ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლეს მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ

თავი მეცამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია.

1 ყოველი სული ჴელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ჴელმწიფებაჲ, გარნა ღმრთისაგან, და რომელნი-იგი არიან ჴელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან.
2 ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება; ხოლო წინააღმდგომნი თავიანთ თავზე თვითონვე მოიწევენ სასჯელს. 2 ამიერითგან რომელი ადგებოდის ჴელმწიფებასა, ღმრთისა ბრძანებასა ადგების. ხოლო რომელნი-იგი ადგებოდიან, თავისა თჳსისა საშჯელი მიიღონ.
3 ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა, არ გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან. 3 რამეთუ მთავარნი იგი არა არიან საშინელ კეთილის მოქმედთა, არამედ ბოროტის მოქმედთა. გნებავს თუ, რაჲთა არა გეშინოდის ჴელმწიფებისაგან? კეთილსა იქმოდე და მოიღო ქებაჲ მისგან,
4 რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ. 4 რამეთუ ღმრთის მსახური არს შენდა კეთილისათჳს. ხოლო უკუეთუ ბოროტსა იქმოდი, გეშინოდენ, რამეთუ არა ცუდად ჴრმალ აბს; რამეთუ ღმრთის მსახურ არს შენდა, რისხვისათჳს შურის მეძიებელ ბოროტის მოქმედთათჳს.
5 ამიტომაც გვმართებს მორჩილება, არა მარტო სასჯელის შიშით, არამედ სინიდისითაც. 5 ვინაჲცა ჯერ-არს დამორჩილებაჲ არა ხოლო რისხვისათჳს, არამედ გონებისათჳსცა იჭჳსა.
6 სწორედ იმიტომ იხდით ხარკს, რომ ღვთის მსახურნი არიან ამ საქმეზე გადაგებულნი. 6 ამისთჳს ხარკსაცა მისცემდით, რამეთუ მსახურნი ღმრთისანი არიან, ამისთჳსცა მოღუაწებასა განკრძალულ არიან.
7 ამრიგად, ყველას მიაგეთ მისი კუთვნილი: ვისაც ხარკი ეგება - ხარკი, ვისაც ბაჟი - ბაჟი, საშიშარს - შიში, პატივსაცემს - პატივისცემა. 7 მისცემდით უკუე ყოველთა თანა-ნადებსა: სახარკოსა - ხარკი, საზუერესა - ზუერი, საშინელსა - შიში, პატივსა - პატივი.
8 არავისი არა გემართოთ რა, გარდა ურთიერთსიყვარულისა, რადგან ვისაც უყვარს მოყვასი, მან აღასრულა რჯული. 8 ნურაჲმცა ვისი თანა-გაც, გარნა ურთიერთას სიყუარული, რამეთუ რომელსა უყუარდეს მოყუასი თჳსი, მან შჯული აღასრულა,
9 ვინაიდან: „არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა-იპარო, არა ცილი სწამო, არა ინდომო“ და ყველა სხვა მცნება ამ სიტყვებშია მოქცეული: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. 9 ვითარმედ: არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა გული გითქუმიდეს, და სხუაჲ თუ რაჲმე მცნებაჲ არს, ამითვე სიტყჳთა აღესრულების, ვითარმედ: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.
10 სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს; რჯულის აღსრულება სიყვარულია. 10 სიყუარულმან მოყუასსა თჳსსა ბოროტი არა უყვის; აღმასრულებელი სჯულისაჲ სიყუარული არს.
11 მაშ, ასე მოიქეცით, რაკიღა იცით დრო, ვინაიდან მოახლოვდა ძილისგან თქვენი გამოფხიზლების ჟამი, და ხსნა ახლა უფრო ახლოა ჩვენთან, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ. 11 და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა.
12 ღამე მიიწურა და მოახლოვდა დღე; მაშ, განვიშოროთ ბნელის საქმენი და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით. 12 ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
13 და როგორც დღისით, ღირსეულად ვიაროთ: არა ღორმუცელობით და სიმთვრალით, არა სიმრუშით და სიბილწით, არა შუღლით და შურით, 13 და ვითარცა დღესა შინა, შუენიერად ვიდოდით ნუ სიმღერითა და მთრვალობითა, ნუ საწოლითა და ბილწებითა, ნუ ჴდომითა და შურითა,
14 არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე, და ხორცზე ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად. 14 არამედ შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტე და ჴორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქუმელ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე