ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მათეს სახარება

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა. 1

წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი.

2 აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები. 2 აბრაჰამ შვა ისაკ; ისაკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი;
3 ხოლო იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან; ფარეზმა შვა ესრომი; ესრომმა შვა არამი. 3 ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან; და ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ;
4 არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა შვა სალმონი. 4 არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ;
5 სალმონმა შვა ბოოსი რაქაბისაგან; ბოოსმა შვა იობედი რუთისაგან; იობედმა შვა იესე; იესემ შვა მეფე დავითი. 5 სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; ბოოს შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე;
6 მეფე დავითმა შვა სოლომონი ურიას ცოლისაგან. 6 იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან;
7 სოლომონმა შვა რობოამი; რობოამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა. 7 სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა;
8 ასამ შვა იოსაფატი; იოსაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ოზია. 8 ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია; ოზია შვა იოათამ;
9 ოზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა აქაზი; აქაზმა შვა ეზეკია. 9 იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია;
10 ეზეკიამ შვა მანასე; მანასემ შვა ამონი;. ამონმა შვა იოსია. 10 ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია;
11 იოსიამ შვა იექონია და მისი ძმები ბაბილონის ტყვეობის ჟამს. 11 იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა.
12 ხოლო ბაბილონის ტყვეობის შემდეგ იექონიამ შვა სალათიელი; სალათიელმა შვა ზორობაბელი. 12 შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ;
13 ზორობაბელმა შვა აბიუდი; აბიუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა აზორი. 13 აბიუდ შვა ელიაკიმ; ალიაკიმ შვა აზორ;
14 აზორმა შვა სადოკი; სადოკმა შვა აქიმი; აქიმმა მვა ელიუდი. 14 აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ალიუდ;
15 ელიუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მატთანი; მატთანმა შვა იაკობი. 15 ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ;
16 ხოლო იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, ვისგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე. 16 იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე.
17 ასე რომ, მთელი შთამომავლობა აბრაამიდან დავითამდე თოთხმეტი თაობა, და დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდე თოთხმეტი თაობა და ბაბილონის ტყვეობიდან ვიდრე ქრისტემდე თოთხმეტი თაობა. 17 ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.
18 ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედამისი მარიამი დანიშნული იყო იოსებზე, და მათ შეერთებამდე აღმოჩნდა, რომ მუცლად ეღო სული წმიდისაგან. 18 ხოლო იესუ ქრისტეს შობაჲ ესრეთ იყო, რამეთუ: თხოვილ იყო დედაჲ მისი მარიამ იოსებისა და ვიდრე შერთვადმდე მათა იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა.
19 ხოლო იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, არ უნდოდა მისი შერცხვენა და განიზრახა ფარულად გაეშვა იგი. 19 ხოლო იოსებ, ქმარი ამისი, მართალი იყო და არა უნდა განმხილებაჲ მისი, იზრახა ფარულად განტევებაჲ მისი.
20 ეს რომ დააპირა, აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად და უთხრა: იოსებ, დავითის ძეო, ნუ შიშობ მოიყვანო მარიამი, ცოლი შენი: რადგან ვინც მასში ჩასახულია, სული წმიდისაგან არის. 20 და ვითარ იგი ამას განიზრახვიდა ოდენ, აჰა ანგელოზი უფლისაჲ ჩუენებით გამოუჩნდა მას და ჰრქუა: იოსებ, ძეო დავითისო, ნუ გეშინინ მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა, რამეთუ რომელი-იგი მისგან იშვეს, სულისაგან წმიდისა არს.
21 და შობს ძეს და უწოდებ სახელად იესოს, რადგან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან. 21 შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი იესუ, რამეთუ მან იჴსნეს ერი თჳსი ცოდვათა მათთაგან.
22 ხოლო ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს სიტყვა უფლისა, წინასწარმეტყველის მიერ თქმული: 22 ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ პირითა წინასწარმეტყუელისაჲთა თქუმული:
23 აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი. 23 აჰა ქალწული მოუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს თარგმანებით: ჩუენ თანა ღმერთი.
24 გამოიღვიძა იოსებმა ძილისგან და ისე მოიქცა, როგორც უბრძანა ანგელოზმა უფლისა, და მოიყვანა თავისი ცოლი. 24 განიღჳძა იოსებ ძილისა მისგან და ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმან უფლისამან, და წარიყვანა ცოლი თჳსი.
25 და არ უცვნია იგი, ვიდრე არა შვა ძე თვისი პირმშო, და უწოდა სახელი მისი იესო. 25 და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე იგი მისი პირმშოჲ და უწოდა სახელი მისი იესუ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე