ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლეს მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მაშ, რა უპირატესობა ახლავს იუდეველობას, და რა პატივი წინადაცვეთას?

1 რაჲ-მე უკუე უმეტეს არს ჰურიისა მის, ანუ რაჲ-მე სარგებელი არს წინადაცუეთილებისაჲ?
2 უპირატესობა დიდია ყოველნაირად: უწინარეს ყოვლისა კი იმდენად, რამდენადაც მათ მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვა. 2 ფრიად ყოვლითავე სახითა, პირველად უკუე, რამეთუ ჰრწმენნეს სიტყუანი ღმრთისანი.
3 მერედა რა? თუ ზოგიერთს არ სწამდა, განა მათი ურწმუნოება გააქარწყლებს ღვთის სარწმუნოებას? 3 არამედ რაჲ? ურწმუნო თუ ვინმე იქმნეს, ნუუკუე ურწმუნოებამან მათმან სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ განაქარვოსა?
4 არამც და არამც. ღმერთი ჭეშმარიტია, ყოველი კაცი კი - ცრუ, როგორც წერია: რათა გამართლდე შენი სიტყვებით და იმძლავრო განკითხვისას. 4 ნუ იყოფინ, იყავნ ღმერთი მხოლოჲ ჭეშმარიტ, და ყოველი კაცი ცრუ, ვითარცა წერილ არს: რაჲთა განჰმართლდე სიტყჳთა შენითა და სძლო შჯასა შენსა.
5 ხოლო თუ ჩვენი უსამართლობა გზას უხსნის ღვთის სამართლიანობას, რას ვიტყვით? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც გვრისხავს? კაცურად ვმსჯელობ. 5 უკუეთუ სიცრუე ჩუენი სიმართლესა ღმრთისასა შეეტყუების, რაჲ-მე ვთქუათ? ნუუკუე სიცრუვე არსა ღმრთისა თანა, რომელმან მოავლინის რისხვაჲ მისი? კაცობრივ ვიტყჳ.
6 არამც და არამც. მაშ, როგორ განიკითხოს ღმერთმა ქვეყანა? 6 ნუ იყოფინ! უკუეთუ არა, ვითარ საჯოს ღმერთმან სოფელი?
7 მაგრამ თუ ჩემი სიცრუით კიდევ უფრო მაღლდება ღვთის ჭეშმარიტება მის სადიდებლად, რატომღა განვისჯები, როგორც ცოდვილი? 7 უკუეთუ ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ ჩემითა მით სიცრუითა აღემატა სადიდებელად მისსა, რაჲსაღა მე ვითარცა ცოდვილი ვისაჯები?
8 მაშინ რატომ არ ვაკეთოთ ბოროტი, რათა გამოვიდეს მართალი, როგორც ავსიტყვაობენ ჩვენზე ზოგ-ზოგნი და ამბობენ, რომ ამას ვასწავლით. განა სამართლიანი არ იქნება მათი განკითხვა? 8 და არა ვითარცა ვიგმობვით, და ვითარცა იტყჳან ვინმე ჩუენდა სიტყუად, ვითარმედ ვქმნეთ ბოროტი, რაჲთა მოგჳჴდეს ჩუენ კეთილი? რომელთა განკითხვაჲ საშჯელსა შინა არს.
9 მერედა, რა? გვაქვს კი რაიმე უპირატესობა? არავითარი. ვინაიდან უკვე დავამტკიცე, რომ ყველანი, იუდეველებიცა და ბერძნებიც, ცოდვის ქვეშა ვართ. 9 აწ უკუე რაჲ წინა-მე-ვჰმატთა? არა სამე, რამეთუ წინაწარვე ვაბრალეთ ჰურიათა და წარმართთა ყოველთა ცოდვასა ქუეშე ყოფაჲ.
10 როგორც დაწერილია: არავინაა მართალი. 10 ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: არავინ არს მართალ არცაღა ერთ,
11 არავინაა გამგები: არავინ ეძებს ღმერთს. 11 არავინ არს გულისჴმისმყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა;
12 ყველა გზას ასცდა; ერთიანად უმაქნისნი გახდნენ; არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ. 12 ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უჴმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანმცა ქმნა სიტკბოებაჲ, არავინ არს მიერთადმდე.
13 პირაშკმული სამარეა მათი ყელი; ენით ზაკვას იტყვიან; ასპიტთა გესლი სცხიათ ბაგეზე. 13 სამარე ზეაღებულ არს ჴორჴი მათი; ენითა მათითა ზაკუვიდეს; გესლი ასპიტთაჲ ბაგეთა მათთა,
14 პირი წყევლითა და სიმწრით აქვთ სავსე. 14 რომელთაჲ პირი წყევითა და სიმწარითა სავსე არს.
15 ფეხმარდნი არიან სისხლის საღვრელად. 15 მალე არიან ფერჴნი მათნი დათხევად სისხლისა;
16

ნგრევა და ვარამია მათ გზაზე.

16 შემუსრვაჲ და უბადრუკებაჲ არს გზათა მათთა;
17 ვერ უცვნიათ მშვიდობის გზა. 17 და გზაჲ მშჳდობისაჲ არა იცნეს.
18 ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ. 18 არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მათთა.
19 მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშევრდომთათვის ამბობს, რათა შეიკრას ყოველი პირი და მთელი ქვეყანა დაექვემდებაროს ღმერთის სამართალს. 19 ხოლო ესე უწყით, რამეთუ რაოდენსა შჯული იტყჳს, მათ ეტყჳს, რომელნი-იგი შჯულსა ქუეშე არიან, რაჲთა ყოველი პირი დაიყოს, და საშჯელსა თანა-მდებ იყოს ყოველი სოფელი ღმრთისაჲ,
20 ვინაიდან რჯულის საქმით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, რადგანაც რჯულით შეიცნობა ცოდვა. 20 რამეთუ საქმეთაგან შჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ჴორციელი წინაშე მისსა, რამეთუ შჯულისაგან არს გამოცნობაჲ ცოდვისაჲ.
21 ახლა კი, გარდა რჯულისა, გამოჩნდა ღვთის სიმართლე, რასაც მოწმობენ წინასწარმეტყველნი და რჯული, 21 ხოლო აწ თჳნიერ შჯულისა სიმართლე ღმრთისაჲ გამოჩინებულ არს წამებული შჯულისა მიერ და წინაწარმეტყუელთა,
22 ხოლო სიმართლე ღვთისა იესო ქრისტეს რწმენით - ყველა მორწმუნისათვის, ვინაიდან არ არსებობს განსხვავება, 22 ხოლო სიმართლე ღმრთჲსაი სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა ყოველთა მიმართ და ყოველთა ზედა მორწმუნეთა, რამეთუ არა არს განწვალება,
23 რაკიღა ყველამ სცოდა და მოაკლდა ღვთის დიდებას. 23 რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა,
24 მაგრამ ყველანი უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლითა და იესო ქრისტესმიერი გამოსყიდვის წყალობით, 24 ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა და გამოჴსნითა მით იესუ ქრისტესითა.
25 ქრისტესი, რწმენის მეოხებით წინასწარ რომ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად, რათა ეჩვენებინა მისი სიმართლე უწინდელ ცოდვათა მიტევების გზით, 25 რომელი-იგი წინაწარ განჰმზადა ღმერთმან სალხინებელად სარწმუნოებითა თჳსითა მით სისხლითა, გამოჩინებად სიმართლისა მისისა, მოტევებითა მით პირველთა ცოდვათაჲთა,
26 რომელნიც სულგრძელად დაითმინა ღმერთმა, რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე დღევანდელ დღეს, და ყოფილიყო იგი მართალი და იესოს მორწმუნეთა გამმართლებელი. 26 თავს-დებითა ღმრთისაჲთა გამოჩინებად სიმართლისა მისისა ამათ ჟამთა, რაჲთა იყოს იგი მართალ და განმამართლებელ სარწმუნოებისაგან იესუჲსისა.
27 მაშ, სადღაა სიქადული? განქარებულა. კი მაგრამ, რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით? არა, არამედ რწმენის რჯულით. 27 სადა უკუე არს სიქადული იგი? და-მე-ყენებულ არსა? რომლითა-მე შჯულითა? საქმეთაგან-მეა? არა, არამედ შჯულისაგან სარწმუნოებისა.
28 რადგანაც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ კაცი რწმენით მართლდება, რჯულის საქმეთა მიუხედავად. 28 რამეთუ ვიტყჳთ განმართლებასა კაცისასა სარწმუნოებითა თჳნიერ საქმეთა შჯულისათა.
29 ნუთუ ღმერთი მხოლოდ იუდეველებისაა და არა წარმართებისაც? რა თქმა უნდა, წარმართებისაც. 29 ანუ ჰურიათაჲ-მე ხოლო არსა ღმერთი და არა წარმართთაჲცა? ჰე, წარმართთაჲცა.
30 რადგანაც ერთია ღმერთი, რომელიც რწმენის გამო ამართლებს წინადაცვეთილთ, წინადაუცვეთელთ კი - რწმენით. 30 ვინაჲთგან ერთ არს ღმერთი, რომელმან განამართლის წინადაცუეთილი სარწმუნოებითა და წინადაუცუეთელი მითვე სარწმუნოებითა.
31 მაშ, ჩვენ რწმენით ვაქარწყლებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ ვამტკიცებთ მას. 31 აწ შჯულსა ნუ განვაქარვებთა სარწმუნოებითა მით? ნუ იყოფინ. არამედ შჯულსა დავამტკიცებთ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე