ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იოანეს სახარება

თავი მეცამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

პასექის დღესასწაულის წინ იცოდა იესომ, რომ მოაწია მისმა ჟამმა, რათა გასულიყო ამ ქვეყნიდან მამამისთან მისასვლელად, ვინაიდან შეიყვარა თავისიანები, რომლებიც იყვნენ ამ ქვეყნად, და შეიყვარა ისინი აღსასრულამდე.

1 და უწინარეს დღესასწაულისა მის პასექისა იცოდა იესუ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი, რაჲთა განვიდეს ამიერ სოფლით და მივიდეს მამისა, რამეთუ შეიყუარნა თჳსნი იგი ამას სოფელსა შინა და სრულიად შეიყუარნა იგინი.
2 სერობის ჟამს, როცა ეშმაკს უკვე ჩაენერგა სიმონის იუდას, ისკარიოტელის გულში მისი გაცემა, 2 და ვითარცა სერობაჲ იგი იყო, და ეშმაკი შესრულ იყო გულსა იუდაჲსსა, სიმონ ისკარიოტელისასა, რაჲთა განსცეს იგი.
3 იესო, რომელმაც იცოდა, რომ მამამ ყველაფერი ხელთ მისცა და ღმრთისგან გამოსული ღმრთისკენვე მიდის, 3 იცოდა იესუ, რამეთუ ყოველივე მოსცა მას მამამან ჴელთა მისთა, და რამეთუ ღმრთისაგან გამოვიდა და ღმრთისა მივალს.
4 წამოდგა სერობიდან, მოიძრო მოსასხამი, აიღო პირსახოცი და წელზე მოირტყა. 4 აღდგა სერობისა მისგან და დადვა სამოსელი თჳსი და მოიღო არდაგი და მოირტყა იგი.
5 მერე საბანელში ჩაასხა წყალი და შეუდგა მოწაფეთა ფეხების ბანას და პირსახოცით შემშრალებას, წელზე რომ ერტყა. 5 და მოიღო წყალი და შთაასხა საბანელსა მას და იწყო ბანად ფერჴთა მოწაფეთა თჳსთა და წარჰჴოცდა არდაგითა მით, რომელი მოერტყა.
6 მივიდა სიმონ-პეტრესთან, და უთხრა პეტრემ: უფალო, შენა მბან ფეხებს? 6 და მოვიდა სიმონ-პეტრესა. ჰრქუა მას პეტრე: უფალო, შენ დამბანა ფერჴთა ჩემთა?
7 მიუგო იესომ და უთხრა მას: რასაც ვაკეთებ, ჯერ არ იცი, მხოლოდ ამის შემდეგ გაიგებ. 7 მიუგო იესუ და ჰრქუა: რომელსა მე ვიქმ, არა იცი აწ, ხოლო სცნა ამისა შემდგომად.
8 უთხრა მას პეტრემ: არ დამბან ფეხებს უკუნისამდე. მიუგო მას იესომ: თუკი არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი. 8 ჰრქუა მას პეტრე: არა დამბანნე ფერჴნი ჩემნი უკუნისამდე. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ არა დაგბანნე შენ ფერჴნი, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა.
9 უთხრა მას სიმონ-პეტრემ: უფალო, მარტო ფეხებს კი არა, არამედ ხელებსაც და თავსაც. 9 ჰრქუა მას სიმონ-პეტრე: უფალო, ნუ ხოლო ფერჴნი ჩემნი, არამედ ჴელნიცა და თავიცა ჩემი.
10 უთხრა მას იესომ: განბანილს არაფერი სჭირდება, ფეხების დაბანის გარდა, ვინაიდან სულ მთლად სუფთაა, და თქვენც სუფთანი ხართ, მაგრამ ყველანი არა. 10 ჰრქუა მას იესუ: განბანილსა მას არა უჴმს, გარნა ფერჴნი ხოლო დაბანად, რამეთუ ყოვლად წმიდა არს იგი, და თქუენცა წმიდა ხართ, არამედ არა ყოველნი.
11 ვინაიდან იცნობდა თავის გამცემს. ამიტომაც თქვა: ყველანი როდი ხართ სუფთანიო. 11 რამეთუ იცოდა იესუ მიმცემელი იგი. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: არა ყოველნი წმიდა ხართ.
12 ფეხები, რომ დაბანა მათ, აიღო თავისი მოსასხამი, კვლავ ინახად დაჯდა და უთხრა მათ: იცით, რა გიყავით? 12 და ოდეს დაჰბანნა ფერჴნი მათნი, მოიღო სამოსელი თჳსი და ინაჴ-იდგა და მერე ჰრქუა მათ: უწყითა, რაჲ-ესე გიყავ თქუენ?
13 თქვენ მე მოძღვარსა და უფალს მიწოდებთ, და სწორსაც ამბობთ, რადგანაც ვარ. 13 თქუენ მხადით მე: მოძღუარო და უფალო, და კეთილად სთქუთ, რამეთუ ვარ.
14 ხოლო თუ მე, მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც ასევე უნდა ჰბანდეთ ფეხებს ერთმანეთს. 14 უკუეთუ მე დაგბანენ ფერჴნი, უფალმან და მოძღუარმან, თქუენცა თანა-გაც ურთიერთას დაბანად ფერჴთა.
15

რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ასევე მოიქცეთ.

15 რამეთუ სახე მიგეც თქუენ, რაჲთა, ვითარცა-ესე მე გიყავ თქუენ, ეგრეთვე თქუენცა ჰყოფდეთ.
16 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის მონა თავის მბრძანებელზე უმეტესი, და არც მოციქული - თავის მომავლინებეღზე უპირატესი. 16 ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა, არცა მოციქული უფროჲს მომავლინებელისა თჳსისა.
17 თუ ეს იცით,  ნეტარნი ხართ, თუკი ასრულებთ ამას. 17 ესე თუ სცნათ, ნეტარ ხართ, უკუეთუ ჰყოფდეთ ამას.
18 ყველა თქვენგანზე როდი ვამბობ; მე ვიცი, ვინც ავირჩიე. მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილი: ჩემთან პურის მჭამელმა ჩემზე აღმართა თავისი ქუსლი. 18 არა თქუენ ყოველთათჳს ვიტყჳ, რამეთუ მე გიცნი, რომელნი გამოგირჩიენ, არამედ რაჲთა წერილნი იგი აღესრულნენ: რომელი ჭამდა ჩემ თანა პურსა, აღიღო ჩემ ზედა ბრჭალი მისი.
19 ახლა გეუბნებით, ვიდრე ეს ახდებოდეს, რათა, როცა ახდება, ირწმუნოთ, რომ მე ვარ. 19 ამიერითგან გეტყჳ თქუენ ვიდრე ყოფადმდე, რაჲთა, რაჟამს იყოს, გრწმენეს თქუენ, რამეთუ მე ვარ.
20 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც შეიწყნარებს ჩემს მიერ მოვლინებულს, მე შემიწყნარებს, ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს. 20 ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე შეიწყნაროს, რომელი მე მივავლინო, მე შემიწყნარებს; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნარებს მომავლინებელსა ჩემსა.
21 ეს რომ თქვა, შეიძრა იესო სულით, იმოწმა და თქვა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე. 21 ესე თქუა იესუ და შეძრწუნდა სულითა და წამა და თქუა: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე.
22 მოწაფეები ერთმანეთს მისჩერებოდნენ და ვერ გაეგოთ, ვისზე თქვა ეს. 22 ხედვიდეს უკუე ურთიერთას მოწაფენი და არა იცოდეს, ვისთჳს იტყოდა.
23 ხოლო ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს, მკერდზე მიყრდნობოდა მას. 23 და იყო ერთი მოწაფეთა მისთაგანი მიყრდნობილ წიაღთა თანა იესუჲსთა, რომელი-იგი უყუარდა იესუს.
24 სიმონ-პეტრემ ანიშნა მას და უთხრა: ჰკითხე, ვინ არის, ვისზედაც ამას ამბობსო. 24 წამ-უყვნა მას სიმონ-პეტრე, რაჲთა ჰკითხოს, ვინ არს, რომლისათჳს იტყჳს?
25 ხოლო ის მკერდზე მიეკრა იესოს და უთხრა: უფალო, ვინ არის? 25 ხოლო იგი მიეყრდნა მკერდსა იესუჲსსა და ჰრქუა მას: უფალო, ვინ არს?
26 იესომ მიუგო: ის არის, ვისაც ჩაწებულ ლუკმას მივცემ. ჩააწო ლუკმა და მისცა იუდას, სიმონის ძეს, ისკარიოტელს. 26 მიუგო იესუ და ჰრქუა: რომელსა მე დავაწო პური და მივსცე, იგი არს. და დააწყო პური იგი და მისცა იუდას სიმონისსა, ისკარიოტელსა.
27 ამ ლუკმის შემდეგ შევიდა მასში სატანა. და უთხრა მას იესომ: რასაც აკეთებ, მალე გააკეთე. 27 და შემდგომად მიღებისა იუდაჲსა პურისა მის შევიდა მისა ეშმაკი. და ჰრქუა მას იესუ: რომელი გეგულების საქმედ, ყავ ადრე.
28 მაგრამ ინახად მსხდომთაგან ვერავინ მიხვდა, რად უთხრა ეს. 28 ესე უკუე არავინ ცნა ინაჴით-მჯომარეთაგანმან იესუჲს თანა, რაჲსათჳს ჰრქუა მას.
29

ვინაიდან ზოგიერთს ეგონა, რაკი ყულაბა იუდას ებარა, იესო ეუბნება მას: იყიდე, რაც სადღესასწაულოდ გვჭირდება, ან კიდევ გლახაკთა გასაკითხადო.

29 რამეთუ რომელნიმე ჰგონებდეს: ვინაჲთგან გუადრუცი იგი იუდას აქუნდა, ვითარმედ ჰრქუა მას იესუ: იყიდე, რაჲ-იგი გჳჴმდეს დღესასწაულსა ამას, გინა თუ მიცემად რაჲმე გლახაკთა.
30 ხოლო ის, ლუკმის მიღებისთანავე, გავიდა. და იყო ღამე. 30 ხოლო მან მიიღო პური იგი და მეყსეულად განვიდა. და იყო ღამე.
31 როგორც კი გავიდა, იესომ თქვა: აწ იდიდა ძე კაცისა, და ღმერთი იდიდა მის მიერ. 31 და ვითარცა განვიდა იუდა, თქუა იესუ: აწ იდიდა ძე კაცისაჲ, და ღმერთიცა იდიდა მის თანა.
32 ხოლო თუ ღმერთი იდიდა მის მიერ, ღმერთიც ადიდებს მას თავის მიერ, და ადიდებს მას მალე. 32 უკუეთუ ღმერთი იდიდა მის თანა, ღმერთმანცა ადიდოს იგი თავისა თჳსისა თანა და მეყსეულად ადიდოს იგი.
33

შვილებო, ცოტა ხანსღა ვარ თქვენთან; ძებნას დამიწყებთ, და რაც ვუთხარი იუდეველებს: სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ-მეთქი, იმასვე გეუბნებით თქვენც ახლა.

33 შვილნო, მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ. და მეძიედეთ მე, და ვითარცა-იგი ვარქუ ჰურიათა, ვითარმედ: ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად; და აწ თქუენ გეტყვ.
34 ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. 34 მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას.
35 იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის. 35 ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას.
36 ჰკითხა მას სიმონ-პეტრემ: უფალო, სად მიხვალ? იესომ მიუგო: სადაც მე მივალ, შენ ვერ გამომყვები ამჟამად, შემდეგ კი გამომყვები. 36 ჰრქუა მას სიმონ-პეტრე: უფალო, ვიდრე ხუალ? ჰრქუა მას იესუ: ვიდრე-იგი მე მივალ, შენ ვერ ძალ-გიც მოსლვად აწ, ხოლო მერმე მომდევდე მე.
37 უთხრა მას პეტრემ: უფალო, რატომ ვერ გამოგყვები ამჟამად? სულს დავდებ შენთვის. 37 ჰრქუა მას პეტრე: უფალო, რაჲსა ვერ ძალ-მიც მიდევნებად შენდა? აწ სული ჩემი შენთვის დავდვა.
38 იესომ მიუგო: სულს დადებ ჩემთვის? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ მე. 38 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: სული შენი ჩემთჳს დასდვაა? ამენ, ამენ გეტყჳ შენ: არღარა ეყივლოს ქათამსა, ვიდრემდის უვარ-მყო მე სამ-გზის.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე