ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლეს მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ

თავი მეშვიდე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ან იქნებ არ იცით, ძმებო, - რაკიღა რჯულის მცოდნეთ მივმართავ, - რომ ვიდრე კაცი ცოცხალია, სიკვდილი მბრძანებლობს მასზე.

1

ანუ არა უწყითა, ძმანო, - რამეთუ მეცნიერთა მათ შჯულისათა ვეტყჳ, - ვითარმედ შჯული უფლებს კაცსა ზედა, რაოდენ ჟამ ცოცხალ არს იგი?

2 რადგანაც გათხოვილი ქალი ქმრის სიცოცხლეში რჯულითაა შეკრული მასთან, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია ცოლ-ქმრობის რჯულისაგან. 2 რამეთუ ქმრის ცოლი დედაკაცი სიკუდილადმდე ქმრისა შეკრულ არს შჯულითა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, განთავისუფლებულ არს იგი შჯულისა მისგან ქმრისა.
3 ამიტომაც, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვას გაჰყვა, მეძავად იწოდება, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია რჯულის მიერ, და სხვას რომ გაჰყვეს, აღარ იწოდება მეძავად. 3 აწ უკუე ცხორებასა ქმრისასა მემრუშედ ეწოდოს, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი მისი, თავისუფალ არს იგი შჯულისა მისგან, რაჲთა არა იყოს იგი მემრუშე, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა.
4 თქვენც, ძმანო ჩემნო, ასევე მოკვდით რჯულისათვის ქრისტეს სხეულის მეოხებით, რათა ეკუთვნოდეთ სხვას, მკვდრეთით აღმდგარს, და, ამრიგად, ნაყოფი მოგვქონდეს ღვთისათვის. 4 ამისთჳს თქუენცა, ძმანო ჩემნო, მოჰკუედით შჯულისაგან ჴორცითა მით ქრისტესითა, რაჲთა იყვნეთ თქუენ სხჳსა მის მკუდრეთით აღდგომილისა, რაჲთა ნაყოფი გამოვიღოთ ღმრთისა.
5 ვინაიდან, სანამ ხორციელად ვცოცხლობდით, რჯულის მიერ გამჟღავნებული ცოდვის ვნებები მოქმედებენ ჩვენს ასოებში, რათა გამოგვეღო სიკვდილის ნაყოფი. 5 რამეთუ ვიდრე-იგი ვიყვენით ჴორცთა შინა, ვნებანი იგი ცოდვათანი შჯულისა მისგან იქმნებოდეს ასოთა შინა ჩუენთა, რაჲთა ნაყოფი გამოვიღოთ სიკუდილისა;
6 ახლა კი, რჯულისთვის მკვდარნი, რომლითაც შეკრულნი ვიყავით, გავთავისუფლდით მისგან, რათა ვმონებდეთ ღმერთს სულის სიახლით და არა ასოს სიძველით. 6 ხოლო აწ განთავისუფლებულ ვართ შჯულისა მისგან და მოვკუედით, რომლითა-იგი შეპყრობილ ვიყვენით, რაჲთა ვჰმონებდეთ ჩუენ განახლებულითა სულითა და არა დაძუელებულითა წიგნითა.
7 მერედა, რას ვიტყვით? ნუთუ რჯული ცოდვაა? არამც და არამც, მაგრამ მე მხოლოდ რჯულით შევიცან ცოდვა, და სურვილსაც ვერ შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა: ნუ გსურს. 7 რაჲ-მე უკუე ვთქუათ? შჯული ცოდვა-მე არსა? ნუ იყოფინ! არამედ ცოდვაჲ არა ვიცოდე, გარნა შჯულისაგან. რამეთუ გულის-თქუმაჲ არა ვიცოდე, უკუეთუმცა არა შჯული იტყოდა, ვითარმედ: ნუ გული-გითქუამნ.
8 მაგრამ ცოდვამ მცნებისგან მიიღო საბაბი და ჩამინერგა ყველა სურვილი; რადგანაც რჯულის გარეშე ცოდვა მკვდარია. 8 მიზეზი უკუე პოვა ცოდვამან მცნებისა მისგან და შექმნა ჩემ თანა ყოველი გულის-თქუმაჲ: რამეთუ თჳნიერ შჯულისა ცოდვაჲ მკუდარ არს.
9 ხოლო მე ოდესღაც რჯულის გარეშე ვცხოვრობდი, და როცა მოიწია მცნება, ცოდვა გაცოცხლდა. 9 ხოლო მე ცხოველ ვიყავ ოდესმე თჳნიერ შჯულისა, და ოდეს მოიწია მცნებაჲ იგი, ცოდვაჲ განცოცხლდა,
10 მე კი მოვკვდი და, ამრიგად, სასიცოცხლოდ მოცემული მცნება სასიკვდილოდ მექცა. 10 და მე მოვკუედ; და მეპოვა მე მცნებაჲ იგი, რომელი იყო საცხორებელად, იგივე სიკუდილად.
11 რადგანაც ცოდვამ, მცნებისგან რომ მიიღო საბაბი, მაცდუნა და მის მიერ მომკლა. 11 რამეთუ ცოდვამან მან მიზეზი მიიღო მცნებისა მისგან, მაცთუნა მე და მის მიერ მომკლა.
12 ასე რომ, რჯული წმიდაა და მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი. 12 ამიერითგან შჯული წმიდა არს, და მცნებაჲ იგი წმიდა და მართალ და კეთილ.
13

ნუთუ სიკეთე სიკვდილად მექცა? არამც და არამც. არამედ ცოდვამ, იმისათვის, რომ ცოდვად ჩანდეს, სიკეთის მეშვეობით მომაგო სიკვდილი, რათა უცოდვილესად წარმოჩენილიყო მცნების წყალობით.

13 აწ უკუე კეთილი იგი მე სიკუდილ მექმნაა? ნუ იყოფინ! არამედ ცოდვაჲ იგი, რაჲთა ჩნდეს ცოდვა კეთილითა მით, რომელი იქმნა ჩემდა სიკუდილ, რაჲთა იყოს გარდარეულად ცოდვილ ცოდვაჲ იგი მცნებისა მისგან.
14 რადგანაც ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი ხორციელი ვარ და ცოდვას მიყიდული. 14 ესე უწყით, რამეთუ შჯული სულიერ არს, ხოლო მე ჴორციელ ვარ და განფრდილ ცოდვასა შინა.
15 ვინაიდან არ მესმის რას ვაკეთებ: იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს. 15 რამეთუ რომელსა-იგი ვიქმნ, არა ვიცი; რამეთუ არა რომელი-იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს, მას ვჰყოფ.
16 ხოლო თუ იმას ვაკეთებ რაც არა მსურს, მაშასადამე, ვაღიარებ, რომ რჯული კეთილია. 16 ხოლო უკუეთუ, რომელი-იგი არა მნებავს და მას ვჰყოფ, თანა-მოწამე ვარ შჯულისა, რამეთუ კეთილ არს.
17 ასე რომ, მე კი არ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში. 17 აწ უკუე არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაჲ.
18 რადგანაც ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში არ არის კეთილი; არის ჩემში სიკეთის ნდომა, მაგრამ როგორ აღვასრულო სიკეთე, ამას კი ვეღარ ვპოულობ ჩემში. 18 რამეთუ უწყი, ვითარმედ არარაჲ დამკჳდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს, ჴორცთა შინა ჩემთა კეთილი, რამეთუ ნებაჲ იგი წინა მიც მე, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვჰპოებ.
19 ვინაიდან კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მსურს. 19 რამეთუ არა რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ.
20 ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არა მსურს, მე კი არ ვაკეთებ მას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში. 20 ხოლო უკუეთუ, რომელი-იგი მე არა მნებავს და მას ვჰყოფ, არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაჲ.
21 და ვპოულობ ამ რჯულს კეთილის ქმნა მსურს, მაგრამ ბოროტი კი მიდევს გვერდით. 21 ვპოვო-მეა შჯული, რომელსა უნდეს ჩემდა ყოფად კეთილისა, რამეთუ მე ბოროტი წინა მიც?
22 ვინაიდან, როგორც შინაგანი კაცი, ღვთის რჯულით ვტკბები. 22 რამეთუ თანა-მნებავს მე შჯულსა ღმრთისასა შინაგანითა მით კაცითა.
23 მაგრამ ჩემს ასოებში სხვა რჯულსა ვხედავ, რომელიც ეურჩება ჩემი გონების რჯულს, და ცოდვის იმ რჯულის ტყვედ მაქცევს, რომელიც არის ჩემს ასოებში. 23 და ვხედავ სხუასა შჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი-იგი წინა-განეწყვების შჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყუენავს მე შჯულითა მით ცოდვისაჲთა, რომელი-იგი არს ასოთა შინა ჩემთა.
24 ვაიმე, ბედკრულს! ვინ დამიხსნის სიკვდილის ამ სხეულისაგან? 24 უბადრუკი მე ესე კაცი! ვინ-მე მიჴსნეს ჴორცთა ამათგან ამის სიკუდილისათა?
25 ვმადლობ ღმერთს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. ამრიგად, მე, ერთი და იგივე კაცი, გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხორცით კი - ცოდვის რჯულს. 25 ხოლო ვჰმადლობ ღმერთსა ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა. აწ უკუე თავადი მე გონებითა ჩემითა ვჰმონებ რჩულსა ღმრთისასა, ხოლო ჴორცითა შჯულსა ცოდვისასა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე