ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლეს მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ

თავი მეცხრე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, არა ვცრუობ, მემოწმება ჩემი სინიდისი სული წმიდის მიერ,

1

ჭეშმარიტსა ვიტყჳ ქრისტეს მიერ და არა ვტყუი თანამოწამებითა ჩემდა გონებისა ჩემისაჲთა სულითა წმიდითა,

2 რომ დიდია ჩემი მწუხარება და დაუმცხრალია ტკივილი ჩემი გულისა; 2 რამეთუ მწუხარება არს ჩემდა დიდ და მოუკლებელი სალმობაჲ გულისა ჩემისაჲ.
3 ასე რომ, ვისურვებდი თვითონვე ვყოფილიყავი შეჩვენებული და ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმების, ჩემი სისხლისა და ხორცის გამო, 3 რამეთუ ვილოცევდ მე შეჩუენებულ - ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათა ჩემთათჳს და ნათესავთა ჩემთა ჴორციელად,
4 რომლებიც არიან ისრაელიტნი და შვილობაც ეკუთვნით, დიდებაც, აღთქმანიც და რჯულდებაც, მსახურებაც და დაპირებაც. 4 რომელნი-იგი არიან ისრაიტელნი, რომელთაჲ იყო შვილებაჲ და დიდებაჲ და აღთქუმანი და სჯულის-დებანი და მსახურებანი და მითხრობანი;
5 მათნივე არიან მამანი და ხორციელად მათგანაა ქრისტე, ღმერთი, ყველაზე ამაღლებული და უკუნისამდე კურთხეული. ამინ. 5 რომელთანი იყვნეს მამანი და რომელთაგან ქრისტე ჴორციელად, რომელი-იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა, კურთხეულ უკუნისამდე. ამინ.
6 მაგრამ ისე კი არა, თითქოს გაცუდდა სიტყვა ღვთისა, რადგან ვინცაა ისრაელისგან, ყველა როდია ისრაელიტი. 6 ხოლო არა ეგებოდა, ვითარმცა დავარდა სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ არა ყოველნი ისრაჱლისაგანნი ესენი არიან ისრაჱლ,
7 და არც აბრაამის შვილია ყველა, ვინც მისი თესლისაგან არის; არამედ ითქვა: „ისააკის მიერ იწოდება შენი თესლი“. 7 არცა არიან ნათესავნი აბრაჰამისნი ყოველნი შვილ. არამედ „ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავი“.
8 ესე იგი, ხორციელი შვილები კი არ არიან ღვთის შვილნი, არამედ აღთქმის შვილები შეირაცხებიან თესლად. 8 ესე იგი არს, არა თუ შვილნი ჴორცთანი ესენი არიან შვილ ღმრთის, არამედ შვილნი იგი აღთქუმისანი შერაცხილ არიან ნათესავად.
9 რადგანაც ასეთია აღთქმის სიტყვა: „ამ დროს მოვალ, და ეყოლება სარას ძე“. 9 რამეთუ აღთქუმისაგან არს სიტუყუაჲ ესე, ვითარმედ: ჟამსა ოდენ ამას მოვიდე, და ესუას სარრას ძე.
10 და არა მარტო ეს; არამედ რებეკაც ერთი კაცის - მამაჩვენ ისააკისაგან დაფეხმძიმდა, 10 და არა ხოლო ესე, არამედ რებეკასცა ერთისაგან საწოლისა ესუა (ორ ძე) ისაკის მამისა ჩუენისა;
11 მაგრამ ჯერ კიდევ არ შობილიყვნენ მისი ძენი და არც არაფერი ჩაედინათ - არც კარგი და არც ცუდი (რათა აღსრულებულიყო განზრანვა ღვთისა მისი არჩევანის თანახმად, 11 რამეთუ არღასადა შობილ იყვნეს, არცა ექმნა რაჲ კეთილი გინა ბოროტი, - რაჲთა რჩევით წინა-განმზადებაჲ იგი ღმრთისაჲ ეგოს.
12

საქმეთა მიხედვით კი არა, არამედ მხმობელის ნებით), რომ ქალს ეუწყა: „უფროსი დაემონება უმცროსს“.

12 არა საქმეთაგან, არამედ მისგან, რომელმან-იგი უწოდა, - რამეთუ ჰრქუა მას, ვითარმედ: უხუცესმან ჰმონოს უმრწემესსა მას.
13 როგორც წერია: „იაკობი შევიყვარე, ხოლო ესავი მოვიძულე“. 13 ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: იაკობი შევიყუარე, ხოლო ესავი მოვიძულე.
14 რას ვიტყვით? ნუთუ უსამართლობაა ღმერთში? არამც და არამც. 14 რაჲ-მე უკუე ვთქუათ? ნუ სიცრუვე-მე არსა ღმრთისა თანა? ნუ იყოფინ!
15 რადგანაც მოსეს ეუბნება: „შევიწყალებ, ვისაც შევიწყალებ, და შევიწყნარებ, ვისაც შევიწყნარებ“. 15 რამეთუ მოსეს ესრეთ ეტყჳს: შევიწყალო, რომელი-იგი შევიწყალო, და შევიწყნარო, რომელი-იგი შევიწყნარო.
16 მაშასადამე, ეს კაცის ნება-სურვილზე კი არაა დამოკიდებული, არამედ ღვთის მოწყალებაზე. 16 აწ უკუე არა რომელსა-იგი უნებს, არცა რომელი-იგი რბის, არამედ რომელი ეწყალის ღმერთსა.
17 რადგანაც წერილი ეტყვის ფარაონს: „სწორედ იმისთვის დაგადგინე, რათა ჩემი ძალა გიჩვენო, და განითქვას ჩემი სახელი მთელს ქვეყანაზე“. 17 რამეთუ ეტყჳს წიგნი ფარაოს, ვითარმედ: აღ-ვე ამისთჳს-გადგინე შენ, რაჲთა ვაჩუენო შენ ზედა ძალი ჩემი და რაჲთა განითქუას სახელი ჩემი ყოველსა ქუეყანასა.
18 ამრიგად, ვინც სურს, მას შეიწყალებს, და ვინცა სურს, მას გაამქისებს. 18 აწ უკუე რომელი ჰნებავს, შეიწყალებს, და რომელი ჰნებავს, განაფიცხებს.
19 შენ მეტყვი: მაშინ რაღად გვდებს ბრალს? რადგანაც ვის შეუძლია წინ აღუდგეს მის ნებას? 19 ნუუკუე მრქუა მე: და რაჲსა-ღა აბრალებს? რამეთუ ნებასა მისსა ვინ-მე წინა-აღუდგა?
20 კი მაგრამ, შენ ვინა ხარ, კაცო, რომ ედავები ღმერთს? განა ნახელავი ეტყვის ხელოსანს: რატომ შემქმენი ასეო? 20 აწ უკუე, ჵ კაცო, შენ ვინ ხარ, რომელი სიტყუას-უგებ ღმერთსა? ჰრქუა ნუ-მეა ქმნულმან შემოქმედსა: რაჲსათჳს ესრეთ შემქმენ მე?
21 იქნებ მეთუნეს ნება არა აქვს, რომ მის მიერ მოზელილი ერთი და იმავე თიხისგან ძვირფასი ჭურჭელიც გააკეთოს და უფასურიც? 21 ანუ არა ჴელ-ეწიფებისა მეკეცესა მას თიჴისა მის მისვე შეზელილისაგან შესაქმედ რომელიმე პატიოსნად ჭურჭლად და რომელიმე უპატიოდ?
22 მაგრამ თუ ღმერთი, რომელსაც სურდა ეჩვენებინა თავისი რისხვა და ეუწყებინა თავისი ძალა, მთელი დიდსულოვნებით ზოგავდა შესამუსრად გამზადებულ ჭურჭლებს რისხვისას, 22 უკუეთუმცა უნდა ღმერთსა ჩუენებად რისხვაჲ თჳსი და უწყებად ძალი თჳსი, რომელი დაუთმენიეს მრავლითა სულგრძელებითა ჭურთა მათზედა რისხვისათა, განმზადებულთა წარსაწყმედელად,
23

რათა გამოეჩინა თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭელთა მიმართ, წინასწარ რომ განამზადა დიდებისათვის,

23 და რაჲთა აჩუენოს სიმდიდრე იგი დიდებისა მისისაჲ ჭურთა მათ ზედა წყალობისათა, რომელნი-იგი წინაწარ განჰმზადნა სადიდებელად,
24 ანუ ჩვენს მიმართ, რომელნიც გვიხმო არა მარტო იუდეველთაგან, არამედ წარმართთაგანაც? 24 რომელთაცა-ესე მიწოდნა ჩუენ არა ხოლო თუ ჰურიათაგან, არამედ წარმართთაგანცა?
25 როგორც ოსიაში ამბობს: „ხალხს, რომელიც ჩემი არ იყო, ჩემს ხალხს ვუწოდებ, ხოლო იმას, ვინც არ მიყვარდა - საყვარელს. 25 ვითარცა ოსეს შინა იტყჳს: უწოდო არა ერსა ჩემსა ერად ჩემდა და არა საყუარელსა ჩემსა საყუარელად.
26 და სადაც ითქვა მათ მიმართ: თქვენ არა ხართ ჩემი ხალხი, იქვე ცოცხალი ღმრთის ძეებად იწოდებიან“. 26 და იყოს ადგილსა მას, სადა-იგი ერქუა მათ: არა ერი ჩემი თქუენ, მუნ იწოდნენ ძედ ღმრთისა ცხოველისა.
27 ხოლო ესაია ღაღადებს ისრაელზე: „ისრაელის ძეთა რიცხვი იმდენიც რომ იყოს, რამდენიც ქვიშაა ზღვაში, მხოლოდ ნაშთი თუ ცხონდება. 27 ხოლო ესაია ღაღადებს ისრაჱლისათჳს: დაღათუ იყოს რიცხჳ იგი ძეთა ისრაჱლისათაჲ, ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, ნეშტი ოდენ ცხონდეს;
28 რადგან უფალი თავის სიტყვას მთლიანად და დაუყოვნებლივ აღასრულებს დედამიწაზე“. 28 რამეთუ სიტყუაჲ აღმასრულებელი და შემოკლებული სიმართლესა შინა, ვითარმედ სიტყუაჲ შემოკლებული ყოს უფალმან ქუეყანასა ზედა.
29 და როგორც იწინასწარმეტყველა ესაიამ: „უფალ საბაოთს რომ არ დაეტოვებინა ჩვენთვის თესლი, ვიქნებოდი როგორც სოდომი და გომორას ვემსგავსებოდით“. 29 და ვითარცა-იგი წინაწარ თქუა ესაია: არა თუმცა უფალმან საბაოთ დამიტევა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომელნიმცა შევიქმნენით და გომორელთამცა მივემსგავსენით.
30 რას ვიტყვით? წარმართნი, რომელნიც არ ეძებდნენ სიმართლეს, ეწივნენ სიმართლეს, სიმართლეს რწმენის მიერ. 30 აწ უკუე რაჲ-მე ვთქუათ? რამეთუ წარმართნი, რომელნი არა სდევდეს სიმართლესა, ეწინეს სიმართლესა, ხოლო სიმართლესა სარწმუნოებისაგან.
31 ხოლო ისრაელი, რომელიც ეძებდა სიმართლის რჯულს, სიმართლის რჯულს ვერ მისწვდა. 31 ხოლო ისრაჱლი სდევდა შჯულსა მას სიმართლისასა და შჯულსა მას სიმართლისასა ვერ მისწუდა.
32 რატომ? იმიტომ, რომ რწმენით კი არ ეძებდნენ, არამედ საქმეთა მიერ, და შებრკოლების ლოდზე წაიბორძიკეს. 32 რაჲსათჳს-მე? რამეთუ არა სარწმუნოებისაგან, არამედ ვითარცა საქმეთაგან შჯულისათა, რამეთუ შეჰბრკოლდეს ლოდსა მას შებრკოლებისასა.
33 როგორც წერია: „აჰა, დავდებ სიონში შებრკოლების ლოდს და საცთურის კლდეს, და არ შერცხვება მისი მორწმუნე“. 33 ვითარცა წერილ არს: აჰა ესერა დავსდებ სიონს შინა ლოდსა შებრკოლებისასა და კლდესა საცთურებისასა; და ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არასადა ჰრცხუენეს.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე