ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მათეს სახარება

თავი მერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

როდესაც ჩამოვიდა მთიდან, თან გაჰყვა დიდძალი ხალხი.

1

და გარდამოვიდოდა რაჲ იგი მიერ მთით, მოსდევდა მას ერი მრავალი.

2 და, აჰა, მიუახლოვდა ერთი კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა. 2 და აჰა ესერა კეთროვანი ვინმე მოუჴდა, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალგიც განწმედაჲ ჩემი.
3 გაიწოდა ხელი იესომ, შეახო მას და უთხრა: მნებავს, განიწმინდე. და მყისვე განიწმინდა იგი კეთრისგან. 3 და მიყო ჴელი თჳსი იესუ, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენი! და მეყსეულად განწმიდნა იგი კეთროვნებისა მისგან.
4 და უთხრა მას იესომ: იცოდე, ნურავის ეტყვი; არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს, და შესწირე შესაწირავი, რომელიც დააწესა მოსემ მათთვის სამოწმებლად. 4 და ჰრქუა მას იესუ: იხილე, ნუვის უთხრობ, არამედ წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე შესაწირავი შენი, რომელი ბრძანა მოსე საწამებელად მათა.
5 ხოლო როდესაც შევიდა იესო კაპერნაუმში, მიუახლოვდა ასისთავი და ვედრებით უთხრა: 5 და შე-რაჲ-ვიდა იგი კაპერნაუმდ, მოუჴდა მას ასისთავი, ევედრებოდა მას
6 უფალო, დავრდომილი მსახური მიწევს სახლში და სასტიკად იტანჯება. 6 და ეტყოდა: უფალო, მონაჲ ჩემი დაცემულ არს სახლსა შინა ჩემსა განრღვეული და ფრიად იგუემების.
7 იესომ მიუგო: მოვალ და განვკურნავ მას. 7 ჰრქუა მას იესუ: მე მოვიდე და განვკურნო იგი.
8 ხოლო ასისთავმა პასუხად უთხრა: უფალო, არა ვარ იმის ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე; არამედ მხოლოდ სიტყვა ბრძანე და განიკურნება ჩემი მსახური. 8 მიუგო ასისთავმან მან და ჰრქუა: უფალო, არა ღირს ვარ მე, რაჲთამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხუედ. არამედ სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ იგი ჩემი.
9 ვინაიდან, თუმცა სხვისი ქვეშევრდომი ვარ, თავადაც ხელქვეითებად მყვანან მეომრები: და ვეტყვი ერთს: წადი, და მიდის; და მეორეს: მოდი, და მოდის; და ჩემს მსახურს: გააკეთე ეს, და აკეთებს. 9 რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე და მქონან ჩემ ქუეშე ერისაგანნი; და ვჰრქჳ მას: წარვედ! და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ქმენ ესე! და ქმნის.
10 ეს რომ გაიგონა, გაუკვირდა იესოს და უთხრა უკან მომავალთ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც არ შევხვედრივარ ამნაირ რწმენას. 10 ესმა რაჲ ესე იესუს, დაუკჳრდა და ჰრქუა ერსა მას, რომელნი მისდევდეს მას: ამენ გეტყჳ თქუენ: არცაღა ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოვე.
11 ამასაც გეუბნებით თქვენ: მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, და აბრაამთან, ისააკსა და იაკობთან ერთად დასხდებიან ცათა სასუფეველში; 11 ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მრავალნი მზისა-აღმოსავალით და დასავალით მოვიდოდიან და ინაჴ-იდგმიდენ აბრაჰამის თანა და ისაკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა ცათასა.
12 ხოლო სასუფევლის ძენი გარესკნელის ბნელში გაიყრებიან; და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი. 12 ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
13

და უთხრა იესომ ასისთავს: წადი და შენი რწმენისამებრ მოგეგოს შენ. და მაშინვე განიკურნა მისი მსახური.

13 და ჰრქუა იესუ ასისთავსა მას: წარვედ და, ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ და განიკურნა მონაჲ იგი მისი მას ჟამსა შინა.
14 ხოლო იესო შევიდა პეტრეს სახლში, და იხილა მისი სიდედრი, რომელიც ცხელებით შეპყრობილი იწვა. 14

და მოვიდა იესუ სახლსა პეტრესსა და იხილა სიდედრი იგი მისი, დავრდომილი მჴურვალებითა.

15 და შეეხო თუ არა მის ხელს, გაუარა მას ცხელებამ; წამოდგა და ემსახურებოდა მათ. 15 და შეახო ჴელსა მისსა, და დაუტევა იგი მჴურვალებამან, აღდგა და ჰმსახურებდა მას.
16 ხოლო შებინდებისას მიჰგვარეს მას მრავალი ეშმაკეული, და განდევნა სულები სიტყვით, და განკურნა ყველა სნეული. 16 და ვითარცა შემწუხრდა, მოჰგუარეს მას ეშმაკეულები მრავალი, და განასხა სულები იგი სიტყჳთა და ყოველნი, რომელნი ბოროტად სნეულ იყვნეს, განკურნა.
17 რათა აღსრულდეს თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: მან თავს იდო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნებანი. 17 რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინასწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: მან უძლურებანი ჩემნი მიიხუნა და სნეულებანი ჩუენნი იტჳრთნა.
18 ხოლო როდესაც იხილა იესომ გარსშემოჯარული ხალხი, გაღმა გასვლა უბრძანა მათ. 18 ვითარცა იხილა იესუ ერი მრავალი გარემო მისა, უბრძანა წიაღსლვაჲ მიერ კერძო.
19 მაშინ მიუახლოვდა ერთი მწიგნობარი და უთხრა: მოძღვარო, თან გეახლები, სადაც უნდა წახვიდე. 19 და მოუჴდა მას ერთი მწიგნობარი და ჰრქუა: მოძღუარ, მიგდევდე შენ, ვიდრეცა ხჳდოდი.
20 იესომ მიუგო: მელიებს სოროები აქვთ, და ცის ფრინველებს - ბუდეები, ძეს კაცისას კი არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი. 20 ჰრქუა მას იესუ: მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს.
21 ხოლო ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: უფალო, ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და დავმარხო მამაჩემი. 21 და სხუამან მოწაფეთა მისთაგანმან ჰრქუა მას: უფალო, მიბრძანე მე პირველად მისლვად და დაფლვად მამისა ჩემისა.
22 ხოლო იესომ მიუგო მას: შენ მე გამომყევ, და მკვდრებს მიანდე თავიანთი მკვდრების დამარხვა. 22 ხოლო იესუ ჰრქუა მას: შენ მომდევდი მე და აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა.
23 ჩაჯდა ნავში და გაჰყვნენ მისი მოწაფეები. 23

და აღვიდა იგი ნავსა, და მისდევდეს მოწაფენი მისნი.

24 და, აჰა, საშინლად აღელდა ზღვა, ისე რომ, ტალღებით იფარებოდა ნავი: მას კი ეძინა. 24 და აჰა ესერა აღძრვაჲ იყო დიდი ზღუასა შინა, ვიდრე დაფარვადმდე ნავისა ღელვათაგან. ხოლო თავადსა ეძინა.
25

მივიდნენ მისი მოწაფეები, გააღვიძეს და უთხრეს: უფალო, გვიხსენ, ვიღუპებით.

25 და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და აღადგინეს იგი და ეტყოდეს: უფალო, მიჴსნენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით.
26 მიუგო მათ: რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო? მერე წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი. 26 და თავადმან ჰრქუა მათ: რაჲსა შეშინდით, მცირედ-მორწმუნენო? მაშინ აღდგა და შეჰრისხნა ქართა მათ და ზღუასა. და იქმნა მეყსეულად დაყუდება დიდ.
27 ბოლო განცვიფრებული ხალხი ამბობდა: ვინ არის იგი, ქარებიც და ზღვაც რომ მორჩილებენ? 27 ხოლო კაცთა მათ უკჳრდა და იტყოდეს: რაბამ ვინმე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲ ერჩიან მას?
28 და როცა მიაღწია მეორე ნაპირს, გადარელთა მხარეს, შემოხვდა ორი ეშმაკეული, სამარხებიდან გამოსულნი და ძალზე მძვინვარენი, ისე რომ, ვერავინ ბედავდა ამ გზაზე გავლას. 28 და ვითარცა მოვიდა იგი მიერ კერძო სოფელსა მას გერგესეველთასა, შეემთხჳნეს მას ორნი ეშმაკეულნი, რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისაგან, ფრიად ბოროტნი, ვიდრეღა ვერვის ჴელ-ეწიფებოდა წარსლვაჲ მიერ გზით.
29 და, აჰა, შეჰყვირეს და თქვეს: რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო, ძეო ღმრთისაო? ვადაზე ადრე მოსულხარ აქ ჩვენს სატანჯველად. 29 და ღაღად-ყვეს და იტყოდეს: რაჲ ძეს ჩუენი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისაო? რამეთუ მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩეუნდა.
30 ხოლო მათგან მოშორებით ბალახობდა ღორების დიდი კოლტი. 30 და იყო შორს მათგან კოლტი ღორთაჲ მძოვარი.
31 ეშმაკები შეევედრნენ მას და უთხრეს: თუ განგვდევნი, ნება გვიბოძე, ღორების კოლტს შევერიოთ. 31 ხოლო ეშმაკნი იგი ევედრებოდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ განგუასხამ ჩუენ, მიბრძანე ჩუენ მისლვად კოლტსა იმას ღორთასა.
32 და უბრძანა მათ, წადითო; ისინიც წავიდნენ და შეერივნენ ღორების კოლტს; და აჰა, მთელი კოლტი კბოდედან გადაეშვა ზღვაში და წყალში დაინთქა. 32 და ჰრქუა მათ: მივედით! ხოლო იგინი განვიდეს კაცთა მათგან და მიიმართეს კოლტსა მას ღორთასა. და მიიმართა ყოველმან მან კოლტმან ღორთამან კბოდესა მას ზღჳსასა და მოსწყდეს იგინი წყალთა მათ შინა.
33 ხოლო მეღორეები გაიქცნენ, ქალაქში მივიდნენ და მოჰყვნენ ყველაფერს, რაც შეემთხვა ეშმაკეულებს. 33 ხოლო მწყემსნი იგი ივლტოდეს და წარვიდეს ქალაქად და უთხრეს ყოველივე ეშმაკეულთა მათთჳს.
34 და, აჰა, მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად; და როდესაც იხილეს იგი, სთხოვეს, აქაურობას გაეცალეო. 34 მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხუევად იესუჲსა. და იხილეს იგი და ევედრებოდეს, რაჲთა წარვიდეს საზღუართა მათთაგან.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე