ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ლუკას სახარება

თავი მერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ამის შემდეგ დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ქადაგებდა და ახარებდა ღმრთის სასუფეველს, და აყვნენ მასთან თორმეტნი.

1

და იყო ამისა შემდგომად თავადი ვიდოდა ქალაქად-ქალაქად და დაბად-დაბად, ქადაგებდა და ახარებდა სასუფეველსა ღმრთისასა; და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა.

2 და რამდენიმე ქალი, რომლებიც უკეთურ სულთა და სალმობათაგან განეკურნა: მარიამი, მაგდალელად წოდებული, ვისგანაც გამოსულიყო შვიდი ეშმაკი, 2 და დედანი ვინმე, რომელნი განკურნებულ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა და უძლურებათა: მარიამ, რომელსა ერქუა მაგდალენელი, რომლისაგან შჳდნი ეშმაკნი განსრულ იყვნეს.
3 იოანა, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის, ქუზას ცოლი, სუსანა და სხვა მრავალიც, რომლებიც თავიანთი საბადებლით ემსახურებოდნენ მას. 3 იოანნა, ცოლი ქოზაჲსი, ეზოჲს-მოძღურისა ჰეროდესი, და სუსანა და სხუანი მრავანი, რომელნი ჰმსახურებდეს მას ნაყოფთაგან მათთა.
4 ხოლო როდესაც დიდძალი ხალხი შეგროვდა და ქალაქების მცხოვრებნიც მივიდნენ მასთან, უთხრა მათ იგავით: 4 ხოლო რომელნი-იგი მისთანა იყვნეს ერნი მრავალნი და ქალაქად-ქალაქად რომელნი მოვიდოდეს მისა, ეტყოდა მათ იგავით:
5 გამოვიდა მთესავი თავისი თესლის თესვად; თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს ისინი. 5 გამოვიდა მთესვარი თესვად თესლისა თჳსისა; და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა და დაითრგუნა, და მფრინველთა ცისათა შეჭამეს იგი.
6 ზოგი კლდეზე დავარდა და აღმოცენებისთანავე გახმა, ვინაიდან სინესტე აკლდა. 6 და სხუაჲ დავარდა კლდესა ზედა, აღმოსცენდა და განჴმა, რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ.
7 ზოგი კიდევ ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა; წამოიზარდა ეკალი და ერთიანად მოაშთო ყველა. 7 და რომელიმე დავარდა შორის ეკალთა; და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი.
8 ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა, აღმოცენდა და ნაყოფიც გამოიღო ასმაგად. ეს რომ თქვა, შეღაღადა: ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს! 8 და სხუაჲ დავარდა ქუეყანასა კეთილსა და აღმოსცენდა და ყო ნაყოფი ასი წელი. ამას ეტყოდა ჴმითა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ.
9 მოწაფეებმა ჰკითხეს: რას უნდა ნიშნავდეს ეს იგავი? 9 ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი, ვითარმედ: რაჲ არს იგავი ესე?
10 ხოლო მან თქვა: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო დანარჩენთ იგავებით ეთქმის, რათა მხედველნი ვერას ხედავდნენ, და მსმენელთ არა ესმოდეთ რა. 10 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ღმრთისაჲ, ხოლო სხუათა – იგავით, რაჲთა ხედვიდენ და ვერ იხილონ და ესმოდის და ვერ გულისჴმა-ყონ.
11 აი, რას ნიშნავს ეს იგავი: თესლი სიტყვაა ღმრთისა; 11 ხოლო იგავი იგი ესე არს: თესლი იგი არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ.
12

გზის პირას დაცვენილი მარცვლები მსმენელები არიან, ხოლო შემდეგ მოდის ეშმაკი და იტაცებს სიტყვას მათი გულიდან, რათა არ იწამონ და არა ცხონდნენ; 

12 ხოლო გზასა ზედა იგინი არიან, რომელთა ესმის, მერმე მოვიდის ეშმაკი და მოუღის სიტყუაჲ იგი გულისაგან მათისა, რაჲთა არა ჰრწმენეს და ცხოვნდენ.
13 კლდეზე დაცვენილი მარცვლები ისინი არიან, რომლებიც სიტყვის მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ მას, მაგრამ ფესვი არა აქვთ და ამიტომაც დროებით სწამთ, ხოლო განსაცდელის ჟამს განდგებიან; 13 ხოლო რომელი-იგი კლდესა ზედა, – რომელთა-იგი რაჟამს ისმინიან, სიხარულით შეიწყნარიან სიტყუაჲ იგი, და ამათ ძირი არა უბნ, რომელთა-იგი ჟამ ერთ ჰრწამნ და ჟამსა განსაცდელისასა განდგიან.
14 ეკალ-ბარდებში ჩაცვენილი მარცვლები ისინი არიან, რომლებიც ისმენენ სიტყვას, მაგრამ მიდიან და ზრუნვით, სიმდიდრისა და ამქვეყნიური განცხრომის სურვილით მომშთვარნი, უნაყოფონი რჩებიან. 14 ხოლო რომელი-იგი ეკალთა შორის დავარდა, ესე არიან რომელთა ისმინიან სიტყუაჲ და ზრუნვისაგან და სიმდიდრისა და გემოთაგან ამის სოფლისათა ვლენედ და შეაშთვიან და არა ნაყოფიერ იქმნიან.
15 პოხიერ ნიადაგზე დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ სიტყვას, კეთილსა და სუფთა გულში იმარხავენ მას და ნაყოფიც გამოაქვთ მოთმინებით. 15 ხოლო რომელი-იგი კეთილსა ქუეყანასა დაეთესა, ესე არიან, რომელთა გულითა კეთილითა და სახიერითა ისმინიან სიტყუაჲ და შეიკრძალიან და ნაყოფი გამოიღიან მოთმინებითა.
16 არავინ ანთებს სანთელს იმისთვის, რომ საწყაოს თუ საწოლის ქვეშ დადგას, არამედ სასანთლეზე დგამს, რათა შემომსვლელნი ხედავდნენ ნათელს, 16

არავინ სანთელი აღანთის და დაფარის ჭურჭლითა, გინა ქუეშე ცხედარსა შედგიან, არამედ სასანთლესა ზედა დადგიან, რაჲთა შემავალნი იგი ნათელსა ხედვიდენ.

17 ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს და გაცხადდეს. 17 რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა საიდუმლოჲ, რომელი არა საცნაურ იყოს და ცხადად მოვიდეს.
18 მაშ, დაუკვირდით, როგორ ისმენთ: რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა, და ვისაც არა აქვს, მაგრამ ასე ჰგონია, მაქვსო, მას წაერთმევა. 18 იხილეთ უკუე, ვითარ-ეგე ისმენთ: რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი ჰგონიეს, ვითარმედ აქუს, მო-ვე-ეღოს მას.
19 მივიდნენ მასთან დედა და მისი ძმები, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ შესძლეს ახლოს მისვლა. 19 მოვიდეს მისა დედაჲ და ძმანი მისნი, და ვერ ეძლო შემთხუევად მისა ერისა მისგან.
20 და უთხრეს მას: დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და შენი ნახვა სურთ. 20 უთხრეს მას და ეტყოდეს: დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და ხილვაჲ შენი ჰნებავს.
21 ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: დედა ჩემი და ჩემა ძმები ისინი არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და ასრულებენ მას. 21 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი ესე არიან, რომელთა სიტყუაჲ ღმრთისაჲ ისმინონ და ყონ იგი.
22 მოხდა ისე, რომ ერთ დღეს თავის მოწაფეებთან ერთად ჩაჯდა ნავში და უთხრა მათ: ტბის გაღმა გავიდეთო; და გაცურეს. 22 და იყო ერთსა შინა დღესა თავადი შევიდა ნავსა, და მოწაფენი მისნი მის თანა, და ჰრქუა მათ: განვიდეთ წიაღკერძო ტბასა მას; და აღვიდეს.
23

ხოლო ცურვისას ჩაეძინა. და ამოვარდა გრიგალი ტბაზე; წყლით ივსებოდა ნავი და ჩაძირვას უქადდა მათ.

23 და მი-რაჲ-ვიდოდეს იგინი ნავითა, მიეძინა. და გარდამოჴდა არმური ქარისაჲ ტბასა მას ზედა, და აღივსებოდა ნავი იგი, და იურვოდეს.
24 მივიდნენ, გააღვიძეს და უთხრეს: მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით. ხოლო ის წამოდგა, შერისხა ქარები და წყლის ღელვა; დაცხრნენ და სიმყუდროვემ დაისადგურა. 24 და მოვიდეს და განაღჳძეს და ეტყოდეს: მოძღუარ, მოძღუარ, წარვწყმდებით. ხოლო თავადი აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ღელვასა წყალთასა; და დასცხრეს, და იყო დაყუდებაჲ დიდი.
25 და უთხრა მათ: სად არის თქვენი რწმენა? ხოლო ისინი, დამფრთხალნი და განცვიფრებულნი, ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ არის იგი, ქარებს და ზღვას რომ უბრძანებს და ისინიც მორჩილებენ მას? 25 და ჰრქუა მათ: სადა არს სარწმუნოებაჲ თქუენი? ხოლო მათ შეეშინა და დაუკჳრდა და იტყოდეს ურთიერთას: ვინ-მე არს ესე, რამეთუ ქართაცა უბრძანებს და წყალთა, და ერჩიან მას?
26 და მიადგნენ გერასენელთა მხარეს, გალილეის გაღმა. 26 და განვიდეს სოფელსა მას გადარინელთასა, რომელ არს წიაღკერძო გალილეასა.
27 ხმელეთზე გადმოსულს შემოხვდა ერთი ქალაქელი კაცი, რომელსაც დიდი ხანია ეშმაკნი ჰყავდა და შიშველ-ტიტველი სახლში კი არ ცხოვრობდა, არამედ - სამარხებში. 27 და ვითარცა განვიდეს იგინი ქუეყანად, მო-ვინმე-ეგებვოდა კაცი ქალაქისასა, რომლისა თანა იყვნეს ეშმაკნი; და მრავალ ჟამ სამოსელი არა შეემოსა და სახლსა შინა არა იყოფოდა, არამედ საფლავებსა.
28 იესო რომ დაინახა, შეჰყვირა, მის წინაშე დაემხო და შეჰღაღადა: რა ხელი გაქვს ჩემთან, იესო, ძეო მაღალი ღმრთისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე. 28 და ვითარცა იხილა მან იესუ, ღაღატ-ყო და შეუვრდა ფერჴთა მისთა და ჴმითა დიდითა იტყოდა: რაჲ ძეს ჩემი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისა მაღლისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე.
29 რადგანაც უბრძანა უწმინდურ სულს, გამოსულიყო ამ კაცისაგან, ვინაიდან დიდი ხანია სტანჯავდა მას, ისე რომ ჯაჭვით კრავდნენ და ბორკილებს ადებდნენ, მაგრამ ამსხვრევდა ბორკილებს და, ეშმაკისაგან დევნილი, უდაბნოში გარბოდა. 29 რამეთუ უბრძანა სულსა მას არაწმიდასა განსლვად კაცისა მისგან; რამეთუ მრავალ-გზის წარიტაცის იგი, და შებორკილიან იგი ჯაჭჳთა და საკრველითა და სცვედ, და განხეთქნის საკრველნი და იდევნებინ ეშმაკისა მისგან უდაბნოთა.
30 ჰკითხა მას იესომ: რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონი; ვინაიდან მრავალი ეშმაკი შესულიყო მასში. 30 ჰკითხა მას იესუ: რაჲ არს სახელი შენი? ხოლო მან ჰრქუა: ლეგეონ, რამეთუ ეშმაკნი მრავალნი შესრულ იყვნეს მისა.
31 ევედრებოდნენ იესოს: ნუ გვიბრძანებ უფსკრულში დანთქმასო. 31 და ევედრებოდეს მას, რაჲთა არა უბრძანოს მათ უფსკრულთა შთასლვაჲ.
32 იქვე, მთაზე, ბალახობდა ღორების დიდი კოლტი. შეევედრნენ: ნება დაგვრთე, მათში შევიდეთო, და ნება დართო მათ. 32 და იყო მუნ კოლტი ღორთაჲ მრავალი, მძოვარი მთასა ზედა; და ევედრებოდეს მას, რაჲთა უბრძანოს მათ ღორებსა მას შესლვაჲ. და თავადმან უბრძანა მათ.
33 გამოვიდნენ ეშმაკნი კაცისგან და ღორებში შევიდნენ. მაშინ მთელი კოლტი მიაწყდა კბოდეს და ტბაში ჩაიხრჩო. 33 და გამოვიდეს ეშმაკნი იგი კაცისა მისგან და შევიდეს ღორთა მათ. და მიიმართა ყოველმან კოლტმან კბოდესა მას ტბად და დაიშთვნეს.
34

ამის მხილველი მეღორეები გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს მოსდეს ეს ამბავი.

34 ვითარცა იხილეს მწყემსთა მათ საქმე ესე, ივლტოდეს და შევიდეს და უთხრეს ქალაქსა და დაბნებსა.
35 გამოვიდნენ, რათა ეხილათ, რაც მოხდა. იესოსთან მისულებმა იხილეს კაცი, ვისგანაც გამოსულიყვნენ ეშმაკნი, იესოს ფერხთით მჯდომარე, ჩაცმულ-დახურული და გონს მოგებული, და შეძრწუნდნენ. 35 და გამოვიდეს ხილვად, რომელი-იგი იქმნა, და მოვიდეს იესუჲსა და იხილეს კაცი იგი მჯდომარე, რომლისაგან ეშმაკნი იგი განსრულ იყვნეს, შემოსილი და გონიერი, ფერჴთა თანა იესუჲსთა, და შეეშინა.
36 ხოლო მხილველებმა უამბეს მათ, როგორ განიკურნა ეშმაკეული. 36 რამეთუ უთხრეს, რომელთა-იგი ეხილვა, ვითარ-იგი ცხოვნდა ეშმაკეული.
37 გერასენელთა მხარის მთელმა ხალხმა სთხოვა, გასცლოდა მათ, ვინაიდან შიშით თავზარდაცემულნი იყვნენ. ისიც ჩაჯდა ნავში და უკანვე გამობრუნდა. 37 და ევედრებოდეს მას ყოველი იგი სიმრავლე გარემო სოფლებისაჲ მის გადარინელთაჲსაჲ, რაჲთა წარვიდეს მათგან, რამეთუ შიშითა დიდითა შეპყრობილ იყვნეს. ხოლო თავადი შევიდა ნავსა და მიიქცა მუნვე.
38 ხოლო კაცმა, ვისგანაც გამოვიდნენ ეშმაკნი, სთხოვა, თან წამიყვანეო, მაგრამ იესომ გაისტუმრა იგი და უთხრა: 38 ევედრებოდა მას კაცი იგი, რომლისაგან ეშმაკნი განსრულ იყვნეს, რაჲთა იყოს მის თანა. ხოლო თავადმან განუტევა იგი და ჰრქუა:
39 დაბრუნდი სახლში და უამბე შენიანებს, რა გიყო ღმერთმა. ისიც წავიდა და მთელს ქალაქში ქადაგებდა, რა უყო იესომ. 39 მიიქეც სახიდ შენდა და მიუთხარ, რაოდენი გიყო შენ ღმერთმან. და წარვიდა ყოველსა მას ქალაქებსა და ქადაგებდა, რაჲ-იგი ყო მისთჳს იესუ.
40 მოხდა ისე, რომ იესოს დაბრუნებისთანავე მიიღო იგი ხალხმა, ვინაიდან ყველანი ელოდნენ მას. 40 და იყო მიქცევასა მას იესუჲსსა მუნვე შეიწყნარა იგი ერმან მან, რამეთუ ყოველნივე მოელოდეს მას.
41 და აჰა, მოვიდა ერთი კაცი, სახელად იაეიროს, სინაგოგის წინამძღვარი, ფეხქვეშ ჩაუვარდა იესოს და სთხოვა, სახლში წამომყევიო. 41 და აჰა ესერა მოვიდა კაცი, და სახელი მისი იაიროს, და ესე მთავარი იყო შესაკრებელისაჲ; და დავარდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და ევედრებოდა მას, რაჲთა შევიდეს სახლსა მისსა.
42 რადგანაც ერთადერთი ასული ჰყავდათ, თორმეტი წლისა, და ისიც უკვდებოდა. წაჰყვა და ხალხი ზედ აწყდებოდა მიმავალს. 42 რამეთუ ასული მარტოჲ ესუა მას, რომელი იყო ათორმეტის წლის, და იგი მოკუდებოდა. და მისლვასა მას მისსა ერი იგი შეკრბებოდა მისა.
43 ერთმა ქალმა, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა და ექიმებისთვის გადაეგო მთელი თავისი საბადებელი, მაგრამ ვერავის განეკურნა, 43 და იყო ვინმე დედაკაცი წყაროჲთა სისხლისაჲთა ათორმეტით წლითგან, რომელსა ყოველი მონაგები მისი წარეგო მკურნალთა ზედა, და ვერვის განეკურნა.
44 უკნიდან მოუარა, მისი სამოსის კალთას შეეხო და მაშინვე შეუწყდა სისხლის დენა. 44 და მოვიდა ზურგით კერძო და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა. და მეყსეულად დასცხრა წყაროჲ იგი სისხლისა მისისაჲ.
45

და თქვა იესომ: ვიღაცა შემეხო მე; მაგრამ რაკი ყველამ უარყო, პეტრემ და მისმა თანამდგომებმა უთხრეს: მოძღვარო, ხალხი გაწყდება და გავიწროებს, შენ კი ამბობ, ვინ შემეხოო?

45 და თქუა იესუ: ვინ შემახო მე? და ვითარცა უვარ-ჰყოფდეს ყოველნი, ჰრქუა პეტრე და მისთანათა: მოძღუარ, ერნი გარე მოგადგან და შეგაიწრებენ შენ, და შენ იტყჳ: ვინ შემახო მე?
46 მაგრამ იესომ თქვა: ვიღაცა შემეხო მე, რადგანაც ვიგრძენი, რომ ძალა გავიდა ჩემგან. 46 ხოლო იესუ ჰრქუა: შე-ვინმე-მახო მე, რამეთუ მე ვცან ძალი, განსრული ჩემგან.
47 რაკი მიხვდა ქალი, რომ ვერ დაიმალა, კანკალით მიუახლოვდა, ფეხქვეშ ჩაუვარდა და მთელი ხალხის წინაშე აღიარა, რატომ შეეხო და რა უცებ განიკურნა. 47 და იხილა რაჲ დედაკაცმან მან, რამეთუ არა დაეფარა, მოვიდა ძრწოლით და შეუვრდა მას და, რომლისა ბრალისათჳს შეახო, უთხრა წინაშე ყოვლისა ერისა, და ვითარ-იგი მეყსეულად განიკურნა.
48 ხოლო იესომ უთხრა მას: მხნედ იყავ, ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა: წადი მშვიდობით. 48 ხოლო იესუ ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშჳდობით!
49 ამას რომ ამბობდა, ერთი კაცი მოვიდა და სინაგოგის წინამძღვარს უთხრა: შენი ასული მოკვდა; ნუღარ აწუხებ მოძღვარს. 49 და ვითარ იგი ეტყოდა ოდენ, მო-ვინმე-ვიდა შესაკრებელის-მთვარისაჲ მის და ჰრქუა მას, ვითარმედ: ასული შენი მოკუდა, ნუ დააშრობ მოძღუარსა.
50 მაგრამ იესომ, ეს რომ გაიგონა, უთხრა: ნუ გეშინია, შენ მხოლოდ გწამდეს და გადარჩება. 50 ხოლო იესუს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ, და ცხოვნდეს იგი.
51 ხოლო სახლში მისვლისას არავის დაანება მასთან ერთად შესვლა, პეტრეს, იაკობის, იოანესა და ბავშვის დედ-მამის გარდა. 51 და ვითარცა მოვიდა იესუ სახლსა მას, არავინ უტევა შესლვად მის თანა, გარნა პეტრე და იაკობ და იოვანე და მამაჲ და დედაჲ მის ყრმისაჲ.
52 ყველანი ტიროდნენ და მოთქვამდნენ; ხოლო მან თქვა: ნუ ტირით, კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს. 52 სტიროდეს მას ყოველნი და ეტყებდეს. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ნუ სტირთ, რამეთუ ყრმაჲ ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს.
53 ისინი კი დასცინოდნენ მას, რადგანაც იცოდნენ, რომ მოკვდა. 53 ხოლო იგინი ჰბასრობდეს მას, უწყოდეს, რამეთუ მომკუდარ იყო.
54 ხოლო მან ხელი მოჰკიდა გოგონას, შეღაღადა და თქვა: პატარავ, აღდეგ; 54 და თავადმან გამოასხა ყოველი და უპყრა ჴელი ყრმისაჲ მის და ჴმა-უყო: ყრმაო, აღდეგ!
55 მოიქცა მისი სული და მაშინვე აღდგა. ხოლო მან ბრძანა, საჭმელი მიეცათ მისთვის. 55 და მოიქცა სული მისი, და მეყსეულად აღდგა. და უბრძანა, რაჲთა სცენ მას ჭამადი.
56 მშობლები გაოგნებულნი იყვნენ. ხოლო იესომ უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ, რაც მოხდა. 56 და განუკჳრდებოდა მამა-დედათა მისთა. ხოლო თავადმან ამცნო მათ, რაჲთა არავის უთხრან საქმე იგი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე