ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იოანეს სახარება

თავი მეოცე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ხოლო კვირის პირველ დღეს მარიამ მაგდალელი დილაუთენია მივიდა სამარხთან, როცა ჯერ ისევ ბნელოდა, და დაინახა, რომ სამარხიდან აეღოთ ლოდი.

1 ერთსა მას შაბათსა მოვიდა მარიამ მაგდალენელი განთიად, ვიდრე ბნელღა იყო, საფლავსა მას ზედა და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა.
2 გაიქცა და მივიდა სიმონ-პეტრესა და მეორე მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა მათ: სამარხიდან წაუღიათ უფალი და არ ვიცით, სად დაასვენეს. 2 რბიოდა და მოვიდა სიმონ-პეტრესა და სხჳსა მის მოწაფისა, რომელი უყუარდა იესუს, და რქუა მათ: აღიღეს უფალი საფლავისაგან, და არა უწყი, სადა დადვეს იგი.
3 გამოვიდნენ პეტრე და მეორე მოწაფე და სამარხს მიაშურეს. 3 გამოვიდა პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფჱ და მოვიდოდეს საფლავად.
4 ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფემ გაუსწრო პეტრეს და პირველი მივიდა სამარხთან. 4 რბიოდეს ორნივე ზოგად. ხოლო სხუაჲ იგი მოწაფე წინა რბიოდა უადრეს პეტრესსა და მოვიდა პირველად საფლავად.
5 დაიხარა და დაინახა ძირს დაყრილი ტილოები, მაგრამ შიგ კი არ შესულა. 5 და შთახედა საფლავსა მას და იხილნა ტილონი იგი ხოლო მდებარენი და შინა არა შევიდა.
6 მას კვალდაკვალ მოჰყვა სიმონ-პეტრეც, სამარხში შევიდა და ძირს დაყრილი ტილოები დაინახა. 6 მოვიდა სიმონ-პეტრეცა შემდგომად მისა და შევიდა საფლავად და იხილნა ტილონი იგი მდებარენი.
7 ხოლო სუდარა, თავზე რომ ჰქონდა შემოხვეული, ტილოებთან კი არ იდო, არამედ დაეკეცათ და ცალკე დაედოთ. 7 და სუდარი იგი, რომელი იყო თავსა მისსა არა ტილოთა თანა მდებარე, არამედ თჳსაგან შეკეცილი ერთსა ადგილსა.
8 მაშინ შევიდა მეორე მოწაფეც, პირველად რომ მივიდა სამარხთან, და იხილა და იწამა. 8 მაშინ შევიდა სხუაჲცა იგი მოწაფე, რომელი მოვიდა პირველად პეტრესა საფლავად. და იხილეს და ჰრწმენა.
9 რადგან ჯერ კიდევ არ იცოდნენ წერილი, რომ მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო. 9 რამეთუ არღა იცოდეს წერილისაჲ, ვითარმედ: ჯერ-არს მისი მკუდრეთით აღდგომაჲ.
10 და მოწაფეები კვლავ შინ დაბრუნდნენ. 10 წარვიდეს უკუე კუალად თჳსაგან მოწაფენი იგი.
11 ხოლო მარიამი სამარხთან იდგა და ტიროდა; ასე მტირალი დაიხარა სამარხისაკენ 11 ხოლო მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა. და ვითარ ტიროდა, შთახედა საფლავსა მას.
12 და დაინახა თეთრი სამოსით მოსილი ორი ანგელოზი, ერთი თავთით, მეორე კი ფეხთით რომ იჯდა იმ ადგილას, სადაც ესვენა იესოს გვამი. 12 და იხილნა ორნი ანგელოზნი, სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი უფლისა იესუჲსი.
13 და უთხრეს მას: ქალო, რად სტირი? მან კი მიუგო: წაუღიათ ჩემი უფალი და არ ვიცი, სად დაასვენეს. 13 და ჰრქუეს მას ანგელოზთა მათ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? ხოლო მან ჰრქუა მათ, რამეთუ აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყი, სადა დადვეს იგი.
14 ეს რომ თქვა, უკან შემობრუნდა და დაინახა იქვე მდგარი იესო, მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო. 14 ესე რაჲ თქუა, მიიქცა გარე და იხილა იესუ მდგომარე და არა უწყოდა, რამეთუ იესუ არს.
15 უთხრა მას იესომ: ქალო, რად სტირი, ვის ეძებ? მას მებაღე ეგონა და უთხრა: ბატონო, თუ შენ წაიღე იგი, მითხარი, სად დაასვენე, და მე წამოვიღებ. 15 ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? ვის ეძიებ? მას ეგონა, ვითარმედ მემტილე იგი არს, და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, და მე წარმოვიღო იგი.
16

უთხრა მას იესომ: მარიამ! შებრუნდა და ებრაულად უთხრა: რაბუნი! (რაც ნიშნავს მოძღვარს).

16 ჰრქუა მას იესუ: მარიამ! მიიხილა მან გარეთ და ჰრქუა ებრაელებრ: რაბბუნი! რომელსა ჰრქჳან მოძღუარ, და მირბიოდა შემთხუევად მისა.
17 უთხრა მას იესომ: ნუ შემეხები, რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან: წადი და ჩემს ძმებს უთხარი: მამაჩემსა და მამათქვენთან ავდივარ, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთთან. 17 რქუა მას იესუ: ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა; წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა.
18 მარიამ მაგდალელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ იხილა უფალი, რომელმაც ეს უთხრა მას. 18 მოვიდა მარიამ მაგდალენელი თხრობად მოწაფეთა მისთა, რამეთუ იხილა უფალი და ესრეთ ჰრქუა მას.
19 ხოლო კვირის იმავე დღეს, საღამოხანს, როცა სახლის კარი, სადაც იყვნენ მოწაფეები, იუდეველთა შიშით დახშული იყო, მოვიდა იესო, შუაში დადგა და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა! 19

და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისაჲ მის, და კარნი იგი დაჴშულ იყვნეს, სადა-იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათჳს ჰურიათაჲსა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა!

20 ეს რომ თქვა, ხელები და ფერდი უჩვენა მათ; ხოლო მოწაფეებმა გაიხარეს იესოს ხილვით. 20 და ვითარცა ესე თქუა, უჩუენა მათ ჴელნი თჳსნი და გუერდი მისი. და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი.
21 კვლავ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, ისე მე მიგავლენთ თქვენ. 21 რქუა მათ იესუ კუალად: მშჳდობაჲ თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ.
22 ეს რომ თქვა, შეუბერა და უთხრა მათ: მიიღეთ სული წმიდა. 22 და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ.
23 ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, და ვისაც დაუტოვებთ, დარჩებათ მათ. 23 უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ.
24 ხოლო თომა, ერთი თორმეტთაგანი, რომელსაც ერქვა ტყუპისცალი, იესოს მოსვლისას არ იყო მათთან. 24 ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანნი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა იესუ.
25 დანარჩენმა მოწაფეებმა უთხრეს: ვიხილეთ უფალი. ხოლო მან თქვა: თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი - ხელს, არ ვირწმუნებ. 25 უთხრობდეს მას სხუანი იგი მოწაფენი, ვითარმედ: ვიხილეთ ჩვენ უფალი. ხოლო მან ჰრქუა მათ: უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაჲ და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს.
26 რვა დღის შემდეგ კვლავ სახლში იყვნენ მისი მოწაფეები, და თომაც მათთან ერთად; შევიდა იესო, თუმცა კარი დახშული იყო, მათ შორის დადგა და თქვა: მშვიდობა თქვენდა! 26 და შემდგომად რვისა დღისა კუალად იყვნეს მოწაფენი მისნი შინაგან, და თომაცა მათ თანა. და შევიდა იესუ კართა ჴშულთა და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა!
27 მერე კი თომას უთხრა: მოიტა შენი თითი და იხილე ჩემი ხელები; მოიტა შენი ხელი და ჩაყავი ჩემს ფერდში; ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს.  27 მერმე ჰრქუა თომას: მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ჴელნი ჩემნი და მოიღე ჴელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ.
28 მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! 28 მიუგო თომა და ჰრქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!
29 უთხრა მას იესომ: რაკი მიხილე, მიტომ მიწამე; ნეტარ არიან, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს. 29 ჰრქუა მას იესუ: რამეთუ მიხილე და გრწამს; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე.
30 ბევრი სხვა სასწაულიც ქნა იესომ მოწაფეების წინაშე, რომლებიც არ დაწერილა ამ წიგნში. 30 მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა იესუ წინაშე მოწაფეთა თჳსთა, რომელნი არა დაწერილ არიან წიგნსა ამას.
31 ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა, და მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით. 31 ხოლო ესე დაიწერა, რაჲთა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ, და რაჲთა გრწმენეს და ცხორებაჲ გაქუნდეს სახელითა მისითა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე