ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი ნეშტთა

თავი მეცამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ეთათბირა დავითი ათასისთავებს, ასისთავებს და წინამძღოლებს.

1

და ზრახვა-ყო დავით ათასისთავთა თანა და ასისთავთა თანა და ყოვლისა თანა, რომელსა სათნო-უჩნდა.

2 უთხრა დავითმა ისრაელის მთელ კრებულს: თუ თქვენ თანახმა იქნებით და თუ ეს უფლის, ჩვენი ღმერთის ნება იქნება, ხალხი გავუგზავნოთ ისრაელის ყველა მხარეში ჩვენს ძმებს, მღვდლებს, ლევიანებს მათ შემოგარენ ქალაქებში, რათა შემოგვიერთდნენ. 2 და არქუა დავით ყოველსა მას კრებულსა ისრაჱლისასა: უკუეთუ ესე თქუენდა სათნო არს, და უფლისა ღმრთისა ჩუენისა მიერ წარემართოს, მივავლინოთ ძმათაცა ჩუენთა ნეშტთა ყოველთა ქუეყანასა ისრაჱლისასა და მათ თანა მღდელნი იგი და ლევიტელნი ქალაქთაგან სამკჳდრებელთა მათთა შემოკრბედ ჩუენდა
3 და ჩვენთან გადმოვაბრძანოთ ჩვენი ღვთის კიდობანი, რადგან საულის დროს მისთვის არ მიგვიმართავს. 3 და მოვიღოთ კიდობანი იგი ღმრთისა ჩუენისა ჩუენდა, რამეთუ არა ეძია იგი დღითგან საულისით.
4 მიუგო მთელმა კრებულმა: დაე, ასე იყოს, ვინაიდან ეს საქმე მოსაწონია ხალხის თვალში. 4 და თქუა ყოველმან მან კრებულმან ყოფად ეგრეთ, რამეთუ სათნო-უჩნდა სიტყუაჲ ესე წინაშე თუალთა ყოვლისა ამის ერისათა.
5 შეყარა დავითმა მთელი ისრაელი. ეგვიპტის შიხორიდან ხამათის მისადგომამდე, კირიათ-იეყარიმიდან ღვთის კიდობნის გადმოსაბრძანებლად. 5 და შეკრიბა დავით ყოველი ისრაჱლი საზღუარითგან ეგჳპტისთა ვიდრე შესლვადმდე ემათისა, შემოღებად კიდობნისა მის ღმრთისა ქალაქით იარიმით.
6 ავიდა დავითი და მთელი ისრაელი ბაყალთაში, კირიათ-იეყარიმში, იუდას რომ ეკუთვნის, რათა იქიდან წამოებრძანებინათ კიდობანი ღვთისა, ქერუბიმებზე მჯდომარე უფლისა, რომელიც ამ სახელით იწოდება. 6 და აღმოიღო იგი დავით. და ყოველი ისრაჱლი აღმოვიდოდა ქალაქად დავითისა, რომელი იყო იუდასი, აღმოღებად მიერ კიდობანი იგი ღმრთისაჲ, მჯდომარე ქერობინსა ზედა, სადა-იგი წოდებულ იყო სახელი მისი.
7 დაასვენეს ღვთის კიდობანი ახალ ურემზე და წამოაბრძანეს აბინადაბის სახლიდან. ურემს ყუზა და ახიო მიჰყვებოდნენ. 7 და დადგეს კიდობანი იგი ღმრთისაჲ ურემსა ზედა ახალსა, სახლისაგან ამინადაბისა. და ოზიას და ძმათა მისთა მოჰყვანდა ურემი იგი.
8 დავითი და მასთან ერთად მთელი ისრაელი როკავდა ღვთის წინაშე მთელი ძალ-ღონით; მღეროდნენ და უკრავდნენ ქნარებს, ბობღნებს, დაფდაფებს, ჩანგებსა და წინწილებს. 8 და დავით და ყოველი ისრაჱლი იმღერდა წინაშე ღმრთისა ყოვლითა ძალითა, გალობითა, და ქნარითა, ებნითა, ბობღნითა, და წინწილითა და ნესტჳთა.
9 როცა ქიდონის კალოსთან მივიდნენ, ყუზამ ხელი შეაშველა კიდობანს, რადგან კინაღამ გადმოაგდეს ხარებმა. 9 და მოვიდეს ვიდრე კალოდმდე ქელონისა და განყო ოზია ჴელი თჳსი დაპყრობად კიდობნისა, რამეთუ გარეშეაქცია იგი ზუარაკმან.
10 აენთო უფლის რისხვა ყუზაზე და იქვე დასცა იგი ღმერთმა კიდობანზე ხელის წაშველების გამო. და იქვე მოკვდა ღვთის წინაშე. 10 და გულისწყრომით განრისხნა უფალი ოზიას ზედა და მოკლა იგი მუნ განყოფისა მისთჳს ჴელისა მისისა კიდობანსა ზედა. და მოკუდა იგი მუნ წინაშე ღმრთისა.
11 შეწუხდა დავითი, რომ დაღუპა უფალმა ყუზა, და დღემდე იმ ადგილს ეწოდება ფერეც-ყუზა (ყუზას დაღუპვა). 11 და შეწუხნა დავით, რამეთუ განკუეთა უფალმან, განკუეთა იგი ოზიას ზედა და ჰრქჳან ადგილსა მას ,,განკუეთა ოზიასი`` ვიდრე აქა დღედმდე.
12 ღმერთის შეეშინდა დავითს იმ დღეს და თქვა: როგორ მოვა ჩემამდე ღვთის კიდობანი? 12 და შეიშინა დავით მას დღესა შინა ღმრთისა და თქუა: ვითარ შევიღო კიდობანი ესე ღმრთისაჲ ჩემდა.
13 არ ინდომა დავითმა უფლის კიდობნის თავისთან მიტანა დავითის ქალაქში და გეთელი ყობედ-ედომის კარ-მიდამოსკენ გადაახვევინა. 13 და არა შეიღო დავით კიდობანი იგი ღმრთისაჲ ქალაქად დავითისა. და მისცა იგი სახიდ აბედასა ქეტელისა.
14 სამ თვეს ესვენა ღვთის კიდობანი გეთელი ყობედედომის კარმიდამოში და აკურთხა უფალმა ყობედ-ედომის კარმიდამო, და მთელი მისი საბადებელი. 14 და იყო კიდობანი იგი ღმრთისაჲ სახლსა აბედადარისასა სამ თვე. და აკურთხა ღმერთმან აბედადარისი და ყოველივე მისი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე