ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი ეზრა

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

სპარსეთის მეფის, კიროსის, პირველ წელს, რათა აღსრულებულიყო იერემიას პირით თქმული უფლის სიტყვა, გააღვიძა უფალმა სპარსეთის მეფის, კიროსის, სული და გამოაცხადა მან მთელს თავის სამეფოში ზეპირ და წერილობითაც, რომ:

1

პირველსა მას წელსა კჳროს მეფისა სპარსთასა, აღსრულებასა მას სიტყჳსა უფლისასა პირითა იერემია წინაწარმეტყუელისათა, განაღჳძა უფალმან სული კჳროსისი, მეფისა სპარსთასა, და მისცა ბრძანება მეცნიერებისა ყოველსა საშარავანდედოსა თჳსსა და მიწერა ყოველთა მიმართ სახე ესრე

2 ასე ამბობს კიროსი, სპარსეთის მეფე: ქვეყნიერების ყველა სამეფო მომცა მე უფალმა, ცათა ღმერთმა, და მანვე მიბრძანა ავუშენო მას სახლი იერუსალიმში, იუდაში რომ არის. 2 ესრეთ იტყჳს კჳროს, მეფე სპარსთა: ყოველი შარავანდედები ქუეყანისა მომცა მე უფალმან ღმერთმან ზეცისამან და მან მიბრძანა მე მოძიება, რათა უშენო მას ტაძარი იერუსალიმს ჰურიასტანისასა.
3 ვინ არის თქვენს შორის ამ ხალხიდან, ღმერთი იყოს მასთან! წავიდეს იერუსალიმში, იუდაში, და აუშენოს სახლი უფალს, ისრაელის ღმერთს. ეს არის ღმერთი, რომელიც იერუსალიმშია. 3 და თუ ვინმე იყოს თქუენგანი ყოველსა ერსა უფლისასა, რომლისა თანა იყოს ღმერთი მისი მის თანა, და აღვედინ იერუსალჱმდ ჰურიასტანისა, და აღაშენენ სახლი იგი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, და თავადი ღმერთი, რომელი-იგი დამკჳდრებულ არს იერუსალჱმს, იყავნ მის თანა.
4 დანარჩენებმა, ყველამ თავის ადგილიდან, ვინც კი სადმე ცხოვრობს, ხელი გაუმართოს მას ვერცხლით, ოქროთი, ყოველნაირი ქონებით, პირუტყვით - ნებაყოფლობითი ძღვენი გაიღოს იერუსალიმში მყოფი ღმერთის სახლისთვის. 4 და ყოველი განმზადებულებაჲ მისი მიიღოს მის თანა, წარიღენ ადგილსა მას, სადა-იგი თჳთ დამკჳდრებულ არს და თანაწარიღენ კაცად-კაცადმან ყოველივე აღსაგებელი თჳსი, რომელ-რა იყოს: ოქროსა და ვეცხლსა და ჭურჭელსა და საცხოვარსა, მოყუსიანად მიიღონ განმზადებულობა ტაძრისა უფლისა ღმრთისა იერუსალიმს
5 გაემზადნენ იუდას და ბენიამინის მამისსახლთა თავკაცნი, მღვდლები და ლევიანები, ყველა, ვისაც კი იერუსალიმში მყოფთ უფლის ტაძრის ასაშენებლად აღუძრა სული ღმერთმა. 5 და აღდგეს მფლობელნი იგი მამამთავართა ძეთა იუდასთა და ბენიამენისთა, მღდელნი იგი და ლევიტელნი და ყოველნი, რომელთა განაღჳძა უფალმან ღმერთმან სული მათი აღსლვად და აღშენებად ტაძრისა უფლისა ღმრთისა იერუსალჱმდ.
6 ყველამ, ვინც მათ გარშემო იყო, ხელი გაუმართა მათ ვერცხლის ჭურჭლით და ოქროულობით, ყოველნაირი ქონებით, პირუტყვით, ძვირფასეულობით, გარდა იმისა, რაც ნებაყოფლობით გაიღეს. 6 და ყოველნი, რომელნი იყუნეს გარემოს მისსა, შემწე ეყოფოდეს და განაძლიერებდეს ჴელთა მათთა, მისცემდეს ოქროსა და ვეცხლსა, ჭურჭელსა და საცხოვარსა და ძღუნითა და შესაწირავითა აღავსებდეს.
7 მეფე კიროსმა გამოიტანა უფლის ტაძრის ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორს ჰქონდა წამოღებული და მისი ღმერთის ტაძარში ეწყო. 7 და მეფემან კჳროს მოღებად-სცა ყოველი იგი სამსახურებელი სახლისა მის უფლისაჲ, რომელ გამოიღო ნაბუქოდონოსორ მეფემან იერუსალჱმით, და მოსცა დამარხვად სახლსა ღმრთისა თჳსისასა.
8 გამოიტანა ისინი მეფე კიროსმა, სპარსეთის მეფემ, მითრიდატ მეგანძურის ხელით; მან კი თვლით ჩააბარა შეშბაცარს, იუდაელ მთავარს. 8 მოღებად-სცა კჳროს, მეფემან სპარსთამან, ჴელითა მითრადატ მეფასისათა და მიუთვალა სამნასარს, მთავარსა იუდასსა.
9 აი, მათი რაოდენობა: ოქროს ლანგარი - ოცდაათი, ვერცხლის ლანგარი - ათასი, დანა - ოცდაცხრა, 9 და ესე არს რიცხჳ აღთვალვისა: საზორველნი იგი ოქროსა ოცდაათ და საზორველნი იგი სამსახურებელთა ვეცხლისათანი ათას ოცდაცხრა;
10 ოქროს ბარძიმი - ოცდაათი, ვერცხლის ორმაგი ბარძიმი - ოთხას ათი, სხვა ჭურჭელი - ათასი. 10 და პინაკები ოქროსა ოცდაათ და ვეცხლისანი ორგზის ათას.
11 ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი სულ ხუთიათას ოთხასი ცალი. ეს ყველაფერი წამოიღო შეშბაცარმა, როცა გადასახლებულნი ბაბილონიდან იერუსალიმში დააბრუნეს. 11 და ყოველი ჭურჭელი ოქროსა და ვეცხლისა ხუთ ათას ოთხას ყოვლითურთ, რომელნი გამოვიდოდეს სამნასარის თანა ტყვეობისაგან ბაბილონით იერუსალჱმდ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე