ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იოანეს გამოცხადება

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, კარი გაიღო ცაში, და ხმამ, რომელიც თავდაპირველად ჩამესმა, როგორც ხმა საყვირისა, მითხრა: ამოდი აქ და გიჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდეგ.

1 შემდგომად ამისა ვიხილე, და აჰა კარი განღებული ცათა შინა, და ჴმაჲ იგი, რომელ მესმა პირველ, ვითარცა საყჳრისაჲ, მეტყოდა მე, ვითარმედ: აღმოვედ აქა, და გიჩუენო, რაჲ-იგი ყოფად არს შემდგომად ამისა.
2 მყისვე ატაცებულ ვიქმენ სულის მიერ; და, აჰა, ტახტი იდგა ცაში, ხოლო ტახტზე იყო მჯდომარე. 2 მეყსეულად ვიქმენ სულითა, და აჰა დგა საყდარი ცათა შინა და საყდარსა ზედა მჯდომარე.
3 მჯდომარე იასპისა და სარდიონის ქვას ჰგავდა სახით, ტახტს კი გარს ადგა ცისარტყელა, ზურმუხტის მსგავსი. 3 და მჯდომარე იგი იყო მსგავსი ქვასა მას იასპსა და სარდიონსა; და ირისე იყო გარემო საყდრისა მის, და ეგრეთვე ხილვაჲ სამარაგდეთაჲ.
4 ტახტის გარშემო ოცდაოთხი ტახტი და მათზე მსხდომარე ოცდაოთხი უხუცესი, რომელთაც ემოსათ სპეტაკი სამოსი და თავს ედგათ ოქროს გვირგვინნი. 4 გარემო საყდრისა საყდარნი ოც და ოთხნი, და საყდართა მათ ზედა ოც და ოთხნი მღდელნი მსხდომარენი, შემოსილნი სამოსლითა სპეტაკითა, და თავთა მათთა ზედა გჳრგჳნნი ოქროჲსანი.
5 ხოლო ტახტიდან გამოდიოდნენ ელვანი, გრგვინვა და გრიალი, ტახტის წინ კი ენთო შვიდი ლამპარი ვერცხლისა, რომლებიც არიან ღვთის შვიდი სული. 5 და საყდრისა მისგან გამოვლენ ელვანი და ჴმანი და ქუხილნი; და შჳდნი ლამპარნი ცეცხლისანი იწუებოდეს წინაშე საყდარსა მისსა, რომელნი არიან შჳდნი იგი სულნი ღმრთისანი.
6 ტახტის წინ თითქოს მინის ზღვა იყო, მსგავსი ბროლისა, ტახტის შუა და ტახტის ირგვლივ კი - ოთხი ცხოველი, წინიდანაც და უკნიდანაც თვლებით სავსენი. 6 და წინაშე საყდარსა მისსა, ვითრაცა ზღუაჲ ჭიქისაჲ, მსგავსი ბროლისაჲ; და შორის საყდრისა და გარემო საყდრისა ოთხნი ცხოველნი, სავსენი თუალითა წინაჲთ და უკუანაჲთ.
7 პირველი ცხოველი ლომს ჩამოჰგავდა, მეორე - კუროს, მესამეს კაცის სახე ჰქონდა, ხოლო მეოთხე იყო მფრინავი არწივის მსგავსი. 7 და პირველი იგი ცხოველი მსგავსი იყო ლომისაჲ, და მეორე ცხოველი მსგავსი იყო კუროჲსაჲ, და მესამესა ცხოველსა აქუნდა პირი კაცისაჲ, და მეოთხე მსგავსი არწივსა მფრინვალესა.
8 ამ ოთხი ცხოველიდან თვითეულს ექვსი ფრთა ესხა, შიგნიდან თვლებით სავსენი. არც დღისით და არც ღამით არა აქვთ მოსვენება, არამედ ღაღადებენ: წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა. 8 და ოთხთა მათ ცხოველთა თითოეულსა აქუნდეს ექუსნი ფრთენი გარემო, და შინაგან სავსე არიან თუალითა. და განსუენებაჲ არა აქუს დღე და ღამე, არამედ იტყჳან: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელი, რომელი იყო და რომელი არს და რომელი მომავალ არს.
9 და როცა ცხოველნი დიდებას, პატივს და მადლიერებას მიაგებენ ტახტზე მჯდომარეს, რომელიც ცოცხალია უკუნითი უკუნისამდე, 9 და რაჟამს მისცენ ცხოველთა მათ დიდებაჲ და პატივი და მადლობაჲ მჯდომარესა მას საყდარსა ზედა, რომელი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე,
10 ოცდაოთხი უხუცესი დაემხობა ტახტზე მჯდომარის წინაშე და თაყვანს სცემენ ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე, ტახტის წინ ყრიან თავიანთ გვირგვინებს და ამბობენ: 10 დავარდებიან ოც და ოთხნი იგი მღდელნი წინაშე საყდარსა ზედა მჯდომარისა მის და თაყუანის-სცემენ მას, რომელი-იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე, და დასხმენ გჳრგჳნთა მათთა წინაშე საყდრისა მის და იტყჳან:
11 ღირსი ხარ, უფალო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგანაც შენ შეჰქმენ ყოველი, შენ ინებე და შეიქმნენ. 11 ღირს ხარ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო წმიდაო, მიღებად დიდებისა და პატივისა და ძლიერებისა, რამეთუ შენ დაჰბადენ ყოველნივე, და ნებითა შენითა იყვნეს და დაიბადნეს.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე