ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლეს მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ

თავი მეათე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ძმანო, კეთილმოსურნეობა ჩემი გულისა და ჩემი ვედრება ღვთის მიმართ ისრაელის ხსნისათვის არის.

1 ძმანო, ნებაჲ გულისა ჩემისაჲ და ვედრებაჲ ჩემი ღმრთისა მიმართ ისრაჱლისათჳს არს საცხორებელად.
2 ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ საღმრთო შური, მაგრამ უცოდნელად. 2 ვეწამები მათ, რამეთუ შური საღმრთოჲ აქუს, არამედ არა მეცნიერებით.
3 ვინაიდან, რაკი არ იცოდნენ სიმართლე ღვთისა და თავიანთი სიმართლის დამტკიცებას ცდილობდნენ, ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ. 3 რამეთუ უმეცარ იყვნეს იგინი სიმართლისა მისგან ღმრთისა და თჳსსა მას სიმართლესა ეძიებდეს დამტკიცებად და სიმართლესა ღმრთისასა არა დაემორჩილნეს,
4 რადგანაც რჯულის დასასრული ქრისტეა ყოველი მორწმუნის გასამართლებლად. 4 რამეთუ დასასრული შჯულისაჲ ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა.
5 მოსე წერს რჯულის სიმართლეზე: „კაცი, რომელიც აღასრულებს რჯულს, მისი წყალობით ცხონდება“. 5 რამეთუ მოსე დასწერს სიმართლესა მას შჯულისაგანსა, ვითარმედ: რომელმან ქმნეს იგი კაცმან, ცხონდეს მას შინა.
6 ხოლო რწმენის სიმართლე ამბობს: „ნუ იტყვი გულში: „ვინ ავა ზეცად?“ ესე იგი, ქრისტეს ჩამოსაყვანად. 6 ხოლო სარწმუნოებისაგან სიმართლე ესრეთ იტყჳს: ნუ იტყჳ გულსა შენსა: ვინ აღვიდეს ზეცად? ესე იგი არს, ქრისტესი გარდამოყვანებაჲ.
7 ანდა: „ვინ ჩავა უფსკრულში?“ ესე იგი, ქრისტეს მკვდრეთით ამოსაყვანად. 7 ანუ: ვინ შთავიდეს უფსკრულად? ესე იგი არს, ქრისტესი მკუდრეთით აღმოყვანებაჲ.
8 მაგრამ რას ამბობნ? „ახლოა შენთან სიტყვა, შენს ბაგეზეა და შენს გულში“; ესაა სიტყვა, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ. 8 არამედ რასა იტყჳს: მახლობელ შენდა არს სიტყუაჲ ეგე პირსა შენსა და გულსა შენსა, ესე იგი არს სიტყუაჲ სარწმუნოებისაჲ, რომელსა ვქადაგებთ,
9 რადგან თუ შენი ბაგეებით უფლად აღიარებ იესოს და გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, - ცხონდები. 9 ვითარმედ აღ-თუ-იარო პირითა შენითა უფალი იესუ, და გრწმენეს გულითა შენითა, რამეთუ ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით, სცხონდე.
10 ვინაიდან გულითა სწამთ სიმართლისათვის, ბაგით კი აღიარებენ ცხონებისათვის. 10 რამეთუ გულის გრწამს სიმართლედ, ხოლო პირითა აღიარებ საცხორებელად.
11 რადგანაც წერილი ამბობს: „არ შერცხვება არცერთი მისი მორწმუნე“. 11 რამეთუ იტყჳს წიგნი: ყოველსა რომელსა ჰრწმენეს მისა მიმართ, არასადა ჰრცხუენეს.
12

ვინაიდან არ არის განსხვავება იუდეველსა და ბერძენს შორის, რაკიღა ერთია ყველას უფალი, ეგზომ გულუხვი ყველა მისი მხმობელისადმი.

12 რამეთუ არა არს განწვალება ჰურიისა და წარმართისაჲ, რამეთუ თავადი არს უფალი ყოველთაჲ, რომელი განამდიდრებს ყოველთა, რომელნი ხადიან მას.
13 რადგანაც უფლის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება. 13 რამეთუ ყოველმან რომელმან ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს.
14 მაგრამ როგორ უხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს? როგორ ირწმუნონ, ვინც არ სმენიათ? ან როგორ ისმინონ უქადაგებლად? 14 ვითარ უკუე ხადონ, რომლისა მიმართ არა ჰრწმენა? ანუ ვითარ-მე ჰრწმენეს, რომლისაჲ არა ისმინეს? ანუ ვითარ-მე ისმინონ თჳნიერ ქადაგებისა?
15 და როგორ იქადაგონ, თუკი არ წარიგზავნებიან? როგორც დაიწერა: „რა მშვენიერნი არიან სიკეთის მახარებელთა ფეხნი!“ 15 ანუ ვითარ-მე ქადაგებდენ, არა თუ წარივლინნენ? ვითარცა წერილ არს: ვითარ შუენიერ არიან ფერჴნი მახარებელთა მათ მშჳდობია!
16 მაგრამ ყველამ როდი ისმინა სახარება. რადგან ესაია ამბობს: „უფალო, ვინ ირწმუნა, რაც ჩვენგან ისმინეს?“ 16 არამედ არა ყოველთა ისმინეს სახარებისაჲ მის, რამეთუ ესაია იტყჳს: უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი?
17 ამრიგად, რწმენა - სმენისაგან, ხოლო სმენა - ქრისტეს სიტყვისგან. 17 აწ უკუე სარწმუნოებაჲ სამე სმენისაგან არს, ხოლო სმენაჲ - სიტყჳთა ღმრთისაჲთა.
18 მაგრამ მე ვამბობ: „ნუთუ ვერ ისმინეს? პირიქით, მთელს დედამიწაზე გაისმა მათი ხმა და ქვეყნიერებას კიდით კიდემდე უწია მათმა სიტყვამ. 18 არამედ ვთქუა: ნუუკუე არა ესმაა? არამედ იტყჳს, ვითარმედ: ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი, და კიდეთა სოფლისათა - სიტყუანი მათნი.
19 კვლავ ვამბობ: ნუთუ ვერ შეიცნო ისრაელმა? მაგრამ პირველად მოსე ამბობს: „მე აღვძრავ თქვენს შურს მათი მეშვეობით, ვინც არ არის ხალხი, უგუნური ხალხით განგარისხებთ“. 19 არამედ ვიტყჳ: ნუუკუე ისრაჱლმან არა ცნაა? პირველად მოსე იტყჳს: მე გაშურვო თქუენ არა ნათესავსა მას ზედა და ნათესავითა მით უგულისჴმოჲთა განგარისხნე თქუენ.
20 ესაია კი თამამად ამბობს: „ვეპოვნინე მათ, ვინც არ მეძებდა, და გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა“. 20 ხოლო ესაია იკადრებს და იტყჳს: ვეპოვე მათ, რომელნი მე არა მეძიებდეს, და განვეცხადე მათ, რომელნი მე არა მიკითხვიდეს.
21 ხოლო ისრაელს ეუბნება: „მთელ დღეს ვიწვდიდი ხელებს ურჩი და უჯიათი ხალხისკენ“. 21 ხოლო ისრაჱლისა მიმართ იტყჳს: დღესა ყოველსა განვიპყრენ ჴელნი ჩემნი ერისა მიმართ ურჩისა და მაცილობელისა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე