ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მათეს სახარება

თავი მეთექვსმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მიუახლოვდნენ საცდუნებლად ფარისეველნი და სადუკეველნი და სთხოვეს, ზეცით სასწაული ეჩვენებინა მათთვის.

1

და მოუჴდეს მას ფარისეველნი და სადუკეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს, რაჲთა სასწაული ზეცით უჩუენოს მათ.

2 ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: საღამოს ამბობთ: ხვალ დარი იქნება, ვინაიდან ცა წითელია. 2 ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: შე-რაჲ-მწუხრდის, სთქუთ: ყუდრო იყოს, რამეთუ წითს ცაჲ.
3 დილით კი ამბობთ: დღეს გაავდრდება, ვინაიდან ცა მოქუფრულია. თვალთმაქცნო, ცის ფერს არჩევთ, დროის ნიშანთა გარჩევა კი არ შეგიძლიათ. 3 და განთიად სთქუთ: ზამთარი იყოს, რამეთუ კსინავს მწუხარედ ცაჲ. ორგულნო, პირი სამე ცისაჲ იცით ცნობად, ხოლო სასწაულნი ჟამთანი ვერ გიცნობიეს გულისჴმის-ყოფად.
4 უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს: მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა. მიატოვა ისინი და წავიდა. 4 ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინაწარმეტყუელისაჲ. და დაუტევნა იგინი და წარვიდა.
5 ხოლო მის მოწაფეებს, გაღმა გასვლისას, დაავიწყდათ პურის წაღება. 5 და მო-რაჲ-ვიდეს მოწაფენი მისნი მიერ წიაღ, და დაავიწყდა მათ პური მიღებად.
6 იესომ უთხრა მათ: ფხიზლად იყავით, ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს. 6 ხოლო იესუ ჰრქუა მათ: იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა.
7 ისინი კი გულში ფიქრობდნენ: ალბათ, იმიტომ გვეუბნება, პურის წამოღება რომ დაგვავიწყდაო. 7 ხოლო იგინი განიზრახვიდეს გულსა თჳსსა და იტყოდეს, ვითარმედ: პური არა მოვიღეთ.
8 მიუხვდა იესო და უთხრა მათ: რას ფიქრობთ, მცირედ მორწმუნენო: პურის წამოღება დაგვავიწყდაო? 8 გულისჴმა-ყო იესუ და ჰრქუა მათ: რაჲსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა, მცირედ-მორწმუნენო, რამეთუ პური არა მოიხუენით?
9 ნუთუ არ გესმით, ან არ გახსოვთ ხუთი პურით ხუთი ათასი კაცის პურობა, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? 9 არა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთ ხუთთა მათ პურთაჲ და ხუთ ათასთაჲ მათ, და რაოდენი გოდორი აღიღეთ?
10 არც შვიდი პურით ოთხი ათასი კაცის პურობა, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? 10 და არცა შჳდთა მათ პურთაჲ და ოთხ ათასთაჲ მათ, და რაოდენი სფჳრიდი აღიღეთ?
11 ნუთუ არ გესმით, რომ პურის გამო როდი მითქვამს: ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს-მეთქი? 11 ვითარ არა გიცნობიეს, რამეთუ არა პურისათჳს გარქუ თქუენ: ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა?
12 მაშინღა მიხვდნენ, რომ ის აფრთხილებდა მათ, მორიდებოდნენ არა ცომის საფუარს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას. 12 მაშინ გულისჴმა-ყვეს, რამეთუ არა ჰრქუა მათ კრძალვაჲ ცომისაგან პურისა, არამედ მოძღურებისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა.
13 ხოლო როდესაც ფილიპეს კესარიის მხარეს მივიდა, იესომ ჰკითხა თავის მოწაფეებს: რას ამბობს ხალხი, ვინ არისო ძე კაცისა? 13 მო-რაჲ-ვიდა იესუ ადგილთა მათ კესარია ფილიპესთა, ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: რაჲ თქჳან კაცთა ძისა კაცისა ყოფად?
14 მათ მიუგეს: ზოგს იოანე ნათლისმცემელი ჰგონიხარ, ზოგს - ელია, ზოგს - იერემია თუ ერთ-ერთი წინასწარმეტყველი. 14 ხოლო მათ ჰრქუეს: რომელთამე იოვანე ნათლის-მცემელი, რომელთამე ელია და სხუათა იერემია გინა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი.
15

კვლავ ჰკითხა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ მე?

15 ხოლო მან ჰრქუა მათ: თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად?
16 სიმონმა, იმავე პეტრემ, მიუგო: შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა. 16 მიუგო სიმონ-პეტრე და ჰრქუა მას: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ.
17 ხოლო იესომ პასუხად თქვა: ნეტარი ხარ შენ, სიმონ, იონას ძეო, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიცხადა ეს, არამედ ჩემმა ზეციერმა მამამ. 17 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიხცადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან.
18 და მე გეუბნები: შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას. 18 და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.
19 მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს, და რასაც შეკრავ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, ხოლო რასაც დახსნი მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც. 19 და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი; და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა.
20 მაშინ უბრძანა თავის მოწაფეებს, არავისთან გაეთქვათ, რომ ის არის იესო ქრისტე. 20 მაშინ ამცნო მოწაფეთა თჳსთა რაჲთა არავის უთხრან, ვითარმედ იგი არს იესუ ქრისტე.
21 მას აქეთ დაიწყო იესომ თავისი მოწაფეებისთვის იმის გამხელა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს, დაეთმინა მრავალი ტანჯვა უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სასიკვდილოდ მიეცა თავი, და აღმდგარიყო მესამე დღეს. 21 მიერითგან იწყო იესუ უწყებად მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: ჯერ-არს მისა იერუსალჱმდ აღსლვაჲ და ფრიად ვნებაჲ მღდელთ-მოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა, და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად.
22 მაშინ გაიხმო იგი პეტრემ, კიცხვა დაუწყო და უთხრა: შორს შენგან, უფალო; ღმერთმა ნუ ქნას ეგ! 22 და მოუჴდა მას პეტრე და იწყო ბრალობად მისა და ჰრქუა: შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე.
23 ხოლო ის მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: გამშორდი, სატანა! ჩემი საცთური ხარ! რადგან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას. 23 ხოლო თავადი მიექცა პეტრეს და ჰრქუა: წარვედ ჩემგან, სატანა, საცთურ ჩემდა ხარ, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა.
24 მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე. 24 მაშინ ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე.
25 რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას. 25 რამეთუ უკუეთუ ვისმე უნდეს სული თჳსი განრინებად, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი.
26 რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და სულს კი წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ? 26 რამეთუ რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თჳსისა?
27 რადგან მოვა ძე კაცისა მამის თვისის დიდებითა და თავის ანგელოზთა თანხლებით, და მისი საქმისამებრ მიაგებს თვითეულს. 27 რამეთუ მოსლვად არს ძჱ კაცისაჲ დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა მისთა თანა, და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ.
28 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ძეს კაცისას, მომავალს თავის სასუფეველში. 28 ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე