ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მოციქულთა საქმენი

თავი ოცდამეშვიდე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

როდესაც გადაწყდა ხომალდით გავეგზავნეთ იტალიაში, პავლე და ზოგიერთი სხვა პატიმარი ავგუსტუსის რაზმის ასისთავს ჩააბარეს, სახელად იულიუსს.

1 და ვითარცა განაჩინეს ნავითა წარსლვაჲ ჩუენი იტალიად, მისცეს პავლე და სხუანი ვინმე პყრობილნი ასისთავსა, სახელით ივლიოსს, გუნდისა სევასტიელისაჲ.
2 ავედით ადრამიტიულ ხომალდზე, ასიის სანაპიროსთვის რომ უნდა ჩაევლო, და გავემგზავრეთ. ჩვენთან იყო თესალონიკელი არისტარქე მაკედონელი. 2 შევედით ნავსა ადრამიტჳნელსა, რომელი მიმავალ იყო ადგილთა მათ ასიაჲსათა, და, აღვჴედით რაჲ, ჩუენ თანა იყო არისტარხოს მაკედონელი, თესალონიკელი.
3 მეორე დღეს მივადექით სიდონს. იულიუსმა კაცთმოყვარეთბა გამოიჩინა პავლეს მიმართ და ნება დართო მოენახულებინა მეგობრები, რათა მათგან შემწეობა მიეღო. 3 და მეორესა დღესა შთავედით სიდონდ. კაცთ მოყუარებაჲ აჩუენა ივლიოს პავლესთჳს და უბრძანა მეგობართა თჳსთა თანა მისლვად და მოღუაწებისა მიმთხვევად.
4 როცა კვლავ ავუშვით აფრა, კიპროსისკენ გავწიეთ პირქარის გამო. 4 და მიერ შევსხედით და თანა-წარვლეთ კჳპრე წინააღმდგომებითა ქართაჲთა.
5 კილიკიისა და პამფილის გასწვრივ ცურვით გავლიეთ ზღვა და ლიკიის მირაში ჩავედით, 5 მაშინ უფსკრული იგი კილიკიისაჲ და პამფილიისაჲ განვლეთ და შთავედით მჳრა ქალაქად ლუკიისა.
6 სადაც ასისთავმა ნახა იტალიაში მიმავალი ალექსანდრიული ხომალდი და მასზე გადაგვსხა. 6 და მუნ პოა ასისთავმან მან ნავი ალექსანდრიისაჲ, რომელი მივიდოდა იტალიად, და შემსხნა ჩუენ მას შინა.
7 რამდენიმე დღის განმავლობაში ნელა მივცურავდით ქარის გამო, რომელიც წინსვლას გვიშლიდა, და ძლივსძლივთბით მივაღწიეთ კნიდოსს, მერე კი სალმონთან ჩავუარეთ კრეტეს. 7 ხოლო მრავალთა დღეთა მძიმედ ვიდოდეთ და ძნიად მივიწიენით კნიდონდ, რამეთუ არა გჳტევებდა ჩუენ ქარი იგი, და თანაწარვლეთ კრიტი სალმონით კერძო.
8 რის ვაივაგლახით რომ გავცდით მას, მივადექით „კეთილ ნავსადგურად“ წოდებულ ადგილს, რომლის მახლობლადაც მდებარეობს ქალაქი ლასეა. 8 და ვითარცა ძლით წარმოვირჩიეთ იგი, მოვედით ადგილსა რასმე, რომელსა ერქუა ტბები კეთილი, რომელსა ეახლა ქალაქი ლასიაჲ.
9 მაგრამ რაკი საკმაო ხანმა განვლო და ცურვა გაძნელდა, ვინაიდან მარხვა უკვე გასული იყო, პავლემ ურჩია მათ: 9 და ვითარცა მრავალი ჟამი წარჴდა, და იყო-ღა ნავი საცთომელ სავალად, რამეთუ მარხვანი წარ-ოდენ-სრულ იყვნეს, ამცნებდა მათ პავლე
10 როგორც ჩანს, ხალხო, მგზავრობა ძნელი და სახიფათო იქნება არა მარტო ტვირთისა და ხომალდისათვის, არამედ ჩვენი სიცოცხლისთვისაც. 10 და ეტყოდა: კაცნო ძმანო, ვხედავ, რამეთუ ჭირი და ზღვევაჲ მრავალი ყოფად არს არა ხოლო თუ ტჳრთისა და ნავისაჲ, არამედ თავნიცა ჩუენნი წარწყმედად არიან ნავისა თანა.
11 მაგრამ ასისთავი მესაჭესა და ხომალდის პატრონს უფრო ენდობოდა, ვიდრე პავლეს სიტყვებს. 11 ხოლო ასისთავი იგი მენავეთ მოძღუარსა მას და ნავის უფალსა ერჩდა უფროჲს, ვიდრე-ღა პავლეს სიტყუათა.
12

და რაკი ნავმისადგომი გამოსაზამთრებლად მოუხერხებელი იყო, უმრავლესობამ გზის გაგრძელება არჩია, რათა როგორმე მიეღწიათ კრეტეს ნავსადგურ ფენიქსისათვის, რომელიც, ერთის მხრივ, სამხრეთ-დასავლეთის, მეორეს მხრივ კი ჩრდილო-დასავლეთის ქარებისკენაა მიქცეული, და იქ გამოეზამთრებინათ.

12 და ვითარ უმარჯუ იყო ნავთსადგური იგი დასაზამთრებლად, უმრავლესთა მათგანთა დაიდვეს გულსა წარსლვად მიერ, უკუეთუმცა ვითარ უძლეს მისლვად ფინიკედ და მუნ დაზამთრებად ტბასა მას კრიტისასა, რომელი ხედვიდა ჩრდილოდ და სოფლად.
13 დაჰბერა სამხრეთის ქარმა და რაკი ეგონათ, ეგ არის, ნატვრა აგვიხდაო, ღუზა აუშვეს და კრეტეს გასწვრივ გაცურეს. 13 და ვითარ-იგი ქროდა ქარი სამხრისაჲ, ჰგონებდეს, ვითარმედ ნებისაებრ მათისა იყოს, აღდგეს ასონით და წარირჩევდეს კრიტით.
14 მაგრამ სულ მალე კუნძულის მხრიდან ამოვარდა გრიგალი, ეგრეთ წოდებული ევროკლიდონი; 14 და შემდგომად არა მრავლისა ჟამისა იწყო ქროლად მის თანა ქარმან მან ბორბალმან, რომელსა ჰრქჳან ვრცელ ღელვა.
15 ეძგერა ხომალდს და რაკი მან წინააღმდეგობა ვერ გაუწია ტალღების სათამაშოდ ვიქეცით. 15 და ვითარ შეაცთუნა ნავი იგი და ვერ ეძლო პირსა მიქცევად ქარისა მის, მიუტევეთ და მიმოვაქუნდით.
16 გვერდით რომ ჩავუქროლეთ პატარა კუნძულს, კლავდად სახელდებულს, ძლივს შევინარჩუნეთ ნავი; 16 ჭალაკსა რასმე თანა-წარვჰჴედით რაჲ, რომელსა ერქუა კლავდი, ძლით შეუძლეთ დაპყრობად ჴუამალდისა,
17 ზემოთ რომ ამოათრიეს, ყოველნაირად ეცადნენ ბაგირებით გაემაგრებინათ ხომალდი და იმისი შიშით, ვაითუ სირტისში ამოვყოთ თავიო, აფრები დაუშვეს და ასე განაგრძეს გზა. 17 რომელი აღიღეს და შესაწევნელად იჴუმევდეს და შემოსწებეს ნავსა. ხოლო ეშინოდა, ნუუკუე კბოდოანსა განცჳვენ, გარდაუტევეს ჭურჭელი და ესრეთ მიმოაქუნდა.
18 რაკი გრიგალი კვლავ მძვინვარებდა, მეორე დღეს ტვირთის გადაყრა დაიწყეს. 18 და ვითარ დიდსა ზამთარსა შინა ვიყვენით, ხვალისაგან გარდასდებდეს ტჳრთსა.
19 მესამე დღეს კი ხომალდის აღჭურვილობა თავისი ხელით გადაუძახეს ზღვაში. 19 და მესამესა დღესა ჭურჭელი ნავისაჲ თჳსითა ჴელითა გარდააბნიეს.
20 მაგრამ რაკი რამდენიმე დღის განმავლობაში არც მზე ჩანდა, არც ვარსკვლავები და არც გრიგალი ცხრებოდა, ბოლოს და ბოლოს, ხსნის ყოველგვარი იმედი გადაგვიწყდა. 20 ხოლო არცა მზე, არცა ვარსკულავი ჩნდა მრავალთა დღეთა, რამეთუ ზამთარი დიდი იყო. მიერითგან წარვიწირეთ სასოებაჲ ყოველი ცხორებად ჩუენდა.
21 დიდი ხანია არაფერი გვეჭამა; მაშინ პავლე ჩადგა მათ შორის და თქვა: ჩემთვის რომ დაგეჯერებინათ და კრეტეს არ გასცლოდით, ხალხო, თავიდან აიცილებდით ამდენ ჭირსა და ვარამს. 21 და ფრიადი უზმობაჲ იყო. მაშინ პავლე აღდგა შორის მათსა და თქუა: ჯერ-იყო, ჵ კაცნო, რაჲთამცა მერჩდით მე და არა წარხუედით კრიტით და შეიძინეთ ჭირი ესე და ზღვევაჲ.
22 ახლა კი გირჩევთ გამხნევდეთ, რადგანაც ყველანი გადარჩებით, ხომალდის გარდა. 22 და აწცა გეტყჳ თქუენ, გულ-დებულ იყვენით, რამეთუ განჴუებაჲ სულისაჲ არცა ერთისაჲ იყოს თქუენგან, თჳნიერ ხოლო ნავისა.
23

ვინაიდან წუხელ გამომეცხადა ანგელოზი ღვთისა, ვისიცა ვარ და ვისაც ვმსახურებ.

23 რამეთუ წარმომიდგა მე ამას ღამესა ანგელოზი ღმრთისაჲ, რომლისაჲ ვარ მე, რომელსაცა ვჰმსახურებ,
24 და მითხრა: ნუ გეშინია, პავლე! აუცილებღად უნდა წარუდგე კეისარს, და, აჰა, ღმერთმა გაჩუქა ყველა, ვინც შენთან ერთადაა ხომალდზე. 24 და მრქუა: ნუ გეშინინ, პავლე! კეისრისა ჯერ-არს შენდა წარდგომაჲ და აჰა ესერა მიგმადლნა შენ ღმერთმან ყოველნი, რომელნი არიან შენ თანა ნავსა მაგას.
25 მაშ, მხნედ იყავით, ხალხო, რადგანაც მწამს ღვთისა, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მეუწყა. 25 ამისთჳს გულ-დებულ იყვენით, კაცნო, რამეთუ მრწამს ღმრთისაჲ, რამეთუ ესრეთ იყოს, ვითარცა სახედ მეტყოდა მე.
26 უთუოდ, რომელიმე კუნძულზე უნდა გავირიყოთ. 26 ჭალაკსა რასმე განსცჳვნებად ვართ ჩუენ.
27 მეთოთხმეტე ღამე რომ დადგა, რაც ადრიატიკის ზღვაში დავცურავდით, შუაღამისას მეზღვაურები მიხვდნენ, რომ რომელიღაც ნაპირს ვუახლოვდებოდით. 27 ხოლო ვითარცა მეათოთხმეტე ღამე მოიწია და მიმოვეტაცენით ჩუენ ანდრიასა შინა, შუა ღამეს ოდენ ჰგონებდეს მენავენი იგი მიწევნად რომელსამე სოფელსა.
28 გაზომეს სიღრმე და გამოვიდა ოცი მხარი; ცოტა მოშორებით ისევ გაზომეს და გამოვიდა თხუთმეტი მხარი. 28 და გარდაუტევეს საზომი და პოვეს ოც მჴარ. და მცირედ და-რე-ყოვნეს და კუალად მოზომეს და პოვეს ათხუთმეტი მჴარი.
29 შეეშინდათ, ვაითუ მეჩეჩზე დავჯდეთო, კიჩოდან ოთხი ღუზა ჩაუშვეს და განთიადს დაელოდნენ. 29 და ეშინოდა, ნუუკუე კბოდოანსა ადგილსა განცჳვენ, ბოლოჲთ კერძო ნავისა მის გარდასთხინეს ოთხნი კავნი და ილოცვიდეს განთენებასა.
30 ხოლო რაკი მეზღვაურებმა ხომალდიღან გაქცევა დააპირეს და შეეცადნენ ზღვაში ჩაეშვათ ნავი, იმ საბაბით, თითქოს ხომალდის ცხვირიდანაც უნდოდათ ღუზის ჩაშვება, - 30 ხოლო მენავეთა მათ ეგულებოდა სივლტოლაჲ ნავისა მისგან და გარდაუტევეს ჴუამალდი იგი ზღუად, მიზეზად რეცა თუ თავით კერძო ნავისა მის განჰმარტებენ კავთა.
31 პავლემ ასისთავსა და ჯარისკაცებს უთხრა: თუ ისინი ხომალდზე არ დარჩებიან, ვეღარაფერი გიხსნითო. 31 მაშინ პავლე ჰრქუა ასისთავსა მას და ერის კაცთა: უკუეთუ ესენი არა იყვნენ ნავსა შინა, თქუენ განრინებად ვერ ჴელ-გეწიფების.
32 მაშინ ჯარისკაცებმა გადაჭრეს თოკები და ნავი ზღვაში ჩავარდა. 32 მაშინ ერისგანთა მათ განუკუეთნეს საბელნი იგი ჴუამალდისანი და მიუშუეს იგი წარტაცებად ღელვათა.
33 განთიადისას პავლემ ყველას შესთავაზა პური ეჭამათ და თქვა: აგერ უკვე თოთხმეტი დღეა, რაც მოლოდინში უზმოდა ხართ და ლუკმა არ ჩაგიდევთ პირში. 33 და ვითარცა განთენდებოდა, ჰლოცვიდა ყოველთა პავლე მიღებად საზრდელისა და ჰრქუა: მეათოთხმეტე დღე არს დღეს, ვინაჲთგან უზმათა დაგიყოფიეს და არარაჲ მიგიღებიეს.
34

ამიტომაც გთხოვთ, საჭმელი ჭამოთ, რაც საჭიროა თქვენსავ სახსნელად, ვინაიდან არცერთი თქვენგანის თავიდან ერთი ღერი თმაც არ ჩამოვარდება.

34 ამისთჳს გლოცავ თქუენ მიღებად საზრდელისა, რამეთუ ესე თქუენის ცხორებისათჳს იქმნა, რამეთუ არავისი თქუენგანისაჲ თმაჲ ერთი თავისაჲ წარწყმედად არს.
35 ეს რომ თქვა, პური აიღთ, ყველას წინაშე მადლი შესწირა ღმერთს, გატეხა და ჭამა დაიწყო.  35 და ესე ვითარცა თქუა, მოიღო პური, ჰმადლობდა ღმერთსა წინაშე ყოველთასა და განტეხა და იწყო ჭამად.
36 მაშინ ყველანი გამხნევდნენ და თვითონაც შეუდგნენ ჭამას. 36 გულს-მოდგინე იქმნეს ყოველნი და მათცა მიიღეს საზრდელი.
37 ხოლო ხომალდზე სულ ორას სამოცდათექვსმეტი სული ვიყავით. 37 ხოლო ვიყვენით ნავსა მას შინა ყოველნი კაცნი ორას სამეოც და ათექუსმეტი სული.
38 როცა დანაყრდნენ, ხომალდისთვის ტვირთი რომ შეემსუბუქებინათ, ზღვაში გაყარეს ხორბალი. 38 და ვითარცა განძღეს საზრდელითა, აღუმცირებდეს ნავსა მას და გარდასდებდეს იფქლსა ზღუად.
39 მაგრამ როდესაც ინათა, ხმელეთი ვერ იცნეს, მხოლოდ სანაპიროში შეჭრილი ყურე შენიშნეს, რომელშიაც გადაწყვიტეს ხომალდით შესვლა, თუკი შეძლებდნენ. 39 და რაჟამს განთენა, ქუეყანაჲ იგი ვერ იცნეს, ყურესა რასმე განიცდიდეს, რომლისა იყო ზღჳს კიდე, სადა-იგი ეგულებოდა, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, განდგინებაჲ ნავისაჲ მის.
40 ღუზები გადაჭრეს და ზღვაში ჩატოვეს, იმავდროულად მოუშვეს საჭის საკვრელიც, ქარის საპირისპიროდ აღმართეს მცირე აფრა და ნაპირისკენ აიღეს გეზი. 40 მოჰჴსნნეს კავნიცა იგი და მიუტევნეს ზღუად, და მათ თანა მიუტევნეს შესაუღლველნიცა იგი საჭეთანი და აღუპყრეს აფრაჲ მცირე, და ქარით კერძო ეპყრა ზღჳს კიდით კერძო.
41 მაგრამ წყალგამყოფ კლდეს დაეჯახნენ და მეჩეჩზე დაჯდნენ; ხომალდი ცხვირით ჩაერჭო წყალში, კიჩოს კი აბობოქრებული ტალღები ასკდებოდნენ და დალეწვას უქადდნენ. 41 და ვითარცა შეცჳვეს უმძაფრესსა ადგილსა, დაჰკიდეს ნავი იგი. და, რამეთუ თავით კერძოჲ იგი უმაგრესად დგა, ეგო უძრავად, ხოლო ბოლოჲთ კერძო იგი დაირღუეოდა სიმძაფრითა ღელვათაჲთა.
42 მაშინ ჯარისკაცებმა განიზრახეს დაეხოცათ პატიმრები, რომ ვინმეს არ გაეცურა და გაქცეულიყო. 42 ხოლო ერის კაცთა მათ ზრახვა-ყვეს, რაჲთა მოსწყჳდნენ პყრობილნი იგი, ნუუკუე განვინმე-ცურდეს და ივლტოდის.
43 მაგრამ ასისთავმა, რომელსაც სურდა გადაერჩინა პავლე, ამის ნება არ დართო მათ და ბრძანა, ვისაც შეეძლო, პირველი გადამხტარიყო და ცურვით გასულიყო ხმელეთზე, 43 ხოლო ასისთავსა მას უნდა განრინებაჲ პავლესი და დააბრკოლნა იგინი ზრახვისა მისგან და უბრძანა, რომელნი-იგი ცურვით შემძლებელ იყვნეს, განსლვად ქუეყანად,
44 დანარჩენებს კი ფიცრები ან ხომალდის ნამსხვრევები ჩაებღუჯათ და ასე გადაერჩინათ თავი. ამრიგად, როგორც იქნა, ყველამ მიაღწია ნაპირს. 44 და სხუანი იგი რომელნიმე ფიცრითა და რომელნიმე ჭურჭლითა ნავისაჲთა რომლითამე. და ესრეთ განვერენით ყოველნივე და გამოვედით ქუეყანად.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე