ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მათეს სახარება

თავი ოცდამეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

და როდესაც დაასრულა იესომ ეს სიტყვები, თავის მოწაფეებს უთხრა:

1

და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ ყოველნი ესე სიტყუანი, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა:

2 თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ იქნება პასექი და ძე კაცისა მიეცემა ჯვარზე საცმელად. 2 უწყითა, რამეთუ შემდგომად ორისა დღისა ვნებაჲ იყოს, და ძე კაცისაჲ მიეცეს ჯუარ-ცუმად?
3 მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის კარზე. 3 მაშინ შეკრბეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი ერისანი ეზოსა მას კაიაფა მღდელთ-მოძღუარისასა
4 და მოითათბირეს, მზაკვრობით შეეპყროთ იესო და მოეკლათ იგი. 4 და ზრახვა-ყვეს, რაჲთა იესუ ზაკუვით შეიპყრნა და მოკლან.
5 მაგრამ ამბობდნენ: მხოლოდ არა დღესასწაულზე, რათა ხალხი არ ამბოხდესო. 5 ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, რაჲთა არა შფოთი იქმნეს ერსა შორის.
6 ხოლო როცა ბეთანიაში იყო იესო, სიმონ კეთროვანის სახლში, 6 ხოლო იესუ იყო რაჲ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა,
7 მიუახლოვდა ერთი ქალი, ალებასტრის ჭურჭლით რომ მოჰქონდა ძვირფასი ნელსაცხებელი, და თავზე დაასხა ინახად მჯდომს. 7 მოუჴდა დედაკაცი, რომელსა აქუნდა ალაბასტრი ნელსაცხებელისა მრავალ-სასყიდლისაჲ, და დაასხა თავსა მისსა ინაჴით მჯდომარესა.
8 ეს რომ დაინახეს, მისი მოწაფეები განრისხდნენ და თქვეს: რა საჭიროა ასეთი ფლანგვა? 8 ხოლო იხილეს რაჲ მოწაფეთა, განრისხნეს და იტყოდეს: რაჲსათჳს იყო წარწყმედაჲ ნელსაცხებელისაჲ ამის?
9 ვინაიდან შეიძლებოდა დიდ ფასად გაგვეყიდა ნელსაცხებელი და გლახაკთათვის მიგვეცა ფული. 9 რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად დადძალის და მიცემად გლახაკთა.
10 მაგრამ იესო მიუხვდა და უთხრა მათ: რას ერჩით ამ ქალს? მაგან ხომ კეთილი საქმე მიყო: 10 ხოლო იესუ გულისჴმა-ყო და ჰრქუა მათ: რაჲსა შრომასა შეამთხუევთ დედაკაცსა მაგას? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემდა მომართ.
11 ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით. 11 რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ.
12 ნელსაცხებელი რომ მცხო ტანზე, ამით დასამარხათ გამამზადა. 12 რამეთუ დამასხა მაგან ნელსაცხებელი ესე ჴორცთა ჩემთა და დასაფლველად ჩემდა ყო.
13 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს ქვეყანაზე, საღაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქმება მისი საქმე მისსავე მოსაგონებლად. 13 ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის, რომელიცა ესე ყო მაგან საჴსენებელად მაგისა.
14 მაშინ წავიდა ერთი თორმეტთაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, მღვდელმთავრებთან 14 მაშინ წარვიდა ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა იუდა ისკარიოტელი, მღდელთ-მოძღუართა მათ
15 და უთხრა მათ: რის მოცემას ინებებთ ჩემთვის, თუკი მას მოგცემთ? ხოლო მათ მიუწონეს ოცდაათი ვერცხლი. 15 და ჰრქუა: რაჲ გნებავს მოცემად ჩემდა, და მე მიგცე იგი? ხოლო მათ მიუწონეს მას ოც და ათი ვეცხლი.
16

და მას მერე ეძებდა ხელსაყრელ დროს, რათა მათთვის მიეცა იგი.

16 და მიერითგან ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა მისცეს იგი მათ.
17 ხოლო უფუარობის პირველ დღეს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს: სად გნებავს, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი? 17 ხოლო პირველსა მას დღესა უცომოებისასა მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ შენ ჭამად პასქაჲ ესე?
18 მან კი თქვა: წადით ქალაქში ამა და ამ კაცთან და უთხარით: მოძღვარი ამბობს: მოაწია ჩემმა დრომ; შენთან ვყოფ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად. 18 ხოლო იესუ ჰრქუა მათ: წარვედით ქალაქად კაცისა მისამე და არქუთ მას: მოძღუარი ეგრეთ იტყჳს: ჟამი ჩემი ახლოს არს, შენ თანა ვყო პასქაჲ ესე მოწაფითურთ ჩემით.
19 მოწაფეები ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა იესომ, და მოუმზადეს პასექი. 19 და ყვეს ეგრეთ მოწაფეთა, ვითარცა უბრძანა მათ იესუ, და მოუმზადეს პასქაჲ იგი.
20 და მწუნრის ჟამს ინახად დაჯდა თორმეტ მოწაფესთან ერთად. 20 და ვითარცა შემწუხრდა, ინაჴით-ჯდა იესუ ათორმეტთა მათ თანა.
21 ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე. 21 და ვითარცა ჭამდეს იგინი, ჰრქუა იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე.
22 ისინი დიდად დამწუხრდნენ და ყველამ ცალ-ცალკე დაუწყო კითხვა: მე ხომ არა, უფალო? 22 და იგინი შეწუხნეს ფრიად, და იწყეს კაცად-კაცადმან მათმან სიტყუად: ნუუკუე მე ვარ, უფალო?
23 ხოლო მან პასუხად თქვა: ვინც ჩემთან ერთად ჩაყოფს ხელს ჯამში, ის გამცემს მე. 23 ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელმან შთამოყოს ჩემ თანა ჴელი პინაკსა ამას, ამან მიმცეს მე.
24 და მართლაც, მიდის ძე კაცისა, როგორც დაიწერა მისთვის: მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა; ერჩია, სულაც არ შობილიყო ის კაცი. 24 ძე სამე კაცისაჲ წარვალს, ვითარცა წერილ არს მისთჳს, ხოლო ვაჲ კაცისა მის, რომლისა მიერ ძე კაცისაჲ მიეცეს. უმჯობეს იყო მისა, არა თუმცა შობილ იყო კაცი იგი.
25 მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი. 25 მიუგო იუდა, რომელმანცა მისცა იგი, და თქუა: ნუუკუე მე ვარ, მოძღუარ? ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ.
26 და როცა ჭამდნენ ისინი, აიღო პური იესომ და აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი. 26 და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესუ პური და ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი.
27 აიღო სასმისი და აკურთხა, მისცა მათ და თქვა: ამით სვით ყველამ: 27 და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ და თქუა: სუთ ამისგან ყოველთა:
28 ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული ცოდვათა მისატევებლად. 28 ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა.
29 ხოლო მე გეუბნებით თქვენ: აღარა ვსვამ ამიერიდან ვაზის ამ ნაყოფისაგან, ვიდრე იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სასუფეველში. 29 ხოლო გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: არღარა ვსუა მე ამიერითგან ნაყოფისაგან ამის ვენაჴისა, ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს-იგი ვსუა თქუენ თანა ახალი სასუფეველსა მამისა ჩემისასა.
30 იგალობეს, და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე. 30 და გალობაჲ წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა.
31

მაშინ უთხრა მათ იესომ: თქვენ ყველანი შეცდებით ამაღამ ჩემს გამო; ვინაიდან დაწერილია: დავცემ მწყემსს, და განიბნევიან ფარის ცხვრები.

31 მაშინ ჰრქუა მათ იესუ: თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი, და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი.
32 ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ წინ წაგიძღვებით გალილეისკენ. 32 ხოლო შემდგომად აღდგომისა ჩემისა წინა-წარგიძღუე თქუენ გალილეას.
33 მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები. 33 მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: დაღათუ ყოველნი დაჰბრკოლდნენ შენდა მომართ, ხოლო მე არასადა დავჰბრკოლდე.
34 უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე. 34 ჰრქუა მას იესუ, ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამ-გზის უვარ-მყო მე.
35 მიუგო მას პეტრემ: შენთან ერთადაც რომ მიწიოს სიკვდილმა, არასოდეს უარგყოფ შენ. და ასევე ამბობდა ყველა მოწაფე. 35 ჰრქუა მას პეტრე: დაღაცათუ ჯერ-იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრეთვე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს
36 მაშინ იესო მათთან ერთად მივიდა იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გეთსემანე, და უთხრა მათ: მანდ ისხედით, ვიდრე მივალ და ვილოცებ იქ. 36 მაშინ მოვიდა იესუ მათ თანა ადგილსა, რომელსა ჰრქჳან გეთსიმანია, და ჰრქუა მათ: დასხედით მანდა, ვიდრემდე მივიდე იქი და ვილოცო.
37 თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორი ძე, და იწყო მწუხარება და ურვა. 37 და წარიყვანნა პეტრე და ორნი ძენი ზებედესნი და იწყო მწუხარებად და ურვად.
38 მაშინ უთხრა მათ იესომ: მწუხარეა ჩემი სული, ვიდრე სიკვდილამდე; იყავით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად. 38 მაშინ ჰრქუა მათ იესუ: შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილადმდე; დაადგერით აქა და იღჳძებდით ჩემ თანა.
39 ცოტაზე გაშორდა მათ, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო! თუკი შესაძლოა, ამცდეს ეს სასმისი; თუმცა არა როგორც მე მნებავს, არამედ - როგორც შენ. 39 და წარვიდა მცირედ და დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ილოცვიდა და იტყოდა: მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ.
40 მივიდა თავის მოწაფეებთან და მძინარენი ჰპოვა ისინი, და უთხრა პეტრეს: ასე, ერთ საათსაც ვერ შესძელით გეფხიზლათ ჩემთან ერთად? 40 და მოვიდა მოწაფეთა თანა და პოვნა იგინი მძინარენი და ჰრქუა პეტრეს: ესოდენ ვერ უძლეთ ჟამ ერთ მღჳძარებად ჩემ თანა?
41 იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში: სული მხნეა, მაგრამ ხორცია უძლური. 41 იღჳძებდით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა; სული გულს-მოდგინე არს, ხოლო ჴორცნი უძლურ.
42 მეორედაც გაშორდა მათ, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო! თუკი შეუძლებელია ამცდეს ეს სასმისი, რათა არ შევსვა იგი, დე, იყოს ნება შენი. 42 კუალად მეორედ წარვიდა და ილოცვიდა და თქუა: მამაო ჩემო, უკუეთუ ვერ შესაძლებელ არს სასუმელი ესე თანა-წარსლვად ჩემდა, რაჲთამცა არა შევსჳ იგი, იყავნ ნებაჲ შენი.
43 მივიდა და კვლავ მძინარენი ჰპოვა ისინი, რადგან თვალები დამძიმებოდათ. 43 და მოვიდა და კუალად პოვნა იგინი მძინარენი, რამეთუ იყვნეს თუალნი მათნი დამძიმებულ.
44 მიატოვა ისინი, მესამედაც გაშორდა მათ, და კვლავ იგივე სიტყვები წარმოთქვა. 44 და დაუტევნა იგინი და კუალად წარვიდა მესამედ და ილოცვიდა და მასვე სიტყუასა იტყოდა.
45 მერე მივიდა მოწაფეებთან და უთხრა მათ: კვლავინდებურად გძინავთ და განისვენებთ? აჰა, მოაწია დრომ, და ძე კაცისა
მიეცემა ცოდვილთა ხელში.
45 მაშინ მოვიდა მოწაფეთა და ჰრქუა მათ: დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ: აჰა ესერა მოახლებულ არს ჟამი, და ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა ცოდვილთასა.
46

ადექით, წავიდეთ: აჰა, მოგვიახლოვდა ჩემი გამცემი.

46 აღდეგით, წარვიდეთ ამიერ. აჰა ესერა მოიწია მიმცემელი ჩემი
47 სიტყვა არ დაესრულებინა, რომ, აჰა, იუდა, ერთი თორმეტთაგანი, მოვიდა და მასთან ერთად დიდძალი ხალხი მახვილებითა და წათებით, მღვდელმთავართა და ხალხის უხუცესთაგან. 47 და ვიდრე იგი იტყოდაღა, აჰა ესერა იუდა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, მოვიდა, და მის თანა ერი მრავალი მახჳლებითა და წათებითა მღდელთ-მოძღუართაგან და მოხუცებულთა ერისათა.
48 ხოლო მის გამცემს ნიშანი მიეცა მათთვის და ეთქვა: ვისაც მე ვეამბორები, ის არის: შეიპყარით იგი. 48 ხოლო მიმცემელსა მას მისსა მიეცა სასწაულად და ჰრქუა: რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს, შეიპყართ იგი.
49 მსწრაფლ მიეახლა იესოს და უთხრა: გიხაროდეს, რაბი! და ეამბორა. 49 და მეყსეულად მოუჴდა იესუს და ჰრქუა: გიხაროდენ, მოძღუარ! და ამბორს-იყო მას.
50 ხოლო იესომ უთხრა მას: მოყვასო, რისთვის მოსულხარ? მაშინ მისცვივდნენ, ხელი სტაცეს იესოს და შეიპყრეს იგი. 50 ხოლო იესუ ჰრქუა: მოყუასო, რომლისათჳსცა მოსრულ ხარ? მაშინ მოუჴდეს და დაასხნეს ჴელნი მათნი იესუს ზედა და შეიპყრეს იგი.
51 და აჰა, იესოს ერთმა თანამდგომმა ხელი გაიწოდა, მახვილი იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა. 51 და აჰა ერთმან იესუჲსთანამან მიყო ჴელი და იჴადა მახჳლი და სცა მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი.
52 მაშინ იესომ უთხრა მას: ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგანაც ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება. 52 მაშინ ჰრქუა მას იესუ: მიაქციე მახჳლი ადგილსავე თჳსსა, რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ.
53 ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამას ჩემსას, და წარმომიდგენს ანგელოზთა თორმეტ ლეგიონს და უფრო მეტსაც. 53 ანუ ჰგონებ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა ანგელოზთაჲ?
54 როგორღა აღსრულდება წერილი, რომ ასე უნდა მოხდეს? 54 და ვითარ-მე აღესრულნენ წერილნი, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ყოფად?
55 მაშინ იესომ უთხრა ხალხს: როგორც ავაზაკს, მახვილებითა და წათებით მომიხტით შესაპყრობად; დღენიადაგ ტაძარში მჯდომი გასწავლიდით და არ შეგიპყრივართ მე. 55 მას ჟამსა ჰრქუა იესუ ერსა მას: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხუედით მახჳლითა და წათებითა შეპყრობად ჩემდა. დღითი-დღე თქუენ თანა ტაძარსა მას შინა ვჯედ და გასწავებდ, და არა შემიპყართ მე.
56 ყოველივე ეს იქმნა, რათა აღსრულდეს დაწერილი წინასწარმეტყველთა მიერ. მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა ის და გაიქცა. 56 ხოლო ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულნენ წიგნნი წინაწარმეტყუელთანი. მაშინ მოწაფეთა ყოველთა დაუტევეს იგი და ივლტოდეს
57 ხოლო მათ შეიპყრეს იესო და მიიყვანეს იგი კაიაფა მღვდელმთავრისას, სადაც შეკრებილიყვნენ მწიგნობარნი და უხუცესნი. 57 ხოლო მათ შეიპყრეს იესუ და მიიყვანეს კაიაფაჲსა მღდელთ-მოძღურისა, სადა-იგი მწიგნობარნი და მოხუცებულნი ერისანი შეკრებულ იყვნეს.
58 პეტრე კი, მღვდელმთავრის ეზომდე შორიახლო მისდევდა მას: შევიდა შიგნით და მსახურებთან დაჯდა, რათა ეხილა დასასრული. 58 ხოლო პეტრე მისდევდა მას შორით, ვიდრე ეზოდმდე მღდელთ-მოძღურისა, და შევიდა შინა და დაჯდა მსახურთა თანა ხილვად აღსასრულისა.
59 ხოლო მღვდელმთავარნი, უხუცესნი და მთელი სინედრიონი ცრუ მოწმობას ეძებდნენ იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი, 59 ხოლო მღდელთ-მოძღუარნი იგი და მოხუცებულნი და ყოველი კრებული ეძიებდეს ცრუ-მოწამეთა იესუჲსთჳს, რაჲთამცა მოკლეს იგი,
60 მაგრამ ვერ იპოვეს, თუმცა ბევრი ცრუმოწმე იყო მოსული. ბოლოს მოვიდა ორი ცრუმოწმე, 60 და არა ჰპოებდეს; და მრავალნი მოსრულ იყვნეს ცრუ-მოწამენი, და არა პოვნეს. ხოლო უკუანაჲსკნელ მო-ვინმე-ვიდეს ორნი
61

რომლებმაც თქვეს: ეს ამბობდა: შემიძლია დავანგრიო ღმრთის ტაძარი და სამ დღეში კვლავ ავაშენოო.

61 და თქუეს, ვითარმედ: ამან ესრეთ თქუა: ძალ-მიც დარღუევად ტაძარი ესე ღმრთისაჲ და მესამესა დღესა აღშენებად.
62 მაშინ წამოდგა მღვდელმთავარი და უთხრა მას: რატომ არაფერს იტყვი იმის პასუხად, რასაც ესენი მოწმობენ შენს წინააღმდეგ? 62 მაშინ აღდგა მღდელთ-მოძღუარი იგი და ჰრქუა მას: არარას მიუგება, რასა-ეგე შეგწამებენ შენ?
63 მაგრამ იესო დუმდა, და მღვღელმთავარმა უთხრა მას: გაფიცებ ცოცხალ ღმერთს, გვითხარი, შენ ხარ თუ არა ქრისტე, ძე ღმრთისა? 63 ხოლო იესუ დუმნა. მაშინ მღდელთ-მოძღუარმან მან ჰრქუა მას: გაფუცებ შენ ღმრთისა ცხოველისა, რაჲთა მითხრა ჩუენ, უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ?
64 უთხრა იესომ: შენ სთქვი. მე კი ამასაც გეტყვით: ამიერიდან მალე იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ზეცის ღრუბლებით. 64 ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ, ხოლო გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილოთ ძე კაცისაჲ მჯდომარე მარჯუენით ძლიერებასა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა.
65 მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსი და თქვა: მან ღმერთი ჰგმო; მაშ, რაღად გვინდა მოწმენი? ხომ მოისმინეთ ღვთისგმობა მისი? 65 მაშინ მღდელთ-მოძღუარმან მან დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა, ვითარმედ: გმო; აწ უკუე რაჲსაღა გჳჴმან მოწამენი? აჰა ესერა გესმა გმობაჲ მაგისი.
66 რას იტყვით? ხოლო მათ პასუხად თქვეს: სიკვდილის ღირსია. 66 რაჲ გნებავს თქუენ? ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: თანამდებ არს სიკუდილისა.
67 მაშინ სახეში დაუწყეს ფურთხება და ცემა, სხვები კი სილას აწნავდნენ 67 მაშინ ჰნერწყუვიდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს
68 და ეუბნებოდნენ: გვიწინასწარმეტყველე, ქრისტე, ვინ დაგარტყა შენ? 68 და ეტყოდეს: გჳწინაწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?
69 პეტრე კი გარეთ იჯდა, ეზოში. მიადგა ერთი მხევალი და უთხრა: შენც ხომ იესო გალილეველთან იყავი? 69 ხოლო პეტრე ჯდა გარეშე ეზოსა შინა. მოუჴდა მას ერთი მჴევალი და ჰრქუა მას: და შენცა იყავ იესუჲს თანა, გალილეველისა.
70 ხოლო მან ყველას წინაშე უარყო და თქვა: არ ვიცი, რას ამბობ. 70 ხოლო მან უვარ-ყო წინაშე ყოველთასა და ჰრქუა: არა ვიცი, რასა იტყჳ.
71 და როცა ჭიშკარში გამოდიოდა, მეორე მხევალმა დაინახა და იქვე მდგომთ უთხრა: ესეც იესო ნაზორეველთან იყო. 71 და ვითარცა გამოვიდა იგი გარეშე ბჭეთა, იხილა იგი სხუამან და ჰრქუა მუნ მდგომარეთა მათ: ესეცა იყო იესუჲს თანა, ნაზარეველისა.
72 ისევ უარყო პეტრემ ფიცით: არ ვიცნობ იმ კაცსო. 72 და მერმეცა უვარ-ყო პეტრე ფიცით და თქუა, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი.
73 ცოტა ხნის შემდეგ იქ მდგომნიც მივიდნენ და უთხრეს პეტრეს: ჭეშმარიტად შენც ერთი მათთაგანი ხარ, რადგანაც შენივე კილო გამხილებს. 73 და შემდგომად მცირედისა მოუჴდეს მუნ მდგომარენი იგი პეტრეს და ჰრქუეს მას: ჭეშმარიტად შენცა მათგანი ხარ, რამეთუ სიტყუაჲცა შენი გამოგაჩინებს შენ.
74 მაშინ ის მოჰყვა წყევლას და ფიცს, რომ არ იცნობს იმ კაცს, და სწორედ ამ დროს იყივლა მამალმა. 74 მაშინ იწყო შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. და მეყსეულად ქათამმან იყივლა.
75 გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფო; გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა. 75 და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელი ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამ-გზის უვარ-მყო მე. და გამოვიდა გარე და ტიროდა მწარედ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე