ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი მეფეთა

თავი მეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ილოცა ხანამ და თქვა: გამიხალისდა გული უფლის წყალობით და ღვთის წყალობით რქა ამიმაღლდა; გამეხსნა ბაგე მტრების წინააღმდეგ, რადგან გავიხარე შენი შეწევნით.

1

განძლიერდა გული ჩემი უფლისა მიმართ, და ამაღლდა რქა ჩემი ღმრთისა მიმართ, მაცხოვარისა ჩემისა: განვრცნა პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა; განვიხარე მე მაცხოვარებითა შენითა!

2 არავინ არს უფალივით წმიდა, რადგან არავინ არის შენს გარდა, არავინ არის ღმერთივით მფარველი. 2 რამეთუ არა ვინ არს წმიდა, ვითარ შენ, უფალი, და არა ვინ არს მართალ ღმრთისა ჩუენისაებრ! და არა ვინ არს წმიდა შენსა გარეშე.
3 აღარ ილაპარაკებთ მედიდურად, აღარ გამოვა თავხედები სიტყვები თქვენი ბაგიდან, რადგან ყოვლისმცოდნე ღმერთია უფალი, ყოველი საქმე მას აბარია. 3 ნუ იქადინ, ნუცა იტყჳნ მაღალსა გარდარეულად, ნუცა აღმოვალნ მდიდრად სიტყუაჲ პირისაგან თქუენისა! რამეთუ ღმერთი არს მეცნიერებათა უფალი და ღმერთმან განამზადნეს საქმენი თჳსნი.
4 ძლიერთა მშვილდი დალეწილია, უძლურნი ძალას შემოისარტყლავენ. 4 მშჳლდები ძლიერთა მოუძლურდა, და უძლურნი შეიმოსნეს ძალითა.
5 მაძღარნი პურისთვის ქირაზე დადიან, მშიერნი აღარ შიმშილობენ; საშოდახშულმა შვიდი დაბადა, მრავალშვილიანი დაჭკნა. 5 შვებულთა პური მოაკლდა და მშიერთა დაიპყრეს ქუეყანა; რამეთუ ბერწსა მას ესხნეს შჳდ შვილ და შვილმრავალი იგი მოუძლურდა!
6 უფალი აკვდინებს და აცოცხლებს; შავეთში ჩაჰყავს და ამოჰყავს. 6 უფალმან მოაკუდინის და აცხოვნის; შთააგდის ჯოჯოხეთად და აღმოიყვანის!
7 უფალი აღატაკებს და ამდიდრებს; დაამდაბლებს და აღამაღლებს. 7 უფალმან დააგლახაკის და განამდიდრის, დაამდაბლის და აღამაღლის!
8 საპყარს მტვერიდან წამოაყენებს, სანეხვედან აღამაღლებს უპოვარს, რათა დიდებულთა გვერდით დასვას; ტახტს დიდებისას დაუმკვიდრებს, რადგან უფლისაა დედამიწის საფუძველნი და სამყარო მათზე დაამყარა. 8 აღადგინის ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი, რათა დასვას იგი ძლიერთა თანა ერისა მისისათა და საყდარნი დიდებისანი დაუმკჳდრნეს მას;
9 თავის წმიდათა ნაბიჯებს იცავს, უკეთურები ბნელში ინთქმებიან, რადგან საკუთარი ძალით ვერ მაგრობს კაცი. 9 მოანიჭის თხოვა მლოცველთა მისთა და აკურთხნის წელიწადნი მართლისანი, რამეთუ არა არს სიმტკიცე ძლიერებაჲ კაცისა. უფალმან უძლურ-ყვნის მჴდომნი თჳსნი. უფალი წმიდა არს! (ნუ იქადინ ბრძენი სიბრძნითა თჳსითა, ნუცა იქადინ ძლიერი ძალითა თჳსითა, ნუცა იქადინ მდიდარი სიმდიდრითა თჳსითა, არამედ ამას ზედა იქადოდენ, რომელი-იგი იქადოდის გულისჴმის-ყოფასა და ცნობასა უფლისასა ყოფად სასჯელი სიმართლისა ქუეყანასა ზედა).
10 უფალი შემუსრავს თავის წინააღმდგომთ და ციდან დამეხავს მათ უფალი, განსჯის ქვეყნის კიდეებს და მისცემს ძალას თავის მეფეს, და თავის ცხებულს რქას აუმაღლებს. 10 უფალი ამაღლდა ცათა შინა და იქუხა, თავადმან განსაჯნეს კიდენი ქუეყანისანი სიმართლითა თჳსითა, მოსცეს ძალი მეუფესა ჩუენსა და აღიმაღლოს უფალმან რქა ცხებულისა თჳსისა!
11

წავიდა ელკანა რამათს, თავის სახლში, ყმაწვილი კი მღვდელ ელისთან დარჩა უფლის მსახურად.

11

და დაუტევეს ყრმა იგი სამოველ სელომს წინაშე უფლისა და თაყუანი-სცეს უფალსა და წარვიდეს არმათემად სახიდ თჳსად; და ყრმა იგი სამოველ აღორძნდებოდა და მსახურებდა უფალსა წინაშე ელი მღდელისა.

12 უგვანები იყვნენ ელის ვაჟები: არც უფალი იცოდნენ 12 და ძენი იგი ელისნი, ნაშობნი უძღებნი და უსჯულონი, რომელთა არა გულისჴმა-ყვეს შიში უფლისა,
13 და არც მღვდლობის მოვალეობა ხალხის წინაშე. როცა კი ვინმე საკლავს დაკლავდა, მივიდოდა ხორცის ხარშვისას ახალგაზრდა მღვდელი სამკაპით ხელში, 13 და არცა წესი იგი მღდელობისა, ხოლო წესი იგი შესაწირავთა მათ ერისა მღდელისაგან იყო შეწირვად. მაშინ მოვიდა ყრმა ერთი მღდელისა აღმოღებად ჴორცისა მის და ჴელთა მისთა აქუნდა ფუცხვი სამპირი.
14 ჩაჰკრავდა ავაზანში, ან ქვაბში, ან კოჭობში, ან კარდალში და ყველაფერი, რაც სამკაპს ამოჰყვებოდა, მღვდელს მიჰქონდა. ასე ექცეოდნენ მთელს ისრაელს, სილოამში მიმსვლელს. 14 და შთაყვის იგი სიავსა შიგან, ქოთანსა, გინა ქვაბსა და, პირველად რაჲცა მოემთხჳვის ფუცხუსა მას, იგიცა წარიღის ნაწილად მღდელისა მის. და ესე სახედ უყოფდეს ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი მოვიდიან შეწირვად მსხუერპლისა უფლისა მიმართ სელომად.
15 ქონის დაწვამდეც მოდიოდა ახალგაზრდა მღვდელი და ეუბნებოდა საკლავის პატრონს: მიეცი მღვდელს შესაწვავი ხორცი. მოხარშულს არ გამოგართმევს, უმი მიეცი. 15 და ვიდრე არღა უკმევიედ ცმელი იგი წინაშე უფლისა, მოვიდის მსახური იგი მღდელისა და ჰრქუის კაცსა მას შემწირველსა, ვითარმედ: მომეც მე ჴორცი შესაწვავად მღდვლისათჳს, და არა მოვიღო მგბარი ქვაბთაგან.
16 თუ ეტყოდა ვინმე: ქონს დაწვავენ და მერე წაიღე, რაც გენებოსო, მიუგებდა: არა, ახლა მომეცი, თორემ წაგართმევ. 16 მაშინ რქუა კაცმან მან, რომელი მოსრულ არნ შეწირვად მსხუერპლისა: პირველად შე-ღა-ვსწიროთ საკუმეველი და მსხუერპლი უფლისა, ვითარცა ჯერ-არს და მაშინ მიიღე ყოვლისაგან, რომლისათჳს გული უთქმიდეს სულსა შენსა. და ჰრქუას მან: არა, არამედ მომეც აწ, უკუეთუ არა, მოვიღო მძლავრ.
17 ძალზე დიდი იყო ახალგაზრდა მღვდლების ცოდვა უფლის წინაშე, რადგან ბილწავდა ეს ხალხი საუფლო ძღვენს. 17 და იყო ცოდვა იგი ყრმათა მათ დიდ წინაშე უფლისა, რამეთუ შეურაცხ-ყოფდეს მსხუერპლსა უფლისასა.
18 სამუელი უფლის მსახურად იყო, სიყრმიდანვე სელის ეფოდი ემოსა. 18 და ყრმა იგი სამოველ იყო მსახურებად წინაშე უფლისა და ემოსა მას ევფუდ ბარი.
19 პატარა წამოსასხამს უკერავდა ხოლმე დედა და ამოუტანდა ყოველ წელიწადს, როცა ქმართან ერთად ყოველწლიურად მსხვერპლის შესაწირად ამოდიოდა. 19 და ჩუდკეცი მცირე უქმნის მას დედამან მისმან და მიართვის მას ჟამითი ჟამად, რაჟამს იგი აღვალნ ქმარსა თჳსსა თანა შეწირვად მსხუერპლისა მათ დღეთასა.
20 აკურთხებდა ხოლმე ელი ელკანას და მის ცოლს და ეტყოდა: უფალი მოგცემს ამ ქალისგან შთამომავლობას მიბარებულის ნაცვლად, რომელიც უფალს მიაბარე. და ბრუნდებოდნენ უკან. 20 და აკურთხა ელი ელკანა და ცოლი მისი და ჰრქუა: მოგეცინ შენ უფალმან თესლი ცოლისა მაგისგან შენისა ამის წილ თანანადებისა, რომელ-იგი მსახურეთ წინაშე უფლისა! და წარვიდა კაცი იგი ადგილად თჳსად.
21

მოჰხედა უფალმა ხანას, დაორსულდა იგი და შვა სამი ვაჟი და ორი ასული. ყრმა სამუელი კი უფალთან იზრდებოდა.

21

და მიხედნა უფალმან ანნას, და შვა სამ ძე და სამ ასულ. და განდიდნა ყრმა იგი სამოელ წინაშე უფლისა.

22 ძალზე მოხუცდა ელი. გაგებული ჰქონდა ყველაფერი, როგორ ექცეოდნენ მისი შვილები მთელს ისრაელს, რომ წვებოდნენ იმათ ცოლებთან, ვინც სადღესასწაულო კარვის კართან სამსახურს სწევდა. 22 და ელი მოხუცებულ იყო ფრიად და ესმოდა, რასა-იგი უყოფდეს ძენი მისნი ძეთა ისრაჱლისათა, და ვითარ-იგი დააძინებდეს დედათა აღთქუმულთა ბჭეთა თანა კარვისა საწამებელისათა.
23 ეუბნებოდა მათ: რატომ აკეთებთ ამას? ხალხისგან მესმის თქვენი უკეთურობის ამბავი. 23 და ჰრქუა მათ: რომლისათჳს ეგრე იქმთ სიტყჳსა ამისებრ, რომელი მესმის პირისაგან ერისა უფლისა?
24 ნუ იზამთ, შვილებო! ცუდი ხმები მესმის. გზიდან აცდენთ უფლის ერს. 24 ნუ ეგრე, შვილნო! არა კეთილ არს ამბავი ესე, რომელი მესმის თქუენთჳს; ნუ ეგრე ზამთ, ვითარმცა არა მონებთ ერსა უფლისასა.
25 თუ კაცმა კაცს შესცოდა, ღვთის სამართალია ქომაგი; თუ უფალს შესცოდა კაცმა, ვინ გამოექომაგება? არ ისმინეს მამის სიტყვა, რადგან ნებავდა უფალს მათი დაღუპვა. 25 უკუეთუ შეცოდებით შესცოდის კაცმან კაცისა მისთჳს უფლისა მიმართ, უკეთუ უფალსა შესცოდოს, ვინ ლოცვიდეს მისთჳს? და არა ისმენდეს ჴმასა მამისა მათისასა, რამეთუ ნეფსით უნდა უფალსა განრყუნა მათი.
26 ყრმა სამუელი კი იზრდებოდა და მშვენდებოდა უფლისა და ხალხის თვალში. 26 და ყრმა იგი სამოველ ვიდოდა და განდიდნებოდა. და იყო იგი სათნო ღმრთისა და კაცთა.
27 მივიდა ერთი ღვთისკაცი ელისთან და უთხრა: ასე თქვა უფალმა: ხომ გამოვეცხადე მამაშენის სახლს ეგვიპტეში, ფარაონის სახლში ყოფნისას? 27 და მოვიდა კაცი ღმრთისა ელისა და ჰრქუა: ამას იტყჳს უფალი: გამოცხადებით გამოვეცხადე სახლსა მამისა შენისასა, ვიდრე იყუნესღა იგინი ეგჳპტესა მონად ფარაოსა.
28 ჩემთვის გამოვარჩიე იგი ისრაელის ყველა შტოდან ჩემს მღვდლად, რომ ასულიყო ჩემს სამსხვერპლოზე საკმევლის საკმევად, რომ ეფოდი ეტარებინა ჩემს წინაშე. მე განვუკუთვნე მამაშენის სახლს ისრაელიანთა მთელი საცეცხლო მსხვერპლი. 28 და გამოვირჩიე სახლი მამისა შენისა ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა ჩემდა მღდელად და აღსვლად საკურთხეველსა და აღღებად ევფუდისა. და მივეც სახლსა მამისა შენისასა ყოველი იფქლი ძეთა ისრაჱლისათა საჭმელად,
29 რატომ წიხლავთ ჩემს მსხვერპლს და შესაწირავს, ტაძრისთვის რომ დავაწესე? რატომ ამჯობინე ჩემს თავს შენი შვილები, რომ სუქდებით ისრაელის, ჩემი ერის შესაწირავის ნათავარით? 29 და რომლისათჳს მიხედეთ თქუენ საკურთხეველსა ჩემსა მსხუერპლსა ჩემსა ურცხჳნოთა თუალითა და ადიდენ ძენი შენნი უფროს ჩემსა, კურთხევად მათთჳს პირველად ყოველი ნაყოფი მსხუერპლთა სახლისა ისრაჱლისა?
30 ამიტომ ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ნათქვამი მქონდა: მარადიულად ივლიან ჩემს წინაშე შენი სახლი და მამაშენის სახლი. ამიერიდან, ამბობს უფალი, არამც და არამც! რადგან ჩემს პატივმგებელს პატივს მივაგებ, ხოლო ჩემი მოძულენი დამცირდებიან. 30 ამისთჳს ამას იტყჳს ღმერთი ისრაჱლისა: ვთქუ, ვითარმედ: სახლი შენი და სახლი მამისა შენისა ვიდოდიან წინაშე ჩემსა უკუნისამდე. და აწ იტყჳს უფალი: ნუსადა იყოფინ, არამედ მადიდებელნი ჩემნი ვადიდნე და შეურაცხ-მყოფელნი ჩემნი შეურაცხ იქმნენ.
31

აჰა, მოაწია ჟამმა და უნდა მოვკვეთო შენი მკლავი და მამაშენის სახლის მკლავი ისე, რომ მოხუცებული აღარ დარჩეს შენს სახლში.

31

აჰა ესერა, დღენი მოვლენან, - იტყჳს უფალი, - და მოვსრა ნათესავი შენი და თესლი სახლისა მამისა შენისა, და არა იყოს მოხუცებული შენი ტაძარსა შინა ჩემსა.

32 დაინახავ მეტოქეს ტაძარში, როცა კეთილი დღე დაუდგება ისრაელს, შენს სახლში კი მოხუცებული არასოდეს იქნება. 32 და იხილოს მეყსა შინა განცჳფრებით ყოველივე კეთილი, რომელ ყოს უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან და არა იყოს მოხუცებული სახლსა შინა შენსა ყოველთა დღეთა.
33 ყველას არ მოგიკვეთ ჩემი სამსხვერპლოდან, რომ თვალები გევსებოდეს და სული გიწუხდეს. მაგრამ შენი სახლის მთელი მამრული მონაგარი გაწყდება. 33 ხოლო არა ავჴოცო შენგან კაცი საკურთხეველისაგან ჩემისა, რათა ეჴუებოდის თუალთა მისთა და დასდნებოდეს გული მისი, და ყოველი დაშთომილი სახლისა შენისა დაეცეს მახჳლითა კაცთათა.
34 აჰა, ნიშანი, რომელიც ახდება შენს ორ ვაჟზე - ხოფნიზე და ფინხასზე: ერთ დღეს დაიხოცებიან ორთავენი. 34 და ესე იყავნ სასწაულად შენდა, რომელი მოიწიოს ორთა მათგან ძეთა შენთა: ერთსა შინა დღესა მოსწყდენ ოფნი და ფინეზ ერთბამად ორნივე.
35 დავიყენებ ურყევ მღვდელს, რომელიც ჩემს ნებაზე მოიქცევა, ავუშენებ ურყევ სახლს, რათა სულ მუდამ ჩემი ცხებულის წინაშე დადიოდეს. 35 და აღვადგინო ჩემდა მღდელი სარწმუნო, რომელმან ყოველივე გულისა ჩემისა და სულისა ჩემისა ყოს; და უშენო მას სახლი სარწმუნო; და ვიდოდის იგი წინაშე ცხებულისა ჩემისა ყოველთა დღეთა.
36 მივა მასთან შენს სახლში დარჩენილი ვინმე და თაყვანს სცემს მას გროშისა და პურის ნატეხისთვის და ეტყვის: მომეცი სამღვდელო რამ ხარისხი, რომ ლუკმაპური ვჭამო. 36 და იყოს, ყოველი ნეშტი სახლისა შენისა მოვიდოდის თაყუანის-ცემად მისა დანგითა ვეცხლისათა და ერთითა ჴუეზითა პურითა და რქუას: დამადგინე ერთსა ოდენ სამღდელოსა შენსა ჭამად პურისა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე