ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იოანეს სახარება

თავი მერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ხოლო იესომ ზეთისხილის მთისკენ გასწია.

1 ხოლო იესუ წარვიდა მთასა მას ზეთის ხილთასა.
2 დილით კი კვლავ მიბრუნდა ტაძარში და მთელი ხალხი მივიდა მასთან. დაჯდა და ასწავლიდა მათ. 2 და განთიად კუალად მოვიდა ტაძრად. და ყოველი ერი მოვიდოდა მისა მიართ, და დაჯდა და ასწავებდა მათ.
3 ხოლო მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომელიც მრუშობისას შეეპყროთ, შუაში დააყენეს 3 ხოლო მწიგნობართა მათ და ფარისეველთა მოიყვანეს მისა დედაკაცი, რომელი ცხადად ერსა ზედა დაეპყრა მრუშებასა, და დაედგინეს იგი შორს
4 და უთხრეს იესოს: მოძღვარო, ეს ქალი მრუშობისას შევიპყარით; 4 და ჰრქუეს მას: მოძღუარ, ესე დედაკაცი ცხადად მრუშებასა დაეპყრა.
5 მოსემ კი რჯულში გვამცნო ამნაირების ჩაქოლვა; შენ რაღას იტყვი? 5 და მოსე ამცნო სჯულსა შინა ჩუენსა ესევითართა ქვისა დაკრებაჲ. შენ უკუე რასა იტყჳ?
6 ხოლო ამას საცდუნებლად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი დაედოთ მისთვის. იესო კი დაბლა დახრილიყო და თითით რაღაცას წერდა მიწაზე. 6 ხოლო ესე თქუეს და გამოსცდიდეს მას, რაჲთა აქუნდეს შესმენად მისა, ხოლო იესუ ქუეყანად დადრკა და თითითა ქუეყანასა წერდა და არარას ეტყოდა.
7 მაგრამ რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, წამოიმართა და უთხრა მათ: ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა. 7 და ვითარ მყოვარ დგეს და ჰკითხვიდეს მას, აღემართა ზე და ჰრქუა მათ: ვინ უცოდველ არს თქუენგანი, პირველად მან დაუტევენ ქვაჲ მაგას ზედა.
8 მერე კვლავ დაიხარა და მიწაზე წერა განაგრძო. 8 და კუალად ქუე დადრკა და წერდა ქუეყანასა.
9 ხოლო ისინი, ამ სიტყვების გაგონებისას, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიფნენ. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომარე ქალი. 9 ხოლო მათ, ვითარცა ესმა, მხილებულნი სჳნდისისაგან, განვიდოდეს თითოჲ, იწყეს მოხუცებულითგან, ვიდრემდის დაშთა თავადი მარტოჲ, და დედაკაცი იგი დგა შორის.
10 წამოიმართა იესო და რაკი ქალის გარდა ვერავის მოჰკრა თვალი, უთხრა მას: ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი? 10 ხოლო იესუ აღემართა და არავინ იხილა, გარნა დედაკაცი იგი და ჰრქუა მას: სადა არიან შემასმენელნი შენნი? არავინ განგიკითხა შენ?
11 მან კი მიუგო: არავინ, უფალო, და უთხრა მას იესომ: არც მე განგსჯი. წადი და ამიერიდან ნუღარა სცოდავ. 11 ხოლო მან ჰრქუა: არავინ, უფალო! ხოლო იესუ ჰრქუა მას: არცა მე განგიკითხავ შენ; წარვედ და ამიერითგან ნუღარა სცოდავ.
12 ხელახლა მიმართა იესომ და უთხრა მათ: მე ვარ ნათელი ქვეყნისა; ვინც გამომყვება, ბნელში კი არ ივლის, არამედ ექნება სიცოცხლის ნათელი. 12 მერმეცა ეტყოდავე იესუ და ჰრქუა მათ: მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაჲ.
13 ფარისევლებმა უთხრეს: შენ თვითონ მოწმობ შენს თავზე, ასე რომ, შენი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი. 13 ჰრქუეს მას ფარისეველთა: შენ თავისა შენისათჳს სწამებ, და წამებაჲ შენი არა არს ჭეშმარიტ.
14

მიუგო იესომ და უთხრა მათ: ჩემს თავზედაც რომ ვმოწმობდე, ჭეშმარიტია ჩემი მოწმობა, რადგანაც ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ; თქვენ კი არ იცით, საიდან მოვსულვარ და სად მივალ.

14 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: დაღაცათუ მე ვწამო თავისა ჩემისათჳს, ჭეშმარიტ არს წამებაჲ ჩემი, რამეთუ ვიცი, ვინაჲ მოსრულ ვარ და ვიდრე მივალ; ხოლო თქუენ არა იცით, ვინაჲ მოვედ და ვიდრე ვალ.
15 თქვენ ხორცისამებრ სჯით, ხოლო მე არავის განვსჯი. 15 თქუენ ჴორცთაებრ სჯით, ხოლო მე არავის ვსჯი.
16 მაგრამ კიდეც რომ განვსჯიდე, ჭეშმარიტია ჩემი მსჯავრი, ვინაიდან მარტო კი არა ვარ, არამედ მე და მამა, ჩემი მომავლინებელი. 16 უკუეთუ ვსჯიდე მე, სასჯელი ჩემი ჭეშმარიტ არს, რამეთუ არა ვარ მარტოჲ, არამედ მე და მომავლინებელი ჩემი მამაჲ.
17 რადგან რჯულშიც გიწერიათ, რომ ორი კაცის მოწმობა ჭეშმარიტია. 17 რამეთუ სჯულსაცა თქუენსა წერილ არს, ვითარმედ: ორისა კაცისა წამებაჲ ჭეშმარიტ არს.
18 მე ვარ, ვინც ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზევე მოწმობს მამაც, რომელმაც მომავლინა. 18 მე ვარ, რომელი ვწამებ ჩემთჳს, და წამებს ჩემთჳს მომავლინებელი ჩემი მამაჲ.
19 ჰკითხეს: სად არის მამაშენი? ხოლო იესომ მიუგო: არც მე მიცნობთ და არც მამაჩემს; მე რომ მიცნობდეთ, მამასაც იცნობდით ჩემსას. 19 ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: სადა არს მამაჲ შენი? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცა მე მიცით, არცა მამაჲ ჩემი. უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ.
20 ეს სიტყვები თქვა იესომ საგანძურთან, როცა ასწავლიდა ტაძარში. და ვერავინ შეიპყრო იგი, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოსულიყო მისი ჟამი. 20 ამას სიტყუასა ეტყოდა ფასის საცავსა მას თანა და ასწავებდა ტაძარსა შინა. და არავინ შეიპყრა იგი, რამეთუ არღა მოსრულ იყო ჟამი მისი.
21 კვლავ უთხრა მათ იესომ: მე მივდივარ, ძებნას დამიწყებთ და თქვენსავ ცოდვაში მოკვდებით; სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ იქ. 21 მერმე ჰრქუა მათ იესუ: მე წარვალ, და მეძიებდეთ მე და არა მპოოთ და ცოდვათა შინა თქუენთა მოსწყდეთ; და ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად.
22 იუდეველებმა თქვეს: თავის მოკვლას ხომ არ აპირებს, რაკიღა ამბობს, სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ იქო? 22 იტყოდეს ურთიერთას ჰურიანი იგი: ნუუკუე მოიკლავს თავსა თჳსსა, რამეთუ იტყჳს: ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად?
23 და უთხრა მათ: თქვენ ქვენანი ხართ, ხოლო მე ზენათაგანი; თქვენ ამქვეყნიურნი ხართ, ხოლო მე - იმქვეყნიური. 23 და ეტყოდა მათ იესუ: თქუენ ქუეყანისაგანნი ხართ, ხოლო მე ზეცისაგანი ვარ; თქუენ ამის სოფლისაგანნი ხართ, ხოლო მე არა ამის სოფლისაგანი ვარ.
24 ამიტომაც გითხარით, თქვენს ცოდვებში მოკვდებით-მეთქი. რადგანაც თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში მოკვდებით. 24 გარქუ თქუენ, ვითარმედ მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა; უკუეთუ არა გრწმენეს ჩემი, რამეთუ მე ვარ, მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა.
25 მაშინ უთხრეს: მაინც ვინა ხარ? ხოლო იესომ მიუგო: იმთავითვე რას გეუბნებოდით? 25 ეტყოდეს მას: და შენ ვინ ხარ? ჰრქუა მათ იესუ: პირველად, რამეთუ მე გეტყჳ თქუენ.
26 ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი და განსასჯელი; მაგრამ ჩემი მომავლინებელი ჭეშმარიტია, და რაც მისგან მსმენია, ქვეყანასაც იმასვე ვეტყვი. 26 მრავალი მაქუს თქუენდა სიტყუად და განკითხვად, არამედ რომელმან მომავლინა მე, ჭეშმარიტ არს, და რაჲ-იგი მესმა მისგან, მას ვიტყჳ სოფელსა ამას შინა.
27

მაგრამ მათ ვერ გაიგეს, რომ მამაზე ამბობდა ამას.

27 ხოლო მათ არა ცნეს, რამეთუ მამასა თჳსსა უთხრობდა მათ.
28 და უთხრა მათ იესომ: როცა კაცის ძეს აამაღლებთ, მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ, და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ რაც მასწავლა მამამ, იმას ვამბობ. 28 მერმე ჰრქუა მათ იესუ: ოდეს აღამაღლოთ ძე კაცისაჲ, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ და თავით ჩემით არას ვიქმ, არამედ ვითარცა მასწავა მე მამამან, მასცა ვიტყჳ.
29 ვინც მომავლინა, ჩემთანაა; მარტო არ დამტოვა მამამ, ვინაიდან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც ეამება მას. 29 და რომელმან მომავლინა მე, ჩემ თანა არს; არა დამიტევა მე მარტოჲ მამამან, რამეთუ მე სათნოებასა მისსა ვიქმ მარადის.
30 ამას რომ ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი. 30 ამას რაჲ იტყოდა, ჰრწმენა მრავალთა მისი.
31 და უთხრა იესომ იუდეველებს, რომლებმაც ირწმუნეს იგი: თუ ჩემს სიტყვაში დამკვიდრდებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. 31 და ეტყოდა იესუ მორწმუნეთა მათ მისთა ჰურიათა: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ.
32 შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ. 32 და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ.
33 მიუგეს მას: აბრაამის მოდგმისა ვართ და არასდროს დავმონებივართ ვინმეს. მაშ, რამ გათქმევინა, განთავისუფლდებითო? 33 მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: ჩუენ ნათესავნი აბრაჰამისნი ვართ და არასადა ვის ვჰმონებდით; ვითარ-ეგე შენ იტყჳ, ვითარმედ: განსთავისუფლდეთ?
34 მიუგო მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა, ვინც სცოდავს, ცოდვის მონაა. 34 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ.
35 მაგრამ მონა საუკუნოდ როდი მკვიდრდება სახლში, ძე კი უკუნისამდე მკვიდრობს. 35 და მონამან არა დაიმკჳდროს სახლსა შინა უკუნისამდე, ხოლო ძემან დაიმკჳდროს უკუნისამდე.
36 ასე რომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ჭეშმარიტად თავისუფალნი იქნებით. 36 უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ.
37 ვიცი, რომ აბრაამის მოდგმისანი ხართ, მაგრამ მოსაკლავად კი მეძებთ, რადგანაც ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში. 37 უწყი, რამეთუ ნათესავნი აბრაჰამისნი ხართ, არამედ მეძიებთ მე მოკლვად, რამეთუ სიტყუაჲ ჩემი ვერ დაეტევის თქუენ შორის.
38 მე ვამბობ იმას, რაც მამაჩემთან მიხილავს, თქვენ კი რაც მამათქვენთან გიხილავთ, იმას აკეთებთ. 38 მე რომელი ვიხილე მამისა ჩემისა თანა, მას ვიტყჳ; და თქუენ რომელი იხილეთ მამისა თქუენისა თანა, მას ჰყოფთ.
39 მიუგეს და უთხრეს მას: ჩვენი მამა აბრაამია. უთხრა მათ იესომ: აბრაამის შვილები რომ იყოთ, საქმესაც აბრაამისას გააკეთებდით. 39 მიუგეს და ჰრქუეს მას: მამაჲ ჩუენი აბრაჰამი არს. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთა იქმოდეთ.
40

ახლა კი მოსაკლავად მეძებთ მე, ვინც გაუწყეთ ჭეშმარიტება, რაც ღმერთისაგან ვისმინე. აბრაამს ეს არ უქნია.

40 ხოლო აწ მეძიებთ მე მოკლვად, კაცსა, რომელი ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, რომელი მესმა ღმრთისაგან. ესე აბრაჰამ არა ქმნა.
41 თქვენ მამათქვენის საქმეს აკეთებთ. უთხრეს: სიძვისგან როდი ვშობილვართ; ერთი მამა გვყავს - ღმერთი. 41 ხოლო თქუენ იქმთ საქმესა მამისა თქუენისასა. ჰრქუეს მას: ჩუენ სიძვით არა შობილ ვართ, ერთი მამაჲ ვიცით – ღმერთი.
42 უთხრა მათ იესომ: ღმერთი რომ იყოს მამათქვენი, გეყვარებოდით, ვინაიდან ღმრთისაგან გამოვედი და მოვედი, რადგანაც ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა. 42 ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა ღმერთი მამაჲ თქუენი იყო, გიყუარდიმცა მე, რამეთუ ღმრთისაგან გამოვედ და მოსრულ ვარ, რამეთუ არა თავით თჳსით მოსრულ ვარ, არამედ მან მომავლინა მე.
43 რატომ არ გესმით ჩემი ნათქვამი? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ ყური უგდოთ ჩემს სიტყვას. 43 რაჲსათჳს სიტყუანი ჩემნი არა იცნით? რამეთუ ვერ ძალ-გიც სიტყუათა ჩემთა სმენად.
44 თქვენ მამათქვენის - ეშმაკისაგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა. 44 თქუენ მამისა ეშმაკისანი ხართ და გულის-თქუმათა მამისა თქუენისათა გნებავს ყოფად; რამეთუ იგი კაცის-მკვლელი იყო დასაბამითგან და ჭეშმარიტებასა არა დაადგრა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა. ოდეს იტყჳნ ტყუვილსა, თჳსისაგან გულისა იტყჳნ, რამეთუ მტყუვარ არს, და რამეთუ მამაჲცა მისი მტყუვარი არს.
45 მე კი სიმართლეს გეუბნებით და არა გწამთ ჩემი. 45 ხოლო მე ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, და არა გრწამს ჩემი.
46 რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? ხოლო თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არა გწამთ ჩემი? 46 ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათჳს? უკუეთუ ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, რაჲსათჳს არა გრწამს ჩემი?
47 ვინც ღმრთისაგან არის, ღმრთის სიტყვებს ისმენს. თქვენ კი იმიტომ არ ისმენთ, რომ ღმრთისაგან არა ხართ. 47 რომელი ღმრთისაგან არს, სიტყუათა ღმრთისათა ისმენს; ამისთჳს არა ისმენთ თქუენ, რამეთუ არა ხართ ღმრთისაგან.
48 მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: განა კარგად არ ვამბობთ, რომ სამარიელი ხარ და ეშმაკეული? 48 მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ შან, და ეშმაკი არს შენ თანა?
49 მიუგო იესომ: ეშმაკეული კი არა ვარ, არამედ პატივს ვცემ მამაჩემს. თქვენ კი მაგინებთ. 49 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ჩემ თანა ეშმაკი არა არს, არამედ პატივ-ვსცემ მამასა ჩემსა, და თქუენ მაგინებთ მე.
50 მაგრამ მე ჩემს დიდებას როდი ვეძებ; არის მძებნელი და განმკითხველი. 50 ხოლო მე არა ვეძიებ დიდებასა ჩემსა; არს, რომელი ეძიებს და სჯის.
51

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც დაიმარხავს ჩემს სიტყვას, უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს.

51 ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე.
52 იუდეველებმა უთხრეს: ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკეული ხარ: აბრაამიც მოკვდა და წინასწარმეტყველნიც, შენ კი ამბობ: ვინც დაიმარხავს ჩემს სიტყვას, უკუნისამდე არ იგემებს სიკვდილსო. 52 ჰრქუეს მას ჰურიათა: აწ გჳცნობიეს, რამეთუ ეშმაკეულ ხარ: აბრაჰამ მოკუდა და წინაწარმეტყუელნიცა, და შენ იტყჳ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, არა იხილოს გემოჲ სიკუდილისაჲ უკუნისამდე.
53 ნუთუ შენ უფრო მეტი ხარ, ვიდრე მამაჩვენი აბრაამი, რომელიც მოკვდა? და წინასწარმეტყველნიც მოკვდნენ. ვინ გგონია შენი თავი? 53 ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა აბრაჰამისა, რომელი მოკუდა, და წინაწარმეტყუელნი მოწყდეს? შენ ვის ჰყოფ თავსა შენსა?
54 მიუგო იესომ: თუ მე ჩემსავ თავს ვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე მამაჩემი მადიდებს, ვისზედაც თქვენ ამბობთ: ის არის ჩვენი ღმერთიო. 54 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: უკუეთუ მე ვადიდებდე თავსა ჩემსა, დიდებაჲ ჩემი არარაჲ არს; არამედ არს მამაჲ ჩემი, რომელი მადიდებს მე, რომელი თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ღმერთი ჩუენი არს იგი.
55 და ვერ გიცვნიათ იგი, მე კი ვიცნობ მას. ხოლო თუ ვიტყვი, არ ვიცნობ-მეთქი, თქვენსავით ცრუ ვიქნები. მაგრამ მე ვიცნობ და ვიმარხავ მის სიტყვას. 55 და არა იცით იგი, ხოლო მე ვიცი იგი. და უკუეთუ ვთქუა, ვითარმედ: არა ვიცი იგი, ვიყო მეცა მსგავს თქუენდა მტყუვარ, არამედ ვიცი იგი და სიტყუასა მისსა ვიმარხავ.
56 მამათქვენი აბრაამი ხარობდა იმის გამო, რომ იხილავდა ჩემს დღეს. იხილა და გაიხარა. 56 აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაჲთა იხილოს დღე ესე ჩემი, იხილა და განიხარა.
57 იუდეველებმა უთხრეს: ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს? 57 ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ერგასის წლის არღა ხარ და შენ აბრაჰამი გიხილავსა?
58 უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აბრაამზე უწინარესი ვარ. 58 ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ.
59 მაშინ იუდეველებმა ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად. მაგრამ იესო თვალს მიეფარა და ტაძრიდან გავიდა. 59 აღიღეს ქვები ჰურიათა მათ, რაჲთა დაჰკრიბონ მას. ხოლო იესუ დაეფარა და განვიდა ტაძრით, განვლო შორის მათსა და წარვიდა ესრეთ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე