ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იოანეს გამოცხადება

თავი მეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

და ვიხილე ტახტზე მჯდომარის მარჯვენაში წიგნი, შიგნიდან და გარედან ნაწერი და შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი.

1

და ვიხილე მარჯუენით საყდარსა ზედა მჯდომარისა მის წიგნი, დაწერილი შინაგან და გარეგან, დაბეჭდული ბეჭდითა შჳდითა.

2 და ვიხილე ანგელოზი ძლიერი, ხმამაღლა რომ ღაღადებდა: ვინ არის ღირსი იმისა, რომ გადაშალოს ეს წიგნი და ბეჭედი ახსნას? 2 და ვიხილე ანგელოზი ძლიერი, რომელი ქადაგებდა ჴმითა დიდითა, ვითარმედ: ვინ-მე ღირს არს განღებად წიგნისა ამის და განჴსნად ბეჭედთა მისთა?
3 ვერც ცაში, ვერც მიწაზე და ვერც მიწის ქვეშ ვერავინ შესძლო გაეშალა ეს წიგნი და შიგ ჩაეხედა. 3 და ვერვინ შემძლებელ იყო ზეცათა შინა, არცა ქუეყანასა ზედა, არცა უფსკრულთა შინა განღებად წიგნისა მის, და არცა მიხედვად მისა.
4 და მე დიდხანს ვტიროდი, რადგანაც არავინ აღმოჩნდა ამ წიგნის გადაშლის ან მასში ჩახედვის ღირსი. 4 და მე ვტიროდე ფრიად, რამეთუ არავინ იპოვა, რომელსამცა განეღო წიგნი იგი, ანუმცა მიეხედნეს მისა.
5 მაშინ ერთ-ერთმა უხუცესმა მითხრა: ნუ სტირი; აჰა, იმძლავრა ლომმა, იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რომელიც გადაშლის ამ წიგნს და შვიდ ბეჭედს ახსნის მას. 5 და ერთმან მღდელთა მათგანმან მრქუა მე: ნუ სტირ, აჰა ესერა სძლო ლომმან თესლისაგან იუდაჲსა, ძირმან დავითისმან, რომელმან აღაღოს წიგნი და შჳდნი იგი ბეჭედნი მისნი.
6 გავიხედე და, აჰა, ტახტსა, ოთხ ცხოველსა და უხუცესთა შორის მდგომარე კრავი, როგორც დაკლული, შვიდრქიანი და შვიდთვალიანი, რომელნიც არიან შვიდი სული ღვთისა, მთელს დედამიწაზე მოვლინებულნი. 6 და ვიხილე შორის საყდრისა და ოთხთა მათ ცხოველთა და მღდელთაჲსა კრავი მდგომარე, ვითარცა დაკლული. და აქუნდეს შჳდნი რქანი და შჳდნი თუალნი, რომელ არიან შჳდნი იგი სულნი ღმრთისანი, რომელნი მოივლინებიან ყოველსავე ქუეყანასა.
7 მივიდა და ტახტზე მჯდომარის მარჯვენიდან აიღო წიგნი. 7 და მოვიდა და მიიღო წიგნი მარჯუენისაგან საყდარსა ზედა მჯდომარისა.
8 და როცა აიღო წიგნი, ოთხი ცხოველი და ოცდაოთხი უხუცესი დაემხო კრავის წინაშე; ყოველ მათგანს ხელთ ეპყრა ქნარი და ოქროს თასი, საკმევლით სავსე, რომელიც არის წმიდათა ლოცვა. 8 და რაჟამს მიიღო მან წიგნი იგი, ოთხნი იგი ცხოველნი და ოც და ოთხნი მღდელნი დავარდეს წინაშე კრავისა მის. და აქუნდა თითოეულსა ათძალი და ლანკნანი ოქროჲსანი, სავსენი საკუმეველითა, რომელ არიან ლოცვანი წმიდათანი.
9 გალობდნენ ახალ საგალობელს და ამბობდნენ: ღირსი ხარ წიგნის აღების და ბეჭდის ახსნისა, რადგანაც დაკლულ იქმენ და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღმერთისათვის ყოველი ტომისა და ენის, ერისა და ხალხისაგან, 9 და გალობდეს გალობასა ახალსა და იტყოდეს: ღირს ხარ შენ მიღებად წიგნისა მის და აღებად ბეჭედთა მისთა, რამეთუ დაიკალ და გჳყიდენ ჩუენ ღმრთისა სისხლითა შენითა ყოვლისაგანვე თესლისა და ენისა და ერთა და წარმართთა,
10 რათა მეფეებად და ჩვენი ღმერთის მღვდლებად გექციეთ; და ვიმეფებთ დედამიწაზე. 10 და ჰყვენ იგინი ღმრთისა ჩუენისა მეფედ და მღდელად, და სუფევდენ იგინი ქუეყანასა ზედა.
11 ვხედავდი და მესმოდა ურიცხვი ანგელოზის ხმა ტახტის, ცხოველთა და უხუცესთა ირგვლივ, ხოლო სიმრავლე მათი იყო მირიადჯერ მირიადი და ათასჯერ ათასი; 11 და ვიხილე და მესმა, ვითარცა ჴმაჲ ანგელოზთა მრავალთაჲ გარემო საყდრისა და ცხოველთა და მღდელთაჲსა. და იყო რიცხჳ მათი ბევრნი ბევრთანი და ათასნი ათასთანი,
12 რომელნიც ხმამაღლა ამბობდნენ: ღირსია დაკლული კრავი, რომ მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა. 12 რომელნი იტყოდეს ჴმითა დიდითა: ღირს არს კრავი იგი დაკლული მიღებად ძალისა და სიმდიდრისა და სიბრძნისა, და პატივისა და დიდებისა და კურთხევისა.
13 და მესმოდა, რომ ყოველი ქმნილება, რომელიც არის ცაში თუ მიწაზე, მიწის ქვეშ თუ ზღვაში, და ყველაფერი, რაც არის მათში, ამას ამბობდა: ტახტზე მჯდომარესა და კრავს კურთხევა და პატივი, დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე. 13 და ყოველთავე დაბადებულთაჲ, რომელნი არიან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა და უფსკრულთა შინა და ზღუათა, ყოველთაჲ მესმა, რომელნი იტყოდეს: რომელი ზის საყდართა ზედა და კრავისა, კურთხევაჲ და პატივი და დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
14 ხოლო ოთხი ცხოველი ამბობდა: ამინ! ოცდაოთხი უხუცესი კი დაემხო და თაყვანი სცა ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე. 14 და ოთხთა მათ ცხოველთა თქუეს: ამინ! და მღდელნი იგი დავარდეს და თაყუანის-სცეს.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე