ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი მეფეთა

თავი მერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

როცა მოხუცდა სამუელი, ისრაელის მსაჯულებად თავისი შვილები დაადგინა.

1

ხოლო რაჟამს დაბერდა სამოველ, დაადგინა ძენი მისნი მსაჯულად ისრაჱლსა ზედა.

2 მის პირმშოს სახელად ერქვა იოველი, ხოლო უმცროსს - აბია; ბეერ-შებაში მსაჯულობდნენ ისინი. 2 და ესე სახელები არს ძეთა მისთა: პირმშო მისი იოელ, შემდგომი მისი აბა, მსაჯულნი ბერსაბესანი.
3 არ გაჰყვნენ შვილები მამის გზას, ანგარებას მისდევდნენ, ქრთამს იღებდნენ და სამართალს ამრუდებდნენ. 3 და არა ვიდოდეს ძენი იგი მისნი გზათა მისთა, არამედ შეუდგეს იგინი ანგაჰარებასა, მიიღებდეს ქრთამსა და სამართალი არა უყვიან.
4 შეიკრიბა ისრაელის უხუცესობა და მივიდა სამუელთან რამათს. 4 და შეკრბა ყოველი ნათესავი ისრაჱლისა, მოვიდეს სამოველისა არმათემად.
5 უთხრეს: შენ მოხუცდი, შენი შვილები კი არ მიჰყვებიან შენს გზას. დაგვიდგინე ახლა მეფე, რომ სხვა ხალხების წესისამებრ განგვსჯიდეს. 5 და რქუეს მას: შენ, ესერა, დაბერებულ ხარ, და ძენი შენნი არა ვლენან გზათა შენთა. აწ მოგუეც ჩუენ მეფე, რათა სჯიდეს სამართალსა, ვითარცა სხუათა ნათესავთა არს!
6 არ მოეწონა ეს ამბავი სამუელს, როცა თქვეს, მეფე მოგვეციო მსაჯულად. მაშინ შეევედრა სამუელი უფალს. 6 და შეუძნდა სიტყუაჲ ესე სამოელს, რამეთუ რქუეს მას, ვითარმედ: მოგუეც მეფე, რომელი წინაგჳძღოდის ჩუენ! და ილოცვიდა სამოველ უფლისა მიმართ.
7 უთხრა უფალმა სამუელს: შეისმინე ხალხის ყოველი სიტყვა, რასაც გეტყვის, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ. 7 და უფალმან რქუა მას: ისმინე სიტყუაჲ ერისა მაგის, რამეთუ არა შენ შეურაცხ-გყვეს, არამედ მე, ვინათგან იყავ მათ ზედა მეფედ.
8 როგორც იქცეოდნენ იმ დღიდან, როცა ეგვიპტიდან გამოვიყვანე, დღემდე, როცა დამივიწყეს და უცხო ღმერთებს დაემონენ, ასევე გექცევიან შენც. 8 ყოველთა ზედა საქმეთა თჳსთა, ვინათგან მოვიყვანნეთ იგინი ეგჳპტით ვიდრე დღევანდელად დღედმდე, რამეთუ დამიტევეს მე და მსახურებდეს კერპთა უცხოთა, ეგრეცა შენ გიყვეს.
9 ახლა შეისმინე მათი სიტყვა, ოღონდ გააფრთხილე და აუხსენი უფლებები მეფისა, რომელმაც მათზე უნდა იმეფოს. 9 აწ შენ ისმინე მათი; აღთქმა დავდვა მათ შორის და უთხრა წესი და სამართალი სამეფო, რომელი მეფობდეს მაგათ ზედა.
10 უთხრა სამუელმა უფლის სიტყვები ხალხს, მეფეს რომ მოითხოვდნენ მისგან. 10 და უთხრა სამოველ ყოველი იგი სიტყუაჲ ღმრთისა ერსა მას, რომელნი ითხოვდეს მისგან მეფესა.
11 უთხრა: აი, რა უფლებები ექნება მეფეს, რომელიც იმეფებს თქვენზე: წაიყვანს თქვენს შვილებს და თავის ეტლებთან და ცხენებთან დაიყენებს და ირბენენ მისი ეტლის წინ. 11 და რქუა მათ: ესე წესი არს მეფისა, რომელი მეფობდეს თქუენ ზედა: მიგიხუნეს შვილნი თქუენნი და ყვნეს მჴედრებად, რომელნიმე მეეტლედ და წინამოცორვალად,
12

დანიშნავს მათ ათასისთავებად და ორმოცდაათისთავებად, თავის ყანის მხვნელებად და თავისი სამკალის მოსამკელად, თავისი საბრძოლო საჭურველისა და ეტლების მკეთებლებად.

12

და რომელნიმე დაადგინნეს ათასისთავად და ასისთავად, მჴნველად და მომკალად, და მწველელად და მეზუერედ, და ყუნეს მათგანნი რომელიმე ჯაჭჳსმოქმედად და საჭურველისა.

13 აიყვანს თქვენს ასულებს მენელსაცხებლებად, მზარეულებად და პურის მცხობლებად. 13 და ასულნი თქუენნი მიგიხუნეს და ყვნეს საცხებელისმგბოლველ და მექოთნედ და მეპურე.
14 წაგართმევთ საუკეთესო ყანებს, ვენახებსა და ზეთისხილის ბაღებს და თავის მორჩილებს დაურიგებს. 14 და მიგიღოს ყანები და ვენაჴები თქუენი და ზეთისხილები კეთილ-კეთილი და ნაყოფიერი, და მისცეს იგი მონათა თჳსთა.
15 მეათედს აიღებს თქვენი ნათესებიდან და ვენახებიდან და თავის კარისკაცებსა და მორჩილებს უწყალობებს. 15 და ნაყოფისაგანი ყანათა და ვენაჴთა თქუენთა ათეული მიიღოს, და მისთა საჭურისთათჳს და მონათა.
16 წაგართმევთ საუკეთესო ყმებს, მხევლებს, მსახურ ბიჭებს, სახედრებს და თავის საქმეზე ამსახურებს. 16 მონანი და მჴევალნი თქუენნი, მროწეულნი და კარაულნი და ჴარნი თქუენნი მოგიხუნეს და დაადგინნეს საქმესა მას სამეფოსა.
17 წაიღებს მეათედს თქვენი ფარიდან და თქვენც მისი ყმები გახდებით. 17 და საცხოვართა თქუენთა ათეული მიიღოს და იყვნეთ თქვენ მონად და მსახურად.
18 მაშინ მოჰყვებით წუწუნს თქვენს არჩეულ მეფეზე, მაგრამ არ მოგისმენთ უფალი. 18 და ღაღადებდით მეფისა მის, და არა ისმინოს თქუენი უფალმან, რამეთუ თქუენ თჳთ გამოირჩიეთ მეფე.
19 არ დაუჯერა ხალხმა სამუელს. თქვეს: არა და არა, მეფე უნდა გვესვას, 19 და არა უნდა ერსა მას სმენად სიტყუაჲ იგი სამოველისა. მაშინ რქუეს მას: არა ეგრე არს, არამედ დაადგინე ჩუენ ზედა მეფე
20 ჩვენც ისეთები უნდა ვიყოთ, როგორც სხვა ხალხები არიან. ჩვენი მეფე განგვსჯის ჩვენ, წინ წაგვიძღვება და ჩვენი გულისთვის იბრძოლებს. 20 და მორჩილ ვიყუნეთ მისა, ვითარცა სხუანი ნათესავნი და განგვიკითხევდეს ჩუენ მეფე და ბრძოდეს მტერთა ჩუენთა.
21 მოისმინა სამუელმა ხალხის ნათქვამი და შეატყობინა უფალს. 21 მაშინ ისმინა სამოველ სიტყუაჲ იგი მათი და უთხრა ყოველი უფალსა.
22 უთხრა უფალმა სამუელს: შეიწყნარე მათი სიტყვა და დაუდგინე მეფე. უთხრა სამუელმა ისრაელის კაცებს: წადით თქვენ-თქვენს ქალაქებში. 22 და რქუა უფალმან სამოველს: ისმინე მათი და დაადგინე მათ ზედა მეფე, რათა მეფობდეს მათ ზედა! და გამოვიდა სამოველ და უბრძანა ერსა მას: წარვედით თქუენთჳს ქალაქად!

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე