ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი მაკაბელთა

თავი მეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

დიდად განრისხდნენ წარმართები, როცა გაიგეს, რომ უწინდელივით აღიმართა სამსხვერპლო და განახლდა საწმიდარი.

   
2 გადაწყვიტეს, აღმოეფხვრათ იაკობის მოდგმა, რომელიც მათ შორის იყო, და დაიწყეს ხოცვა და მუსრვა ხალხში.    
3 ხოლო იუდა შეებრძოლა ესავიანებს ედომში, აკრაბატენესთან, რადგან მათ ალყაში ჰყავდათ ისრაელი; სასტიკად დაამარცხა ისინი, დაიმორჩილა და აიღო ნადავლი.    
4 მერე გაიხსენა ბოროტებანი ბეანიანთა, რომლებიც მახედ და ხაფანგად იყვნენ ხალხისთვის და გზებზე უსაფრთებოდნენ მათ.    
5 მათ ციხე-სიმაგრეებს შეაფარეს თავი, ხოლო იუდა გარსშემოადგა მათ და დაარისხა ისინი, ცეცხლში გახვია მათი ციხე-სიმაგრეები ყველა მასში მყოფითურთ.    
6 მერე მიადგა ყამონიანებს და შეხვდა იქ მაგარ ხელს და ურიცხვ სიმრავლეს ტიმოთეოსის წინამძღოლობით.    
7 ბევრი ბრძოლა გადაიხადა მათ წინააღმდეგ და შეიმუსრნენ ისინი მის წინაშე. ასე დაამარცხა ისინი.    
8 მერე სწრაფადვე აიღო იაყზერი მისი სოფლებითურთ და იუდასკვნ შემოიქცა.    
9 მაშინ გალაადის წარმართები სამტროდ შემოეწყვნენ მათ მიწა-წყალზე მცხოვრებ ისრაელს, რომ მოესრათ ისინი, მაგრამ გაექცნენ დათემას ციხეში,    
10 და წერილები გაუგზავნეს იუდასა და მის ძმებს, შეუთვალეს: შეიკრიბნენ ჩვენს წინააღმდეგ ჩვენს ირგვლივ მყოფი წარმართები, რომ გაგვანადგურონ;    
11 ამზადებენ შეტევას და აპირებენ სიმაგრის აღებას, რომელსაც შეფარებულნი ვართ. ტიმოთეოსი მოუძღვის მათ ჯარს.    
12 მაშ, ახლა მოდი და გვიხსენი მათი ხელიდან, რადგან დაცემულია ბევრი ჩვენგანი,    
13 ჩვენი მოძმენიც, ყველა ვინც კი ტობში იგო, დახოცილნი არიან; მათი ცოლ-შვილი მონებად წაასხეს, ქონება დაიტაცეს, და ათასამდე კაცი გაწყვიტეს იქ.    
14 ჯერ კიდევ წერილებს კითხულობდნენ, რომ აჰა, სხვა შიკრიკები მოვიდნენ გალილეადან, სამოსელშემოგლეჯილნი და ეს ამბავი აუწყეს.    
15 თქვეს, შეიკრიბნენ პტოლემაისიდან, გვიროსიდან, ციდონიდან და წარმართთა გალილეადან ჩვენს გასანადგურებლადო.    
16

როდესაც გაიგეს ეს ამბები იუდამ და ხალხმა, შეიყარა დიდი კრებული იმის გადასაწყვეტად, თუ რა ეღონათ გასაჭირში მყოფი და მათგან მიმძლავრებული მოძმეებისთვის.

   
17 მიმართა იუდამ სიმონს, თავის ძმას: ამოირჩიე კაცები, წადი და იხსენი შენი ძმები გალილეაში. ხოლო მე და ჩემი ძმა იონათანი გალაადისკენ გავემართებითო.    
18 ხალხის წინამძღოლებად კი ზაქარიას იოსები და ყაზარია დატოვა ლაშქრის დარჩენილ ნაწილთან ერთად იუდაში, მის დასაცავად;    
19 და უბრძანა მათ: განაგეთ ხალხი და ჩვენს მობრუნებამდე წარმართებს ნუ შეებრძოლებით.    
20 სიმონს ჩააბარეს სამიათასი კაცი გალილეაში სალაშქროდ, ხოლო იუდას რვაათასი კაცი გაალადისთვის.    
21 გაემართა სიმონი გალილეასკენ, მრავალი ბრძოლა გადაიხადა წარმართებთან და შეიმუსრნენ წარმართები მის წინაშე.    
22 მისდია მათ პტოლემაისის კარიბჭემდე და დაეცა წარმართთაგან სამიათასამდე კაცი და წამოიღო მან ნადავლი.    
23 წამოასხა გალილეასა და არბატეში მყოფი იუდაელნი დედა-წულიანად და იუდაში მიიყვანა დიდი სიხარულით.    
24 ხოლო იუდა მაკაბელმა და მისმა ძმამ იონათანმა გადალახეს იორდანე და სამი დღის სავალი გზა გაიარეს უდაბნოში.    
25 გადაეყარნენ ნაბატელებს, მშვიდობიანად შეეგებნენ მათ და ყველაფერი უამბეს, რაც შეემთხვათ მათ ძმებს გალაადში;    
26 რომ მრავალი მათგანი ჩაკეტილები არიან ბოცრასა და ბოსორში, ალემოში, ხასფოში, მაკედსა და კარნაინში, რომ ყველა ეს ქალაქი დიდია და გამაგრებული,    
27 რომ სხვები გალაადის დანარჩენ ქალაქებში არიან ჩაკეტილნი, რომ მტერი ხვალისთვის აპირებს თავდასხმას სიმაგრეებზე, მათ აღებას და დარბევას ერთ დღეში.    
28 სწრაფად შებრუნდა იუდა და მისი ლაშქარი უდაბნოში ბოცრას გზაზე; აიღო ქალაქი და გაწყვიტა მთელი მამროვანი მახვილის პირით, მოხვეტა ურიცხვი ნადავლი და ცეცხლში დაწვა.    
29 აქედან ღამით გაემართა და დათემას ციხე-სიმაგრემდე იარეს.    
30 დილით კი, როცა გათენდა, გაიხედეს და, აჰა, უამრავი ხალხი, რომელსაც სათვალავი არ ჰქონდა, მოათრევს კიბეებს და მანქანებს ციხე-სიმაგრის ასაღებად და მათთან საბრძოლველად.    
31

დაინახა იუდამ, რომ დაიწყო ომი და ქალაქის ხმაურმა ცას უწია საყვირებითა და დიდი ყვირილით,

   
32 და შეუძახა ლაშქარს: იომებ დღეს თქვენი ძმებისთვის!    
33 სამი რაზმით ზურგიდან შემოუარეს მტერს, საყვირებს ჩაჰბერეს და ხმამაღალი ლოცვა დაიწყეს.    
34 მიხვდა ტიმოთეოსის ლაშქარი, რომ ეს მაკაბელი იყო და უკუიქცნენ მისგან, და მან მუსრი გაავლო მათ. იმ დღეს დაეცა მათგან რვაათასამდე კაცი.    
35 გადაინაცვლა ალემასკენ და შეებრძოლა, აიღო იგი და ამოხოცა მთელი მისი მამროვანი. მოხვეტა ნადავლი და ცეცხლში დაწვა.    
36 იქედან გაემართა და დაიპყრო ხასფო, მაკედი და ბოსორი და გალაადის დარჩენილი ქალაქები.    
37 ამ ამბების შემდეგ ტიმოთეოსმა ახალ ჯარს მოუყარა თავი და დააყენა რაფონის წინ, ხევის მხრიდან.    
38 გაგზავნა იუდამ ხალხი ბანაკის დასაზვერავად. და მოახსენეს მას: მასთან არიან შემოკრებილნი ჩვენს ირგვლივ მყოფი წარმართები, დიდძალი ჯარია.    
39 მოქირავნე არაბებიც მოუყვანიათ საშველად, ხევის მხარეს განლაგებულან და მზად არიან ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად, გაეშურა იუდა მათ დასახვედრად.    
40 ტიმოთეოსმა ასე უთხრა თავისი ჯარების მეთაურებს, როცა იუდა და მისი ლაშქარი ხევს მიუახლოვდა: თუ პირველმა გადმოლახა ხევი, ვერ შევაკავებთ, უეჭველად დაგვამარცხებს.    
41 ხოლო თუ შეშინდა და მდინარის გაღმა დაბანაკდა, თავს დავესხათ და დავამარცხებთ მას.    
42 როცა იუდა ხევს მიუახლოვდა, ხევთან დააყენა ხალხის მწიგნობარნი და უბრძანა მათ: არავინ გააჩეროთ აქ. ყველანი საბრძოლველად გაიყვანეთ.    
43 და მან პირველმა გადალახა ხევი მტრისკენ და მთელი ხალხი უკან მიჰყვა; მათ წინაშე დაეცნენ წარმართები, დაყარეს საჭურველი და თავი შეაფარეს წმიდა ნაკრძალს კარნაიმში.    
44 ქალაქი აიღეს, ხოლო წმიდა ნაკრძალი ცეცხლით დაწვეს ყველა შიგმყოფითურთ. ასე იძლია ვარნაიმი; წინააღმდეგობა ვეღარ გაუწივს იუდას.    
45 შეკრიბა იუდამ მთელ გალაადში მოსახლე ისრაელობა დიდიან-პატარიანად, მათი დედა-წულითა და საბადებლითურთ, უამრავი ხალხი, იუდას ქვეყნისკენ გასამგზავრებლად.    
46

მიადგნენ ეფრონს. ეს დიდი ქალაქია გზაზე, ძალზე ძლიერი; ვერ გაუხვევდნენ ვერც მარჯვნივ, ვერც მარცხნივ, მხოლოდ მის შუაგულში უნდა გაევლოთ.

   
47 მაგრამ ჩაკეცეს ის ქალაქელებმა და ქვებით ჩახერგეს კარიბჭე.    
48 შეუთვალა მათ იუდამ სამშვიდობო სიტყვა: გაგვატარე შენს ქვეყანაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში მივიდეთ; ცუდს არაფერს შეგამთხვევთ, მხოლოდ ფეხს დავადგამთო. არ მოისურვეს მათი შეშვება.    
49 ბრძანა იუდამ, გამოეცხადებინათ ლაშქარში, რომ ყველა თავის ადგილას დამდგარიყო.    
50 დაიბანაკეს მეომრებმა, და ებრძოდა ქალაქს მთელ იმ დღეს და მთელ ღამეს, და ჩაბარდა ქალაქი მის ხელს.    
51 გაწყვიტა მთელი მამროვანი მახვილის პირით, დააქცია ქალაქი, ნადავლი აიღო და ქალაქში დახოცილთა გვამებზე გადაატარა ჯარი.    
52 გადალახეს იორდანე დიდი ვაკისკენ, ბეთ-შანის პირდაპირ.    
53 გზადაგზა იუდა კრებდა ჩამორჩენილთ და მთელ გზაზე ამხნევებდა ხალხს, ვიდრე იუდას ქვეყანას მიადგებოდნენ.    
54 შემდეგ შვებითა და სიხარულით ავიდნენ სიონის მთაზე და შესწირეს აღსავლენი, რადგან ერთი მათგანიც არ დაცემულა სამშვიდობოში მობრუნებამდე.    
55 იმ დროს, როცა იუდა და იონათანი გალაადის მიწაზე იყვნენ, ხოლო სიმონი, მისი ძმა, გალილეაში პტოლემაისის პირდაპირ იდგა,    
56 ზაქარიას იოსებს და ყაზარიას - ჯარების სარდლებს ესმათ მათი გმირობისა და გადახდილი ომის ამბავი.    
57 თქვეს: ჩვენც მოვიხვეჭოთ სახელი, ჩვენც გავემართოთ და შევებრძოლოთ წარმართებს ჩვენს ირგვლივ.    
58 მოუწოდეს ჯარებს, რომლებიც თან ჰყავდათ, და იამნიასკენ გაემართნენ.    
59 გორგია და მისი მეომრები ქალაქიდან გამოვიდნენ, რომ ბრძოლით შეგებებოდნენ მათ.    
60 უკუიქცნენ იოსები და ყაზარია და იდევნებოდნენ იუდას მისადგომებამდე. ორიათასამდე კაცი დაეცა იმ დღეს ისრაელიდან.    
61

შეიქნა ხალხში დიდი ლტოლვილება, რადგან არ ესმოდათ იუდასი და მისი ძმებისა, გმირობის გამოჩენა კი სურდათ.

   
62 მაგრამ ესენი არ იყვნენ იმ გვარისანი, ვისი ხელითაც უნდა მოვლენოდა ხსნა ისრაელს.    
63 კაცი იუდა და მისი ძმები კი ფრიად განითქვნენ მთელი ისრაელისა და ყველა ხალხის წინაშე, სადაც გაგონილი ჰქონდათ მათი სახელი.    
64 და შემოკრბენ მის ირგვლივ მისი მაქებარნი.    
65 გაემართნენ იუდა და მისი ძმები სამხრეთისკენ და შეებრძოლენ ესავიანებს. დაამარცხა მან ხებრონი და მისი სოფლები, დალეწა მისი ციხე-სიმაგრენი და გადაწვა გოდლები მის გარშემო.    
66 მერე დაიძრა ფილისტიმელთა ქვეყნისკენ წასასვლელად და გადაიარა მარეშაზე.    
67 იმ დღეს დაეცნენ ბრძოლის ველზე მღვდლები, გმირობის ჩადენის მსურველნი, რადგან უგუნურად ჩაებნენ ბრძოლაში.    
68 ხოლო იუდამ გაუხვია აშდოდისკენ ფილისტიმელთა ქვეყანაში და დალეწა მათი ბომონები, ცეცხლს მისცა მათი ღმერთების ქანდაკებანი და მოხვეტა ნადავლი ქალაქებიდან. მერე იუდა ქვეყნისკენ გაბრუნდა.    

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე