბრძნითა თჳსითა ღმერთი, ჯერ-იჩინა ღმერთმან ქადაგებითა მით სისულელისაჲთა ცხორებაჲ მორწმუნეთაჲ მათ.
22 ვინაიდან იუდეველებიც სასწაულებს მოითხოვენ და ბერძნები ეძებენ სიბრძნეს. 22 ვინაჲთგან ჰურიანიცა სასწაულსა ითხოვენ, და წარმართნი სიბრძნესა ეძიებენ.
23 ჩვენ კი ჯვარცმულ ქრისტეს ვქადაგებთ: იუდეველთათვის - საცდურს, ბერძენთათვის - სიშლეგეს, 23 ხოლო ჩუენ ვქადაგებთ ქრისტესა ჯუარ-ცუმულსა: ჰურიათა სამე საცთურ, და წარმართთა სისულელე.
24 ხოლო იმავე იუდეველთა და ბერძენთათვის, რომელნიც არიან ხმობილნი, - ქრისტეს, ღვთის ძალას და სიბრძნეს. 24 ხოლო მათვე ჩინებულთა ჰურიათა და წარმართთა ქრისტე ღმრთისა ძალ არს და ღმრთისა სიბრძნე.
25 რადგანაც სიშლეგე ღვთისა კაცთა სიბრძნეზე უფრო ბრძნულია, და უძლურება ღვთისა - კაცთა ძლიერებაზე უფრო ძლიერი. 25 რამეთუ სულელი იგი ღმრთისაჲ უბრძნეს კაცთა არს, და უძლური იგი ღმრთისაჲ უძლიერეს კაცთა არს.
26 დაუკვირდით, ძმანო, ვინა ხართ ხმობილნი: ცოტაა თქვენს შორის ხორციელად ბრძენი, ცოტაა ძლიერი, ცოტაა წარჩინებული. 26 რამეთუ იხილეთ-ღა ჩინებულებაჲ ეგე თქუენი, ძმანო: არა მრავალნი ბრძენ არიანა ჴორციელად, არა მრავალნი ძლიერ არიანა, არა მრავალნი აზნაურ არიანა?
27 მაგრამ ღმერთმა გამოარჩია შლეგნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ბრძენნი, და უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი. 27 არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ბრძენთა და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ძლიერთა.
28 უგვარონი ამა ქვეყნისა, უბადრუკნი და არარსნი გამოარჩია ღმერთმა, რათა არად აქციოს არსნი, 28 და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩინა ღმერთმან და არა-არსნი იგი, რაჲთა არსნი იგი განაქარვნეს;
29 და, ამრიგად, არცერთი ხორციელი არ იქადოდეს ღვთის წინაშე. 29 რაჲთა არა იქადოს ყოველმან ჴორციელმან წინაშე ღმრთისა.
30 მისგან ხართ ქრისტე იესოში, რომელიც იქცა ჩვენთვის ღვთისმიერ სიბრძნედ, სიმართლედ, განწმენდად და გამოსყიდვად. 30 მისგან თქუენ ხართ ქრისტე იესუს მიერ, რომელი-იგი იქმნა ჩუენდა სიბრძნე ღმრთისა მიერ, სიმართლე, სიწმიდე და გამოჴსნა,
31 რათა, წერილისა არ იყოს: „ვინც იქადის, უფლით დაიქადოს“. 31 რაჲთა, ვითარცა-იგი წერილ არს: რომელი-იგი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდის.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე