ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მათეს სახარება

თავი ოცდამეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მაშინ მიემსგავსება ცათა სასუფეველი ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გადავიდნენ სიძის შესაგებებლად.

1 მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ცათაჲ ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს ლამპარნი თჳსნი და განვიდეს მიგებებად სიძისა.
2 ხოლო ხუთი მათგანი გონიერი იყო, ხუთი კი - უგუნური. 2 ხოლო ხუთნი მათგანნი იყვნეს ბრძენნი და ხუთნი – სულელნი.
3 უგუნურებმა აიღეს თავიანთი ლამპრები, მაგრამ თან არ წაიღეს ზეთი. 3 მიიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი.
4 გონიერებმა კი თავიანთ ლამპრებთან ერთად თან წაიღეს ზეთიც თავიანთი ჭურჭლებით. 4 ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა ლამპართა მათთა თანა.
5 და რაკი სიძემ დაიგვიანა, ყველას რული მოერია და ჩაეძინა. 5 და დაყოვნებასა მას სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს.
6 მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: აჰა, მოდის სიძე, გამოდით, გამოეგებეთო. 6 ხოლო შუვა-ღამეს ოდენ ღაღადებაჲ იყო, ვითარმედ: აჰა ესერა სიძე მოვალს, გამოვედით მიგებებად მისა.
7 მაშინ ადგა ყველა ქალწული და გამართეს თავიანთი ლამპრები. 7 მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს ლამპარნი მათნი.
8 და უგუნურებმა უთხრეს გონიერთ: გვიწილადეთ თქვენი ზეთი, ვინაიდან ჩვენი ლამპრები ქრება. 8 ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: მეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ ლამპარნი ჩუენნი დაშრტებიან.
9 გონიერებმა კი მიუგეს: რომ არ შემოგვაკლდეს ჩვენცა და თქვენც, გიჯობთ წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის. 9 მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: ნუუკუე ვერ კმა-გუეყოს ჩუენ და თქუენ, არამედ უფროჲსღა წარვედით სავაჭროდ და იყიდეთ თავისა თქუენისა.
10 როცა საყიდლად წავიდნენ, მოვიდა სიძე; მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და დაიხშო კარი. 10 და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძე იგი, და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას, და დაეჴშა კარი.
11 შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულნიც და სთხოვეს: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ. 11 შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენ!
12

ხოლო მან პასუხად მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით: არ გიცნობთ თქვენ.

12 ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: არა გიცნი თქუენ.
13 მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღე იცით და არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა. 13 იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისაჲ მოვიდეს.
14 რადგანაც იმ კაცივით მოიქცევა, რომელმაც გამგზავრებისას უხმო თავის მონებს და მთელი თავისი ავლადიდება ჩააბარა. 14 ვითარცა-იგი რაჟამს წარვალნ კაცი და მოუწესის მონათა თჳსთა და მისცის მათ მონაგები თჳსი;
15 ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს - ორი, მესამეს - ერთი, თვითეულს - მისი უნარის მიხედვით, და გაემგზავრა. 15 და რომელსამე მისცა ხუთი ქანქარი და რომელსამე ორი ქანქარი და რომელსამე ერთი, კაცად-კაცადსა მსგავსად ძალისა თჳსისა, და მეყსეულად წარვიდა.
16 ხუთი ტალანტის მიმღები წავიდა, ივაჭრა და ხუთი სხვა ტალანტიც მოიგო. 16 ხოლო წარვიდა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, აქმნია მას ზედა და შესძინა სხუაჲღა ხუთი ტალანტი.
17 ასევე ორი ტალანტის მიმღებმა მოიგო ორი სხვაც. 17 ეგრეთვე, რომელმან-იგი ორი მიიღო, შესძინა სხუაჲ ორი.
18 ხოლო ერთი ტალანტის მიმღები წავიდა, მიწაში დაფლა და დამალა თავისი პატრონის ვერცხლი. 18 ხოლო რომელმან-იგი ერთი მიიღო, წარვიდა და მოთხარა და დაჰფლა ქუეყანასა ვეცხლი იგი უფლისა თჳსისაჲ.
19 დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა იმ მონების პატრონი და ანგარიში მოსთხოვა მათ. 19 შემდგომად მრავლისა ჟამისა მოვიდა უფალი იგი მათ მონათაჲ და სიტყუაჲ ყო მონათა მათ თანა.
20 ეახლა ხუთი ტალანტის მიმღები, ხუთი სხვა ტალანტიც მიართვა და უთხრა: ბატონო, შენ მომეცი ხუთი ტალანტი და, აჰა, მათი წყალობით, ხუთი სხვა ტალანტიც მოვიგე. 20 და წამოდგა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, და მოართუა მას სხუაჲღა ხუთი ქანქარი და ჰრქუა: უფალო, ხუთი ქანქარი მომეც მე, აჰა ესერა სხუაჲღა ხუთი ქანქარი შევსძინე.
21 ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ! რაკიღა მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში. 21 ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა.
22 ეახლა ორი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: ბატონო, შენ მომეცი ორი ტალანტი და აჰა, მათი წყალობით, ორი სხვა ტალანტიც მოვიგე. 22 მოვიდა იგიცა, რომელსა ორი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, ორი ქანქარი მომეც მე, აჰა სხუაჲ ორი ტალანტი შევსძინე.
23

ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ! რაკი მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში.

23 ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა.
24 ეახლა ერთი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ; მოიმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრებ, სადაც არ დაგიბნევია. 24 მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, უწყოდე, რამეთუ ფიცხელი კაცი ხარ შენ: მოიმკი, სადა არა დასთესი, და შეიკრიბი, სადა არა განგიბნევიედ.
25 ჰოდა, შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი; აჰა, შენი შენავე გქონდეს. 25 და შემეშინა, წარვედ და დავმალე ქანქარი იგი შენი ქუეყანასა. აჰა ესერა შენი შენ თანა არს.
26 ხოლო პატრონმა მიუგო და უთხრა მას: უკეთურო და მცონარა მონავ! იცოდი, რომ მოვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრებ, სადაც არ დამიბნევია. 26 მიუგო უფალმან მისმან და ჰრქუა მას: ბოროტო მონაო და მედგარო! უწყოდე, რამეთუ მოვიმკი, სადა არა დავსთესი, და შევიკრიბი, სადა არა განმიბნევიედ.
27 ამიტომაც გმართებდა ვაჭრებისათვის მიგეცა ჩემი ვერცხლი, რათა დაბრუნებულს მიმეღო ჩემი სესხი მონაგებითურთ. 27 ჯერ-იყო შენდა დადებად ვეცხლი ჩემი სავაჭროსა, და მომცა-ვედ და მოვიღე ჩემი იგი აღნადგინებითურთ.
28 მაშ, წაართვით მაგას ტალანტი, და მიეცით ათი ტალანტის მქონეს. 28 მოუღეთ მაგას ქანქარი ეგე და მიეცით მას, რომელსა აქუს ათი ქანქარი.
29 რადგან ყველა მქონეს მიეცემა და მიემატება, ხოლო არმქონეს წაერთმევა ისიც, რაცა აქვს. 29 რამეთუ ყოველსა, რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან. და ამას რაჲ იტყოდა, ჴმა-ყო: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
30 ხოლო ეგ ურგები მონა გააგდეთ გარესკნელის ბნელში. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი. 30 და უჴმარი ეგე მონაჲ განჴადეთ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
31 და როდესაც მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა წმიდა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება იგი თავისი დიდების ტახტზე. 31 ხოლო რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თჳსისათა;
32 შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი და გაარჩევს მათ ერთმანეთისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან. 32 და შეკრბენ წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი, და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაჲ განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან,
33 და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, ხოლო თხებს - მარცხნივ. 33 და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისა და თიკანნი – მარცხენით.
34 მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან. 34 მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ.
35

რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ;

35 რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე;
36 შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ. 36 შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა.
37 მაშინ მართალნი პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ანდა მწყურვალი და გასვით შენ? 37 მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ შენ?
38 როდის გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანდა შიშველი და შეგმოსეთ შენ? 38 ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი და შეგმოსეთ შენ?
39 როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში, და გინახულეთ? 39 ოდეს გიხილეთ შენ უძლური ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა?
40 მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ. 40 და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ.
41 მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული. 41 მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს,
42 რადგან მშიოდა და არ მომეცით საჭმელი; მწყუროდა და არ მასვით; 42 რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასუთ მე;
43 უცხო ვიყავი და არ შემიწყნარეთ; მიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ; სნეული ვიყავი და საპყრობილეში, და არ მინახულეთ. 43 უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილესა, და არა მოხუედით ჩემდა.
44 მაშინ ისინიც პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, ან მწყურვალი, ან უცხოდ მყოფი, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ? 44 მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი ანუ წყურიელი, ანუ უცხოებასა, ანუ შიშულოებასა, ანუ უძლურებასა, ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ?
45 მაშინ მიუგებს და ეტყვის მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რითაც არ შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით არც მე შემეწიეთ. 45 მაშინ მიუგოს მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ.
46 და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში. 46 და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხორებასა საუკუნესა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე