ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლეს მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

რას ვიტყვით, განა აბრაამმა, ჩვენმა წინაპარმა, ხორციელად შეიძინა რამე?

1 რაჲ-მე უკუე ვთქუათ? იპოვა-მეა აბრაჰამ, მამაჲ იგი ჩუენი, ჴორციელად?
2 თუ აბრაამი საქმეთაგან გამართლდა, დიახაც აქვს სასიქადულო, მაგრამ არა ღვთის წინაშე. 2 უკუეთუ აბრაჰამი საქმეთაგან განმართლდა, აქუს სიქადული, არამედ არა ღმრთისა მიმართ.
3 ვინაიდან რას ამბობს წერილი? „ერწმუნა აბრაამი ღმერთს, და შეერაცხა მას სიმართლედ“. 3 რასა უკუე იტყჳს წიგნი? ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ.
4 ხოლო მოქმედს საზღაური მადლით კი არ მიეგება, არამედ ვალით. 4 ხოლო მოქმედსა მას სასყიდელი იგი არა შეერაცხების მადლით, არამედ თანა-ნადებით.
5 იმას კი, ვინც არ არის მოქმედი, მაგრამ სწამს იგი, ვინც ამართლებს უღმერთოს, სიმართლედ მისი რწმენა შეერაცხება. 5 ხოლო რომელი-იგი არა იქმნ და ჰრწამნ ხოლო განმამართლებელი იგი უღმრთოჲსაჲ, შეერაცხების სარწმუნოებაჲ იგი მისი სიმართლედ.
6 ასე დავითიც ნეტარს უწოდებს კაცს, რომელსაც ღმერთი, საქმეთა მიუხედავად, შეურაცხავს სიმართლეს. 6 ვითარცა-იგი დავით იტყჳს ნეტარებასა მას კაცისასა, რომელსაცა-იგი შეურაცხა ღმერთმან სიმართლე თჳნიერ საქმისა:
7 ნეტავი მათ, რომელთაც მიეტევათ ურჯულოებანი და დაეფარათ ცოდვანი. 7 ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უშჯულოებანი და რომელთა დაეფარნენ ცოდვანი;
8 ნეტავი მას, ვისაც უფალი არ შეურაცხავს ცოდვას. 8 ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხა უფალმან ცოდვაჲ.
9 მაგრამ ეს ნეტარება წინადაცვეთილობას ეკუთვნის თუ წინადაუცვეთელობასაც? რადგანაც ჩვენ ვამბობთ, რომ აბრაამს სიმართლედ შეერაცხა რწმენა. 9 აწ უკუე ნეტარებაჲ ესე წინადაცუეთილებასა ზედა არსა ანუ წინადაუცუეთილებასაცა? რამეთუ ვიტყჳთ, ვითარმედ: შეერაცხა აბრაჰამს სარწმუნოებაჲ იგი მისი სიმართლედ.
10 როდის შეერაცხა? წინადაცვეთილობამდე თუ წინადაცვეთის შემდეგ? არა წინადაცვეთილობაში, არამედ წინადაუცვეთელს. 10 ვითარ უკუე შეერაცხა? წინადაცუეთილებასაღა იყო ანუ წინადაუცუეთილებასა? არა წინადაცუეთილებასა, არამედ წინადაუცუეთილებასა.
11 და მიიღო წინადაცვეთის ნიშანი, როგორც ბეჭედი რწმენით გამართლებისა, რომელიც წინადაუცვეთელობაში ჰქონდა, რათა გამხდარიყო ყველა წინადაუცვეთელი მორწმუნის მამა, და მათაც შერაცხოდათ სიმართლედ; 11 და სასწაულად მოიღო წინადაცუეთილებაჲ იგი ბეჭდად სიმართლისა სარწმუნოებისა მის წინადაუცუეთილებასა მას შინა, რაჲთა იყოს იგი მამად ყოველთა მორწმუნეთა წინადაუცუეთელთა, რაჲთა შეერაცხოს მათცა სიმართლედ.
12 ისევე, როგორც მამა წინადაცვეთილებისა: არა მარტო იმათი, ვინც მიიღო წინადაცვეთა, არამედ იმათიც, რომელნიც მისდევენ ჩვენი მამის აბრაამის რწმენის კვალს, რაც ჯერ კიდევ წინადაუცვეთელობისას ჰქონდა. 12 და მამად წინადაცუეთილებისა არა წინადაცუეთილებისათა მათ ხოლო, არამედ რომელნი ჰგიან კუალთა მათ ზედა წინადაუცუეთილებისა სარწმუნოებისათა მამისა ჩუენისა აბრაჰამისთა.
13 ვინაიდან აბრაამს და მის თესლს რჯულით როდი მიეცა აღთქმა, ყოფილიყო ქვეყნის მემკვიდრე, არამედ რწმენის სიმართლით. 13 რამეთუ არა შჯულისაგან იყო აღთქუმაჲ იგი აბრაჰამისი ანუ ნათესავისა მისისაჲ, რაჲთა იყოს იგი მკჳდრ სოფლისა, არამედ სიმართლითა მით სარწმუნოებისაჲთა.
14

რადგან თუ მემკვიდრენი რჯულისაგან არიან, ამაოა რწმენა და ფუჭია აღთქმა.

14 რამეთუ უკუეთუ შჯულისაგანნი იგი არიან მკჳდრნი, ცალიერ არს სარწმუნოებაჲ, და განქარვებულ არიან აღთქუმანი იგი.
15 ვინაიდან რჯული შეიქმს რისხვას, რადგან იქ, სადაც არ არის რჯული, არც დარღვევაა. 15 რამეთუ შჯული რისხვასა შეიქმს, ხოლო სადა არა არს შჯული, მუნ არცა შჯულისა გარდასლვაჲ.
16 მაშასადამე, რწმენისაგან, რათა იყოს რწმენით და განმტკიცდეს აღთქმა მთელი მოდგმის მიმართ: არა მარტო რჯულით, არამედ რწმენითაც აბრაამისა, რომელიც არის ყოველი ჩვენგანის მამა. 16 ამისთჳს სარწმუნოებისაგან, რაჲთა მადლით იყოს მტკიცე აღთქუმაჲ იგი ყოვლისა ნათესავისაჲ, არა შჯულისაგანთა ხოლო, არამედ სარწმუნოებისაგანთაცა აბრაჰამისთა, რომელ არს მამაჲ ჩუენ ყოველთაჲ,
17 როგორც დაიწერა: „მე დაგადგინე მრავალი ხალხის მამად“ ღვთის წინაშე, რომელსაც ერწმუნა იგი, მკვდართა მაცოცხლებელსა და არმყოფთა ყოფად მხმობელს. 17 ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: მამად მრავალთა თესლთა დაგადგინე შენ წინაშე პირსა, რომლისაჲ-იგი ჰრწმენა ღმრთისაჲ, რომელმან-იგი განაცხოველნის მკუდარნი და უწესნ არა-არსსა მას, ვითარცა არსსა.
18 უსასოო სასოებით ერწმუნა, რათა გამხდარიყო მრავალი ხალხის მამა; როგორც ითქვა: „ასე იქნება შენი მოდგმა“. 18 რომელსა უსასოჲ იგი სასოებით ჰრწმენა, რაჲთა იყოს იგი მამად მრავალთა თესლთა, მსგავსად თქუმულისა მის: ესრე იყოს ნათესავი შენი.
19 არ შერყევია რწმენა, თუმცაღა ას წელს მიტანებული ხედავდა, რომ მისი სხეული უკვე სიკვდილად იყო მიწურვილი და კვდებოდა საშოც სარასი; 19 და არა მოუძლურდა იგი სარწმუნოებითა, არა განიცადა თავი თჳსი, - რამეთუ კნინღა და მკუდარ იყვნეს ჴორცნი მისნი, რამეთუ ას წლის სადამე იყო, - და მკუდრობაჲ იგი საშოჲსა სარაჲსი.
20 არ შემკრთალა და არც ეჭვი შეჰპარვია ღვთის აღთქმაში, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება მიაგო ღმერთს. 20 ხოლო აღთქუმასა მას ღმრთისასა არა შეორგულდა ურწმუნოებითა, არამედ განძლიერდა სარწმუნოებითა, მისცა დიდებაჲ ღმერთსა
21 რადგანაც გულდანდობით სწამდა, რომ ვინც აღთქმა მისცა, მასვე შეეძლო აღთქმის აღსრულებაც. 21 და გულ-სავსე იქმნა, ვითარმედ რომელმან-იგი აღუთქუა, შემძლებელ არს ყოფადცა.
22 ამიტომაც შეერაცხა მას სიმართლედ. 22 ამისთჳსცა შეერაცხა მას სიმართლედ.
23 თუმცა მარტო მისთვის როდი დაიწერა, შეერაცხაო, 23 ხოლო არა დაიწერა მისთჳს ხოლო, რამეთუ შეერაცხა მას სიმართლედ,
24 არამედ ჩვენთვისაც: დიახ, ჩვენც შეგვერაცხება, რომელთაც გვწამს ის, ვინც მკვდრეთით აღადგინა უფალი ჩვენი იესო, 24 არამედ ჩუენთჳსცა, რომელთადა-ესე შერაცხვად არს, რომელთა გურწამს აღმადგინებელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი მკუდრეთით,
25 რომელიც გაცემულ იქნა ჩვენი ცოდვების გამო და აღდგა ჩვენს გასამართლებლად. 25 რომელი მიეცა ცოდვათა ჩუენთათჳს და აღდგა განმართლებისა ჩუენისათჳს.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე