ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მათეს სახარება

თავი მეცხრე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მაშინ ჩაჯდა ნავში, უკანვე გამოცურა და მივიდა თავის ქალაქში.

1 და შევიდა ნავსა და წიაღჴდა და მოვიდა თჳსად ქალაქად.
2 და, აჰა, სარეცლით მიჰგვარეს მას დავრდომილი; იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: გამხნევდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები. 2 მაშინ მოართუეს მას განრღვეული ცხედარსა ზედა მდებარე და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ მათი და ჰრქუა განრღვეულსა მას: ნუ გეშინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი.
3 ზოგიერთი მწიგნობარი გულში ამბობდა: ღმერთს გმობსო იგი. 3 და აჰა ესერა მწიგნობართაგანთა ვიეთმე თქუეს გულთა შინა მათთა, ვითარმედ: ესე გმობს.
4 ხოლო იესო მიხვდა მათ ზრუნვას და თქვა: რატომ იზრახავთ ბოროტს თქვენს გულში? 4 იცნოდა იესუ ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: რაჲსა თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა?
5 რა უფრო ადვილია: ამის თქმა - მოგეტევოს შენი ცოდვები: თუ ამისა - აღდეგ და წადი? 5 რაჲ უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, ანუ სიტყუად: აღდეგ და ვიდოდე?
6 ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალა შესწევს ამ ქვეყნად ცოდვების მიტევებისა, - ასე უთხრა დავრდომილს - აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში. 6 ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, მაშინ ჰრქუა განრღვეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახედ შენდა!
7 ისიც მაშინვე აღდგა და წავიდა თავის სახლში. 7 და იგი მეყსეულად აღდგა და წარვიდა სახედ თჳსა.
8 ამის მხილველი ხალხი განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალა მისცა ადამიანებს. 8 იხილა რაჲ ესე ერმან მან, დაუკჳრდა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი ჴელმწიფებაჲ კაცთა.
9 იქიდან წამოსულმა იესომ დაინახა საბაჟოში მჯდომარე კაცი, რომელსაც მათე ერქვა სახელად, და უთხრა მას გამომყევიო; ისიც ადგა და გაჰყვა. 9 და წარვიდოდა მიერ იესუ, იხილა კაცი, რომელი ჯდა საზუერესა, მატთეოს სახელი მისი, და ჰრქუა მას: მომდევდი მე. და აღდგა და მისდევდა მას.
10 და როცა ინახად იჯდა სახლში, აჰა, მოვიდა მრავალი მებაჟე და ცოდვილი, და ინახად დასხდნენ იესოსა და მის მოწაფეებთან. 10 და იყო ჯდა რაჲ იგი ინაჴით სახლსა შინა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი თანა-სხდეს ინაჴით იესუჲს თანა და მოწაფეთა მისთა თანა.
11

ეს რომ დაინახეს, ფარისევლებმა მის მოწაფეებს უთხრეს: რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად?

11 და ვითარცა იხილეს ფარისეველთა მათ, ჰრქუეს მოწაფეთა მისთა: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძღუარი თქუენი?
12 ხოლო იესომ გაიგონა ეს და უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ. 12 12. ხოლო იესუს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა.
13 თქვენ კი წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს ეს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი; ვინაიდან მართალთა სახმობლად კი არ მოვსულვარ, არამედ ცოდვილთა სინანულად. 13 ხოლო თქუენ წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი. რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა.
14 მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: რატომ ვმარხულობთ ჩვენ და ფარისევლები, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ? 14 მაშინ მოუჴდეს მას მოწაფენი იოვანესნი და ეტყოდეს: რაჲსათჳს ჩუენ და ფარისეველნი ვიმარხავთ ფრიად, ხოლო მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?
15 ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეიძლება წუხდნენ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე? მოვა დრო, როცა სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ იმარხულებენ. 15 ჰრქუა მათ იესუ: ჴელ-მე-ეწიფებისა ძეთა სიძისათა გლოვად, ვიდრემდე მათ თანა არს სიძე? მოვლენან დღენი, რაჟამს ამაღლდეს მათგან სიძე იგი, და მაშინ იმარხვიდენ.
16 არავინ ადებს ახალ საკერებელს დახეულ სამოსს, ვინაიდან ახალს ვერ დაიჭერს ძველი, და უფრო დაიხევა. 16 არავინ დაადგის სადგმელი უმურკნველი სამოსელსა ძუელსა, რამეთუ აღიღის სავსებაჲ სამოსლისა მისგან, და უფროჲსი განხეთქილებაჲ იქმნის.
17 არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, თორემ დასკდება ტიკები, ღვინოც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება; არამედ ახალ ღვინოს ასხამენ ახალ ტიკებში და ორივე ინახება. 17 არცა შთაასხიან ღჳნოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განსთქდენ თხიერნი, და ღჳნოჲ დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ. არამედ შთაასხიან ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა, და ორნივე დაიმარხნიან.
18 ამ საუბარში გართულს მიუახლოვდა ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: ჩემი გოგონა ეს-ესაა მოკვდა; წამოდი, ხელი დაადე და გაცოცხლდება. 18 და ვითარცა იგი ამას ეტყოდა მათ, მაშინ მოუჴდა მას მთავარი ერთი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა, ვითარმედ: ასული ჩემი აწღა აღესრულა; არამედ მოვედ და დასდევ ჴელი შენი მას ზედა, და ცხოვნდეს.
19 წამოდგა იესო და მოწაფეებითურთ თან გაჰყვა მას. 19 და აღდგა იესუ და შეუდგა მას, და მოწაფენი მისნი მის თანა.
20 და, აჰა, ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა, უკნიდან მიუახლოვდა და შეეხო მისი სამოსის კალთას. 20 და აჰა ესერა დედაკაცი ვინმე, რომელი იყო სისხლისა დინებასა ათორმეტ წელ, მოუჴდა ზურგით და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა.
21

რადგან გულში ამბობდა: თუ შევეხები მის სამოსს, მეშველებაო.

21 რამეთუ იტყოდა გულსა თჳსსა, ვითარმედ: შე-ხოლო თუ-ვახო სამოსელსა მისსა, ვცხოვნდე.
22 ხოლო იესო მიუბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: გამხნევდი, შვილო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. და განიკურნა ქალი იმავე წამს. 22 ხოლო იესუ მიექცა, იხილა იგი და ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. და განიკურნა დედაკაცი იგი მიერ ჟამითგან.
23 შევიდა იესო მთავრის სახლში და იხილა იქ მოზარენი და მოყაყანე ბრბო; 23 და მოვიდა იესუ სახლსა მის მთავრისასა და იხილა მუნ მგოსნები და ერი კრებული და შფოთი
24 და უთხრა მათ: გადით აქედან, რადგან გოგონა კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს; ხოლო ისინი დასცინოდნენ მას. 24 და ჰრქუა მათ: განეშორენით, რამეთუ არა მომკუდარ არს ეგე, არამედ სძინავს. ხოლო იგინი ეკიცხევდეს მას.
25 და როდესაც გაიყვანეს ხალხი, მივიდა იესო, აიღო გოგონას ხელი, და ისიც აღდგა. 25 და რაჟამს გამოასხა ერი იგი, შევიდა და უპყრა ჴელი მისი და აღადგინა ქალი იგი.
26 და მოედო მისი ამბავი მთელ იმ მხარეს. 26 განჴდა ჰამბავი მისი ყოველსა მას ქუეყანასა.
27 იქიდან წამოსულს ორი უსინათლო გამოედევნა ყვირილით: შეგვიწყალე, იესო, დავითის ძეო! 27

და წარმო-რაჲ-ვიდოდა მიერ იესუ, მოსდევდეს მას ორნი ბრმანი, ღაღადებდეს და იტყოდეს: შემიწყალენ ჩეუნ, ძეო დავითისო!

28 და როდესაც მივიდა სახლში, მიეახლნენ უსინათლონი; და უთხრა მათ იესომ: გწამთ თუ არა, რომ შემიძლია ამისი ქმნა? ხოლო მათ თქვეს: დიახ, უფალო. 28 და ვითარცა შევიდა იესუ სახლსა, მოუჴდეს მას ბრმანი იგი, და ჰრქუა მათ იესუ: გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიც ესე ყოფად? ჰრქუეს მას: ჰე, უფალო.
29 მაშინ თვალებზე შეეხო ბრმებს და უთხრა მათ: თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ თქვენ! 29 მაშინ შეახო თუალთა მათთა და ჰრქუა მათ: სარწმუნოებისა თქუენისაებრ გეყავნ თქუენ!
30 და აეხილათ თვალები, ხოლო იესომ მკაცრად გააფრთხილა და უთხრა მათ: იცოდეთ, არავინ გაიგოს. 30 და მეყსეულად აღეხუნეს თუალნი მათნი. და შეჰრისხნა მათ იესუ და ჰრქუა: იხილეთ, ნუმცა ვინ უწყის.
31

ისინი კი გამოვიდნენ და მთელ იმ მხარეს მოსდეს მისი ამბავი.

31 ხოლო იგინი გამოვიდეს და მიმოდადვეს იგი ყოველსა მას ქუეყანასა.
32 ხოლო მათი გამოსვლისთანავე მიჰგვარეს მას ერთი კაცი, მუნჯი და ეშმაკეული. 32 და ვითარცა-იგი გამო-ოდენ-ვიდეს, მოჰგუარეს მას კაცი ყრუჲ და ეშმაკეული.
33 და როცა ეშმაკი განდევნილ იქნა, მუნჯმა ენა ამოიდგა; უკვირდა ხალხს და ამბობდა: არ მოსწრებია ისრაელს ამგვარი რამე. 33 და ვითარცა განჴადა ეშმაკი იგი, იტყოდა ყრუჲ იგი. და დაუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს: არასადა ისრაჱლსა შორის ესრეთ გამოჩნდა.
34 ხოლო ფარისეველნი ამბობდნენ: ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ. 34 ხოლო ფარისეველნი იტყოდეს: მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა.
35 და მოივლიდა იესო ყველა ქალაქსა და დაბას, ასწავლიდა მათ სინაგოგებში და ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას, და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში. 35 და მოჰვლიდა იესუ ქალაქებსა ყოველსა და დაბნებსა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა ერსა შორის.
36 და როდესაც იხილა ამდენი ხალხი, შეებრალა ისინი, ვინაიდან დაღლილ-დაქანცულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვრები. 36 და ვითარცა იხილა ერი იგი, შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს დამაშურალ და დაცჳვნებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი.
37 მაშინ თავის მოწაფეებს უთხრა: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი. 37 მაშინ ჰრქუა მოწფეთა თჳსთა, ვითარმედ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი – მცირედ.
38 მაშ, ევედრეთ სამკალის უფალს, რათა მომკალნი მოავლინოს თავის სამკალში. 38 ევედრენით უფალსა სამკალისასა, რაჲთა გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თჳსსა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე