ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი ეზრა

თავი მეშვიდე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ამ ამბების შემდეგ სპარსთა მეფის, ართახშაშთას, მეფობაში ეზრა ძე სერაიასი, ძისა ყაზარიასი, ძისა ხილკიასი,

1

და შემდგომად სიტყჳსა მათ შარავანდობისა არტახშესის, მეფისა სპარსთასა, გამოვიდა ეზრა, ძე სარუველისი, ძისა აზრიასი, ძისა ქელკიასი,

2 ძისა შალუმისა, ძისა ცადოკისა, ძისა ახიტუბისა, 2 ძისა სილომისა, ძისა სედაკისა, ძისა აქიტობისი,
3 ძისა ამარიასი, ძისა ყაზარიასი, ძისა მერაიოთისა, 3 ძისა სამარიასი, ძისა ეზრიასი, ძისა მარგთასა,
4 ძისა ზერახიასი, ძისა ყუზისა, ძისა ბუკისა, 4 ძისა ზარეასი, ძისა ოზიასი, ძისა ბუკეისი,
5 ძისა აბიშუაყისა, ძისა ფინხასისა, ძისა ელეაზარისა, ძისა აარონისა, მღვდელმთავრისა - 5 ძისა აბისუმისი, ძისა ეფნესესი, ძისა ელიეზარისა, ძისა აჰრონისი პირველის მღდელისა.
6 ეს ეზრა წამოვიდა ბაბილონიდან. იგი იყო მწიგნობარი, მოსეს რჯულში ჩახედული, რომელიც მისცა უფალმა, ისრაელის ღმერთმა. შეუსრულა მას მეფემ ყველა სათხოვარი, რადგან უფლის, მისი ღმერთის ხელი იყო მასზე. 6 ესე ეზრა, რომელი გამოვიდა ბაბილონით, იყო მწერალი მალედ სჯულისა მის მოსესისა, რომელი-იგი მოსცა უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან. და მისცა მას მეფემან ყოველივე, რაცა უნდა და ითხოვოს. რამეთუ ჴელი უფლისა ღმრთისა იყო მის თანა.
7 წავიდნენ ისრაელიანთაგან, მღვდელთაგან, ლევიანთაგან, მგალობელთაგან, კარისკაცთაგან და შეწირულთაგან იერუსალიმში მეფე ართახშასთას მეშვიდე წელს. 7 და გამოვიდეს მის თანა ძეთა მათგან ისრაელისათა მღდელთა მათგანნი და ლევიტელთა და შემსხმელთა მათგანნი მსახურთა და მეკარეთა მათგანნი და ნათანაელთა მათგანნი იერუსალიმად წელსა მეშჳდესა არტაშესის მეფისასა.
8 მივიდა იერუსალიმში მეხუთე თვეს, მეფის მეშვიდე წელს, 8 გამოვიდნენ იერუსალჱმად თთვესა მას მეშჳდესა, რომელი-იგი იყო წელი მეშჳდე მეფისა მის.
9 რადგან პირველი თვის პირველი დღე იყო დასაწყისი ბაბილონიდან წამოსვლისა და მეხუთე თვის პირველ დღეს მივიდა იერუსალიმში, რადგან მისი ღვთის სასიკეთო ხელი იყო მასზე. 9 და თთჳსთავსა მის მეშჳდისა თთჳსასა მოვიდა ეზრა იერუსალიმად, რამეთუ ჴელი უფლისა ღმრთისა ამაღლებულ იყო მის თანა.
10 რადგან გულს იდვა ეზრამ უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება, და წესისა და სამართლის სწავლება ისრაელში. 10 და დაიდვა ეზრა გულსა თჳსსა მოძიებად სჯულისა მის უფლისა და აღწერად მისა და სწავლად ისრაელისა ბრძანებანი და მსჯავრნი.
11

აჰა, პირი წერილისა, რომელიც მისცა მეფე ართახშასთამ ეზრას - მღვდელს, მწიგნობარს, უფლის მცნებათა და წესთა მოძღვარს ისრაელში:

11

ესე არიან ბრძანებანი იგი, რომელი მისცა არტაშეს მეფემან ეზრას მღდელსა და მწერალსა წიგნთასა და სიტყუათა უფლისათა და ბრძანებისა სჯულისა უფლისათა და ბრძანებითა მით, რომელი იყო ზედა ისრაილსა.

12 ართახშასთა, მეფეთა მეფე, ეზრას, მღვდელს, ცათა ღმერთის რჯულის სრულყოფილ მოძღვარს, ასე და ასე. 12 არტაშეს მეფემან მეფეთამან ეზრა მწერალსა სჯულისა უფლისა ღმრთისასა ზეცათასა,
13 ვიძლევი განკარგულებას, რომ თუ ვინმეს ისრაელის ერიდან - მღვდლებს და ლევიანებს, გადაწყვეტილი აქვთ იერუსალიმში წასვლა, შენთან ერთად წავიდეს, 13 ყოვლითა სიმტკიცითა მივეც მე ბრძანება ყოველთა ზედა, რომელნი არიან სუფევასა ჩემსა ერისა მისგან ისრაელისასა მღდელთა მათგან და ლევიტელთა, რათა აღვიდენ ყოველნი იერუსალჱმად შენ თანა.
14 რადგან შენ იგზავნები მეფისგან და მისი შვიდი მრჩევლისგან, რათა მოიხილო იუდა და იერუსალიმი შენი ღმერთის რჯულის მიხედვით, რომელიც შენს ხელთაა, 14 პირისაგან მეფისასა და შჳდთა თანამზრახველთა მიწერა წიგნი ესე მოძიება ჰურიათა და იერუსალჱმელთა წინამძღურებითა ეზრასითა, რომლისა იყო სული ღმრთისა ჴელთა შინა მისთა.
15 რომ წაიღო ვერცხლი და ოქრო, მეფემ და მისმა მრჩევლებმა რომ შესწირეს ისრაელის ღმერთს, რომლის სავანე იერუსალიმშია, 15 და უბრძანა მეფემან მიცემად სახლსა უფლისასა ვეცხლი და ოქრო თახამზრახველითურთ თჳსით იერუსალჱმს და დადება ტაძარსა მას შინა წინაშე უფლისა ღმრთისა ისრაელისა.
16 და მთელი ვერცხლი და ოქრო, რასაც მოიპოვებ მთელს ბაბილონში, იმ ერისკაცთა და მღვდელთა შემოწირულობასთან ერთად, რომელნიც შესწირეს თავიანთ ღმერთის სახლს იერუსალიმში. 16 და ყოველივე, რაოდენიცა იპოვოს ვეცხლი და ოქროჲ, რომელნი მიიტყვენნეს ჰურიანი მსხემობით ბაბილონად, ერთა და მღდელთა მათ თანაწარიღედ და მიიღედ სახლსა მას უფლისასა იერუსალჱმად.
17 ამიტომაც დაუყოვნებლივ იყიდე ამ ვერცხლით ხარები, ვერძები და ბატკნები და მათი საძღვნო შესაწირავი და ზედაშე, და მიიტანე ისინი თქვენი ღმერთის სამსხვერპლოზე, იერუსალიმში. 17 და ყოველთავე, რომელნი განვიდენ, იგინი განმზადნნედ ესრეთ სახედ, ვითარცა ვწერეთ, ზვარაკები, ვერძები და კრავები და საკვერთხნი და შესაწირავნი მათნი და შეწირედ ზედა საკურთხეველსა უფლისა ღმრთისა თჳსისასა იერუსალჱმს.
18 და როგორც უკეთესად მიიჩნევთ შენ და შენი თვისტომნი, თქვენი ღმერთის ნებით, ისე მოიხმარეთ დარჩენილი ოქრო-ვერცხლი. 18 უფროს და უმეტეს შენთჳს და ძმათა შენთათჳს ვყავ ქველის-საქმე, დაუტევე ოქრო და ვეცხლი, ვითარცა შეაშუს ღმრთისა, თქუენცა ეგრეცა ყავთ.
19 ჭურჭელი, რომელიც მოგეცა შენი ღმერთის სახლის სამსახურისთვის, დაუბრუნე იერუსალიმის ღმერთს. 19 და ჭურჭელი იგი მიგცეს შენ სამსახურებელად სახლისა უფლისა, წარიღე შენ თანა და მიეც იერუსალჱმს.
20 შენი ღმერთის სახლის დანარჩენი სამსახურებელი ნივთი, რისი მიცემაც მოგესურვება, მიეცი სამეფო საგანძურიდან. 20 და ნეშტი იგი მიეც დამარხვად საფასესა სახლსა სამეუფოსა.
21

ვიძლევი განკარგულებას მე, ართახშასთა მეფე, მდინარისგაღმელი ყველა მეგანძურის მიმართ, რომ რასაც კი მოგთხოვთ ეზრა, მღვდელი და ცათა ღმერთის რჯულის მოძღვარი, დაუყოვნებლივ შესრულდეს.

21

მე, არტახშეს მეფემან, მივეც ბრძანება ყოველთა მეფასეთა, რომელნი იყვნეს მიერ კერძო მდინარით ევფრატით, ყოველსავე, რასაცა ითხოვდეს თქუენგან ეზრა მღდელი და მწერალი სჯულისა უფლისა ღმრთისა ზეცათასა, მიეცით სახლსა უფლისა ღმრთისა ზეცათასა.

22 ვერცხლი ას ქანქარამდე, ხორბალი ას ქორამდე, ღვინო ას ბათამდე, ზეთი ას ბათამდე, და მარილი დაუწერელად. 22 და მზა-უყავთ ვეცხლი ასი ტალანტი და იფქლი ასი საწყაული და ღჳნო იგივე საწყაული და ზეთი იგივე ზომი.
23 ყველაფერი, რაც კი ნაბრძანები აქვს ცათა ღმერთს, ბეჯითად უნდა გაკეთდეს ცათა ღმერთის სახლისათვის, რათა არ დაატყდეს მისი რისხვა სამეფოს, მეფეს და უფლისწულებს. 23 და ნუმცა ვინ წინააღუდგების ბრძანებასა მეფისასა. ყოველივე, რაცა ვბრძანე, სახელითა უფლისა ღმრთისა ზეცათა და ქუეყანისა, ეგრეცა იყავნ, და ნუ ვინ ჴელსა ჰყოფნ დაბრკოლებად სახლისაგან უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, რათა არა იყოს რისხვა უფლისა ღმრთისა ზედა მეფობასა ჩემსა და ძისა ჩემისასა
24 გაცნობებთ, რომ არცერთ მღვდელს და ლევიანს, არც მგალობელს და შეწირულ კარისკაცს, ამ ღვთის სახლში მომსახურეს, არ დაეკისროს არც ხარკი, არც გადასახადი და არც ბეგარა. 24 გაუწყებთ თქუენ, რათა ყოველი, რომელი იყოს მღდელთა მაგათგანი და ლევიტელთა და ფსალმუნთშემსხმელთა და მეკარეთა და ნათანაელთა, რომელნი-იგი იყუნეს მსახურნი სახლისა უფლისანი, ნუმცა მისცემენ ხარკსა, ნუძცა ვის უფლიეს დამონება მათი.
25 შენ კი, ეზრა, შენი ღმერთის სიბრძნით, რომელიც შენს ხელთაა, დაადგინე მსაჯულები და მოსამართლეები, რომლებიც სამართალს გაუჩენენ მთელს ერს, მდინარისგაღმელს, ყველას, ვინც იცის შენი ღმერთის რჯული, ხოლო ვინც არ იცის, ასწავლეთ. 25 და შენ, ეზრა, რომლისა სიბრძნე ღმრთისა შენისა ჴელთა შინა შენთა არს, დაადგინენ მწერალნი და მსაჯულნი მათ ზედა, რომელნი სჯიდენ ყოველსა მას ერსა, რომელნი არიან მდინარესა მას მიერ კერძო და ასწავებდენ ყოველთა, რომელთა არა იციან სჯული ღმრთისა შენისა, რომელთა-იგი არა იცოდიან, ყოველთა
26 ყველა, ვინც არ შეასრულებს შენი ღმერთის რჯულს და მეფის რჯულს, დაუყოვნებლივ უნდა გასამართლდეს. ან სიკვდილით დაისაჯოს, ან მოიკვეთოს, ან დაჯარიმდეს და დატუსაღდეს. 26 ყოველთავე, რომელთა არა ყონ მსგავსად სჯულისა მის უფლისა და ბრძანებისა მისებრ მეფისასა, მი-მცა-ეცემიან მსაჯულსა საქმეთა მათებრ თჳსთა, გინა თუ სიკუდილსა, გინა თუ სატანჯველსა, გინა თუ ზღვევად, გინა თუ პყრობილებად.
27 კურთხეულ იყოს უფალი, ჩვენი მამა-პაპის ღმერთი, რომელმაც შთააგონა მეფეს შეემკო უფლის სახლი იერუსალიმში, 27 კურთხეულ არს უფალი ღმერთი მამათა ჩუენთა, რომელმან შთაუგდო გულსა მეფისასა, და დიდებულ-ყავნ სახლი იგი უფლისა ღმრთისა ჩუენისა, რომელ არს იერუსალჱმს.
28 და წყალობით მოახედა ჩემსკენ მეფე და მისი მრჩევლები, მეფის ძლიერი მთავრები. მეც გავმხნევდი, რადგან უფლის, ჩემი ღმერთის ხელი იყო ჩემზე, და შევკრიბე ისრაელიანი მთავრები, რომ ჩემთან ერთად წამოსულიყვნენ. 28 და ყო ჩემ თანა წყალობა, და პატიოსან-მყო მე წინაშე მეფისა და თანამზრახველთა მისთა და წინაშე ყოველთა მთავართა მეფისათა, და მე განვძლიერდი, რამეთუ ჴელი უფლისა ყოვლითურთ აღმაღლებული ჩემ თანა, შევკრიბენ ყოველნი მთავარნი ისრაჱლისანი, რომელნი გამოსრულ იყუნეს ჩემ თანა

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე