ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის მეორე ეპისტოლე კორინთელთა მიმართ

თავი მეცამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ეს უკვე მესამედ მოვდივარ თქვენთან. ორი თუ სამი მოწმის პირით დამტკიცდება ყოველი სიტყვა.

1

აჰა ესერა მესამედ მოვალ თქუენდა. პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცების ყოველი სიტყუაჲ.

2 ადრეც, ჩემი მეორედ მანდ ყოფნის ჟამსაც, მითქვამს და ახლაც შორიდან ვეუბნები ყველას, ვინც უწინ სცოდა და სხვებსაც, რომ არავის დავინდობ, როცა კვლავ მოვალ. 2 წინაწარ ვთქუ და აწცა წინაწარ ვიტყჳ, ვითარცა-იგი პირისპირ მეორედ მაშინ, და აწ შორით მივსწერ წინაწარ შეცოდებულთა მათდა და სხუათა ყოველთა: და რამეთუ უკუეთუ მოვიდე კუალად, არღარაჲ ვჰრიდო.
3 რაკიღა იმის დასტურს ეძებთ, მეტყველებს თუ არა ჩემში იესო ქრისტე, რომელიც უძლური როდია თქვენს მიმართ, არამედ ძლიერი - თქვენს შორის. 3 ვინაჲთგან გამოცდასა ეძიებთ მისსა, რომელი-იგი ჩემ მიერ იტყჳს ქრისტე; რომელი-იგი თქუენდა მიმართ არა უძლურ არს, არამედ ძლიერ თქუენ შორის.
4 რადგანაც თუ უძლურებით ეცვა ჯვარს, ცოცხალია ღვთის ძალით; და ჩვენც უძლურნი ვართ მასში, მაგრამ ღვთის ძალით მასთან ერთად ვიცოცხლებთ თქვენთვის. 4 რამეთუ დაღაცათუ ჯუარს-ეცუა უძლურებით, არამედ ცხოველ არს ძალითა ღმრთისაჲთა; და რამეთუ ჩუენცა უძლურ ვართ მისა მიმართ, არამედ ვცხონდეთ მის თანა ძალისაგან ღმრთისა თქუენითურთ.
5 მაშ, გამოსცადეთ თქვენი თავი, მკვიდრობთ თუ არა რწმენაში; შეამოწმეთ თქვენივე თავი; ნუთუ არ იცით, რომ თქვენშია იესო ქრისტე? თუ არა და, გამოცდისთვის ვერ გაგიძლიათ. 5 თავნი თჳსნი გამოიცადენით, უკუეთუ ხართ სარწმუნოებასა შინა. თავნი თჳსნი განიკითხენით. ანუ არა უწყნითა თავნი თჳსნი, რამეთუ იესუ ქრისტე თქუენ შორის არს? გარნა თუ გამოუცდელ რაჲმე ხართ.
6 მაგრამ იმედი მაქვს, ის მაინც იცით, რომ ჩვენ არა ვართ გამოუცდელნი. 6 ხოლო ვესავ, ვითარმედ სცნათ, რამეთუ ჩუენ არა ვართ გამოუცდელ.
7 ღმერთს ვევედრები, რომ არ ჩაიდინოთ რამე ბოროტი, იმიტომ კი არა, რომ ჩვენი გამოცდილება გიჩვენოთ, არამედ იმიტომ, რომ სიკეთეს მისდევდეთ, ჩვენ კი თუნდაც გამოუცდელნი ვიყოთ. 7 ხოლო ვილოცავ ღმრთისა მიმართ, რაჲთა არარაჲ ბოროტი გიყოს თქუენ, რაჲთა არა ჩუენ გამოცდილად გამოვჩნდეთ; არამედ რაჲთა თქუენ კეთილი ჰქმნეთ, ხოლო ჩუენ ვითარცა გამოუცდელნი ვიყვნეთ.
8 ჩვენ არაფერი შეგვიძლია ჭეშმარიტების წინააღმდეგ; თუ რამ შეგვიძლია, ჭეშმარიტებისათვის შეგვიძლია მხოლოდ. 8 რამეთუ არა ჴელ-გუეწიფების ჭეშმარიტებისა ძჳრის სიტყუად, არამედ ჭეშმარიტებისა კერძო.
9 რადგანაც ვხარობთ, როცა ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი - ძლიერნი, და ამიტომაც თქვენი სრულყოფისთვის ვლოცულობთ. 9 რამეთუ გჳხარის, რაჟამს ჩუენ უძლურ ვიყვნეთ, ხოლო თქუენ ძლიერ იყვნეთ; რამეთუ ამასცა ვილოცავთ, თქუენსა დამტკიცებასა.
10 შორიდანაც მიტომ გწერთ ამას, რომ მანდ მოსვლისას მთელი სიმკაცრით არ მოვიქცე, თანახმად იმ ხელმწიფებისა, რომელიც დასაქცევად კი არა, ასაშენებლად მომცა უფალმა. 10 და ამისთჳს ამას შორით მივსწერ, რაჲთა მი-რაჲ-ვიდე, არა თუალ-უხუავად ვიჴუმიო ჴელმწიფებისა მისებრ, რომელ მომცა მე უფალმან აღსაშენებელად და არა დასარღუეველად.
11 სხვა მხრივ კი, გიხაროდეთ, ძმანო, განმტკიცდით, ნუგეშისცემა და ერთსულოვნება ნუ მოგეშალოთ, მშვიდობა გქონდეთ და თქვენთან იქნება სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი. 11 ამიერითგან, ძმანო, გიხაროდენ, განმტკიცენით, ნუგეშინის-ცემულ იქმნენით, ნუგეშინის-სცემდით, მასვე ზრახევდით, მშჳდობასა ჰყოფდით; და ღმერთი სიყუარულისა და მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ თანა.
12 მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოკითხვას გითვლით ყველა წმიდა. 12 მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის-ყოფითა წმიდითა. გიკითხვენ თქუენ წმიდანი ყოველნი.
13 მადლი ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და ზიარება სული წმიდისა ყველა თქვენგანთან. ამინ. 13 მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, და სიყუარული ღმრთისა და მამისაჲ, და ზიარებაჲ სულისა წმიდისაჲ თქუენ ყოველთა თანა. ამინ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე