ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იოანეს გამოცხადება

თავი მერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

და როცა ახსნა მეშვიდე ბეჭედი, ასე, ნახევარი საათით დუმილი ჩამოვარდა ზეცას.

1

და რაჟამს აღაღო მეშჳდე ბეჭედი, იქმნა დუმილი ცათა შინა, ვითარ ნახევარსა ჟამისასა.

2 და ვიხილე შვიდი ანგელოზი, რომლებიც იდგნენ ღმერთის წინაშე, და მიეცა მათ შვიდი საყვირი. 2 და ვიხილენ შჳდნი იგი ანგელოზნი, რომელნი წინაშე ღმრთისა დგანან, და მიეცნეს მათ შჳდნი საყჳრნი.
3 მაშინ მოვიდა სხვა ანგელოზი, რომელიც დადგა საკურთხეველთან, და ჰქონდა სასაკმევლე ოქროსი; და მიეცა დიდძალი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვასთან ერთად ტახტის წინ, საკურთხეველზე დაედო იგი. 3 და სხუაჲ ანგელოზი მოვიდა და დადგა საკურთხეველსა ზედა, რომელსა აქუნდა სასაკუმევლე ოქროჲსაჲ; და მიეცა მას საკუმეველი ფრიადი, რაჲთა მისცეს იგი ლოცვასა წმიდათასა საკურთხეველსა მას ზედა ოქროჲსასა, რომელი არს წინაშე საყდარსა.
4 და ავიდა საკმევლის კვამლი წმიდათა ლოცვებთან ერთად, ანგელოზის ხელით, ღმერთის წინაშე. 4 და აღჴდა კუამლი იგი საკუმეველთაჲ ლოცვისა მიმართ წმიდათაჲსა ჴელისაგან ანგელოზისა მის წინაშე ღმრთისა.
5 აიღო ანგელოზმა სასაკმევლე, აავსო იგი საკურთხევლის ცეცხლით და გადმოათხია მიწას; და იქმნა გრგვინვა და გრიალი, ელვა და მიწისძვრა. 5 და აღიღო ანგელოზმან მან სასაკუმევლე იგი და აღავსო ცეცხლისა მისგან საკურთხეველისა და დაასხა იგი ქუეყანასა ზედა, და იქმნნეს ქუხილნი და ჴმანი და ელვანი და ძრვაჲ.
6 და შვიდი ანგელოზი, რომელთაც ჰქონდათ შვიდი საყვირი, გაემზადა საყვირთა ჩასაბერად. 6 და ანგელოზთა მათ, რომელთა აქუნდეს შჳდნი იგი საყჳრნი, განჰმზადნეს თავნი თჳსნი ცემად.
7 პირველმა ჩაჰბერა და იქმნა სეტყვა და ცეცხლი, სისხლში არეული, თავს დაატყდა მიწას და ხეთა მესამედი დაიწვა და მთელი მწვანე ბალახი გადაიბუგა. 7 და პირველმან მან დასცა, და იქმნა სეტყუაჲ და ცეცხლი, შეერთებული სისხლითა, და მოვიდა ქუეყანად, და მესამედი ქუეყანისაჲ დაიწუა და მესამედი ხეთაჲ დაიწუა და ყოველივე თივაჲ ნედლი დაჲწუა.
8 მეორე ანგელოზმა ჩაჰბერა და თითქოს უზარმაზარი მთა, ცეცხლით მოლაპლაპე, ჩავარდა ზღვაში, და ზღვის მესამედი სისხლად იქცა. 8 და მეორემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა და, ვითარცა მთაჲ დიდი, მოტყინარე ცეცხლითა, შთავარდა ზღუად, და მესამედი ზღჳსაჲ იქმნა სისხლ, 9.
9 და ამოწყდა სულდგმულთა მესამედი, ზღვაში მცხოვრები, და ხომალდთა მესამედი დაიღუპა. 9 და მოსწყდა მესამედი დაბადებულთა ზღჳსათაჲ, რომელთა თანა არს სული, და მესამედი ნავთაჲ განიხრწნა.
10 მესამე ანგელოზმა ჩაჰბერა და ჩამოვარდა ზეცით ლამპარივით მოელვარე ვეება ვარსკვლავი და დაეცა მესამედს მდინარეთა და წყაროებს წყალთა. 10 და მესამემან ანგელოზმან დასცა, და გარდამოვარდა ზეცით ვარსკულავი დიდი, მოტყინარე ვითარცა ლამპარი, და დავარდა მესამედსა ზედა მდინარეთასა და წყაროთა ზედა წყალთასა.
11 ხოლო სახელად ვარსკვლავისა ითქმის აფსინთი, და წყლის მესამედი აფსინთად იქცა, და ურიცხვი ხალხი ამოწყდა წყალთაგან, რადგანაც მწარენი გახდნენ. 11 და სახელი ვარსკულავისაჲ მის არს აფსინთი. და გარდაიქცა მესამედი წყალთაჲ აფსინთად, და მრავალნი კაცთაგანნი მოსწყდეს წყალთა მიერ, რამეთუ დამწარდეს.
12 მეოთხე ანგელოზმა ჩაჰბერა და მოიწყლა მესამედი მზისა, მესამედი მთვარისა და მესამედი ვარსკვლავებისა და დაბნელდა მესამედი მათი; და აღარ ნათობდა მესამედი დღისა, ისევე, როგორც ღამის. 12 და მეოთხემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და იწყლა მესამედი მზისაჲ და მესამედი მთოვარისაჲ და მესამედი ვარსკულავთაჲ, რაჲთა დაბნელდეს მესამედი მათი, და მესამედი მათი არღარა გამოჩნდეს. და დღე და ღამე ეგრეთვე.
13 მაშინ თვალი ვკიდე შუა ცაში მფრინავ არწივს და ჩამესმა საზარელი ყაშყაში მისი: ვაი, ვაი, ვაი მიწის მკვიდრთ საყვირის ხმათაგან დანარჩენი სამი ანგელოზისა, რომელნიც აწი ჩაჰბერენ საყვირს. 13 და ვიხილე და მესმა ერთისა არწივისა მფრინვალისაჲ ჰაერთა შინა, რომელი იტყოდა ჴმითა დიდითა: ვაჲ არს, ვაჲ არს, ვაჲ არს მკჳდრთა ქუეყანისათა სხუათა მათ ჴმათაგან საყჳრთაჲსა სამთა მათ ანგელოზთა, რომელთა ეგულების ჴმობად!

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე