ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი მაკაბელთა

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მის ნაცვლად აღდგა იუდა, მისი ვაჟი, რომელსაც მაკაბელი ერქვა.

   
2 მხარში ამოუდგნენ მას მისი ძმები და ყველა, ვინც კი მამამისს შეუერთდა, და სიხარულით იბრძოდნენ ისრაელისთვის.    
3 შორს გაიტანა თავისი ხალხის დიდება; თორი შეიმოსა როგორც ბუმბერაზმა, შეისხა საომარი საჭურველი და იბრძოდა, მახვილით იცავდა ბანაკს.    
4 თავისი საქმეებით ლომს ჰგავდა და ლომის ბოკვერს, მსხვერპლზე რომ ბდღვინავს.    
5 დევნიდა ურჯულოებს, ეძებდა მათ და წვავდა თავისი ხალხის მაშფოთებელთ.    
6 მისი შიშით დადგნენ ურჯულოები, გაწბილდა ყოველი ძვირისმოქმედი და კეთილად წარიმართა ხსნა მისი ხელით.    
7 გაამწარა ბევრი მეფე და თავისი საქმით გაახარა იაკობი, და კურთხეულია მისი ხსოვნა უკუნისამდე.    
8 მოიარა იუდამ ქალაქები და გაწყვიტა იქ ღვთისმგმობელნი და მიიქცა რისხვა ისრაელიდან.    
9 სახელი გაითქვა ქვეყნის კიდემდე და თავი მოუყარა დასაღუპად განწირულთ.    
10 ამასობაში აპოლონიოსმა თავი მოუყარა წარმართებს და დიდძალ ლაშქარს სამარიიდან ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად.    
11 გაიგო ეს ამბავი იუდამ, გაემართა მის შესახვედრად, სძლია მას და მოკლა. ბევრი დაეცა განგმირული, დანარჩენებმა კი თავს უშველეს.    
12 მოხვეტეს ნადავლი, აპოლონიოსის მახვილი კი იუდამ აიღო და იმით იბრძოდა მთელი სიცოცხლე.    
13 როცა გაიგო სერონმა, სირიის ლაშქრის სარდალმა, რომ იუდამ თავი მოუყარა მთელს კრებულსა და მორწმუნეთა მრევლს, და საომრად გავიდა,    
14 თქვა: გავითქვამ სახელს და სამეფოში პატივს მოვიხვეჭ. შევებრძოლები იუდასა და მის თანამდგომთ, მეფის სიტყვათა შეურაცხმყოფელთო.    
15 და გაეშურა მისკენ ღვთისმგმობელთა ძლიერი ბანაკი, რომ მიხმარებოდნენ მას ისრაელიანების დასასჯელად.    
16

ბეთ-ხორონის აღმართს რომ მიუახლოვდა, გამოვიდა იუდა მის შესახვედრად მეტად მცირე რაზმით.

   
17 როცა მათ წინააღმდეგ გამოსული ლაშქარი დაინახეს, უთხრეს იუდას: როგორ შევებრძოლოთ ასე ცოტანი ამ ურიცხვ და ძლიერ ლაშქარს? დაქანცულებიც ვართ, რადგან დღეს არაფერი გვიჭამიაო.    
18 მიუგო იუდამ: ადვილია მცირეთა ხელით მრავალთა ძლევა; ბევრის ხელით მოხდება ხსნა თუ მცირეს ხელით, ცის წინაშე სულერთია.    
19 ლაშქრის სიმრავლე კი არ იმარჯვებს ომში, არამედ შველა ზეციდან მოდის.    
20 ისინი ჩვენზე აღძრულან დიდი თავხედობითა და ურჯულოებით, რათა მოგვსპონ ჩვენ, ჩვენი ცოლები და ჩვენი შვილები, და გაგვძარცვონ.    
21 ჩვენი კი ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვის და რჯულისთვის.    
22 თავად უფალი გააცამტვერებს მათ ჩვენს თვალწინ; თქვენ კი ნუ შეგეშინდებათ.    
23 როგორც კი შეწყვიტა ლაპარაკი, მოულოდნელად მიეჭრა მათ და შეიმუსრნენ სერონი და მისი ლაშქარი მის წინაშე.    
24 და მისდიეს მათ ბეთ-ხორონის დაღმართზე ვაკემდე და დაეცა მათგან რვაასი კაცი, დანარჩენები კი ფილისტიმელთა ქვეყნისკენ გაიქცნენ.    
25 განითქვა შიში იუდასი და მისი ძმებისა, და თავზარი დაეცათ მათ ირგვლივ წარმართებს.    
26 მეფესაც მისწვდა მისი სახელი და ალაპარაკდნენ წარმართები იუდას ბრძოლებზე.    
27 შეიტყო ეს ამბები მეფე ანტიოქოსმა და ძალზე განრისხდა. დაგზავნა ხალხი, რომ შეეკრიბათ მისი სამეფოს მთელი ძალა, დიდი და ურიცხვი ლაშქარი.    
28 გახსნა თავისი განძთსაცავი და მისცა წლიური გასამრჯელო ლაშქარს, უბრძანა, მზად ყოფილიყვნენ ყოველი საჭიროებისთვის.    
29 ნახა, რომ გამოილია ვერცხლი საგანძურში და ქეეყნის შემოსავალმაც დაიკლო განხეთქილებათა და უბედურებათა გამო, რაც ქვეყანას დაატეხა მამაპაპეული კანონების გაუქმებით.    
30 და შეშფოთდა, რადგან მხოლოდ ერთი-ორჯერ თუღა შეეძლო გაეცა საჩუქრები, რომელთაც წინათ თავის წინამორბედ მეფეებზე უფრო უხვად და ხელგაშლილად იძლეოდა.    
31

დიდად შეწუხებულმა განიზრახა, სპარსეთში წასულიყო, აეკრიფა მხარეთა შემოსავალი და ბევრი ვერცხლი დაეგროვებინა.

   
32 სახელმწიფო საქმეები კი მდინარე ევფრატიდან ქვეყნის კიდემდე ლისიას, სახელოვან კაცს სამეფო გვარისას, ჩააბარა.    
33 მასვე ჩააბარა აღსაზრდელად თავისი ვაჟი, ანტიოქოსი, ვიდრე მობრუნდებოდა.    
34 ჩააბარა ჯარების ნახევარი და სპილოები, დაუტოვა მას განკარგულება ყველაფერზე, რასაც აპირებდა იუდასა და იერუსალიმის მკვიდრთათვის,    
35 რომ გაეგზავნა ჯარი ისრაელის ძლიერებისა და იერუსალიმის ნატამალის გასაცამტვერებლად და მათი სახსენებლის აღსაგველად იმ ადგილიდან,    
36 უცხო ტომის დასასახლებლად მთელ მიწა-წყალზე და მის ქვეყანაზე წილის საყრელად.    
37 მეფემ კი წაიძღვანა ჯარების დარჩენილი ნახევარი და გაემგზავრა ანტიოქიიდან, თავისი სამეფო ქალაქიდან, ასორმოცდამეშვიდე წელს; გადაცურა მდინარე ევფრატი და მოიარა ზემო ქვეყნები.    
38 გამოარჩია ლისიამ პტოლემეოსი, დორუმენოსის ძე, ნიკანორი და გორგია, მაგარი ვაჟკაცები მეფის მეგობართაგან,    
39 და გაგზავნა მათთან ერთად ასოციათასი ქვეითი და შვიდი ათასი მხედარი, რომ შესულიყვნენ იუდას ქვეყანაში და აეოხრებინათ ის მეფის ბრძანებისამებრ.    
40 და გაემართნენ მთელს ჯართან ერთად; მივიდნენ და დაეწყვნენ ემაუსის მახლობლად, ვაკეზე.    
41 როდესაც იმ ქვეყნის ვაჭრებს მოესმათ მათი სახელი, აიღეს ურიცხვი ოქრო-ვერცხლი და ჯაჭვები და გაეშურნენ ბანაკისკენ, რომ მონებად აეყვანათ ისრაელიანები; და შეუერთდნვნ მათ სირიისა და უცხოთესლთა ქვეყნის ძალები.    
42 იუდამ და მისმა ძმებმა დაინახეს, რომ გამრავლდა უბედურებანი და ჯარები დგანან მთელს მათ მიწა-წყალზე; გაიგეს მეფის ბრძანებაც, რომელიც გაცემული იყო ხალხის გასანადგურებლად და ამოსაწყვეტად.    
43 თქვეს ერთმანეთში: აღვადგინოთ დაცემული ჩვენი ხალხი და ვიბრძოლოთ ჩვენი ხალხისთვის და საწმიდარისთვის.    
44 შეიკრიბა საკრებულო, რომ მზად ყოფილიყვნენ საომრად, ელოცათ და გამოეთხოვათ წყალობა და შებრალება.    
45 იერუსალიმი კი უკაცრიელი იყო როგორც უდაბნო; აღარ იყო მიმსვლელ-მომსვლელი მის მკვიდრთაგან; საწმიდარი გათელილი იყო, ციხე-სიმაგრე უცხოთესლს ეჭირა, წარმართთა ბუნაგად ქცეულიყო; წაერთვა სიხარული იაკობს და დადუმდა სტვირი და ებანი.    
46

შეიკრიბნენ და გაეშურნენ მიცფასკენ, იერუსალიმის პირდაპირ, რადგან მიცფა წინათ სალოცავი ადგილი იყო ისრაელისთვის.

   
47 იმარხულეს იმ დღეს, ჩაიცვეს ჯვალო, თავზე ნაცარი გადაიყარეს და ტანისამოსი შემოიგლიჯეს.    
48 გადაშალეს რჯულის წიგნი, რომლის მეშვეობითაც წარმართები ცდილობდნენ დაჰკითხოდნენ თავიანთი კერპების გამოსახულებებს.    
49 მოიტანეს სამღვდელო შესამოსელი, ნათავარები და მეათედები, და მოუხმეს მოწმიდარებს, რომელთაც შესრულებული ჰქონდათ თავიანთი დღეები.    
50 ცისკენ აღიმაღლეს ხმა, თქვეს: რა ვუყოთ ამათ, საით წავიღოთ?    
51 სიწმინდე შენი გათელილია და წაბილწული, და შენი მღვდლები გლოვაში და დამცირებაში არიან.    
52 აჰა, წარმართები შეკრულან ჩვენს ასაოხრებლად. შენ ხედავ, რაც განუზრახავთ ჩვენთვის.    
53 როგორ გავუწევთ წინააღმდეგობას, შენ თუ არ შეგვეწევი?    
54 საყვირებს ჩაჰბერეს და დიდი ხმით აყვირდნენ.    
55 ამის შემდეგ იუდამ დანიშნა ერის წინამძღოლები, ათასისთავები, ასისთავები, ორმოცდაათისთავები და ათისთავები.    
56 მათ კი, ვინც სახლის შენებაში იყვნენ ან ცოლს ირთავდნენ, ან ვენახს აშენებდნენ, ან ბრძოლა აშინებდათ, გამოუცხადა შინ დაბრუნებულიყვნენ, რჯულის თანახმად.    
57 დაიძრა ლაშქარი და ემაუსის სამხრეთით დაბანაკდა.    
58 თქვა იუდამ: სარტყელი შემოირტყით და გამხნევდით, დილაადრიანად მზად იყავით წარმართებთან საომრად, ჩვენს წინააღმდეგ რომ ამხედრებულან, რათა დაგვამხონ ჩვენ ჩვენს საწმიდართან ერთად.    
59 ჯობს, ბრძოლაში დავიხოცოთ, ვიდრე ჩვენი ხალხისა და საწმიდარის უბედურება ვიხილოთ.    
60 რასაც ზეცაში ინებებს, ის მოახდინოს!    

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე