ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის ეპისტოლე ეფესელთა მიმართ

თავი მეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, რადგანაც ეს სამართლიანია.

1

შვილნი მორჩილ იყვენით მამა-დედათა თქუენთა უფლისა მიერ, რამეთუ ესე არს სამართალი.

2 „პატივი ეცი მამას შენსას და დედას“, ესაა პირველი მცნება აღთქმით, - 2 პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რომელ-ესე არს მცნებაჲ პირველი აღთქუმასა შინა.
3 რათა სიკეთე არ მოგეშალოს და დღეგრძელი იყო ამ ქვეყნად. 3 რაჲთა კეთილი გეყოს შენ, და იყო დღეგრძელ ქუეყანასა ზედა.
4 თქვენ კი, მამებო, მოთმინებიდან ნუ გამოიყვანთ შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის შეგონებით და სწავლით. 4 და მამანი ნუ განრისხდებით შვილთა თქუენთა, არამედ განზარდენით იგინი სწავლითა და მოძღურებითა უფლისაჲთა.
5 მონებო, დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს შიშით, ძრწოლით და გულის სიწრფელით, როგორც ქრისტეს; 5 მონანი ერჩდით ჴორციელთა უფალთა თქუენთა შიშით და ძრწოლით, სიწრფოებითა გულისა თქუენისაჲთა, ვითარცა ქრისტესა,
6 არა თვალთმაქცური სამსახურით, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, სულით რომ ასრულებენ ღვთის ნებას. 6 ნუ თუალთა წინაშე თუალ-ღებით მონებად, ვითარცა კაცთ მოთნენი, არამედ ვითარცა მონანი ქრისტესნი, ჰყოფდით ნებასა ღმრთისასა გულითად;
7 კეთილი ნებით ჰმონებდეთ მათ, როგორც უფალს, და არა როგორც ადამიანებს. 7 გონიერად ჰმონებდით ვითარცა უფალსა, და არა კაცთა;
8 იცოდეთ, რომ ყველა, მონაც და თავისუფალიც, ვინც კი სიკეთეს სჩადის, საზღაურს მიიღებს უფლისგან. 8 უწყოდეთ, რამეთუ რაჲცა ვინ ქმნეს კაცად-კაცადმან კეთილი, იგიცა მოიღოს უფლისა მიერ, გინა თუ მონამან გინა თუ აზნაურმან.
9 თქვენც, ბატონებო, ასევე ექცეოდეთ მონებს; დაიოკეთ სისასტიკე, გახსოვდეთ, რომ ცაშია თქვენი და მათი უფალი, ვისთვისაც უცხოა მიკერძოება. 9 და უფალნი ეგე ეგრეთვე ჰყოფდით მათა მიმართ, შეუნდობდით რისხვასა, უწყოდეთ, რამეთუ თქუენი და მათი უფალი ცათა შინა არს, და თუალთ-ღება არა არს მის თანა.
10 და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 10 ამიერითგან, ძმანო ჩემნო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისაჲთა,
11 შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 11 შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინა-დადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა.
12 რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. 12 რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლითა მიმართ და ჴორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე.
13

ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ.

13

ამისთჳს აღიღეთ ყოვლად-საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ წინა-დადგომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ, რაჲთა სდგეთ.

14 მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, 14 მტკიცედ უკუე დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ.
15 ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. 15 და შეიხსენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ სახარებისა მის მშჳდობისაჲ.
16 ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, 16 ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განჴურვებულთა დაშრეტად;
17 აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა. 17 და ჩაფხუტი იგი ცხორებისაჲ დაიდგთ და მახჳლი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ;
18 ყოველგვარი ლოცვა-ვედრებით დღენიადაგ ილოცეთ სულით, ეცადეთ მუდამ ფხიზლად იყოთ და გულმხურვალედ ლოცულობდეთ ყველა წმიდისთვის, 18 ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა და მებრვე ამისთჳს იღჳძებდით ყოვლითა კრძალულებითა და ვედრებითა ყოველთა წმიდათათჳს
19 ისევე, როგორც ჩემთვის, რათა მომეცეს სიტყვა და ჩემი პირით თამამად ვიქადაგო სახარების საიდუმლო, 19 და ჩემთჳსცა, რაჲთა მომეცეს მე სიტყუაჲ აღებასა პირისა ჩემისასა განცხადებულად უწყებად საიდუმლოჲ იგი სახარებისაჲ,
20 რისთვისაც ვმოციქულობ ბორკილდადებული და თამამად ვლაპარაკობ, რისი თქმაც მმართებს. 20 რომლისათჳს-ესე ვციქუ ჯაჭჳთურთ, რაჲთა მას შინა განვცხადნე, ვითარ-იგი ღირს ჩემდა სიტყუად.
21 ხოლო ჩემს ამბავს დაწვრილებით გაუწყებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა და უფლის ერთგული მსახური, 21 ხოლო თქუენცა რაჲთა უწყოდით ჩემთჳს, რასა-იგი ვიქმ, ყოველივე გაუწყოს თქუენ ტჳქიკოს, საყუარელმან ძმამან და სარწმუნომან მსახურმან უფლისა მიერ,
22 რომელიც სწორედ იმიტომ წარმოვგზავნე, რომ ჩვენი ამბავი შეეტყობინებინა და ენუგეშებინა თქვენი გულები. 22 რომელი-იგი მივავლინე თქუენდა ამისთჳს მებრ, რაჲთა უწყოდით ჩუენთჳს და ნუგეშინის-სცეს გულთა თქუენთა.
23 მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენითურთ, მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. 23 მშჳდობაჲ ძმათა და სიყუარული სარწმუნოებითურთ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.
24 მადლი ყველას, ვისაც უცვლელი სიყვარულით უყვარს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამინ. 24 მადლი ყოველთა თანა მოყუარეთა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა უხრწნელებით. ამინ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე