ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის ეპისტოლე ფილიპელთა მიმართ

თავი მეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ამრიგად, თუ არის რაიმე ნუგეში ქრისტეში, თუ არის რაიმე სიამე სიყვარულისა, თუ არის რაიმე თანაზიარობა სულისა, თუ არის რაიმე თანალმობა ან წყალობა,

1

რაოდენი რაჲ ნუგეშინის-ცემაჲ არს ქრისტეს მიერ, და რაოდენი ნუგეშინის-ცემაჲ სიყუარულისაჲ, რაოდენი რაჲ ზიარებაჲ სულისაჲ, რაოდენი რაჲ მოწყალებაჲ და წყალობაჲ,

2 აღავსეთ ჩემი სიხარული, რათა იყოთ თანამზრახველნი, ერთი და იმავე სიყვარულით გულშეძრულნი, ერთსულოვანნი და თანამოაზრენი. 2 აღავსეთ სიხარული ჩემი, რაჲთა მასვე ჰზრახვიდეთ და იგივე სიყუარული გაქუნდეს; ერთ-სულ და ერთ-ზრახვა იყვენით,
3 ნურას ჩაიდენთ ცილობით და ცუდმედიდობით, არამედ, ქედმოდრეკილნი, საკუთარ თავზე უმეტესად მიიჩნევდეთ ერთიმეორეს. 3 ნურარაჲთ ჴდომით გინა ზუაობით, არამედ სიმდაბლით ურთიერთას უმეტეს შეჰრაცხდით თჳთოეული თავისა თჳსისასა.
4 მარტო თავის თავზე ნუკი ზრუნავს თვითეული თქვენგანი, არამედ სხვებზეც იზრუნოს. 4 ნუ თავისა თჳსისასა ხოლო კაცად-კაცადი თქუენი ეძიებნ, არამედ მოყუსისაცა თჳთოეული თქუენი.
5 იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს, 5 ესე ზრახვაჲ იზრახებოდენ თქუენ შორის, რომელცა-იგი ქრისტე იესუჲს მიერ.
6 რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა. 6 რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა,
7 მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა. 7 არამედ თავი თჳსი დაიმდაბლა და ხატი მონისაჲ მიიღო და მსგავს კაცთა იქმნა და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი;
8 თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე. 8 დაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა.
9 ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა, 9 ამისთჳსცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა და მიანიჭა მას სახელი უზეშთაესი უფროჲს ყოველთა სახელთაჲსა,
10 რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც, 10 რაჲთა სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუჴლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი,
11 და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა. 11 და ყოველმან ენამან აღუაროს, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა.
12 ამრიგად, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის მორჩილნი იყავით, არა მარტო ჩემი მანდ ყოფნისას, არამედ, მით უმეტეს, ახლა, როცა შორსა ვართ თქვენგან, - შიშით და ძრწოლით აღასრულეთ თქვენი ხსნის საქმე. 12 ვინაჲცა, საყუარელნო ჩემნო, ვითარცა-ეგე ყოვლადვე მორჩილ ხართ, ნუ ხოლო მისლვასა მას ჩემსა, არამედ აწ უფროჲსღა შორს ყოფასა ამას ჩემსა შიშით და ძრწოლით თჳსსა ცხორებასა იქმოდეთ.
13 რადგან ღმერთია ის, ვინც ბადებს თქვენში ნდომასაც და ქმედებასაც თავისი კეთილნებელობით. 13 რამეთუ ღმერთი არს, რომელი შეიქმს თქუენ თანა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათჳს.
14 ყველაფერი აღასრულეთ უდრტვინველად და უყოყმანოდ, 14 ყოველსავე იქმოდეთ თჳნიერ დრტჳნვისა და გულის სიტყუათა,
15 რათა იყოთ უბიწონი და უმანკონი, ღვთის უმწიკვლო შვილნი უკუღმართ და გახრწნილ მოდგმაში, რომელშიც ნათობთ, როგორც მნათობნი სამყაროში, 15 რაჲთა იყვნეთ უბრალო და უმანკო, შვილ ღმრთისა, შეუგინებელ შორის ნათესავსა დრკუსა და გულარძნილსა, რომელთა მიერ შჩნდეთ, ვითარცა მთიებნი სოფელსა შინა.
16

სიცოცხლის სიტყვის მფლობელნი, რათა ქრისტეს დღეს დავიქადო, რომ ამაოდ არ ვრბოდი და არც ამაოდ ვიღვწოდი.

16 სიტყუაჲ ცხორებისაჲ გაქუნდინ სიქადულად ჩემდა დღესა მას ქრისტესსა, რამეთუ არა ცუდად ვრბიოდე, არცა ცუდად დავშუერ.
17 მაგრამ სისხლადაც რომ ვესხურო თქვენი რწმენის მსხვერპლს და მსახურებას, თქვენთან ერთად ვილხენ და ვხარობ. 17 არამედ დაღათუ შევიწირვი მსხუერპლსა მას ზედა და მსახურებასა სარწმუნოებისა თქუენისისა, მიხარის და მიხაროდისცა თქუენ ყოველთა თანა.
18 მაშ, თქვენც ილხენდეთ და ხარობდეთ ჩემთან ერთად. 18 ეგრეთვე და თქუენცა გიხაროდენ და ჩემ თანა გიხაროდენ.
19 იმედი მაქვს, თუ უფალმა ჩვენმა ქრისტემ ინება, მალე გაახლოთ ტიმოთე, რათა შევიტყო თქვენი ამბავი და მეც გავმხნევდე სულით. 19 ხოლო ვესავ ქრისტე იესუჲს მიერ ტიმოთესსაცა ადრე მივლინებასა თქუენდა, რაჲთა მეცა გულ-მხიარულად ვცნა თქუენთჳს.
20 რადგანაც სხვა არავინ მყავს ჩემი სულის თანაზიარი, მასავით წრფელად რომ ზრუნავდეს თქვენზე. 20 რამეთუ არავინ მაქუს სხუაჲ ერთგული, რომელმანმცა თქუენთჳს გულითად იზრუნა.
21 ვინაიდან ყველა თავისას ეძებს და არა იესო ქრისტესას. 21 რამეთუ ყოველნი თავთა თჳსთასა ეძიებენ და არა ქრისტე იესუჲსასა.
22 მის გამოცდილებას კი იცნობთ, ვინაიდან, როგორც მამას - შვილი, ისე ემსახურა სახარებას ჩემთან ერთად. 22 ხოლო გამოცდილებაჲ იგი მისი იცით, რამეთუ ვითარცა მამასა შვილმან, ეგრე ჰმონა ჩემ თანა სახარებასა მას.
23 ასე რომ, იმედი მაქვს მალე გაახლოთ, როგორც კი გავიგებ, რა მელის. 23 ამისსა უკუე ვესავ მივლინებასა, რაჟამს განვიგო თავისა ჩემისაჲ მისგან.
24 მჯერა უფლისა, რომ თვითონაც მალე გეწვევით. 24 ხოლო ვესავ უფალსა, ვითარმედ მეცა ადრე მოვიდე.
25 მაგრამ საჭიროდ მივიჩნიე გამომეგზავნა ეპაფროდიტოსი, ჩემი ძმა, ჩემი თანამოსაქმე და თანამებრძოლი, იგივე თქვენი მოციქული და ჩემი გაჭირვების მსახური. 25 უმჯობესადრე შევჰრაცხე ეპაფროდიტეს ძმისა ჩემისა და თანა-შემწისა და თანა-მოსაგრისა ჩემისა, ხოლო თქუენისა მოციქულისა და მსახურისა მის საჴმართა ჩემთაჲსა, მოვლინებად თქუენდა,
26 რადგანაც გულით უნდოდა ყველა თქვენგანის ნახვა და ძალზე შეწუნდა, როცა გაიგო, რომ თქვენამდეც მოუღწევია მისი ავადმყოფობის ამბავს. 26 ვინაჲთგან სურვიელცა იყო თქუენ ყოველთა ხილვად და ზრუნვიდა, რამეთუ გასმიოდა, ვითარმედ დასნეულდა.
27 და მართლაც, ისე ავად იყო, რომ კინაღამ ხელიდან გამოგვეცალა, მაგრამ ღმერთმა შეიწყალა ის, და არა მარტო ის, არამედ მეც, რათა მწუხარება მწუხარებაზე არ დამრთვოდა. 27 და ნანდჳლვე დასნეულდა ვიდრე სიკუდიდმდე; არამედ ღმერთმან შეიწყალა იგი და არა ხოლო თუ იგი, არამედ მეცა, რაჲთა არა მწუხარებაჲ მწუხარებასა ზედა დამერთოს.
28 ამიტომ საჩქაროდ გამოვგზავნე, რომ გაგეხარათ მისი ხილვით და მეც მომკლებოდა სადარდელი. 28 მოსწრაფედ უკუე მივავლინე ეგე, რაჲთა იხილოთ ეგე და კუალად გიხაროდის, და მე უჭუვარ ვიყო.
29 მთელი სიხარულით შეიწყნარეთ იგი უფალში და პატივი ეცით მისთანებს. 29 შეიწყნარეთ ეგე უფლისა მიერ ყოვლითა სიხარულითა, და ეგევითარნი ეგე პატიოსნად იპყრენით,
30 ვინაიდან ქრისტეს სამსახურისათვის გადადო და სასიკვდილოდ გასწირა თავი, რათა ჩემდამი თქვენი სამსახურის დანაკლისი შეევსო. 30 რამეთუ საქმისათჳს ქრისტესისა სიკუდილადმდე მიიწია წინა-დაპყრობად სულითა, რაჲთა აღავსოს თქუენი იგი დაკლებული ჩემდა მომართ მსახურებისაჲ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე