ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი ნეშტთა

თავი მეთერთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მოვიდნენ ისრაელიანები დავითთან ხებრონს და უთხრეს: აჰა, შენი ძვალი და ხორცი ვართ.

1

და მოვიდა ყოველი კაცი ისრაჱლისა დავითისა ქებრონად და არქუეს: აჰა, ესერა, ჩუენ ძუალნი შენნი და ჴორცნი შენნი ვართ.

2 გუშინაც და იმის უწინაც, როცა საული მეფობდა, შენ მიგყავდა და მოგყავდა ისრაელი. უფალმა, შენმა ღმერთმა გითხრა: შენ დამწყემსავ ჩემს ერს, ისრაელს, შენ იქნები ჩემი ერის, ისრაელის მთავარი. 2 და გუშინ და ძოღან ვიდრე იგი იყოღა საულ მეფე, და შენვე იყავ შემომყვანებელ და გამომყვანებელ ისრაჱლისა. და გრქუა შენ უფალმან ღმერთმან შენმან: შენ დამწყსო ერი ჩემი ისრაჱლი, და შენ იყო წინამძღუარი ისრაჱლსა ზედა.
3 მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა მეფესთან ხებრონს და შეჰკრა დავითმა მათთან კავშირი ხებრონში უფლის წინაშე და სცხეს ისრაელის მეფედ დავითი, უფლის სიტყვის თანახმად, სამუელის ხელით. 3 და მოვიდეს ყოველნი მოხუცებულნი ისრაჱლისანი დავითის მეფისა ქებრონად, და აღუთქუა აღთქმა დავით მეფემან წინაშე უფლისა, და სცხეს დავითს მეფედ ისრაჱლსა ზედა სიტყჳსა მისებრ უფლისა ჴელითა სამუელ წინაწარმეტყუელისათა.
4 გაილაშქრეს დავითმა და ისრაელიანებმა იერუსალიმისკენ, ანუ იებუსისკენ. იქ იყვნენ იებუსელნი - იმ ქვეყნის მკვიდრნი. 4 და წარვიდა დავით მეფე და კაცნი ისრაჱლისანი იერუსალჱმდ, ესე იგი არს იებუსი, და მუნ იებუსელნი მკჳდრობდეს ქუეყანასა.
5 უთხრეს იებუსის მკვიდრებმა დავითს, აქ ვერ შემოხვალო. მაგრამ აიღო დავითმა სიონის ციხე-სიმაგრე. ეს არის დავითის ქალაქი. 5 და არქუეს მკჳდრთა მათ იებუსელისათა დავითს: არა შემოხჳდე აქა! და დაიპყრა დავით გარემოზღუდვილი იგი სიონისა, ესე არს ქალაქი დავითისი.
6 თქვა დავითმა, ვინც ყველაზე უწინ შემუსრავს იებუსელთ, ის გახდებაო თავკაცი და სარდალი. ყველაზე უწინ იოაბ ცერუიას ძე ავიდა და გახდა სარდალი. 6 და თქუა დავით: ყოველმან, რომელმან სცეს პირველად იებუსელსა, იყოს იგი მთავრად და ერისთავად. და აღჴდა პირველად იოაბ, ძე სარუიასი, და იქმნა იგი მთავარ.
7 დადგა დავითი ციხე-სიმაგრეში, ამიტომ უწოდეს მას დავითის ქალაქი. 7 და დაიპყრა დავით გარემოზღუდვილი იგი. ამისთჳს უწოდა მას ქალაქი დავითისი.
8 მან შემოაშენა ქალაქი გარშემო, მილოდან შემოგარენამდე. იოაბმა კი ძველი ქალაქი აღადგინა. 8 და აღაშენა ქალაქი იგი გარემოს, და ბრძოდა და დაიპყრა ქალაქი იგი.
9 სულ მაღლა და მაღლა მიდიოდა დავითი და ცაბაოთ უფალი მასთან იყო. 9 და ვიდოდა დავით და განდიდნებოდა. და უფალი ყოვლისა მპყრობელი იყო მის თანა.
10 აჰა, დავითის მოყმეთა მთავარნი, რომელნიც მხარს უმაგრებდნენ მას მის სამეფოში ისრაელთან ერთად, მის გასამეფებლად, უფლის სიტყვისამებრ. 10 ესენი იყუნეს მთავარნი და ძლიერნი დავითისნი, რომელნი განძლიერდებოდეს მის თანა მეფობასა მისსა ყოვლისა თანა ისრაელისა, რომელნი ამეფებდეს მას სიტყჳსა მისებრ უფლისა ისრაჱლსა ზედა.
11

აჰა, დავითის მოყმეთა რიცხვი: იაშაბყამ ხაქმონის ძე, ოცდაათეულის თავკაცი; მან თავისი შუბის ერთი მოქნევით სამასი კაცი მოკლა.

11

და ესე არს რიცხჳ ძალთა მათ დავითისთა: ისბაამ, ძე აქიმანისი, უმთავრესი მათ სამთა. ამან იჴადა მახჳლი თჳსი ერთგზის სამასთა ზედა წყლვად ერთსა შინა ჟამსა და მოსწყჳდნა იგინი.

12 მას შემდეგ ელეზარი ძე დოდოსი, ახოხელი, ერთერთი იმ სამ მოყმეთაგანი. 12 და მის თანა ელეაზარ, ძე გოდასი, აქოქელი, ესე იყო სამთა მათ შორის ძლიერთა დავითისათა.
13 იგი დავითს ახლდა ფას-დამიმში, სადაც ფილისტიმელნი საომრად შეიყარნენ (იყო იქ ყანის ნაკვეთი, სადაც ქერი ეთესა) და უკუიქცა ხალხი ფილისტიმელთაგან. 13 და ესევე იყო დავითის თანა ფასოდომინს, და უცხოთესლნი შეკრბეს მუნ ბრძოლად, და იყო მუნ ნაწილი აგარაკისა სავსე ქრთილითა, და ერი იგი ივლტოდა პირისაგან უცხოთესლთასა.
14 ისინი ჩადგნენ შუა ყანაში, დაიცვეს იგი და მუსრი გაავლეს ფილისტიმელებს. მაშინ დიდი ხსნა მოუტანა მათ უფალმა. 14 და დადგა შორის ნაწილსა მას და განარინნა იგინი და მოსრნა უცხოთესლნი იგი. და ყო უფალმან მის მიერ მაცხოვარება დიდი.
15 ოცდაათი თავკაციდან ეს სამნი ავიდნენ კლდეზე დავითთან, ყადულამის გამოქვაბულში. ხოლო ფილისტიმელთა ურდო რეფაიმის ველზე იყო დაბანაკებული. 15 და შთავიდეს სამნი მათ ოცდაათთა მთავართაგანნი კლდესა მას დავითისსა ქუაბსა ოდოლამისასა და ბანაკი იგი უცხოთესლთა დაბანაკებულ იყო ღელესა მას გმირთასა.
16 მაშინ დავითი საფარში იყო, ხოლო ფილისტიმელთა ყარაული ბეთლემში იდგა. 16 და დავით იყო მაშინ გარემოცულსა მას, და ძალი იგი უცხოთესლთა დგა მაშინ ბეთლემს.
17 ინება დავითმა და თქვა: ვინ დამალევინებს ბეთლემის ჭის წყალს, კარიბჭესთან რომ არის? 17 და შეეწყურვა დავითს და თქუა: ვინმცა მასუა მე წყალი ჯურღმულისა მისგან ბეთლემისა, რომელ არს ბჭეთა ბჭეთასა?
18 გაარღვია ამ სამმა ფილისტიმელთა ბანაკი, ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის, წამოიღეს და დავითს მოუტანეს, მაგრამ არ ინდომა დავითმა მისი დალევა და უფალს დაუღვარა. 18 და განაპეს სამთა მათ ბანაკი იგი უცხოთესლთა და ივსეს წყალი ჯურღმულისა მისგან, რომელი იყო ბეთლემს ბჭეთა ზედა, წარიღეს და მოვიდეს დავითისა, და არა ინება დავით სუმად იგი, არამედ შეწირა იგი უფალსა.
19 თქვა: შორს იყოს ჩემგან, უფალო, ასეთი საქმე! ნუმც დამელიოს ამ ვაჟკაცთა სისხლი, თავის გასაწირად რომ წავიდნენ! აღარ ინდომა დავითმა წყლის დალევა. ასე მოიქცა ეს სამი მოყმე. 19 და თქუა: ლხინება იყავნ ჩემდა ღმერთო, ყოფად სიტყუაჲ ესე! უკუეთუ სისხლი კაცთა ამათ ვსუა სულთა მათთა? რამეთუ სულითა მათითა მოიღეს იგი. და არა ინება სუმად წყალი იგი. ესე ყვეს სამთა მათ ძლიერთა.
20 აბშაი, იაბის ძმა, ამ სამის უფროსი იყო. მან სამას კაცს მოუქნია შუბი და განგმირა. მას მეტი სახელი ჰქონდა ამ სამში. 20 და აბესა, ძმა იოაბისი, ესე იყო მთავარ სამთა მათ. ამან იჴადა მახჳლი თჳსი ზედა ექუსასთა მათ წყლვად, და მოსწყჳდნა იგინი ერთსა ჟამსა შინა. და ესე იყო სახელოვან სამთა მათ შორის
21

ამ სამზე მეტად იყო პატივდებული და მათ მეთაურობდა, მაგრამ იმ პირველ სამს ვერ უტოლდებოდა.

21

და სამთა მათგან უფროს, ორთა მათ დიდებულ, და იყო მათ ზედა მთავარ, და სამთამდე არა მოვიდა.

22 ბენაია იეჰოიადაყის ძე მაგარი ვაჟკაცი იყო, დიდ საქმეთა მქმნელი, კაბცეელიდან. მან დაამარცხა ორი მოაბელი ლომკაცი; ის ჩავიდა ორმოში და მოკლა ლომი თოვლიან დღეს. 22 და ბანეა, ძე იოდაესი, ძე კაცისა ძლიერისა, და მრავალ იყუნეს საქმენი მისნი უფროს კაბესაბელისა: მან მოსწყჳდნა ორნი ძენი არიელბანისა და ესე შთაუჴდა ჯურღმულსა და მოკლა ლომი დღეთა ზამთრისათა.
23 მანვე მოკლა ეგვიპტელი კაცი, ხუთი წყრთის სიმაღლისა; შუბი ისე ეჭირა ეგვიპტელს ხელში, როგორც ფეიქარს საქსოვი ლილვი. ჩაუხტა კეტით, ხელიდან გამოსტაცა ეგვიპტელს შუბი და მისივე შუბით განგმირა. 23 და ამან მოკლა კაცი იგი მეგჳპტელი, კაცი სახილველი ხუთ წყრთა სიგრძითა, და ჴელსა მის ეგჳპტელისასა აქუნდა ლახვარი, ვითარცა ლვილი ქსელთა. და მიუჴდა მას ბანეა კუერთხითა და მოუღო ჴელისგან მის ეგჳპტელისა ლახვარი. და მოკლა იგი ლახურითავე მისითა.
24 ეს გააკეთა ბენაია იეჰოიადაყის ძემ და სახელი მოიხვეჭა სამ მოყმეს შორის. 24 ესე ქმნა ბანეა ძემან იოდაესმან, და იყო მისი სახელი სამთა მათ შორის ძლიერთა
25 ოცდაათისგან გამოირჩეოდა, მაგრამ სამს ვერ უტოლდებოდა. თავის მცველთა მეთაურად დანიშნა იგი დავითმა. 25 უფროს მათ სამთა, და უდიდებულეს იყო ესე და სამთა მათ არა მოვიდა. და დაადგინა იგი დავით მამულსა მისსა ზედა.
26 მებრძოლთა მეთაურნი იყვნენ: ყასაელი, იოაბის ძმა, ელხანან დოდოს ძე, ბეთლემელი, 26 და ძლიერნი ძლიერთანი: ასაელ, ძმა იოაბისი; ელეანანი, ძე გოვდიასი, ბეთლემელი;
27 შამოთ ჰაროლელი, ხალეც ფელონელი, 27 სამოთ არევდელი; აგქელეს ფალონისი;
28 ყირა ყიკეშის ძე, თეკოყელი, აბიყეზერ ყანათოთელი, 28 ორია, ძე თეკუჱლისა; აბიეზერ ანათოთელი;
29 სიბქაი ხუშათელი, ყილაი ახოხელი, 29 სობოქე ასოთელი; ელეე აქონელი;
30 მაჰარაი ნეტოფათელი, ხელედ ბაყანას ძე, ნეტოფათელი, 30 ნოორე ნეტოფატელი; ელტა, ძე ბანაასი, ნეთოფათინელი;
31 ითაი რიბაის ძე, ბენიამინის გიბყადან, ბენაია ფარყათონელი, 31 ეთაი, ძე რიფასი, ბორცჳსა ბენიამენისი; ბანიას ფარათონელი;
32 ხურაი ნახალე-გაყასელი, აბიელ ყარბათელი, 32

ური ინექალესისა; აბიელ სარაბეთელი;

33 ყაზმავეთ ბახარუმელი, ელიახბა შაყალბონელი. 33 აზამოთ ბარსომელი; ელიაბ ასანოღაბელი.
34

ჰაშემ გიზონელის ძენი: იონათან შაგეს ძე, ჰარარელი,

34 ძენი ასამისნი გოვინიმით: იონათან, ძე მაგესი, არორიმელი;
35 ახიამ საქარის ძე, ჰარარელი, ელიფალ ურის ძე, 35 აქამ, ძე აქარისი, არარეველისა; ელიფაალი, ძე ორაისი.
36 ხეფერ მექერათელი, ახია ფელონელი, 36 ფერომე ქორათელი; აქია ოფელონელი;
37 ხეცრო ქარმელელი, ნაყარაი ეზბაის ძე, 37 ასრაი კარმენელი; ნოორანი, ძე აზაბისი;
38 იოელი, ნათანის ძმა, მიბხარ გერის ძე, 38 იოელ, ძმა ნათანისი; მაბარ, ძე აგარაისი;
39 ცელეკ ყამონელი, ნახრაი ბეროთელი, იოაბ ცერუიას ძის საჭურველთმტვირთველი, 39 სელეკ ამმონელი; ნაარაი ბერეთელი, რომელსა აქუნ საჭურველი იოაბისი, ძისა სარუიასი;
40 ყირა ითრელი, გარებ ითრელი, 40 ირას ურეფელი, გაბეთ იერეთელი;
41 ურია ხეთელი, ზაბად ახლაის ძე. 41 ურია ქეტელი; ზაბად, ძე საულისა;
42 ყადინა შიზას ძე, რეუბენელი, რეუბენიანთა თავკაცი და ოცდაათი მასთან ერთად. 42 ადინა, ძე სელქასი, რუბენისი, მთავარი ოცდაათთა ზე;
43 ხანან მაყაქას ძე, იოშაფატ მითნელი, 43 და ანან, ძე მაქასი; იოსაფატ მათთანელი;
44 ყუზია ყაშთერათელი, შამაყი და იეთიელი - ხოთამის ძენი, ყაროყერელნი. 44 ოზია ასტაროთელი; სამაა და იეელ - ძენი კოთაბელისნი, არარელნი;
45 იედიყაელ შიმრის ძე, მისი ძმა იოხა თიციელი, 45 ედიელ, ძე ასამარიასი; და იოვზაე, ძმა მისი, ოთოსაელნი;
46 ელიელ მახაველი, ირიბაი, იოშავია - ელნაყარის ძენი და ითმა მოაბელი. 46 იელიელ მაოინელი, აირაბ და ოსოია, ძენი მისნი, ელნამელნი; და იეთემა მოაბელი; ალიელ, და ობედ და იესიელ მოასათელნი.
47 ელიელი, ყობედ და იაყისელ მეცობაელნი.    

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე