ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი ეზრა

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გაიგეს იუდას და ბენიამინის მტრებმა, რომ ტაძარს უშენებდნენ ტყვეები უფალს, ისრაელის ღმერთს.

1

და ესმა, რომელნი აჭირვებდეს იუდასა და ბენიამენსა, ვითარმედ ძენი ისრაჱლისანი მოქცეულ არიან ტყუეობისაგან და აშენებენ სახლსა უფლისსა ღმრთისა ისრაჱლისასა.

2 მივიდნენ ზერუბაბელთან და მამისსახლთა თავკაცებთან და უთხრეს: ჩვენც თქვენთან ერთად ავაშენებთ, რადგან ჩვენც თქვენსავით ვეძებთ თქვენს ღმერთს, ჩვენც ვწირავთ მას მსხვერპლს აშურის მეფის, ასარხადონის, დროიდან, რომელმაც აქ წამოგვიყვანა. 2 და მიეახლნეს ზორობაბელს და მფლობელთა და მამამთავართა და ჰრქუეს მათ: ვაშენებდეთ ჩუენცა თქუენ თანა, ვითარცა თქუენ, ვითხოვთ უფლისაგან ღმრთისა თქუენისა, რამეთუ ჩუენცა, ეგრეთვე შევსწირავთ შესაწირავსა, ვინათგან ასარდან, მეფემან ასურასტანისამან, მოგჳყვანნა ჩუენ აქა
3 მიუგეს მათ ზერუბაბელმა და იესომ, და ისრაელის დანარჩენ მამისსახლთა თავკაცებმა: არ გამოვა ჩვენი ღვთის სახლის შენება თქვენთან ერთად, რადგან მარტო ჩვენ უნდა ავუშენოთ სახლი უფალს, ისრაელის ღმერთს, როგორც ნაბრძანები აქვს კიროს მეფეს, სპარსთა მეფეს. 3 და რქუა მათ ზორაბაბელ და ისუ იოსედეკიანმან და ნეშტთა მათ მფლობელთა მამამთავართა ისრაჱლისათა: არა წეს არს ჩუენდა და თქუენდა ერთგამად აღშენებად სახლი უფლისა ღმრთისა ჩუენისა. ჩუენ თჳთ აღვაშენოთ სახლი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, ვითარცა გჳბრძანა ჩუენ კჳროს, მეფემან სპარსთამან
4 მაშინ დაუწყო ქვეყნის ერმა იუდას ხალხს ხელის შეშლა და დაბრკოლება ტაძრის შენებაში. 4 და ერი იგი მის ქუეყანისა დააშთინებდა ჴელთა კრებულისა ჰურიასტანისათა და დააბრკოლებდეს მათ შენებისაგან.
5 დაიწყეს მათ წინააღმდეგ მრჩევლების მოსყიდვა, რომ ჩაეფუშათ მათი განზრახვა. ასე იქცეოდნენ სპარსთა მეფის, კიროსის დროს, დარიოსის სპარსთა მეფის მეფობამდე. 5 და დაიდგინეს მორეწენი და ზრახვიდეს, ვითარმცა დააბრკოლნეს იგინი ყოველთა დღეთა კჳროს მეფისა სპარსთასა ვიდრე დღემდე დარეჰ მეფისა სპარსთასა.
6 ხოლო ახაშვეროშის მეფობისას, მისი მეფობის დასაწყისში, დაწერეს დაბეზღების წერილი იუდას და იერუსალიმის მკვიდრებზე. 6 შარავანდობასა ასარსურაჲსსა სპარსთა ზედა, დასაბამსა შარავანდობისა მისისა, და მიუწერეს წიგნი, რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს ჰურიასტანსა შინა და იერუსალჱმს,
7 ართახშაშთას დროს კი ბიშლამმა, მითრედატმა, ტაბეელმა და სხვა თანამდგომებმა მისწერეს ართახშაშთას, სპარსთა მეფეს, წერილი, დაწერილი არამეული ასოებით და არამეულ ენაზე. 7 და დაწერეს დღეთა არტაშესის მითრადატის ტაბელითურთ და სხუათაცა მონათა მისთა მოხარკეთა. და მიუწერეს წიგნი ასურულითა ენითა, და იყო გამოთარგმანებული ჰრემ ბალატის მიერ,
8 რეხუმ მრჩეველმა და შიმშაი მდივანმა ერთი ასეთი წერილი მისწერეს იერუსალიმის წინააღმდეგ ართახშაშთას მეფეს, 8 და ესე არიან სიტყუანი წერილისა მის, რომელი მიუვლინეს: მონანი არსა მეფისა ესე მონანი შენნი, რომელნი მკჳდრ ვართ კიდესა ამის მდინარისასა?
9 რეხუმ მრჩეველმა, შიმშაი მწერალმა და მათმა თანამდგომებმა - დინაელებმა, აფარსათქელებმა, ტარფელელებმა, აფარსელებმა, არქეველებმა, ბაბილონელებმა, შუშანელებმა, დეჰაველებმა, ელამელებმა, 9 ჰრეუმ ბაალტამ და სამაი მწერალმან და სხუათა მონათა ჩუენთა: დენეეს, სფარსათაქაიეს, ტარფალიე, ალფასიე, აქუვე, ბაბილოვნელნი, სუსან, ქეედე.
10 დანარჩენმა ხალხმა, რომელიც აჰყარა დიდმა და სახელოვანმა ასნაფარმა და სამარიის ქალაქში დაასახლა, და ნარჩენმა მდინარისგაღმელებმა და სხვებმა - 10 და სხუანი იგი დაშთომილნი ნათესავნი, რომელნი დაამკჳდრნა ასენაფარ დიდმან და პატიოსანმან ქალაქსა სომონორსა, ესე არს სამარია. და ნეშტნი იგი წიაღ მდინარესა მას.
11 აი, შინაარსი წერილისა, რომელიც გაუგზავნეს მას: ართახშაშთა მეფეს შენი მორჩილნი, მდინარისგაღმელნი და სხვები. 11 ესე არიან სიტყუანი მის წიგნისანი, რომელი მიუძღუანეს მათ არტაშეს მეფესა: მონანი შენნი კაცნი, რომელნი დამკჳდრებულ არიან წიაღ მდინარესა, მშჳდობა მოაჴსენეს.
12 იცოდეს მეფემ, რომ იუდაელნი, რომელნიც შენგან გამოვიდნენ, ჩვენთან არიან მოსულნი იერუსალიმში; მოჯანყე და საძაგელ ქალაქს აშენებენ, კედლები აჰყავთ და ბურჯებს ამაგრებენ. 12 აწ უწყებულ იყავნ შენდა, მეფისა, რამეთუ ჰურიანი ესე, რომელნი მოვიდეს აქა შენგან ჩუენდა, შევიდეს დაშთომილსა ამას ქალაქსა იერუსალჱმსა განდგომილსა და განმამწარებელსა, რომელსა აწცა აშენებენ, და ზღუდეთა მისთა აღმართება ჰნებავს და საფუძველსა მისსა აღამაღლებენ
13

ახლა იცოდეს მეფემ, რომ თუ ეს ქალაქი აშენდა და კედლები გასრულდა, არც ხარკს, არც გადასახადს, არც ბეგარას არ გადაიხდის და სამეფო ხაზინას დააზარალებს.

13

აროსას მეფისა მშჳდობა! და აწ უწყებულ იყავნ შენდა, მეფე, უკუეთუ ქალაქი ესე აღიშენოს და ზღუდენი მისნი აღემართნენ, ხარკი შენ არავინ მოგცეს.

14 და რაკი ჩვენ სასახლის მარილით ვსაზრდოობთ და მეფის ზარალის ყურება არ შეგვფერის, ამიტომაც ვიუწყებით და ვატყობინებთ მეფეს: 14 და მჴდომ ექმნენ მეფეთა და ჩუენ არა გუნებავს ხილვად, და მის ყოვლისათჳს მივსწერეთ შენდა, მეფე.
15 რომ მოჩხრიკონ შენი მამა-პაპის მატიანე და ნახავ მატიანეში და გაიგებ, რომ ეს ქალაქი მოჯანყე და საძაგელი ქალაქია მეფეთათვის და ქვეყნისთვის, რომ ძველთაგანვე ამბოხებები ხდებოდა იქ, რისთვისაც განადგურებული იქნება ეს ქალაქი. 15 და ძიება-ჰყო მატიანთა საჴსენებელსა მამათა შენთასა, და ჰპოვო, გულისხმა-ჰყო, ვითარმედ ქალაქი ესე განდგომილთა არს და ყოველსა ჟამსა წინააღუდგების მეფეთა, შესავედრებელ არიან ყოველთა მეოტთათჳს ყოველთა ჟამ, უკუე ამისთჳსცა ქალაქი ესე აღიოჴრა.
16 ვატყობინებთ მეფეს, რომ თუ ეს ქალაქი აშენდა და კედლები დასრულდა, არავითარი წილი აღარ გექნება წყალგაღმიდან. 16 აწ გაუწყებ თქუენ, მეფესა: უკუეთუ ქალაქი ესე აღეშენოს და ზღუდენი აღემართნენ, არა იყოს შენდა მშჳდობა.
17 განკარგულება გაუგზავნა მეფემ რეხუმ მრჩეველს და შიმშაი მწერალს და სხვა მოხელეებს, რომლებიც ცხოვრობენ სამარიაში და სხვა მდინარისგაღმა ქალაქებში, მოკითხვით და ასე და ასე. 17 მიუწერა მეფემან არეუმ ბალტემისა და სამაიასა მწერალსა და სხუათა მონათა და მოდგამთა მათთა, რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს სამარიას და ნეშტთა მათ წიაღ მდინარისათა: მშჳდობა თქუენდა,
18 წერილი, რომელიც გამომიგზავნეთ, საჯაროდ იქნა წაკითხული ჩემს წინაშე. 18 და ხარაკისმომჴდელნი ესე, რომელ მოავლინენით ჩუენდა, მივიდეს ჩემ წინაშე და მითხრეს ყოველივე.
19 მეც გავეცი ბრძანება, ეძიეს და აღმოაჩინეს, რომ ეს ქალაქი ძველთაგანვე უჯანყდებოდა მეფეებს, შფოთი და არეულობა იყო იქ. 19 და მივწერე და ვპოე, რამეთუ ქალაქი ეგე საუკუნითგან ჟამთასა განდგომილ არს, და მჴდომ მეფეთა ყოფილან.
20 ძლიერი მეფეები განაგებდნენ იერუსალიმს, ეპყრათ მთელი მდინარის გაღმა მხარე, ხარკი, გადასახადი და ბეგარა ეძლეოდათ მათ. 20 და მეფენი ფიცხელნი და ძლიერნი დადგომილა იერუსალჱმს და განძლიერდეს, დაიპყრეს ყოველი ქუეყანა მზისდასავლით კერძო წიაღ ეფრატსა მდინარესა, და აწ დასდევით მას ზედა ხარაკი და ზუერი, რათა არა მერმეცა თავს მოთნებით განლაღდენ.
21 ახლა გაეცით ბრძანება, შეწყვიტოს მუშაობა ამ ხალხმა, რომ არ აშენდეს ეს ქალაქი, ვიდრე ჩემგან არ გამოვა ბრძანება. 21 აწ გაუწყებ თქუენ, მივედით და დააყენენით იგინი და დააბრკოლეთ საქმე იგი მათი, რომელ არა აღიშენონ ქალაქი მათი.
22 ფრთხილად იყავით, არაფერი გამოგეპაროთ ამ საქმეში. რისთვის უნდა გამრავლდეს ბოროტება მეფეთა საზიანოდ? 22 ნუ შეუნდობთ მათ, ნუცა მიუტეობთ, არამედ გულსა დაიდევით და მოჰჴადეთ ყოველი ხარკი მათი და ზუერი, რათა არა განმრავლდენ და განძლიერდენ და იყონ მჴდომ მეფეთა.
23 როგორც კი მეფე ართახშაშთას წერილი წაკითხულ იქნა რენუმის, შიმშაი მწერლის და მათ თანამდგომთა წინაშე, დაუყოვნებლივ წავიდნენ ისინი იერუსალიმში იუდაელებთან და მაგარი ხელით შეაწყვეტინეს მუშაობა. 23 მას ჟამსა ხარკისმომჴდელმან არსას მეფისამან, რომელ არს არტაშესი, მოიღო და აღმოიკითხა წიგნი წინაშე არეუმის და საის მწერალისა და მონათა მათთა. აღვიდეს მსწრაფლ იერუსალჱმად და ჰურიასტანად დიდითა ძლიერებითა და მჴედრებითა და დააბრკოლეს ურიანი იგი შენებისაგან
24 მაშინ შეწყდა ღვთის სახლის შენება იერუსალიმში შეწყვეტილი იყო სპარსთა მეფის, დარიოსის მეფობის მეორე წლამდე. 24 მას ჟამსა დაბრკოლებულ, მოცალე იქმნა საქმე იგი ტაძრისა უფლისა ღმრთისა იერუსალჱმს და იყო მოცალებულ ვიდრე მეორე წლადმდე დარეჰ მეფისა სპარსთასა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე