ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მოციქულთა საქმენი

თავი ოცდამეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ფესტუსი მოვიდა სამთავროში და სამი დღის შემდეგ კესარიიდან ავიდა იერუსალიმს.

1 ფესტოს ვითარცა აღვიდა სამთავროსა თჳსსა, შემდგომად სამისა დღისა აღვიდა იერუსალჱმდ კესარიაჲთ.
2 მაშინ მღვდელმთავრები და იუდეველი დიდებულები პავლესადმი წარდგენილი სარჩელის გამო ეახლნენ. 2 აუწყეს მას მღდელთ მოძღუარმან და მთავართა ჰურიათამან პავლესთჳს და ევედრებოდეს მას
3 შეევედრნენ და სთხოვეს, იერუსალიმში გამოეძახებინა პავლე, რათა გზაში ჩასაფრებოდნენ და მოეკლათ. 3 და ითხოვდეს მადლსა მისთჳს, რაჲთა მოუწოდოს მას იერუსალჱმდ, და უმზირდეს გზასა ზედა მოკლვად.
4 მაგრამ ფესტუსმა პასუხად თქვა, რომ პავლეს კესარიაში დარაჯობდნენ და მალე თვითონაც იქ აპირებდა ჩასვლას. 4 ხოლო ფესტოს მიუგო და ჰრქუა მათ, ვითარმედ: ადრე ჰნებავს მას განსლვაჲ იერუსალჱმით.
5 ვისაც შეუძლია, დასძინა მან, წამომყვეს და თუ ამ კაცს რაიმე დანაშაული მიუძღვის, ბრალი დასდოსო. 5 აწ უკუე რომელნი შემძლებელ არიან თქუენგანნი, ჩემ თანა შთამოვიდენ და, რაჲ-იგი არს უჯეროჲ კაცისა მის თანა, შესწამონ მას.
6 რვა თუ ათი დღე დაჰყო მათთან და კესარიაში დაბრუნდა. მეორე დღეს კი სამსჯავრო ტახტზე დაჯდა და პავლეს მოყვანა ბრძანა. 6 იქცეოდა იგი მუნ არა უმრავლეს ათისა დღისა, და შთავიდა კესარიად, და ხვალისაგან დაჯდა საყდართა ზედა და ბრძანა მოყვანებაჲ პავლესი.
7 როცა მოვიდა, გარს შემოერტყნენ იერუსალიმიდან ჩამოსული იუდეველნი, რომელთაც მრავალი მძიმე ბრალდება წაუყენეს პავლეს, თუმცა მათი დამტკიცება კი არ შეეძლოთ. 7 და ვითარცა მოვიდა იგი, გარე მოადგეს მას იერუსალჱმით შთასრულნი იგი ჰურიანი, მრავალსა და მძიმესა ბრალსა დასდებდეს პავლეს ზედა, რომლისა ვერ ეძლო გამოჩინებად.
8 ხოლო მან თავის გასამართლებლად თქვა: არც იუდეველთა რჯულის, არც ტაძრისა და არც კეისრის წინაშე არ შემიცოდავს. 8 რამეთუ იგი სიტყუას-უგებდა მათ, ვითარმედ: არცა სჯულსა ჰურიათასა, არცა ტაძარსა, არცა კეისარსა რაჲ შევსცოდე.
9 ფესტუსს იუდეველთა მომადლიერება უნდოდა და პასუხად უთხრა პავლეს: იქნებ იერუსალიმს ასვლა გინდა, რომ იქ განისაჯო ჩემს წინაშე ამ ბრალდების გამო? 9 ფესტოს უკუე უნდა მომადლებაჲ ჰურიათაჲ, მიუგო პავლეს და ჰრქუა: გნებავსა იერუსალჱმდ აღსლვაჲ და მუნ ამისთჳს განკითხვაჲ ჩემ წინაშე?
10 პავლემ მიუგო: კეისრის სამსჯავროს წინაშე ვდგავარ, სწორედ იქ, სადაც უნდა განვისაჯო, იუდეველთათვის კი ცუდი არაფერი მიქნია, როგორც თავად მოგეხსენება. 10 ჰრქუა მას პავლე: საყდართა წინაშე კეისრისათა ვდგა, სადა ჯერ-არს ჩემი განკითხვაჲ, ჰურიათა არაჲ შევსცოდე, ვითარცა შენ უმჯობეს იცი.
11 თუ უსამართლოდ მოვიქეცი და ისეთი რამ ჩავიდინე, რომ სიკვდილს ვიმსახურებ, არ გავექცევი სიკვდილს. ხოლო თუ ისინი ტყუილად მდებენ ბრალს, არავის შეუძლია მათ მიმცეს ხელში. კეისრის მსჯავრს მოვითხოვ. 11 უკუეთუ რასმე ვავნებ და ღირსი სიკუდილისაჲ მიქმნიეს, არა ვევლტი სიკუდილსა; უკუეთუ არარაჲ არს, რომელსა ესენი შემასმენენ მე, ვერვის ჴელ-ეწიფების მიმადლებაჲ ჩემი მათა, კეისარსა უღაღადებ.
12 მაშინ ფესტუსი თავის მრჩევლებს მოეთათბირა და მიუგო: კეისრის მსჯავრს მოითხთვ და კეისართანვე წახვალ. 12 მაშინ ფესტოს ზრახვა-ყო თანამზრახველისა თჳსისა თანა და თქუა: კეისარსა უღაღადებ, კეისრისაცა წარხჳდე.
13 რამდენიმე დღის შემდეგ მეფე აგრიპა და ბერნიკე მივიდნენ კესარიაში ფესტუსის მოსაკითხავად. 13 და ვითარცა დღენი რაოდენნიმე წარჴდეს, აღრიპა მეფე და ბერენიკე მიიწინეს კესარიად მოკითხვად ფესტოჲსა.
14 და რაკი კარგა ხანს დარჩნენ იქ, ფესტუსმა პავლეს საქმე გააცნო მეფეს და უთხრა: არის ერთი კაცი, ფელიქსის მიერ პატიმრად დატოვებული, 14 და ვითარ მრავალ დღე იქცეოდეს მუნ, ფესტოს უთხრა მეფესა პავლესთჳს და ჰრქუა: კაცი ვინმე დაშთომილ არს ფელიქსისგან კრული,
15

რომელსაც, იერუსალიმში ჩემი ყოფნისას, იუდეველთა მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა უჩივლეს და მისი დასჯა მთხოვეს.

15 რომლისათჳს, ვიყავ რაჲ იერუსალჱმს, მითხრეს მე მღდელთ მოძღუართა და მოხუცებულთა ჰურიათა და ითხოვდეს მისთჳს სასჯელსა.
16 მაგრამ მე მივუგე, რომ რომაელებს არა სჩვევიათ სასიკვდილოდ გასცენ ვინმე, სანამ ბრალდებულს პირისპირ არ წარუდგებიან ბრალმდებელნი, და სანამ მას ბრალდებისაგან თავის მართლების საშუალება არ მიეცემა. 16 რომელთა მიუგე და ვარქუ, ვითარმედ: არა არს ჩუეულებაჲ ჰრომთაჲ მიმადლებად ვისამე კაცისაჲ წარწყმედად, ვიდრემდე, რომელსა-იგი შეასმენდენ, პირისპირ აქუნდენ შემასმენელნი იგი, და ადგილი სიტყჳს-გებისაჲ მიიღოს ბრალისა მისთჳს.
17 ხოლო როდესაც ისინი აქ მოვიდნენ, დაუყოვნებლივ, მეორე დღესვე, დავჯექი სამსჯავრო ტახტზე და იმ კაცის მოყვანა ვბრძანე, 17 და ვითარცა შემოკრბეს იგინი აქა, არცა ერთი რაჲ დროჲ ვყავ, ხვალისაგან დავჯედ საყდართა ზედა და ვბრძანე მოყვანებაჲ კაცისაჲ მის.
18 ვის წინააღმდეგ აღმდგარმა ბრალმდებლებმაც ვერ წამოაყენეს ვერცერთი ისეთი ბრალდება, მე რომ მოველოდი. 18 რომლისათჳს წარმოდგეს შემასმენელნი და არცა ერთი რაჲ ბრალი აჩინეს, რომელსა ვჰგონებდ მე ბოროტსა;
19 სამაგიეროდ ედავებოდნენ თავიანთი სარწმუნოებისა და ვიღაც მიცვალებული იესოს გამო, ვისზედაც პავლე ამტკიცებდა, ცოცხალიაო. 19 ძიებანი რაჲმე თჳსისა ეშმაკეულებისანი აქუნდეს მისა მიმართ და იესუჲს ვისთჳსმე მომკუდრისა, რომელსა იტყოდა პავლე ცხოველად.
20 რაკი ამ საქმის გარჩევა გამიძნელდა, ვუთხარი მას: ხომ არ გინდა იერუსალიმში წახვიდე და იქ განისაჯო-მეთქი? 20 და ვითარ ვერარას ვჰპოებდ მე ამის ძიებისათჳს, ვეტყოდე მას, უკუეთუმცა უნდა მისლვად იერუსალჱმდ და მუნ განკითხვაჲ ამისთჳს.
21 მაგრამ პავლემ მოითხოვა, რომ ავგუსტუსის მსჯავრამდე გვეცლია; ამიტომ, ვიდრე კეისართან გავგზავნიდი, ვბრძანე საპყრობილეში გვყოლოდა იგი. 21 ხოლო პავლე ღაღადებდა დამარხვად მისა, რაჲთა კეისარმანცა აგრძნეს, და ვბრძანე დამარხვაჲ მისი ვიდრემდე მიუძღუანო იგი კეისარსა.
22 მაშინ აგრიპამ უთხრა ფესტუსს: მეც მინდა ამ კაცს მოვუსმინო. მან კი მიუგო: ხვალვე მოუსმენ მას. 22 მიუგო აღრიპა და ჰრქუა ფესტოსს: მინდა მეცა კაცისა მისგან სმენად. ხოლო მან ჰრქუა მას: ხვალე ისმინო მისი.
23 მეორე დღეს, როცა აგრიპა და ბერნიკე დიდი ზარ-ზეიმით მობრძანდნენ და ათასისთავებსა და წარჩინებულ მოქალაქეებთან ერთად შევიდნენ სამსჯავროში, ფესტუსის ბრძანებით მოიყვანეს პავლე. 23 და ხვლისაგან მოვიდა აღრიპა და ბერენიკე მრავლითა საუცრებითა. და შევიდა განსაკითხავსა მას ათასისთავთა თანა და კაცთა მათ, მთავართა ქალაქისათა. და ვითარცა ბრძანა ფესტოს, მოუყვანეს პავლე.
24 და თქვა ფესტუსმა: მეფეო აგრიპა და აქ დამსწრენო, თქვენ ხედავთ იმას, ვის გამოც იერუსალიმში და აქაც მრავალი იუდეველი მომადგა ყვირილით: სიცოცხლის ღირსი არ არისო. 24 და თქუა ფესტოს: აღრიპა მეფე და ყოველნი კაცნი, რომელნი ჩუენ თანა ხართ, ჰხედავთა ამას? ამისთჳს ყოველი სიმრავლე ჰურიათაჲ შემემთხჳა მე იერუსალჱმს და აქაცა ღაღადებდეს და იტყოდეს, ვითარმედ: არა ჯერ-არს ეგე ცხორებად ამიერითგან.
25 მაგრამ მე მივხვდი, რომ სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია, და რაკი თვითონვე მოითხოვა ავგუსტუსის მსჯავრი, გადავწყვიტე მასთან გამეგზავნა. 25 ხოლო მე გულისჴმა-ვყავ, ვითარმედ არაჲ ღირსი სიკუდილისაჲ უქმნიეს ამას; და ვითარ-იგი თჳთ ესე უღაღადებდა კეისარსა, ვსაჯე წარვლინებაჲ მისი.
26 თუმცა მის გამო დაბეჯითებით ვერაფერს მივწერ იმპერატორს: ამიტომაც მოვიყვანე თქვენთან, უწინარეს ყოვლისა კი შენს წინაშე, მეფეო აგრიპავ, რათა განკითხვის შემდეგ ის მაინც ვიცოდე, რა მივწერო. 26 რომლისათჳს განკრძალულად ვერარაჲ მაქუს, რაჲ მივსწერო უფლისა ჩემისა; ამისთჳს მოვიყვანე ეგე თქუენ წინაშე და უფროჲსღა შენ წინაშე, მეფე აღრიპა, რაჲთა განიკითხო ეგე, და უწყოდი, რაჲ მივწერო.
27 რადგანაც უაზრობად მიმაჩნია პატიმარი გავუგზავნო და ის კი არ ვაუწყო, რას სდებენ ბრალად. 27 რამეთუ უჯერო მიჩნს მე მიძღუანებაჲ პყრობილისაჲ და ბრალთაცა მისთა არა უწყებად.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე