ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ძმანო ჩემნო, დაე, თქვენი რწმენისათვის, რომლითაც გწამთ ჩვენი დიდების უფალი იესო ქრისტე, უცხო იყოს მიკერძოება. |
1 | ძმანო ჩემნო, ნუ თუალთ-ღებით, გაქუნ სარწმუნოებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს დიდებისაჲ. |
2 | რადგან თუ თქვენს სინაგოგაში შემოვა ოქროსბეჭდიანი და ბრწყინვალე სამოსით მოსილი კაცი, და შემოვა გლახაკიც ჭუჭყიანი სამოსით, | 2 | რამეთუ, უკუეთუ შევიდეს შესაკრებელსა თქუენსა კაცი ოქროჲსა ბეჭდითა და სამოსლითა ბრწყინვალითა, და შევიდეს გლახაკიცა სამოსელითა შეურაცხითა. |
3 | შეხედავთ ბრწყინვალე სამოსით მოსილს და ეტყვით: აქ დაბრძანდითო, გლახაკს კი - მანდ დადექი, ანდა: ჩემს ფერხთით დათქიო, | 3 | და მიჰხედოთ მას, რომელსა-იგი ემოსოს სამოსელი ბრწყინვალე, და ჰრქუათ მას: შენ დაჯედ აქა კეთილად, და გლახაკსა მას ჰრქუათ: შენ დეგ იქი, ანუ დაჯედ აქა ქუეშე ფერჴთა ჩუენთა |
4 | განა თქვენშივე არ განიკითხავთ მათ და უკეთური ზრახვით განმკითხველი მსაჯულნი არა ხართ? | 4 | და არა განიკითხენით თავთა შორის თქუენთა და იქმენით მსაჯულ გულის სიტყჳთა ბოროტითა? |
5 | ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმანო: განა ამ ქვეყნის გლახაკნი არ აირჩია ღმერთმა რწმენით მდიდრებად და სასუფევლის მკვიდრებად, რომელიც აღუთქვა თავის მოყვარეთ? | 5 | ისმინეთ, ძმანო ჩემნო საყუარელნო: ანუ არა გლახაკნი სოფლისანი გამოირჩინაა ღმერთმან, მდიდარნი სარწმუნოებითა და მკჳდრნი სასუფეველისანი, რომელ-იგი აღუთქუა მოყუარეთა თჳსთა? |
6 | თქვენ კი შეურაცხყავით გლახაკი. განა მდიდარნი არ გმძლავრობენ თქვენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში? | 6 | ხოლო თქუენ შეურაცხ-ჰყავთ გლახაკი. ანუ არა მდიდარნი გმძლავრობენა თქუენ, და იგინივე მიგიზიდვენ თქუენ სამსჯავროდ? |
7 | განა ისინი არა ჰგმობენ იმ კეთილ სახელს, რომლითაც თქვენ იწოდებით? | 7 | არა იგინი ჰგმობენა კეთილსა მას სახელსა, რომელი წოდებულ არს თქუენ ზედა? |
8 | თუ წერილის მიხედვით ასრულებთ სამეფო რჯულს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“, კარგს შვრებით. | 8 | უკუეთუ სჯულსა აღსრულებთ სამეუფოსა, მსგავსად წერილისა: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი, კეთილად ჰყოფთ. |
9 | მაგრამ თუ გარეგნობის მიხედვით ასხვავებთ ხალხს, ცოდვას სჩადიხართ და მხილებულნი იქნებით რჯულის მიერ, როგორც დამრღვევნი. | 9 | ხოლო უკუეთუ თუალთ-ღებით, ცოდვასა იქმთ და იმხილებით სჯულისაგან, ვითარცა გარდამავალნი სჯულისანი. |
10 | რადგან ვინც იცავს მთელ რჯულს და მხოლოდ ერთში სცოდავს, ყველაფერში შემცოდეა, | 10 | რამეთუ რომელმან ყოველი სჯული დაიმარხოს და სცთეს ერთითა, იქმნა იგი ყოვლისავე თანამდებ. |
11 | რაკი ვინცა თქვა, არ იმრუშოო, ისიცა თქვა: არა კაც ჰკლა. ამიტომ, თუ არ იმრუშებ, მაგრამ კაცს მოკლავ, მაინც რჯულის დამრღვევი ხარ. | 11 | რამეთუ რომელმან-იგი თქუა: ნუ იმრუშებ, მანვე თქუა: ნუ კაც-ჰკლავ, ხოლო უკუეთუ იმრუშო არა და კაც-ჰკლა, იქმენ გარდამავალ სჯულისა. |
12 | მაშ, ისე ილაპარაკეთ და ისე მოიქეცით, როგორც თავისუფლების რჯულით განსასჯელნი. | 12 | ესრეთ იტყოდეთ და ესრეთ ჰყოფდით, ვითარცა სჯულისაგან აზნაურებისა განსჯადნი. |
13 | რადგანაც მსჯავრი უწყალო იქნება მისთვის, ვისთვისაც უცხო იყო გულმოწყალება; მოწყალება მსჯავრზე უმძლავრესია. | 13 | რამეთუ სასჯელი უწყალო არს მათთჳს, რომელთა არა ყონ წყალობაჲ; იქადოდეთ წყალობასა სასჯელისასა. |
14 |
რას გამოელის, ძმანო ჩემნო, ვინც ამბობს, რწმენა მაქვსო, მაგრამ არა აქვს საქმე? შესძლებს კია ეს რწმენა, რომ იხსნას იგი? |
14 | რაჲ სარგებელ არს, ძმანო ჩემნო, უკუეთუ ვინმე თქუას: სარწმუნოებაჲ მაქუს, და საქმენი არა ჰქონდინ? ნუ ძალ-უც-მეა სარწმუნოებასა ხოლო ცხოვნებად მისა? |
15 | თუკი ძმა ან და შიშველია და ლუკმა პური არ გააჩნია, | 15 | რამეთუ უკუეთუ ძმაჲ გინა დაჲ შიშველ იყვნენ და ნაკლულევან მდღევრისა საზრდელისა |
16 | ხოლო რომელიმე თქვენგანი ეტყვის: მშვიდობით იარე, გათბი და გაძეხი, მაგრამ იმას კა არ მისცემს, რაც ხორცს სჭირდება, რას გამოელის? | 16 | და ჰრქუას ვინმე თქუენგანმან: წარვედით მშჳდობით, განძეღით და განტეფით, და არა სცეთ მათ საჴმარი ჴორცითაჲ, რაჲ სარგებელ არს? |
17 | ასევე რწმენაც, საქმის გარეშე, თავისთავად მკვდარია. | 17 | ეგრეთცა სარწმუნოებაჲ, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო. |
18 | მაგრამ მავანი იტყვის: „შენა გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმე“. მიჩვენე შენი რწმენა საქმის გარეშე და მე ჩემს საქმეთაგან გიჩვენებ ჩემს რწმენას. | 18 | არამედ თქუას თუ ვინმე: შენ სარწმუნოებაჲ გაქუს და მე საქმენი მქონან, მიჩუენე მე სარწმუნოებაჲ შენი საქმეთაგან შენთა, და მე გიჩუნო შენ საქმეთაგან ჩემთა სარწმუნოებაჲ ჩემი. |
19 | შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კეთილი და პატიოსანი. ეშმაკებსაც სწამთ და ძრწიან კიდეც. | 19 | შენ გრწამს, ვითარმედ ერთ არს ღმერთი, კეთილად იქმ, და ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისგან. |
20 | შენ კი, ამაო კაცო, გნებავს იცოდე, რომ საქმის გარეშე რწმენა მკვდარია? | 20 | გნებავსა ცნობად, ჵ კაცო ამაოო, რამეთუ სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს? |
21 | განა საქმით არ გამართლდა მამაჩვენი აბრაამი, როცა თავის ძეს ისააკს მსხვერპლად სწირავდა? | 21 | აბრაჰამ, მამაჲ ჩუენი, არა საქმეთაგან განმართლდაა, რამეთუ შეწირა ისაკი, ძე თჳსი, საკურთხეველსა ზედა? |
22 | ხომ ხედავ, რომ რწმენა შეეწია მის საქმეს, საქმემ კი სრულყო რწმენა. | 22 | ჰხედავა, რამეთუ სარწმუნოებაჲ შეეწია საქმეთა მისთა და საქმეთაგან სარწმუნოებაჲ იგი სრულ იქმნა? |
23 | და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: „ერწმუნა აბრაამი ღმერთს, რაც სიმართლედ შეერაცხა“ და ღვთის მეგობრად იწოდა იგი. | 23 | და აღესრულა წერილი იგი, რომელი იტყჳს: ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი, და შეერაცხა მას სიმართლედ, და მეგობარ ღმრთისა იწოდა. |
24 | როგორც ხედავთ, კაცი საქმით მართლდება და არა მხოლოდ რწმენით. | 24 | ჰხედავთა, რამეთუ საქმეთაგან განმართლდების კაცი და არა სარწმუნოებისაგან ხოლო? |
25 | განა საქმითვე არ გამართლდა მეძავი რახაბიც, როცა მიიღო მსტოვარი და სხვა გზით წარავლინა შინ? | 25 | ეგრეთვე რააბცა, მეძავი, არა საქმეთაგან განმართლდაა, რამეთუ შეიწყნარნა მსტოვარნი იგი და სხჳთ გზით წარავლინნა? |
26 | ვინაიდან როგორც სხეული მკვდარია სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმის გარეშე. | 26 | რამეთუ ვითარცა ჴორცნი თჳნიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს. |