ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის ეპისტოლე გალატელთა მიმართ

თავი მეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში.

1

ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო.

2 ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული. 2 ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.
3 რადგან ვისაც რაიმედ მოაქვს თავი და არარა კია, თავისსავე თავს იტყუებს. 3 რამეთუ უკუეთუ ვისმე ეგონოს, ვითარმედ არს რაჲმე, და იგი არაჲ იყოს, თავსა თჳსსა აცთუნებს.
4 თვითეულმა თქვენგანმა გამოსცადოს თავისი საქმე და მაშინ ექნება იმის საბაბი, რომ თავისი თავით იქადოდეს და არა სხვისით. 4 არამედ საქმენი თჳსნი გამოიცადენინ კაცად-კაცადმან, და მაშინ თავისა თჳსისა ხოლო ქებაჲ აქუნდეს, და არა მოყუსისა მიმართ,
5 რადგანაც თვითეული თავის საკუთარ ტვირთს იტვირთავს. 5 რამეთუ კაცად-კაცადმან თჳსი ტჳრთი იტჳრთოს.
6 სიტყვით დამოძღვრილი ყოველივე კეთილს უზიარებდეს თავის დამმოძღვრავს. 6 ხოლო ეზიარებოდენ უმეცარი იგი სიტყუასა მასწავლელისასა ყოველსა შინა კეთილსა.
7 ნუ შეცდებით, ღმერთს ვერ შეურაცხყოფთ, რადგანაც ვინც რას დასთესს, მასვე მოიმკის. 7 ნუ სცთებით, ღმერთი არა შეურაცხ-იქმნების. რამეთუ რაჲ-ცა-იგი სთესოს კაცმან, იგიცა მოიმკოს.
8 ვინც ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს. 8 რამეთუ რომელმან სთესოს ჴორცთა შინა თჳსთა, ჴორცთა მიერ თჳსთა მოიმკოს ხრწნილებაჲ; ხოლო რომელმან სთესოს სულსა თჳსსა, სულისაგან თჳსისა მოიმკოს ცხორებაჲ საუკუნოჲ.
9 სიკეთის ქმნა ნუ მოგვბეზრდება, რადგანაც თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვიქანცეთ. 9 ხოლო კეთილისა საქმე ნუმცა გუეწყინების, რამეთუ თჳსსა ჟამსა მოვიმკოთ, არა თუ მოვმედგრდეთ.
10 მაშ, სანამ დრო გვაქვს, ყველა მოყვასის, უმეტესად კი ჩვენსავე თანამორწმუნეთა სასიკეთოდ ვიღვწოდეთ. 10 აწ უკუე, ვიდრე ჟამი გუაქუს-ღა, ვიქმოდით კეთილსა ყოველთა მიმართ, ხოლო უფროჲსად სახლეულთა მათ მიმართ სარწმუნოებისათა.
11 ხომ ხედავთ, რამდენი რამ მოგწერეთ ჩემივე ხელით. 11 აწ იხილეთ, რაოდენი წიგნები მივწერე თქუენდა ჴელითა ჩემითა.
12 ხორცით თავმოწონების მოსურნენი გაიძულებენ წინადაიცვითოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ არ იდევნებოდნენ ქრისტეს ჯვრისათვის. 12 რომელთა-იგი ჰნებავს პირ-შუენიერებაჲ ჴორცითა, იგინი გაიძულებენ თქუენ წინადაცუეთად, გარნა ხოლო რაჲთა ჯუარსა ქრისტესსა არა შეუდგენ.
13 ვინაიდან თვით წინადაცვეთილნიც არ იცავენ რჯულს, არამედ უნდათ, რომ წინადაიცვითოთ, რათა იქადოდნენ თქვენი ხორცით. 13 რამეთუ არცაღა თჳთ იგი წინადაცუეთილნი შჯულსა იმარხვენ, არამედ ჰნებავს თქუენი წინადაცუეთაჲ, რაჲთა თქუენითა მით ჴორცითა იქადოდიან.
14 ხოლო მე ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა რამით ვიქადოდე და არა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რითაც ქვეყანა ჯვარცმულია ჩემთვის, მე კი - ქვეყნისთვის. 14 ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისათჳს სოფელი ჩემდამო ჯუარ-ცუმულ არს და მე - სოფლისა.
15 რადგანაც ქრისტე იესოში არც წინადაცვეთილობა ნიშნავს რასმე და არც წინადაუცვეთელობა, არამედ მხოლოდ ახალი ქმნილება. 15 რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ არცა წინადაცუეთილებაჲ რას შემძლებელ არს, არცა წინადაუცუეთელობაჲ, არამედ ახალი დაბადებული.
16 ვინც ამ წესისამებრ იქცევა, მშვიდობა და წყალობა, ისევე, როგორც ისრაელს ღვთისას. 16 და რაოდენნი წესსა ამას ზედა ეგნენ, მშჳდობაჲ მათ ზედა და წყალობაჲ და ისრაელსა ზედა ღმრთისასა.
17 ამას იქით ნუღარავინ შემაწუხებს, რადგანაც ჩემი სხეულით ვზიდავ უფალ იესოს წყლულებს. 17 ამიერითგან შრომასა ნუვინ შემამთხუევნ მე; რამეთუ მე საწრეტელნი იგი უფლისა იესუჲსნი ჴორცთა შინა ჩემთა მიტჳრთვან.
18 ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენს სულთან, ძმანო. ამინ. 18 მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი სულისა თქუენისა თანა, ძმანო. ამინ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე