ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იოანეს გამოცხადება

თავი მეთექვსმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

და მომესმა ტაძრიდან მგრგვინავი ხმა, შვიდ ანგელოზს რომ ეუბნებოდა: წადით და დასთხიეთ ქვეყნად შვიდი თასი ღვთის რისხვისა.

1 და მესმა ჴმაჲ დიდი, რომელი ეტყოდა შჳდთა მათ ანგელოზთა, ვითარმედ: წარვედით და დასთხიენით შჳდნი ეგე ლანკნანი გულისწყრომისა ღმრთისანი ქუეყანასა ზედა.
2 წავიდა პირველი და დასთხია თავისი თასი ქვეყნად; და მოიწყლა სასტიკი და საზარელი წყლულებით ხალხი, რომელსაც ჰქონდა მხეცის ნიშანი და თაყვანს სცემდა მის ხატს. 2 და ერთი იგი წარვიდა და დასთხია ლანკნაჲ თჳსი ქუეყანასა ზედა, და იქმნა შალალი ბოროტი კაცთა ზედა, რომელთაცა აქუნდა ბეჭედი იგი მჴეცისაჲ მათ ზედა; და თაყუანის-სცემდეს ხატსა მისსა.
3 მეორე ანგელოზმა დასთხია თავისი თასი ზღვაზე, რომელიც იქცა თითქოს მკვდრის სისხლად, და ყოველი სულდგმული ამოწყდა ზღვაში. 3 და მეორემან ანგელოზმან დასთხია ზღუასა ზედა, და იქმნა სისხლი, ვითარცა მკუდრისაჲ; და ყოველი სული, რომელი იყო ზღუასა შინა, მოკუდა.
4 მესამემ მდინარეებსა და წყალთა წყაროებზე დასთხია თავისი თასი, და წყალი სისხლად იქცა. 4 და მესამემან დასთხია მდინარეთა ზედა და წყაროთა ზედა წყალთასა, და გარდაიქცეს სისხლად.
5

მაშინ მომესმა ხმა წყალთა ანგელოზისა, რომელმაც თქვა: მართალი ხარ, უფალო, რომელიც ხარ და იყავი: მართალი ხარ, წმიდაო, რადგანაც ასე განსაჯე.

5 და მესმა ანგელოზისა მისგან წყალთაჲსა, რომელი იტყოდა: მართალ ხარ, რომელი-ეგე ხარ და იყავ წმიდა, რამეთუ ესე საჯე.
6 რაკიღა წმიდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი დასთხიეს, შენც სასმელად სისხლი მიეც მათ, და ღირსნიც არიან. 6 რამეთუ სისხლი წმიდათაჲ და წინაწარმეტყუელთაჲ დასთხიეს, და სისხლი ასუ მათ, რამეთუ ღირს არიან.
7 და მომესმა ხმა საკურთხევლიდან, რომელმაც თქვა: დიახ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, მართალი და ჭეშმარიტია შენი მსჯავრი. 7 და მესმა საკურთხეველისაჲ, რომელი იტყოდა: ჰე, უფალო ღმერთო, ყოვლისამპყრობელო, მართალ და ჭეშმარიტ არიან საშჯელნი შენნი.
8 მეოთხე ანგელოზმა თავისი თასი დასთხია მზეზე, და მიეცა მზეს კაცთა დაბუგვა ცეცხლით. 8 და მეოთხემან ანგელოზმან დასთხია ლანკნაჲ თჳსი მზესა ზედა, და მიეცა მას ცეცხლითა დაწუვად კაცთა.
9 დაიწვნენ კაცნი სიცხით და ჰგმეს სახელი ღვთისა, რომელსაც აქვს ხელმწიფება მათ წყლულებზე, მაგრამ არ მოინანიეს, რომ დიდება მიეგოთ მისთვის. 9 და დაიწუნეს კაცნი სიცხითა დიდითა; და ჰგმობდეს კაცნი სახელსა ღმრთისასა, რომელსა-იგი აქუს ჴელმწიფებაჲ წყლულებათა ზედა მათთა, და არა შეინანეს, რაჲთამცა მისცეს მას დიდებაჲ.
10 მეხუთემ თავისი თასი დასთხია მხეცის ტახტზე და დაბნელდა საუფლო მისი, და სიმწრისაგან იკვნეტდნენ თავიანთ ენებს. 10 და მეხუთემან დასთხია საყდარსა მას ზედა მჴეცისა მის, და იქმნა მეუფებაჲ მისი დაბნელებულ, და იცოხნიდეს ენათა თჳსთა ტკივილისაგან
11 და ჰგმობდნენ ცის ღმერთს თავიანთი სიმწრისა და წყლულების გამო, მაგრამ არ მოინანიეს თავიანთი საქმენი. 11 და ჰგმობდეს ღმერთსა ცათასა ტკივილთა მათთაგან და წყლულებათა, და არა შეინანეს საქმეთა მათთაგან.
12

მეექვსემ დასთხია თავისი თასი დიდ მდინარეზე ევფრატისა, და დაშრა მისი წყალი, რათა გამზადებულ იქნეს მეფეთა გზა, რომელნიც მოდიან მზის აღმოსავლით.

12 და მეექუსემან დასთხია მდინარესა ზედა დიდსა ევფრატსა, და განჴმა წყალი მისი, რაჲთა განემზადოს გზაჲ მეფეთაჲ მათ, აღმოსავალით მზისაჲთ მომავალთაჲ.
13 და ვიხილე ურჩხულის პირით, მხეცის პირით და ცრუ წინასწარმეტყველთა პირით გამომავალი სამი უწმინდური სული, გომბეშოს მსგავსი. 13

და ვიხილენ პირისაგან ვეშაპისა და პირისაგან მჴეცისა და პირისაგან ცრუწინაჲსწარმეტყუელისა მის სულნი არაწმიდანი სამნი, ვითარცა მყუარნი.

14 ესენი არიან ეშმაკთა სულები, რომლებიც ახდენენ სასწაულებს და გადიან მთელი ქვეყნიერების მეფეებთან, რათა თავი მოუყარონ მათ საბრძოლველად ყოვლისმპყრობელი ღმერთის დიად დღეს. 14 რამეთუ არიან სულნიცა საეშმაკონი, მოქმედნი სასწაულთანი, რომელნი გამოვლენ მეფეთა ზედა ყოვლისა ქუეყანისათა შემოკრებად მათდა ბრძოლასა მას დიდისა მის დღისა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა.
15 აჰა, მოვალ, როგორც მპარავი: ნეტა მას, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსს, რათა შიშვლად არ იაროს და არ იხილონ მისი სირცხვილი. 15 აჰა ესერა მოვალ, ვითარცა მპარავი. ნეტარ არს, რომელმან იღჳძოს და დაიმარხოს სამოსელი თჳსი, რაჲთა არა შიშულად ვიდოდის, და ჰხედვიდენ უშუერებასა მისსა.
16 და შეკრიბეს ისინი იმ ადგილას, რომელსაც ებრაულად ჰქვია ჰარმაგედონი. 16 და შემოკრიბნა იგინი ადგილსა მას, რომელსა ეწოდების ებრაელებრ მაგედონ.
17 მეშვიდე ანგელოზმა დასთხია თავისი თასი ჰაერში და მოისმა ციური ტაძრის ტახტიდან მგრგვინავი ხმა, რომელმაც თქვა: აღსრულდა. 17 და მეშჳდემან მან ანგელოზმან დასთხია ლანკნაჲ თჳსი ჰაერსა ზედა, და გამოჴდა ჴმაჲ დიდი ტაძრისაგან ზეცათაჲსა და საყდრისაგან, რომელი იტყოდა, ვითარმედ: იქმნა.
18 და იქმნა ელვა და ქუხილი, გრგვინვა და დიდი მიწისძვრა, რომლის მსგავსიც არ ყოფილა მას შემდეგ, რაც კაცნი არიან ქვეყნად. 18 და იქმნეს ელვანი და ქუხილნი და ჴმანი და ძრვაჲ დიდი, რომელ არა ქმნულ არს, ვინაჲთგან კაცნი დაებადნეს ქუეყანასა ზედა, ესევითარი ძრვაჲ, ესრეთ დიდი.
19 სამ ნაწილად გაიყო დიდი ქალაქი, დაემხნენ წარმართთა ქალაქები და მოხსენიებულ იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე რათა სასმისით მისცემოდა ღვინო მისი მძვინვარების რისხვისა. 19 და განიყო ქალაქი იგი დიდი სამად, და ქალაქნი წარმართთანი დაეცნეს, და ბაბილოვნი დიდი მოჴსენებულ იქმნა წინაშე ღმრთისა მიცემად მისა სასუმელი იგი ღჳნისაჲ გულისწყრომისა რისხვისა მისისაჲ.
20 ყველა კუნძული გაუჩინარდა და აღარსად ჩანდნენ მთები. 20 და ყოველივე ჭალაკი ლტოლვილ იქმნა, და მთანი არა იპოვნეს.
21 ტალანტის ოდენა სეტყვა თავს დაატყდა ზეციდან ხალხს, და ჰგმო სეტყვით მოწყლულმა ხალხმა სახელი ღვთისა, რადგანაც მძიმე იყო მისი წყლულება. 21 და სეტყუაჲ დიდი მოვიდა ზეცით კაცთა ზედა და გმეს კაცთა სახელი ღმრთისაჲ წყლულებისა მისგან სეტყჳსა მის, რამეთუ დიდ არს წყლულებაჲ მისი ფრიად.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე