ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ

თავი მეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ასე რომ, როცა თქვენთან მოვედი, ძმანო, მოვედი, რათა ღვთის მოწმობა მეუწყებინა თქვენთვის, მაგრამ არა ამაღლებული სიტყვით ან სიბრძნით;

1

და მე მო-რაჲ-ვედ თქუენდა, ძმანო, არა მოვედ მეტნობისა სიტყჳთა სიბრძნისაჲთა მითხრობად თქუენდა წამებაჲ იგი ღმრთისაჲ.

2 რადგანაც გადავწყვიტე არაფერი მცოდნოდა თქვენს შორის, გარდა იესო ქრისტესი და ისიც ჯვარცმულისა. 2 რამეთუ არარაჲ სხუაჲ დავიდევ გულსა ჩემსა უწყებად თქუენდა, გარნა ქრისტე იესუ და ესეცა ჯუარ-ცუმული.
3 და ვიყავი თქვენთან უძლურებაში, შიშსა და სასტიკ ძრწოლაში. 3 და მე უძლურებასა შინა და შიშსა და ძრწოლასა მრავალსა ვიყავ თქუენდა მიმართ.
4 ჩემი სიტყვა და ჩემი ქადაგება ადამიანური სიბრძნის დამაჯერებელ სიტყვებს როდი ჰგავდა, არამედ ვცდილობდი მეჩვენებინა სული და ძალა ღვთისა, 4 და სიტყუაჲ ჩემი და ქადაგებაჲ ჩემი არა რწმუნებითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაჲთა, არამედ გამოცხადებითა სულისაჲთა და ძალითა,
5 რათა ადამიანური სიბრძნით კი არა, ღვთის ძალით განმემტკიცებინა თქვენი რწმენა. 5 რაჲთა სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი არა იყოს სიბრძნითა კაცთაჲთა, არამედ ძალითა ღმრთისაჲთა.
6 სიბრძნეს კი ჩვენ ვქადაგებთ სულიერად მოწიფულთა შორის, მაგრამ არა ამქვეყნიურსა თუ ამა ქვეყნის წარმავალ მთავართა სიბრძნეს, 6 ხოლო სიბრძნესა ვიტყჳთ სრულთა მათ მიმართ, ხოლო სიბრძნესა არა ამის სოფლისასა, არცა მთავართა მათ სოფლისათა, რომელნი განქარვებად არიან,
7 არამედ სიბრძნეს ღვთისას, საიდუმლოსა და დაფარულს, საუკუნეთა უწინარეს, ჩვენდა სადიდებლად რომ განაწესა ღმერთმა; 7 არამედ ვიტყჳთ სიბრძნესა ღმრთისასა, საიდუმლოდ დაფარულსა მას, რომელი-იგი პირველადვე განაჩინა ღმერთმან უწინარეს საუკუნეთა სადიდებელად ჩუენდა.
8 სიბრძნეს, რომელიც ვერ შეიცნო ვერცერთმა მთავარმა ამა ქვეყნისა, ვინაიდან, რომ შეეცნოთ, ჯვარს აღარ აცვამდნენ დიდების უფალს. 8 რომელი-იგი არავინ მთავართაგანმან ამის სოფლისამან იცნა, რამეთუ უკუეთუმცა ეცნა, არამცა უფალი იგი დიდებისაჲ ჯუარს-ეცუა.
9 არამედ, როგორც დაიწერა: „რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ“. 9 არამედ ვითარცა წერილ-არს: რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა.
10 ჩვენ კი თავისი სულით გაგვიცხადა ღმერთმა, რადგანაც სული ყველაფერს იკვლევს, თვით ღვთის სიღრმესაც. 10 ხოლო ჩუენ ღმერთმან გამოგჳცხადა სულისა მიერ თჳსისა; რამეთუ სული ყოველსავე გამოეძიებს და სიღრმესაცა ღმრთისასა.
11 და მართლაც, რომელმა ჩვენგანმა იცის, რა არის ჩვენში, თუ არა ჩვენმავე სულმა? ასევე ღვთისაც არავინ არაფერი იცის, გარდა მისივე სულისა. 11 რამეთუ ვინ-მე უკუე იცის კაცმან კაცისაჲ, გარნა სულმანვე კაცისამან, რომელი არს მის თანა? ეგრეთცა ღმრთისაჲ არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისამან.
12 ხოლო ჩვენ ამ ქვეყნის სული კი არ მიგვიღია, არამედ სული, რომელიც არის ღვთისაგან, რათა ვიცოდეთ, რა მოგვანიჭა ღმერთმა. 12 ხოლო ჩუენ სული არა ამის სოფლისაჲ მოგჳღებიეს, არამედ სული იგი, რომელ არს ღმრთისაგან, რაჲთა ვიცოდით ღმრთისა მიერ მონიჭებული იგი ჩუენდა;
13 ასე რომ, რაზედაც ვმსჯელობთ, კაცური სიბრძნით ნასწავლი სიტყვით კი არ ვმსჯელობთ, არამედ სიტყვით, რომელიც გვისწავლია სული წმიდისგან, და სულიერით განვმარტავთ სულიერს. 13 რომელსაცა-ესე ვიტყჳთ არა სწავლულებითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაჲთა, არამედ სწავლითა სულისა წმიდისაჲთა, სულიერთა სულიერად შევატყუებთ.
14 მაგრამ მშვინვიერი კაცი არ შეიწყნარებს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, რადგანაც სიშლეგედ მიაჩნია და ვერ მიმხვდარა, რომ ეს სულიერად უნდა განსაჯო. 14 ხოლო მშჳნვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულისა ღმრთისაჲსა, რამეთუ სიცოფე უჩნნ მას, და ვერ შემძლებელ არს ცნობად, რამეთუ სულიერად განიკითხვინ.
15 ხოლო სულიერი ყველაფერს განსჯის, თვითონ კი არავისგან არ განისჯება. 15 ხოლო სულიერი განიკითხავს ყოველსავე, და იგი არავისგან განიკითხვის.
16 რადგანაც ვინ შეიცნო ქრისტეს აზრი, რომ ასწავლოს მას? ჩვენ კი ქრისტეს აზრი გვაქვს. 16 რამეთუ ვინ ცნა გონებჲ უფლისაჲ, რაჲთამცა აზრახა მას? ხოლო ჩუენ გონებაჲ ქრისტესი გუაქუს.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე