ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იოანეს გამოცხადება

თავი მეთორმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

და გამოჩნდა დიადი ნიშანი ცაში: ქალი, რომელსაც ემოსა მზე, მთვარე ესვენა ფერხთით და თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ედგა თავზე.

1 და სასწაული დიდი გამოჩნდა ცათა შინა: დედაკაცი, რომელსა ემოსა მზე, და მთოვარე იყო ქუეშე ფერჴთა მისთა, და თავსა ზედა მისსა გჳრგჳნი ვარსკულავთა ათორმეტთაჲ,
2 მუცლად ეღო და კიოდა მშობიარობის კივილით გაწამებული. 2 და მუცლად-ეღო და ღაღადებდა, რამეთუ ელმოდა და იგუემებოდა შობად.
3 სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: აჰა, წითელი ურჩხული დიდი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი გვირგვინი. 3 და იხილვა სხუაჲ სასწაული ცათა შინა: და აჰა ვეშაპი ცეცხლისაჲ დიდი, რომელსა ედგნეს თავნი შჳდნი და რქანი ათნი, და თავთა ზედა მისთა შჳდნი გჳრგჳნნი.
4 კუდით მოითრევდა ცის ვარსკვლავთა მესამედს, გადმოყარა ისინი ქვეყნად და დადგა ურჩხული ქალის წინაშე, რომელსაც უნდა ეშვა, რათა შობისთანავე შთაენთქა მისი შვილი. 4 და კუდი მისი მიითრევდა მესამედსა ვარსკულავთა ცისათა, და გარდამოყარნა იგინი ქუეყანად. და ვეშაპი იგი დგა წინაშე დედაკაცისა მის, რომელსა ეგულებოდა შობაჲ, რაჲთა ოდეს შვეს, შთანთქას შვილი მისი.
5 და შვა ძე, რომელსაც რკინის კვერთხით უნდა ემწყემსა ყველა ხალხი: და ატაცებულ იქნა მისი შვილი ღვთისა და მისი ტახტის წინაშე. 5 და შვა მან ძე წული, რომელსა ეგულების მწყსაჲ ყოველთა წარმართთაჲ კუერთხითა რკინისაჲთა, და წარტაცებულ იქმნა შვილი მისი ღმრთისა მიმართ და საყდრისა მიმართ მისისა.
6 ქალი კი ილტვოდა უდაბნოში, სადაც აქვს თავისი ადგილი, გამზადებული ღვთის მიერ, რათა არჩენდნენ იქ ათას ორას სამოცი დღე. 6 და დედაკაცი იგი ივლტოდა უდაბნოდ, სადა-იგი აქუს მუნ ადგილი განმზადებული ღმრთისა მიერ, რაჲთა მუნ გამოზარდონ იგი ათას ორას და სამეოც დღე.
7 და ატყდა ბრძოლა ცაში: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ ურჩხულს, ურჩხული და მისი ანგელოზები კი ებრძოდნენ მათ. 7 და იქმნა ბრძოლაჲ ცათა შინა: მიქაელ და ანგელოზნი მისნი ჰბრძოდეს ვეშაპსა მას, და ვეშაპი და ანგელოზნი მისნი ებრძოდეს მათ.
8 მაგრამ ვერ იმძლავრეს და აღარ აღმოჩნდა მათი ადგილი ცაში. 8 და ვერ შეუძლო და არცაღა ეპოვა მას ადგილი ცათა შინა.
9 და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელსაც ჰქვია ეშმაკი და სატანა, მთელი საწუთროს მაცდური; გადმოვარდა ქვეყნად და თან გადმოჰყვნენ მისი ანგელოზები. 9 და გარდამოვარდა ვეშაპი იგი დიდი, გუელი დასაბამისაჲ, რომელსა ეწოდების ეშმაკი და სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა; გარდამოვარდა ქუეყანად და ანგელოზნი მისნი მის თანა გარდამოცჳვეს.
10

მაშინ მომესმა მგრგვინავი ხმა ცაში, რომელმაც თქვა: აწ იქმნა ხსნა, ძალი და სუფევა ჩვენი ღმრთისა და ხელმწიფება მისი ქრისტესი, რადგანაც დაემხო ბრალმდებელი ჩვენი ძმებისა, რომელიც ბრალს სდებდა მათ ჩვენი ღმერთის წინაშე დღისით თუ ღამით.

10 და მესმა ჴმაჲ დიდი ცათა შინა, რომელი იტყოდა, ვითარმედ: აწ იქმნა მაცხოვარებაჲ და ძალი და სუფევაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ და ჴელმწიფებაჲ ქრისტეს მისისაჲ, რამეთუ გარდამოვარდა შემასმენელი ძმათა ჩუენთაჲ, რომელი შეასმენდა მათ წინაშე ღმრთისა ჩუენისა დღე და ღამე.
11 იმძლავრეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით, და არ შეიყვარეს მათი სული, თვით სიკვდილამდე. 11 და მათ სძლეს მას სისხლითა მით კრავისაჲთა და სიტყჳთა წამებისა მისისაჲთა და არა შეიყუარნეს სულნი მათნი ვიდრე სიკუდილადმდე.
12 მაშ, ხარობდეთ ზეცანო და ზეცის მკვიდრნო! მაგრამ ვაი მიწას და ზღვას, რადგანაც თქვენში ჩამოგდებულ იქნა ეშმაკი, აღსავსე სასტიკი რისხვით, ვინაიდან იცის, რომ ცოტაღა დარჩა ხანი. 12 ამისათჳს იხარებდით ცანი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა. ვაჲ არს ქუეყანისა და ზღჳსა, რამეთუ გარდამოჴდა ეშმაკი თქუენდა მომართ სავსე გულისწყრომითა დიდითა, რამეთუ უწყის, ვითარმედ მცირედი ჟამი უც მას.
13 და როცა იხილა ურჩხულმა, რომ დაემხო ქვეყნად, დევნა დაუწყო ქალს, რომელმაც შვა ვაჟი. 13 და რაჟამს იხილა ვეშაპმან მან, ვითარმედ გარდამოვარდა ქუეყანად, დევნა-უყო დედაკცსა მას, რომელმან შვა ძჱ იგი წული.
14 მაგრამ მიეცა ქალს ორი ფრთა ვეება არწივისა, რათა გარიდებოდა ურჩხულს და გაფრენილიყო უდაბნოში, თავის ადგილას, სადაც უნდა ერჩინა თავი დროის, დროთა და ნახევარი დროის მანძილზე. 14 და მიეცნეს დედაკაცსა მას ორნი ფრთენი არწივისა მის დიდისანი, რაჲთა ფრინვიდეს უდაბნოდ ადგილსა მისსა, რაჲთა გამოიზარდოს მუნ წელსა და წელთა და კერძოსა წელიწდისასა პირისაგან გუელისა მის.
15 მაშინ გველმა თავისი პირიდან მდინარესავით ამოუშვა წყალი ქალის კვალდაკვალ, რათა წაეღო იგი მდინარეს. 15 და აღმოასხა გუელმან მან პირისაგან თჳსისა წყალი, ვითარცა მდინარე, შემდგომად დედაკაცისა მის, რაჲთამცა წარიღო დედაკაცი იგი მდინარემან მან.
16 მაგრამ მიწა შეეწია ქალს: განახვნა ბაგენი და შთანთქა მდინარე, რომელიც ურჩხულმა ამოუშვა პირიდან. 16 და შეეწია ქუეყანაჲ დედაკაცსა მას. და აღაღო ქუეყანამან პირი თჳსი და შთანთქა მდინარე იგი, რომელი აღმოასხა ვეშაპმან მან პირით თჳსით.
17 მაშინ განრისხდა ურჩხული ქალზე და გასწია, რათა შებმოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და აქვთ იესოს მოწმობა. 17 და განრისხნა ვეშაპი იგი დედაკაცისა მისთჳს და წარვიდა ბრძოლის-ყოფად სხუათა მათ თანა თესლისა მისისათა, რომელნი იმარხვენ მცნებასა ღმრთისასა და აქუს წამებაჲ იესუჲსი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე