ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მარკოზის სახარება

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

დასაწყისი იესო ქრისტეს, ღმერთის ძის, სახარებისა.

1

დასაბამი სახარებისაჲ იესუ ქრისტესი, ძისა ღმრთისაჲ.

2 როგორც დაიწერა ესაია წინასწარმეტყველის მიერ: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას. 2 ვითარცა წერილ არს ესაია წინაწარმეტყუელსა: აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა.
3 ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი. 3 ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი.
4 იყო იოანე უდაბნოში, ნათელს სცემდა და ქადაგებდა ნათლის ცემას სინანულისას ცოდვათა მისატევებლად. 4 იყო იოვანე უდაბნოსა და ნათელ-სცემდა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა.
5 გამოდიოდა მის მიმართ მთელი იუდეის ქვეყანა და ყველა იერუსალიმელი, ნათელს იღებდნენ მისგან მდინარე იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს. 5 და განვიდოდა მისა ყოველი სოფლები ჰურიასტანისაჲ და იერუსალჱმელნი და ნათელს-იღებდეს მისგან ყოველნი იორდანესა მდინარესა და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა.
6 ხოლო იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელს ერტყა ტყავის სარტყელი და ჭამდა კალიებს და ველურ თაფლს. 6 ხოლო ემოსა იოვანეს სამოსლად თმისაგან აქლემისა, და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისთა, და ჭამდა იგი მკალსა და თაფლსა ველურსა,
7 ქადაგებდა და ამბობდა: მოდის ჩემს შემდგომ ჩემზე უძლიერესი, ვის წინაშე იმის ღირსიც არა ვარ, რომ დავიხარო და გავხსნა მისი ხამლის საკვრელი. 7 ქადაგებდა და იტყოდა: ესერა მოვალს უძლიერესი ჩემსა შემდგომად ჩემსა, რომლისა ვერ ღირს ვარ განჴსნად საბელსა ჴამლთა მისთასა.
8 მე თქვენ მოგნათლეთ წყლით, ხოლო ის მოგნათლავთ სული წმიდით. 8 მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა, ხოლო მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა.
9 და იყო იმ დღეებში, მოვიდა იესო გალილეის ნაზარეთით და ნათელ იღო იორდანეში იოანესგან. 9 და იყო მათ დღეთა შინა მოვიდა იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ და ნათელ-იღო იოვანესგან იორდანესა.
10 წყლიდან ამოსვლისთანავე იხილა ცანი გახსნილნი და სული ღმრთისა მტრედივით გადმომავალი მასზე. 10 და მეყსეულად აღმოსლვასა მისსა მიერ წყლით იხილნა ცანი განხმულნი და სული ღმრთისაჲ გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მის ზედა.
11 და გაისმა ხმა ზეცით: შენა ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე. 11 და ჴმაჲ იყო ზეცით: შენ ხარ ძე ჩემი საყუარელი, შენ სათნო-გიყავ.
12

და სულმა მაშინვე გაიყვანა ის უდაბნოში.

12 და მეყსეულად სულმან განიყვანა იგი უდაბნოდ.
13 ორმოცი დღე დაჰყო უდაბნოში და გამოიცდებოდა სატანისაგან: მხეცებს შორის ცხოვრობდა და ანგელოზები ემსახურებოდნენ მას. 13 და იყო მუნ ორმეოც დღე და გამოიცადებოდა ეშმაკისაგან და იყო მჴეცთა თანა, და ანგელოზნი ჰმსახურებდეს მას.
14 ხოლო იოანეს შეპყრობის შემდეგ მოვიდა იესო გალილეაში, და ქადაგებდა სახარებას ღმრთისას. 14 და შემდგომად მიცემისა იოვანესა მოვიდა იესუ გალილეად, ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისა ღმრთისასა
15 და ამბობდა: გასრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმრთის სასუფეველი: მოინანიეთ და იწამეთ სახარება. 15 და იტყოდა, ვითარმედ: აღსრულებულ არს ჟამი და მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ; შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაჲ.
16 ხოლო როდესაც მიდიოდა გალილეის ზღვის პირას, დაინახა სიმონი და მისი ძმა ანდრია, რომლებიც ბადეს ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ. 16 ხოლო ვიდოდა რაჲ ზღჳს-კიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა სიმონ და ანდრეა, ძმაჲ მისი, ითხევლიდეს რაჲ ზღუასა მას ზედა, რამეთუ იყვნეს იგინი მესათხევლე.
17 და უთხრა მათ იესომ: მოდით, უკან გამომყევით და კაცთა მებადურებად გაქცევთ. 17 და ჰრქუა მათ იესუ: მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა.
18 მათაც მყისვე მიატოვეს თავიანთი ბადე და გაჰყვნენ მას. 18 ხოლო მათ მეყსეულად დაუტევნეს ბადენი მათნი და მისდევდეს მას.
19 იქიდან ცოტა რომ გამოვლო, დაინახა იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე, რომლებიც ბადეს კემსავდნენ ნავში. 19 და მცირედ წარვიდა და იხილა იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, და იგინი განაგებდეს ბადეთა ნავსა შინა.
20 და მაშინვე მოუხმო. მათაც მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე, ნავში მყოფ მუშებთან ერთად, და გაჰყვნენ მას. 20 და უწოდა მათ. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ზებედე, მამაჲ მათი, ნავსა შინა მუშაკთა მისთა თანა და მისდევდეს მას.
21 მივიდნენ კაპერნაუმს და მაშინვე, შაბათ დღეს, შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა მათ. 21 და შევიდეს კაპერნაუმდ. და მეყსეულად დღესა შაბათსა შევიდა შესაკრებელსა მათსა და ასწავებდა მათ.
22 უკვირდათ მისი მოძღვრება, ვინაიდან ის ასწავლიდა მათ, როგორც ძალმოსილი, და არა როგორც მწიგნობარნი. 22 და განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურებაჲ იგი მისი, რამეთუ ასწავებდა მათ, ვითარცა-იგი ვის აქუნ ჴელმწიფებაჲ, და არა ვითარ-იგი მწიგნობარნი მათნი.
23

იყო მათ სინაგოგაში უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი, რომელმაც შეჰყვირა და თქვა:

23 და იყო კრებულსა მას შინა მათსა კაცი, რომლისა თანა იყო სული არაწმიდაჲ, ღაღატ-ყო
24 რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოსულხარ! გიცნობ, ვინცა ხარ, ღმერთის წმიდანო. 24 და თქუა: ეჰა, რაჲ არს ჩუენი და შენი, იესუ ნაზარეველო? მოსრულ ხარ წარწყმედად ჩუენდა. გიცით შენ, ვინ ხარ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ.
25 მაგრამ შერისხა იგი იესომ და თქვა: ხმა გაკმინდე და გამოდი მაგისგან. 25 შეჰრისხნა მას იესუ და ჰრქუა: პირი დაიყავ და განვედ მაგისგან!
26 შეარყია იგი უწმინდურმა სულმა და ხმამაღალი ყვირილით გამოვიდა მისგან. 26 და დასცა იგი სულმან მან არაწმიდამან, და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განვიდა მისგან.
27 განცვიფრდა ყველა, ისე რომ, ერთმანეთს ეკითხებოდნენ და ამბობდნენ: რა არის ეს? რა არის ეს ახალი მოძღვრება, რომ ძალმოსილებით უწმინდურ სულებსაც უბრძანებს, და ისინიც ემორჩილებიან მას? 27 და დაუკჳრდებოდა ყოველთა, ვიდრე გამოძიებადმდე ურთიერთას, და იტყოდეს: რაჲ-მე არს მოძღურებაჲ ესე ახალი, რამეთუ ჴელმწიფებით სულთაცა არაწმიდათა უბრძანებს, და ერჩიან მას?
28 და მალე მისი ამბავი კიდით-კიდემდე მოედო მთელი გალილეის მხარეს. 28 და განჴდა ჰამბავი მისი ყოველსა სოფლებსა გალილეაჲსასა.
29 სინაგოგიდან გამოსვლისთანავე სიმონისა და ანდრიას სახლში მივიდა, იაკობსა და იოანესთან ერთად. 29 და მიერ შესაკრებელით გამოვიდა და მოვიდა სახლსა სიმონისსა და ანდრეაჲსსა იოვანეს და იაკობის თანა.
30 ხოლო სიმონის სიდედრი ცხელებით შეპყრობილი იწვა. და მაშინვე უთხრეს მისი ამბავი. 30 ხოლო სიდედრი სიმონისი დავრდომილ იყო მჴურვალებითა. და უთხრეს იესუს მისთჳს.
31 მავიდა, ხელი მოჰკიდა და წამოაყენა; მყისვე გაუარა ცხელებამ და ემსახურებოდა მათ. 31 და მოვიდა და უპყრა ჴელი მისი და აღადგინა იგი; და მეყსეულად დაუტევა იგი მჴურვალებამან მან, და აღდგა და ჰმსახურებდა მათ.
32 ხოლო საღამოს, მზის ჩასვლისას, მიჰგვარეს მას ყველა სნეული და ეშმაკეული. 32 და ვითარ შემწუხრდებოდა, და მზე დაჰვიდოდა, მოჰყვანდეს მისა ყოველნი სნეულნი და ეშმაკეულნი
33 და მთელმა ქალაქმა კარწინ მოიყარა თავი. 33 და ყოველი ქალაქი შეკრებულ იყო წინაშე კართა.
34

მრავალი სნეული განკურნა სხვადასხვა სენისაგან, მრავალი ეშმაკი განდევნა და არა რთავდა ეშმაკებს იმის თქმის ნებას, რომ ისინი იცნობდნენ მას.

34 და განკურნნა ყოველნი ბოროტთაგან სენთა და თითო-სახეთაგან სნეულებათა და ეშმაკნი მრავალნი განასხნა და არა უტევებდა სიტყუად ეშმაკთა მათ, რამეთუ იცოდეს იგი, ვითარმედ ქრისტე არს.
35 ხოლო ცისკრისას, დილაუთენია ადგა და გამოვიდა; უდაბურ ადგილას მივიდა და იქ ლოცულობდა. 35

და განთიად რიჟურაჟუს ოდენ აღდგა და გამოვიდა მიერ და განვიდა უდაბნოსა ადგილსა და მუნ ილოცვიდა.

36 თან გაჰყვნენ სიმონი და მასთან მყოფნი. 36 და მისდევდეს მას სიმონ და მისთანანი.
37 იპოვეს იგი და უთხრეს, ყველა შენ გეძებსო. 37 და პოვეს იგი და ჰრქუეს მას, ვითარმედ: ყოველნი გეძიებენ შენ.
38 და უთხრა მათ: წავიდეთ მახლობელ სოფლებსა და ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, ვინაიდან ამისათვის მოვსულვარ. 38 ხოლო იესუ ჰრქუა მათ: მოვედით და წარვიდეთ მახლობელსა დაბნებსა და ქალაქებსა, რაჲთა მუნ უქადაგოთ, რამეთუ ამისთჳს მოვივლინე.
39 დადიოდა მთელს გალილეაში, ქადაგებდა მათ სინაგოგებში და აძევებდა ეშმაკთ. 39 და ქადაგებდა შესაკრებელთა მათთა და ყოველსა გალილეასა და ეშმაკთა განასხმიდა.
40 მაშინ მიადგა ერთი კეთროვანი, ევედრებოდა და მუხლმოყრით ეუბნებოდა: თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა. 40 მაშინ მოუჴდა მას ერთი განკეთროვნებული, ევედრებოდა მას და მუჴლნი დაიდგინა და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განწმედად ჩემდა.
41 შეებრალა იგი იესოს, ხელი გაიწოდა, შეეხო და უთხრა: მნებავს, განიწმინდე; 41 ხოლო იესუს შეეწყალა იგი, განყო ჴელი, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენი!
42 ამის თქმაც იყო და მყისვე გაეყარა მას კეთრი და განიწმინდა. 42 და ვითარცა ესე თქუა, მეყსეულად განეყარა მას კეთროვნებაჲ იგი, და განწმიდნა იგი
43 მკაცრად გააფრთხილა და მაშინვე გაისტუმრა იგი. 43 და შეჰრისხნა მას და მეყსეულად გამოაძო იგი
44 უთხრა: იცოდე ნურავის ნურაფერს ეტყვი, არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმენდისათვის, რაც ბრძანა მოსემ მათდა სამოწმებლად. 44 და ჰრქუა მას: იხილე, ნუვის უთხრობ, არამედ მივედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე განწმედისა შენისათჳს, რომელი-იგი ბრძანა მოსე საწამებელად მათა.
45 მაგრამ ის გამოვიდა, დაიწყო ქადაგება და მთელ ქვეყანას მოსდო მისი ამბავი; ასე რომ, იესოს აღარ შეეძლო ქალაქში აშკარად შესვლა, არამედ გარეთ, უდაბურ ადგილებში იყო, და მოდიოდნენ მასთან ყოველი მხრიდან. 45 ხოლო იგი გამოვიდა მიერ და იწყო ქადაგებად ფრიად და მიმოდადებად სიტყჳსა მის, ვითარმედ ვერღარა ჴელ-ეწიფა მას ცხადად ქალაქად შესლვად, არამედ უდაბნოთა ადგილთა იყოფვოდა. და მოვიდოდეს მისა ყოვლით კერძო.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე