ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მათეს სახარება

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მაშინ იესო აყვანილ იქნა უდაბნოში სულის მიერ, ეშმაკისაგან საცდუნებლად.

1 მაშინ იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან.
2 და იმარხულა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე და ბოლოს მოშივდა. 2 და იმარხა ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე და მერმე შეემშია.
3 მაშინ მიადგა მაცდური და უთხრა: თუ ძე ხარ ღმრთისა, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ. 3 მოუჴდა მას გამომცდელი იგი და ჰრქუა: უკუეთუ შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, თქუ, რაჲთა ქვანი ესე პურ იქმნენ.
4 ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: დაწერილია: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღმერთის პირიდან. 4 ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა: წერილ არს, რამეთუ: არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა.
5 მაშინ ეშმაკმა წაიყვანა იგი წმიდა ქალაქში, დააყენა ტაძრის ქიმზე 5 მაშინ წარიყვანა იგი ეშმაკმან მან წმიდასა ქალაქსა და დაადგინა იგი სართულსა მას ზედა ტაძრისასა
6 და უთხრა: თუ ძე ხარ ღვთისა, გადავარდი აქედან, რადგანაც დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს შენს გამო, და აგიტაცებენ ხელში, რათა არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი. 6 და ჰრქუა მას: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს, და ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი.
7 იესომ მიუგო: ესეც დაწერილია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი. 7 ჰრქუა მას იესუ: კუალად წერილ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი.
8 კვლავ აიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, და უჩვენა მას ქვეყნის ყველა სამეფო და დიდება მათი. 8 კუალად წარიყვანა იგი ეშმაკმან მთასა ფრიად მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი და დიდებაჲ მათი
9 და უთხრა: ყოველივე ამას მოგცემ, თუ დაეცემი და თაყვანს მცემ მე. 9 და ჰრქუა მას: ესე ყოველი მიგცე შენ, უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანის-მცე მე.
10 მაშინ მიუგო მას იესომ: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე. 10 მაშინ ჰრქუა მას იესუ: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე.
11 მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა, და აჰა, ანგელოზები მოვიდნენ და ემსახურებოდნენ მას. 11 მაშინ დაუტევა იგი ეშმაკმან მან, და ანგელოზნი მოვიდეს და ჰმსახურებდეს მას.
12 ხოლო როდესაც გაიგო იესომ, იოანე შეუპყრიათო, გალილეას გაემართა. 12

ხოლო ესმა რაჲ იესუს, ვითარმედ იოვანე მიეცა, განეშორა და წარვიდა გალილეად.

13 მიატოვა ნაზარეთი, მივიდა და დაემკვიდრა ზღვისპირა კაპერნაუმს, ზაბულონის და ნეფთალემის მხარეს, 13 და დაუტევა ნაზარეთი და მოვიდა და დაემკჳდრა კაპერნაუმს, საზღვართა ზაბულონისთა და ნეფთალემისთა,
14

რათა აღსრულდეს თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:

14 რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინასწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს:
15 ქვეყანა ზაბულონისა და ქვეყანა ნეფთალემისა, გზა ზღვისა იორდანეს გაღმა, გალილეა წარმართთა; 15 ქუეყანაჲ ზაბულონისი და ქუეყანაჲ ნეფთალემისი, გზაჲ ზღჳსაჲ წიაღ-იორდანესა, გალილეაჲ წარმართთაჲ.
16 ბნელში მსხდომარე ხალხმა იხილა ნათელი დიდი, და ქვეყნად და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთ გამოუბრწყინდა ნათელი. 16 ერი რომელი სხდა ბნელსა, იხილა ნათელი დიდი, და რომელნი სხდეს სოფელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი აღმოუბრწყინდა მათ.
17 შემდგომ ამისა, დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი. 17 მიერითგან იწყო იესუ ქადაგებად და სიტყუად: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ.
18 და როცა გალილეის ზღვის პირას მიდიოდა იგი, დაინახა ორი ძმა: სიმონი, პეტრედ წოდებული, და მისი ძმა ანდრია, ბადეს რომ ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ. 18 და იქცეოდა რაჲ იესუ ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, ითხევლიდეს რაჲ სათხევლითა ზღუასა მას, რამეთუ იყვნეს მესათხევლე.
19 და უთხრა მათ: გამომყევით და კაცთა მებადურებად გაქცევთ. 19 და ჰრქუა მათ: მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა.
20 მათაც მყისვე მიატოვეს ბადე და გაჰყვნენ მას. 20 ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადე მათი და შეუდგეს მას.
21 იქიდან წამოსულმა დაინახა ორი სხვა ძმა: იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე, რომლებიც ზებედესთან, თავიანთ მამასთან ერთად ბადეს კემსავდნენ ნავში, და უხმო მათ. 21 და წარმოვიდა მიერ და იხილნა სხუანი ორნი ძმანი: იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ნავსა შინა ზებედეს თანა, მამისა მათისა, გან-რაჲ-აგდებდეს ბადეთა მათთა, და უწოდა მათ.
22 მათაც მყისვე მიატოვეს თავიანთი ნავიც და მამაც, და გაჰყვნენ მას. 22 ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამაჲ მათი და მისდევდეს მას.
23 მიმოდიოდა იესო მთელს გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში. 23 და მოჰვლიდა იესუ ყოველსა გალილეასა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველსა სენსა და ყოველსა უძლურებასა ერსა შორის.
24 და მოედო მისი ამბავი მთელს სირიას: მოჰყავდათ მასთან უძლურნი, სხვადასხვა სენითა და ჭირით სნეულნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი და დავრდომილნი, და კურნავდა მათ. 24 და განითქუა ჰამბავი მისი ყოველსა ქუეყანასა ასურასტანისასა. და მოჰგურიდეს მას ყოველთა ბოროტად სნეულთა თითო-სახეთაგან სენთა და გუემითა შეპყრობილთა და ეშმაკეულთა და ცისად-ცისად გუემულთა და განრღუეულთა, და განკურნა იგინი.
25 და მისდევდა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და ათქალაქიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან. 25 და მისდევდა მას ერი მრავალი გალილეაჲთ და ათქალაქით და იერუსალჱმით და ჰურიასტანით და წიაღ-იორდანით.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე