ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის ეპისტოლე ებრაელთა მიმართ

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ამიტომ, ძმანო წმიდანო, ზეციური ხმობის ზიარნო, დაუკვირდით მოციქულსა და ჩვენი აღსარების მღვდელმთავარს, ქრისტე იესოს,

1 ვინაჲცა, ძმანო წმიდანო, ჩინებისა მის ზეცათაჲსა ზიარნო, განიცადეთ მოციქული იგი და მღდელთმოძღუარი აღსარებისა ჩუენისაჲ, იესუ ქრისტე,
2 რომელიც ისეთივე ერთგულია თავისი შემოქმედისა, როგორც მოსე ღვთის სახლში. 2 რომელი სარწმუნო არს შემოქმედისა თჳსისა, ვითარცა-იგი მოსეცა ყოველსა მას სახლსა მისსა.
3 ვინაიდან მოსესთან შედარებით უფრო მეტი დიდების ღირსი შეიქნა, ისევე, როგორც სახლთან შედარებით მეტი პატივი აქვს მის ამშენებელს. 3 რამეთუ უმრავლესსა დიდებასა ესე ღირს იყო უფროჲს მოსესსა, ვითარცა-იგი უფროჲსი პატივი აქუნ სახლისაჲ მის მაშენებელსა მას მისსა.
4 რადგანაც ყველა სახლს ვიღაც აშენებს, ყოვლის ამშენებელი კი ღმერთია. 4 რამეთუ ყოველი სახლი აღეშენის ვისგანმე; ხოლო რომელმან ყოველივე აღაშენა, ღმერთი არს.
5 მოსე ერთგული იყო მთელ მის სახლში, როგორც მსახური, რათა ემოწმებინა, რაც უნდა თქმულიყო, 5 და მოსეცა სარწმუნო იყო ყოველსავე სახლსა მისსა, ვითარცა მსახური მოწამედ თქმულთა მათ.
6 ქრისტე კი - როგორც ძე მის სახლში. ხოლო მისი სახლი ჩვენა ვართ, თუკი ბოლომდე მტკიცედ დავიცავთ სითამამესა და სასოების სიქადულს. 6 ხოლო ქრისტე, - ვითარცა ძე სახლსა ზედა მისსა; რომლისა სახლ ვართ ჩუენ, უკუეთუ კადნიერებაჲ იგი და სიქადული სასოებისაჲ მის ვიდრე აღსასრულადმდე მტკიცედ შევიკრძალოთ.
7 ამიტომ, როგორც იტყვის სული წმიდა: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, 7 ამისთჳს, ვითარცა იტყჳს სული წმიდაჲ, დღეს თუ ჴმისა მისისაჲ ისმინოთ,
8 ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს, როგორც დრტვინვის ჟამს, უდაბნოში გამოცდის დღეს, 8 ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა, ვითარცა-იგი განმწარებასა მას დღისა მისებრ გამოცდისა უდაბნოსა ზედა,
9 სადაც გამომცადეს თქვენმა მამებმა და ხედავდნენ ჩემს საქმეებს ორმოც წელიწადს. 9 სადა-იგი განმცადეს მე მამათა თქუენთა; გამომცადეს მე და იხილნეს საქმენი ჩემნი ორმეოც წელ.
10 ამიტომაც მოვიძულე ეს მოდგმა და ვთქვი: მარადჟამ ცდებიან გულით, და ვერ შეიცნეს ჩემი გზა. 10 ამისთჳს მოვიწყინე ნათესავი იგი და ვთქუ: მარადის სცთებიან იგინი გულითა მათითა და მათ არა იცნნეს გზანი ჩემნი.
11 ასე დავიფიცე ჩემი რისხვით, რომ არ ეღირსებათ ჩემს სიმშვიდეში შემოსვლა“. 11 ვითარცა ვფუცე რისხვითა ჩემითა, ვერ შევიდენ იგინი განსასუენებელსა ჩემსა.
12

იფხიზლეთ, ძმანო, რომ არცერთ თქვენგანს არ ჰქონდეს უკეთური და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს.

12 ეკრძალენით, ძმანო, ნუუკუე სადამე იყოს ვისმე თქუენთაგანსა თანა გული უკეთური ურწმუნოებისაჲ განდგომად ღმრთისაგან ცხოველისა.
13 არამედ ყოველდღე შეაგონეთ ერთმანეთს, ვიდრე არ ითქმის „დღესო“, რათა არცერთი თქვენგანი არ გაქვავდეს ცოდვის საცდურით. 13 არამედ ნუგეშინის-სცემდით თავთა თჳსთა დღითი დღედ, ვიდრე-ესე დღესღა ჰრქჳან, რაჲთა არა გან-ვინმე-ფიცხნეს თქუენგანი საცთურითა მით ცოდვისაჲთა.
14 რადგანაც ქრისტეს თანაზიარნი გავხდით, თუკი არსობის საწყისს ბოლომდე დავიცავთ მტკიცედ. 14 რამეთუ თანა-ზიარ ქრისტესა ვიქმნენით, უკუეთუ დასაბამი იგი ძლიერებისაჲ აღსასრულადმდე მტკიცედ შევიკრძალოთ.
15 ვიდრე არ ითქმის: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს, როგორც დრტვინვისას“. 15 რაჟამს იტყოდის: დღეს თუ ჴმისა მისისაჲ ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა, ვითარცა-იგი განმწარებასა მას.
16 ვინაიდან ზოგმა ისმინა და დრტვინვას მოჰყვა; მაგრამ ყველა კი არა, ვინც მოსეს მეოხებით გამოვიდა ეგვიპტიდან. 16 რამეთუ ესმა ვიეთმე და განამწარეს, არამედ არა ყოველთა, რომელნი გამოვიდეს ეგჳპტით მოსეს მიერ.
17 მაშ, ვის გამო მრისხანებდა ორმოც წელიწადს, თუ არა შემცოდეთა გამო, რომელთა ძვლებიც უდაბნოში დაცვივდნენ? 17 ხოლო ვიეთი მოიწყინა ორმეოც წელ? ანუ არა რომელთა-იგი შესცოდესა, რომელთაჲ-იგი ძუალები დაცჳვა უდაბნოსა ზედა?
18 ან ვის მიმართ დაიფიცა, რომ ვერ ეღირსებოდნენ მის სიმშვიდეში შესვლას, თუ არა ურჩთა მიმართ? 18 ანუ ვიეთ ეფუცა არა-შესლვად განსასუენებელსა მისსა? არა-მე ურჩთა მათ?
19 და ჩვენ ვხედავთ, რომ ურწმუნოების გამო მართლაც ვერ ეღირსნენ შესვლას. 19 და ვხედავთ, რამეთუ ვერ შეუძლეს შესლვად ურწმუნოებითა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე