ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ამრიგად, ჩვენ უნდა შეგვრაცხოს კაცმა, როგორც ქრისტეს მსახურნი და ღვთის საიდუმლოთა მნენი.

1

ესრეთ შემრაცხენინ ჩუენ კაცმან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი და მნენი საიდუმლოთა ღმრთისათანი.

2 მნეთაგან კი იმას მოითხოვენ, რომ თვითეული მათგანი სანდო იყოს. 2 ხოლო აქა ამიერითგან საძიებელ არს მნეთა მათ შორის, რაჲთა სარწმუნო ვინმე იპოვოს.
3 პირადად ჩემთვის სულერთია, თქვენ განმსჯით თუ კაცთა მსჯავრნი. მე თვითონაც არ განვსჯი ჩემს თავს. 3 ხოლო ჩემდა საწუნელება არს, უკუეთუ თქუენ მიერ განვიკითხო გინა თუ კაცობრივისაგან დღისა; არამედ არცაღა თავსა ჩემსა განვიკითხავ.
4 რადგანაც არაფერი მაქვს სინიდისის საქენჯნი, მაგრამ ამით როდი ვიმართლებ თავს, რადგანაც უფალია ჩემი განმკითხველი. 4 რამეთუ არარაჲ თავსა ჩემსა შემიცნობიეს, არამედ არა თუ ამით განვმართლდები; ხოლო განმკითხველი ჩემი უფალი არს.
5 ამიტომ ნუ განსჯით უდროოდ, ვიდრე არ მოვა უფალი, ნათელს რომ მოჰფენს ბნელში დაფარულს და გაამჟღავნებს გულის ზრახვებს; მაშინ თვითეულს მიეგება ქება ღვთის მიერ. 5 ამისთჳს ნუ წინაწარ ჟამსა რას განიკითხავთ, ვიდრემდის მოვიდეს უფალი, რომელმანცა განანათლოს დაფარული იგი ბნელისაჲ და განაცხადნეს ზრახვანი იგი გულთანი, და მაშინ ქებაჲ იყოს კაცად-კაცადისაჲ ღმრთისა მიერ.
6 ხოლო ეს ჩემზე და აპოლოსზე მოგახსენეთ, ძმანო, რათა ნიმუშად გვიგულოთ და ისწავლოთ ჩვენგან, რომ ზღვარს არ გადასცდეთ და ქედმაღლობით აღძრულნი ერთმანეთს არ აეშალოთ. 6 ხოლო ესე, ძმანო, სახედ დავდევ თავისა ჩემისა და აპოლოჲსა თქუენთჳს, რაჲთა ჩუენ მიერ ისწაოთ არა უფროჲს წერილისა მის ზრახვად, რაჲთა არა ერთი-ერთსა ზედა განჰლაღნეთ მოყუსისათჳს.
7 რადგანაც ვინ განგასხვავებს? რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი, თითქოს არ მიგეღოს? 7 რამეთუ ვინ განგიკითხავს შენ? ანუ რაჲ გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს? ხოლო უკუეთუ მიგიღებიეს, რაჲსა იქადი, ვითარცა არა-მიღებულსა?
8 აწ უკვე გამძღარხართ, გამდიდრებულხართ და უჩვენოდ სუფევთ. ნეტა მართლა გქონდეთ სუფევა, რომ ჩვენც თქვენთან ერთად ვსუფევდეთ. 8 აწვე განმაძღარ ხართ და აწვე განჰმდიდრდით და თჳნიერ ჩუენსა სუფევდით! და თუმცა სუფევდით, რაჲთა ჩუენცა თქუენ თანა ვსუფევდეთ!
9 რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა სულ ბოლოს გამოგვიყვანა, როგორც სიკვდილმისჯილნი, ქვეყნიერების, ანგელოზთა და კაცთა სასეიროდ. 9 რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ ღმერთმან ჩუენ მოციქულნი უკანაჲსკნელად გამოგუაჩინნა ვითარცა სასიკუდინენი, რამეთუ სახილველ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა.
10 ჩვენ - შლეგნი ქრისტეს გულისთვის, ხოლო თქვენ - ბრძენნი ქრისტეში; ჩვენ - უძლურნი, თქვენ კი - ძლიერნი; თქვენ - დიდებულნი, ჩვენ კი - გინებულნი, 10 ჩუენ სულელ ქრისტესთჳს, ხოლო თქუენ ბრძენ ქრისტეს მიერ; ჩუენ უძლურ, ხოლო თქუენ ძლიერ; თქუენ დიდებულ, ხოლო ჩუენ გინებულ.
11 თვით დღემდე რომ ვითმენთ შიმშილს და წყურვილს, სიშიშვლეს, გვემასა და მიუსაფრობას. 11 ვიდრე აქა ჟამადმდე გუშიისცა და გუწყურისცა და შიშუელ ვართ და ვიქენჯნებით, და განუსუენებელ ვართ და ვშურებით,
12

ვწვალობთ და საკუთარი ხელით ვმუშაობთ; გვაგინებენ და ვლოცავთ; გვდევნიან და ვითმენთ.

12 რამეთუ ვიქმთ ჴელითა ჩუენითა. მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს-ვიდებთ;
13 გვაყივნებენ და ვანუგეშებთ; თითქოს ნაგავი ვართ ქვეყნისა, ყველას მიერ ნაქელი მტვერი. 13 მგმობართა ჩუენთა ულოცავთ; ვითარცა ნარჩევნი სოფლისანი შევიქმნენით, ყოველთა ნასხურ მოაქამდე.
14 თქვენდა სარცხვენად როდი გწერთ ამას, არამედ როგორც ჩემი საყვარელი შვილების შესაგონებლად. 14 არა საკდემელად თქუენდა მივსწერ ამას, არამედ ვითარცა შვილთა ჩემთა საყუარელთა გასწავებ.
15 შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა; რადგანაც ქრისტე იესოში სახარებით მე გშობეთ თქვენ. 15 რამეთუ დაღათუ ბევრ მზარდულ გესხნენ ქრისტეს მიერ, არამედ არა მრავალ მამა, რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ სახარებისა მისგან მე გშვენ თქუენ.
16 ამიტომაც შეგაგონებთ, რომ მე მომბაძოთ. 16 გლოცავ თქუენ: მობაძავ ჩემდა იყვენით.
17 სწორედ ამიტომ გამოგიგზავნეთ ტიმოთე, ჩემი საყვარელი და სარწმუნო შვილი უფალში, რათა გაგახსენოთ ჩემი გზები ქრისტე იესოს მიერ, თუ როგორ ვასწავლი ყველგან, ყველა ეკლესიაში. 17 ამისთჳს მივავლინე თქუენდა ტიმოთე, რომელ არს შვილი ჩემი საყუარელი და სარწმუნოჲ უფლისა მიერ, რომელმან მოგაჴსენნეს თქუენ გზანი ჩემნი ქრისტეს მიერ, ვითარცა-იგი ყოველთა ადგილთა, ყოველთა ეკლესიათა ვასწავებ.
18 ზოგიერთს ისე გაუვიდა თავს, თითქოს არც ვაპირებდე თქვენთან მოსვლას. 18 რაჲთა არა მოსლვასა მას ჩემსა თქუენდა გან-ვიეთნიმე-ლაღნენ.
19 მაგრამ, თუ ღმერთმა ინება, მალე მოვალ და გამოვცდი თავგასულთა სიტყვას კი არა, არამედ ძალას. 19 ხოლო მოვიდე ადრე თქუენდა, უფალსა თუ უნდეს, და ვცნა არა სიტყუაჲ იგი განლაღებულთაჲ მათ, არამედ ძალი,
20 რადგანაც ღვთის სასუფეველი სიტყვით კი არ არის, არამედ ძალით. 20 რამეთუ არა სიტყჳთა არს სასუფეველი ღმრთისაჲ, არამედ ძალითა.
21 რა გსურთ? კვერთხით მოვიდე თქვენთან თუ სიყვარულითა და თვინიერების სულით? 21 რაჲ გნებავს? კუერთხითა მოვიდე თქუენდა, ანუ სიყუარულითა და სულითა მშჳდობისაჲთა?

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე