ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მოციქულთა საქმენი

თავი ოცდამეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ხუთი დღის შემდეგ მოვიდა ანანია მღვდელმთავარი უხუცესებსა და ვინმე მჭევრმეტყველ ტერტულუსსთან ერთად, რომლებმაც მმართველთან უჩივლეს პავლეს.

1 შემდგომად ხუთისა დღისა შთავიდა მღდელთ მოძღუარი ანანია ხუცესთა თანა და მეტყუელისა ვისმე ტერტჳლოჲს თანა, რომელთა აუწყეს მთავარსა მას პავლესთჳს.
2 როდესაც უხმეს, ტერტულუსმა დაიწყო მისი ბრალდება და თქვა: 2 და ვითარცა მოუწოდეს მას, იწყო ტერტჳლოს შესმენად მისა და თქუა:
3 შენი წყალობით გვაქვს სრული მშვიდობა და შენს მზრუნველობას ვუმადლით ამ ხალხის კეთილდღეობას, რასაც დიდი მადლიერებით ვაღიარებთ ყველგან და ყოველთვის, მძლეთამძლეო ფელიქს. 3 მრავალსა მშჳდობასა შინა ვართ შენ ძლით და განგებულებასა, რომელ იქმნების ნათესავსა ამას შინა მოღუაწებითა შენითა, სადავე და ყოველთა ადგილთა, შევიწყნარებთ, მჴნეო ფილიქს, ყოვლითა მადლობითა.
4 მაგრამ, თავი რომ არ შეგაწყინოთ, გთხოვ მოკლედ მოგვისმინო შენთვის ჩვეული მოწყალებით. 4 ხოლო რაჲთა არა უმეტეს დაგაშრო შენ, გლოცავ, რაჲთა შემოკლებულად ისმინო ჩუენი შენითა სახიერებითა.
5 რაკი ეს კაცი მავნებლად, მთელს მსოფლიოში მცხოვრებ იუდეველთა შორის შფოთის აღმძვრელად და ნაზორეველთა მწვალებლობის წინამძღვრად ვცანით, 5 რამეთუ ვპოეთ კაცი ესე ბილწი და შფოთის აღმძრველი ყოველთა შორის ჰურიათა, რომელნი არიან ყოველსა სოფელსა, წინამძღუარი გალილეველთა წვალებისაჲ,
6 თვით ტაძრის შებილწვაც რომ სცადა, ამიტომ ჩვენც შევიპყარით და გვინდოდა ჩვენი რჯულის მიხედვით განგვესაჯა იგი. 6 რომელმან ტაძარსაცა აზმნო შეგინებად, რომელიცა შევიპყართ და მსგავსად სჯულისა ჩუენისა ვინებთ განკითხვაჲ.
7 მაგრამ მოვიდა ათასისთავი ლისია, ძალით გამოგვტაცა ხელიდან და შენთან გამოგზავნა. 7 ზედა მოგჳჴდა ლუსია ათასისთავი და მრავლითა იძულებითა ჴელთაგან ჩუენთა წარიყვანა და შენ წინაშე წარმოავლინა.
8 მის ბრალმდებლებსაც გვიბრძანა შენთან მოსვლა; შეგიძლია დაჰკითხო და მისგანვე გაიგებ, რასაც ვდებთ ბრალად. 8 და ბრძანა შემასმენელთაცა მისთაჲ შენ თანავე მოსლვად, რომლისა მიერ შეუძლო შენ განკითხვად და ცნობად ამის ყოვლისა, რომელსა ჩუენ ვსწამებთ მაგას თანა.
9 იუდეველებმაც დაუმოწმეს, სწორედ ასეაო. 9 ეწამებოდეს ჰურიანიცა წამის ყოფითა მთავრისაჲთა და თქუა:
10 ხოლო პავლემ, როცა მმართველმა ანიშნა, ილაპარაკეო, თქვა: რაკიღა ვიცი, რომ ამდენი წლის მანძილზე მართლად განიკითხავ ამ ხალხს, მით უფრო თამამად შევძლებ თავის მართლებას. 10

მიუგო პავლე წამის ყოფითა მთავრისაჲთა და თქუა: მრავლით წლითგან გიცოდე შენ მსაჯულად ამის ნათესავისა, გულს-მოდგინებით თავისა ჩემისათჳს სიტყუაჲ მიუგო.

11 თვითონვე შეგიძლია შეიტყო, რომ თორმეტი დღე თუ იქნება, რაც იერუსალიმს ავედი თაყვანისცემად. 11 რამეთუ შემძლებელ ხარ შენ გულისჴმის-ყოფად, არა უმრავლეს არს ჩემი ათორმეტისა დღისა, ვინაჲთგან აღვედ მე იერუსალჱმდ თაყუანის-ცემად.
12 არც ტაძარში ვუნახივარ ვინმეს, რომ დავა დამეწყოს ან ამებორგებინოს ხალხი, არც სინაგოგაში და არც ქალაქში. 12 და არცა ტაძარსა შინა მპოეს მე მეტყუელად ვის თანამე, გინა თუ ამბოხისათჳს ერის კრებად, გინა შესაკრებელთა შორის ანუ თუ ქალაქსა შინა,
13 ვერც იმას დაამტკიცებენ შენს წინაშე, რაშიაც ახლა მდებენ ბრალს. 13 არცა ძალ-უც შენ წინაშე ჩემ ზედა ამისა ჩინებად, რომლისათჳს-ესე აწ შემასმენენ მე.
14 იმას კი ვაღიარებ შენს წინაშე, რომ იმ მოძღვრებით, რომელსაც ისინი მწვალებლურს უწოდებენ, მამების ღმერთს ვემსახურები, და მწამს ყველაფერი, რაც დაწერილია რჯულში და წინასწარმეტყველთა მიერ. 14 ხოლო ამას აღგიარებ შენ, რამეთუ ვჰმსახურებ მამათა ღმერთსა და მრწამს ყოვლისა მისებრ, რომელი სჯულსა და წინაწარმეტყუელთა წერილ არს.
15

და ღვთის იმედი მაქვს, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, როგორც მართალთა, ისე უკეთურთა, რასაც თვითონვე მოელიან.

15 სასოებაჲ მაქუს ღმრთისა მიმართ, რომელსა ეგენიცა მოელიან, აღდგომაჲ ყოფად არს მკუდართაჲ, მართალთაჲცა და ცოდვილთაჲცა.
16 ამიტომ თავადაც ვიღვწი, რომ ყოველთვის უმწიკვლო სინიდისი მქონდეს ღვთისა და კაცთა წინაშე. 16 ამას ზედა ვიღუწი, დაუბრკოლებელი გონებაჲ მაქუს ღმრთისა მიმართ და კაცთა მარადის.
17 მრავალი წლის შემდეგ მოვედი, რათა მეძღვნა ჩემი ხალხისთვის მოწყალება და შესაწირავი. 17 მრავლისა წლისა შემდგომად ქველის საქმესა ყოფად მოსრულ ვიყავ ნათესავისა ჩემისა და შესაწირავისა,
18 სწორედ შეწირვისას მნახეს ტაძარში, გაწმენდილი, ხალხისა და შფოთის გარეშე, 18 რომელსა შინა მპოეს მე განწმედილი ტაძარსა შინა არა ერითა, არცა შფოთითა.
19 ასიელმა იუდეველებმა; სწორედ ისინი უნდა მოსულიყვნენ და შენს წინაშე და ეჩივლათ ჩემთვის, თუკი რაიმე ჰქონდათ ჩემს წინააღმდეგ. 19 ასიაჲთ ვინმე ჰურიათა, რომელთაჲ ჯერ-იყო შენ წინაშე მოსლვაჲ და შესმენად, რაჲ-იგი აქუს ჩემდა მომართ სიტყუაჲ.
20 არადა, თვით ამათ თქვან, რა ბრალი ჰპოვეს ჩემში, როცა წარვდექი სინედრიონის წინაშე, 20 ანუ მაგათ თჳთ თქუმად, რაჲ პოეს ჩემ თანა ბრალი, ვდეგ რაჲ-იგი კრებულსა შორის.
21 გარდა იმ ერთი სიტყვისა, მათ შორის მდგომმა რომ წამოვიძახე: მკვდრეთით აღდგომა რომ მწამს, მიტომ მსჯით-მეთქი დღეს? 21 ანუ ერთისა მის სიტყჳსათჳს, რომელ ჴმა-ვყავ მათ შორის, რაჲ-იგი ვდეგ, ვითარმედ: აღდგომისათჳს მკუდართაჲსა ვისაჯები დღეს თქუენ მიერ.
22 ეს რომ მოისმინა, ფელიქსმა, რომელიც კარგად იცნობდა ამ გზას, გადადო საქმის განხილვა და თქვა: როცა ათასისთავი ლისია მოვა, მაშინ გავარჩევ თქვენს საქმესო. 22 ესმა რაჲ ესე ფელიქსს, დრო-იყო მათ, ჭეშმარიტებით იცოდა გზისა მისთჳს და თქუა: რაჟამს ლუსია ათასისთავი მოვიდეს, მაშინ ვცნა თქუენთჳს.
23 ხოლო ასისთავს პავლეს დარაჯობა უბრძანა, მაგრამ ისე კი, რომ არ შეეწუხებინათ და არც ახლობლებისთვის დაეშალათ მისი მსახურება ან ნახვა. 23 და უბრძანა ასისთავსა მას დამარხვაჲ პავლესი და რაჲთა იყოს იგი მოლხინედ და ნუვისა ყენებად თჳსთა მისთა მსახურებისა ანუ შესლვად მის თანა.
24 რამდენიმე დღის შემდეგ ფელიქსი თავის იუდეველ ცოლთან - დრუზილასთან ერთად მივიდა და პავლე მოაყვანინა, რათა იესო ქრისტეს სარწმუნოების ამბავი გამოეკითხა. 24 ხოლო შემდგომად დღეთა რაოდენთამე მოვიდა ფელიქს დროსილაჲს თანა, ცოლისა თჳსისა, ჰურიისა, მოუწოდა პავლეს და ისმინა მისი იესუ ქრისტეს სარწმუნოებისათჳს.
25 მაგრამ რაკი პავლე სამართლიანობაზე, თავდაჭერილობასა და განკითხვაზე ლაპარაკობდა, ფელიქსი შეშინდა და უთხრა: ახლა წადი და როცა მოვიცლი, მაშინ გიხმობო. 25 და ვითარ-იგი იტყოდა სიმართლისათჳს და მოთმინებისა და სარჩელისათჳს მერმისა, შეეშინა ფელიქსს და ჰრქუა პავლეს: აწ ამას ჟამსა წარვედ, და ჟამსა მოცალესა მოგიწოდო შენ.
26 თანაც, იმედი ჰქონდა, რომ პავლე ფულს შეაძლევდა; ამიტომ ხშირად უხმობდა და ესაუბრებოდა მას. 26 და ამას თანა ჰგონებდა, ვითარმედ ფასი მოიღოს მან პავლესგან, რაჲთა განჰჴსნას იგი. ამისთჳს ზედაჲსზედა მოუწოდნ და ზრახავნ მას.
27 მაგრამ ორი წლის შემდეგ ფელიქსის ადგილი პორციუს ფესტუსმა დაიკავა. და რაკი სურდა იუდეველთათვის ეამებინა, ფელიქსმა პატიმრად დატოვა პავლე. 27 ხოლო ვითარ ორი წელი აღესრულა, გარდაიდგინა ფელიქს და ნაცვლად მისა მოვიდა პორკიონი ფესტოს, და, რამეთუ ენება ფელიქსს მომადლებაჲ ჰურიათაჲ, დაუტევა პავლე კრულებათა შინა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე