ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლეს მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ

თავი მეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

რას ვიტყვით? დავრჩეთ ცოდვაში, რათა იმრავლოს მადლმა? არამც და არამც.

1 რაჲ-მე უკუე ვთქუათ აწ? და-მე-ვადგრეთა ცოდვასა მას ზედა, რაჲთა მადლი განმრავლდეს? ნუ იყოფინ!
2 ჩვენ, რომელნიც მოვკვდით ცოდვისათვის, როგორღა ვიცხოვროთ მასში? 2 რომელნი-ესე მოვკუედით ცოდვითა, ვითარ უკუე მერმე ვცხონდებოდით მას შინა?
3 ან იქნებ არ იცით, რომ ვინც მოვინათლეთ იესო ქრისტეს მიერ, მის სიკვდილში მოვინათლენით? 3 ანუ არა უწყითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ?
4 მასთან ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით, რათა როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით მამის დიდებით, ჩვენც ასევე ვიარებოდეთ ახალ სიცოცხლეში. 4 და თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაჲთა ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეთცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდით.
5 რადგან თუ სიკვდილის მსგავსებით მასთან თანაშეზრდილნი ვართ, აღდგომითაც მავემსგავსებით, 5 რამეთუ უკუეთუ თანა-ნერგ ვექმნენით მსგავსებასა მას სიკუდილისა მისისასა, ეგრეთცა აღდგომასა მას მისსა ვიყვნეთ.
6 რაკიღა ვიცით, რომ ჩვენი ძველი კაცი ჯვარს ეცვა მასთან ერთად, რათა გადაგებულიყო ცოდვის სჯული და აღარასოდეს დავმონებოდით ცოდვას. 6 ესე უწყით, რამეთუ ძუელი იგი კაცი ჩუენი მის თანა ჯუარს-ეცუა, რაჲთა განქარდეს ჴორცი იგი ცოდვისაჲ, რაჲთა არღარა ვჰმონებდეთ ჩუენ ცოდვასა,
7 რადგანაც მკვდარი ცოდვისაგან თავდახსნილია. 7 რამეთუ, რომელი – იგი მოკუდა, განმართლებულ არს ცოდვისაგან.
8 ხოლო თუ ქრისტესთან ერთად მოვკვდით, გვწამს, რომ სიცოცხლითაც ერთად ვიცოცხლებთ. 8 უკუეთუ მოვკუდეთ ქრისტეს თანა, გურწამს, რამეთუ მის თანაცა ვცხონდეთ.
9 რადგანაც ვიცით, რომ ქრისტე, მკვდრეთით აღმდგარი, აღარა კვდება: სიკვდილი ვეღარ უფლობს მასზე. 9 ესე უწყით, რამეთუ ქრისტე აღდგა მკუდრეთით, არღარა მოკუდეს, და სიკუდილი მის ზედა არღარა უფლებდეს.
10 რადგანაც, თუ მოკვდა, ცოდვისთვის მოკვდა ერთხელ, ხოლო რაკიღა ცოცხლობს, ღმერთისთვის ცოცხლობს. 10 რამეთუ, რომელი იგი-მოკუდა, ცოდვითა მოკუდა ერთ-გზის, ხოლო რომელი-იგი ცხოველ არს, ცხოველ არს ღმრთისა.
11 ასევე თქვენც მკვდრებად შერაცხეთ თავი ცოდვისთვის და ცოცხლებად - ღმრთისთვის ქრისტე იესოს მიერ. 11 ეგრეცა თქუენ შეჰრაცხენით თავნი თქუენნი მკუდრად ცოდვისათჳს და ცხოველად ღმრთისა ქრისტე იესუს მიერ უფლისა ჩუენისა.
12 მაშ, ნუ იქნება ცოდვის სუფევა თქვენს მოკვდავ სხეულში, ნუ დაემორჩილებით მის ვნებებს. 12 ნუ უკუე სუფევნ ცოდვაჲ მოკუდავთა მაგათ ჴორცთა თქუენთა მორჩილებად მისა გულის-თქუმათა შინა მისთა,
13

ნუ მისცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უსამართლობის საჭურვლად, არამედ, როგორც მკვდრეთით აღმდგარმა, უძღვენით თავი ღმერთს, ხოლო თქვენი ასოები საჭურვლად - ღმერთის სიმართლეს.

13 ნუცა წარუდგინებთ ასოთა მაგათ თქუენთა საჭურველად სიცრუისა ცოდვასა, არამედ წარუდგინენით თავნი თქუენნი ღმერთსა, ვითარცა მკუდრეთით ცხოველნი, და ასონი ეგე თქუენნი საჭურველად სიმართლისა ღმერთსა.
14 ვეღარ გეუფლებათ ცოდვა, ვინაიდან რჯულის ქვეშ კი არა ხართ, არამედ მადლის ქვეშ. 14 და ცოდვაჲ თქუენ ზედა არა უფლებდეს, რამეთუ არა ხართ შჯულსა ქუეშე, არამედ მადლსა.
15 მერედა რა? ვცოდოთ, რადგან რჯულის ქვეშ კი არა ვართ, არამედ მადლის ქვეშ? არამც და არამც. 15 აწ უკუე რაჲ? ვცოდვიდეთ-მეა, რამეთუ არა ვართ შჯულსა ქუეშე, არამედ მადლსა? ნუ იყოფინ!
16 ნუთუ არ იცით, რომ ვისაც თავს მისცემთ მორჩილებისთვის, მისი მონები ხართ, ვისაც ჰმორჩილებთ: ან ცოდვის მონები სიკვდილისათვის, ან მორჩილების მონები სიმართლისათვის. 16 არა უწყითა, რამეთუ რომელსა-იგი წარუდგინენით თავნი თჳსნი მონად მორჩილებისა, მონანი ხართ, რომელსაცა-იგი ერჩით; გინა თუ ცოდვასა სიკუდილდ ანუ მორჩილებად სიმართლესა?
17 მადლობა ღმერთს, რომ ოდესღაც ცოდვის მონები, გულით დაემორჩილეთ იმ მოძღვრებას, რომელსაც უძღვენით თავი. 17 ხოლო მადლი ღმერთსა, რამეთუ იყვენით მონა ცოდვისა და მორჩილ იქმნენით გულითა, რომელსაცა-იგი მიეცენით სახედ მოძღურებისა.
18 ხოლო ცოდვისგან თავდახსნილნი სიმართლეს დაემონეთ. 18 ხოლო აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან, და დამონებულ ხართ სიმართლესა.
19 თქვენი ხორცის უძლურების გამო ისე ვმსჯელობ, როგორც მსჯელობენ კაცნი: მსგავსად იმისა, როგორც ურჯულოებისათვის დაუმონეთ თქვენი ასოები უწმინდურებას და ურჯულოებას, ახლა სიწმიდისათვის დაუმონეთ ისინი სიმართლეს. 19 კაცობრივ ვიტყჳ უძლურებისათვჳს ჴორცთა თქუნთაჲსა: ვითარცა-იგი წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად არაწმიდებასა და უშჯულოებასა უშჯულოებად, ეგრეცა აწ წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად სიმართლესა სიწმიდედ.
20 ვინაიდან, როცა ცოდვის მონები იყავით, თავისუფალნი იყავით სიმართლისაგან. 20 რამეთუ ოდეს-იგი მონანი იყვენით ცოდვისანი, თავისუფალ იყვენით სიმართლისაგან.
21 კი მაგრამ, რა იყო მაშინ თქვენი ნაყოფი? ის, რისიც ამჟამად გრცხვენიათ, ვინაიდან სიკვდილია მისი დასასრული. 21 რაჲ უკუე ნაყოფი გაქუნდა მაშინ, რომლისათჳს აწ ეგერა გრცხუენის? რამეთუ აღსასრული მათი სიკუდილი არს.
22 ხოლო ამჟამად, როცა ცოდვისაგან გათავისუფლდით და ღმერთს დაემონეთ, სიწმიდეა თქვენი ნაყოფი, დასასრული კი - საუკუნო სიცოცხლე. 22 ხოლო აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან და დამონებულ ღმერთსა, და გაქუს ნაყოფი თქუენი სიწმიდედ, და აღსასრულსა – ცხორებაჲ საუკუნოჲ.
23 ვინაიდან ცოდვის საზღაური არის სიკვდილი, ხოლო ღვთის მადლი - საუკუნო სიცოცხლე, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. 23 რამეთუ საგზალი ცოდვისაჲ სიკუდილი არს, ხოლო ნიჭი ღმრთისაჲ – ცხორებაჲ საუკუნოჲ ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე