ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ლუკას სახარება

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ტიბერიუს კეისრის მმართველობის მეთხუთმეტე წელს, როცა პონტიუს პილატე იუდეის მთავარი იყო, ჰეროდე - გალილეის მეოთხედმთავარი, ფილიპე, მისი ძმა, - ატურეისა და ტრაქონიის მხარის მეოთხედმთავარი, ხოლო ლისანია - აბილენეს მეოთხედმთავარი;

1 წელსა მეათხუთმეტესა ტიბერის კეისრისასა, მთავრობასა პონტიელისა პალატესსა ჰურიასტანს, და მეოთხედ მთავრობასა გალილეას ჰეროდესსა, ხოლო ფილიპეს, ძმისა მისისა მეოთხედ მთავრობასა იტურეას და ტრაქონელთა სოფელსა, და ლჳსანისსა, მეოთხედ მთავრობასა აბილინესა,
2 ანნასა და კაიაფას მღვდელმთავრობისას გაისმა სიტყვა ღმრთისა იოანეს, ზაქარიას ძის მიმართ, უდაბნოში. 2 მღდელთ-მოძღურებასა ანნაჲსსა და კაიაფაჲსსა იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იოვანეს მიმართ, ძისა ზაქარიაჲსა, უდაბნოს.
3 დადიოდა იგი იორდანეს მთელ შემოგარენში და ქადაგებდა ნათლის ღებას სინანულისას ცოდვათა მისატევებლად. 3 და მოჰვლიდა ყოველსა მას გარემო სოფლებსა იორდანისასა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა.
4 როგორც დაწერილია ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნში: ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი. 4 ვითარცა წერილ არს წიგნსა მას სიტყუათა ესაია წინაწარმეტყუელისათა და იტყჳს: ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი.
5 ყოველი ხევი ამოივსება და ყოველი მთა და ბორცვი დამდაბლდება; მრუდე გასწორდება და ფლატე გავაკდება. 5 ყოველი ჴევნები აღმოივსოს, და ყოველნი მთანი და ბორცუნი დამდაბლდენ; და იყოს გულარძნილი იგი მართალ, და ფიცხელი იგი გზად წრფელად.
6 და ყოველი ხორცი იხილავს მხსნელობას ღმრთისას. 6 და იხილოს ყოველმან ჴორციელმან მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ.
7 და ეუბნებოდა მის მიმართ ნათლის ღებად მიმავალ ხალხს: იქედნეს ნაშიერნო, ვინ გასწავლათ, გაექეცითო მომავალ რისხვას? 7 და ეტყოდა განმავალსა მას მისა ერსა ნათლის-ღებად მისგან: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა?
8 მაშ, გამოიღეთ ნაყოფი ღირსი სინანულისა: და ნუ ეტყვით თქვენსავე თავს: მამად გვივისო აბრაამი; რადგანაც გეუბნებით თქვენ: ღმერთს ხელეწიფება თვით ამ ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს. 8 ყავთ უკუე აწ ნაყოფი ღირსი სინანულისაჲ და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ გულთა თქუენთა: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ძალ-უც ღმერთსა აღდგინებად ქვათა ამათგან ნაშობად აბრაჰამისა.
9 ვინაიდან აწ უკვე ცული ხეების ფესვთან დევს. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა. 9 რამეთუ აწვე ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს; ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.
10 ეკითხებოდა ხალხი: მაშ, რაღა ვქნათო? 10 და ჰკითხვიდეს მას ერი იგი და ეტყოდეს: და რაჲ-მე უკუე ვყოთ?
11 მიუგო და უთხრა მათ: ვისაც ორი ხელი სამოსი აქვს, მისცეს არმქონეს: და ვისაც საჭმელი აქვს, ასევე მოიქცეს. 11 მიუგო და ჰრქუა მათ: რომელსა აქუნდეს ორი სამოსელი, მიეცინ, რომელსა არა აქუნდეს, და საზრდელიცა ეგრეთვე მსგავსად ყავნ.
12 მოვიდნენ მებაჟენიც ნათლის ღებად და უთხრეს მას: მოძღვარო, ჩვენ რაღა ვქნათ? 12 მოვიდეს მისა მეზუერენიცა ნათლის-ღებად და ჰრქუეს მას: მოძღუარ, ჩუენ რაჲ-მე ვყოთ?
13

მიუგო მათ: ნურაფერს აიღებთ თქვენთვის დაწესებულზე მეტს.

13 ხოლო მან ჰრქუა მათ: ნურარას უფროჲს განწესებულისა თქუენისა იქმთ.
14 მეომრებმაც ჰკითხეს: ჩვენ კი რა ვქნათო? და უთხრა მათ: ნურავის შეურაცხყოფთ, ნურც ცილს დასწამებთ და დასჯერდით საფასურს თქვენსას. 14 ჰკითხვიდეს მას მჴედრად განწესებულნიცა იგი და ეტყოდეს: და ჩუენ რაჲ-მე ვყოთ? და მან ჰრქუა მათ: ნუვის აჭირვებთ, ნუცა ცილსა შესწამებთ და კმა გეყავნ როჭიკი თქუენი.
15 ხოლო როცა ხალხი მოლოდინში იყო და გულში ყველა ამას ფიქრობდა იოანეზე, ქრისტე ხომ არ არისო, 15

და ვითარცა მოელოდა ერი იგი, და განიზრახვიდეს ყოველნი გულთა მათთა იოვანესთჳს, ნუუკუე იგი არს ქრისტე,

16 მიუგო იოანემ და უთხრა მათ: მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე უძლიერესი, და მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ შევხსნა მისი ხამლის საკვრელი; და ის მოგნათლავთ სულით წმიდითა და ცეცხლით. 16 მიუგო ყოველთა იოვანე და ეტყოდა: მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა, ხოლო მოვალს უძლიერესი ჩემსა, რომლისა არა ვარ ღირს ჴამლთა მისთა ტჳრთვად; მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა.
17 მას ხელთ უპყრია თვისი არნადი და გაწმენდს თავის კალოს, და შეინახავს ხორბალს ბეღელში, ხოლო ბზეს მისცემს უშრეტ ცეცხლს. 17 რომლისა ნიჩაბი ჴელთა შინა მისთა, განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა თჳსსა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა უშრეტითა.
18 ბევრ სხვა რამესაც ახარებდა და შეაგონებდა ხალხს. 18 და ფრიად სხუასაცა მრავალსა ჰლოცვიდა და ახარებდა ერსა მას.
19 ხოლო ჰეროდემ, მეოთხედმთავარმა, რომელსაც ამხილებდა იოანე ჰეროდიადას, მისი ძმის, ფილიპეს ცოლისა და ყველა იმ ბოროტების გამო, რაც ჩაედინა, 19 ხოლო ჰეროდე, ოთხთა სამთავროთა მთავარმან, რამეთუ ამხილებდა მას ჰეროდიაჲსთჳს, ცოლისა ფილიპეს, ძმისა მისისა, და ყოვლისა მისთჳს, რომელი ქმნა ბოროტი ჰეროდე.
20 ყველაფერს ისიც მიუმატა, რომ საპყრობილეში ჩააგდო იოანე. 20 შესძინა ესეცა მას ყოვლისა ზედა და შეაყენა იოვანე საპყრობილესა.
21 როცა ნათელს იღებდა მთელი ხალხი და იესო, ნათელღებული, ლოცულობდა. 21 და იყო ნათლის-ღებასა მას ყოვლისა ერისასა იესუცა ნათელ-იღო და ილოცვიდა; და განეხუნეს ცანი,
22 გაიხსნენ ცანი, და სული წმიდა ხორციელი სახით გადმოვიდა მასზე, როგორც მტრედი, და გაისმა ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: შენა ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე. 22 და გარდამოჴდა სული წმიდაჲ ჴორციელითა ხილვითა, ვითარცა ტრედი, მის ზედა; და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: შენ ხარ ძე ჩემი საყუარელი, შენ სათნო-გიყავ.
23

ხოლო იესო ამ დროისათვის იყო ოცდაათი წლისა, და იყო, როგორც ეგონათ, ძე იოსებისა, ელისა,

23 და თავადსა იესუს ეწყო ოდენ ყოფად მეოცდაათესა წელსა, რომელი საგონებელ იყო ძედ იოსებისა, ელისა,
24 მატთატისა, ლევისა, მელქისა, იანაისა, იოსებისა, 24 მატათანისა, ლევისა, მელქისა, იანესა, იოსებისა,
25 მატათიასი, ამოსისა, ნაუმისა, ესლისა, ნაგესი, 25 მატათისა, ამოსისა, ნაომისა, ესლისა, ნაგესა,
26 მაათისა, მატათიასი, სემეისა, იოსებისა, იუდასი, 26 მაათისა, მატათისა, სემისა, იოსებისა, იუდაჲსა,
27 იოანასი, რესასი, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა, 27 იონანისა, რესაჲსა, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა,
28 მელქისა, ადისა, კოსამისა, ელმოდამისა, ერისა, 28 მელქისა, ადდისა, კოსამისა, ელმოდადისა, ერისა,
29 იოსესი, ელიეზერისა, იორეიმისა, მატთატასი, ლევისა, 29 იოსისა, ელიეზერისა, იორამისა, მატტათისა, ლევისა,
30 სიმეონისა, იუდასი, იოსებისა, იონანისა, ელიაკეიმისა, 30 სჳმეონისა, იუდაჲსა, იოსებისა, იონანისა, ელიაკიმისა,
31 მელეასი, მაინანისა, მატათასი, ნათანისა, დავითისა, 31 მელეაჲსა, მაჲნანისა, მატათანისა, ნათანისა, დავითისა,
32 იესესი, იობედისა, ბოოსასა, სალმონისა, ნაასონისა, 32 იესესა, იობედისა, ბოოსისა, სალმუნისა, ნაასონისა,
33 ამინადაბისა, არამისა, ესრომისა, ფარესისა, იუდასი, 33 ამინადაბისა, არამისა, ესრომისა, ფარეზისა, იუდაჲსა,
34 იაკობისა, ისააკისა, აბრაამისა, თარასი, ნაქორისა, 34 იაკობისა, ისაკისა, აბრაჰამისა, თარაჲსა, ნაქორისა,
35 სარუქისა, რაგავისა, ფალეკისა, ებერისა, სალასი, 35 სერუქისა, რაგავისა, ფალეგისა, ებერისა, სალაჲსა,
36 კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესი, ლამექისა, 36 კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესა, ლამექისა,
37 მათუსალასი, ენოქისა, იარედისა, მადელეილისა, კაინანისა, 37 მათუსალაჲსა, ენუქისა, იარედისა, მალელეილისა, კაინანისა,
38 ენოსისა, სეთისა, ადამისა, ღმრთისა. 38 ენოსისა, სეითისა, ადამისა და ღმრთისა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე