ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი ნეშტთა

თავი მეთოთხმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გამოუგზავნა ხირამმა, ციდონის მეფემ, დავითს მოციქულები და ნაძვის ძელები, კედლის მშენებლები, ხუროები მისთვის სახლის ასაშენებლად.

1

და მოავლინნა მოციქულნი ქირამ, მეფემან ტჳროსისამან დავითისა და მოსცა ძელი ნაძჳსა და მაშენებელნი ზღუდეთანი და ხურონი ძელისანი, რათა უშენონ მას სახლი.

2 მიხვდა დავითი, რომ მტკიცედ ჰყავდა დადგენილი იგი უფალს ისრაელის მეფედ და რომ აღამაღლა მისი სამეფო თავისი ერის, ისრაელის გამო. 2 და გულისხმა-ყო დავით, რამეთუ განუმზადა მას უფალმან ისრაჱლსა ზედა. და აღორძინდა სიმაღლედ მეფობაჲ მისი ერისა მისთჳს ისრაჱლისა.
3 კიდევ მოიყვანა დავითმა იერუსალიმში ცოლები და კიდევ შეეძინა დავითს ვაჟები და ასულები. 3 მო-ვეღა-იყუნნა დავით ცოლნი იერუსალჱმს, და უშვნესვე მერმე დავითს ძეები და ასულები.
4 აჰა, იმათი სახელები, რომელნიც იერუსალიმში შეეძინა: შამუაყი, შობაბი, ნათანი, სოლომონი, 4 და ესე არს სახელები მათი, რომელნი ესხნეს იერუსალჱმს: სამმა, სობაბ, ნათან, სოლომონ,
5 იბხარი, ელიშუაყი, ელფალეტი, 5 და იებაარ, ელისაუ, ელიფალეტ,
6 ნოგაჰი, გეფეგი, იაფიაყი, 6 ნაგებ, ნაფეგ, იაფიე,
7 ელიშამაყი, ბეყელიადაყი, ელიფალეტი. 7 ელისამ, ბაელია და ელიბალეტ.
8 შეიტყვეს ფილისტიმელებმა, რომ მთელი ისრაელის მეფედ აკურთხეს დავითი და დაიძრნენ ფილისტიმელნი დავითის შესაპყრობად. შეიტყო ეს დავითმა და გამოვიდა მათ წინაშე. 8 და ესმა უცხოთესლთა, რამეთუ ცხებულ არს დავით მეფედ ყოველსა ისრაჱლსა ზედა. და აღმოვიდეს ყოველნი უცხოთესლნი მოძიებად დავითისა და განვიდა მიგებებად მათა.
9 მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე გაიშალნენ. 9 და უცხოთესლნი იგი მოვიდეს და შესცჳვეს ღელესა მას გმირთასა.
10

დავითი ღმერთს დაეკითხა: გავილაშქრო ფილისტიმელებზე? ჩამიგდებ მათ ხელში? მიუგო მას უფალმა: გაილაშქრე, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს.

10 და იკითხა დავით ღმრთისა მიერ და თქუა: უკუეთუ აღვიდეთ უცხოთესლთა მათ და მომცნე იგინი ჴელთა ჩემთა? და ჰრქუა მას უფალმან: აღვედ და მოგცნე იგინი ჴელთა შენთა.
11 ავიდნენ ბაყალ-ფერაციმში და იქ სძლია დავითმა და თქვა: წალეკა უფალმა ჩემი მტრები ჩემივე ხელით, როგორც წყალი წალეკავს ხოლმე. ამიტომ ეწოდა ამ ადგილს ბაყალ-ფერაციმი. 11

და აღვიდა დავით ბაალფარასინად და მოსრნა იგინი დავით მუნ. თქუა დავით: განკუეთნა ღმერთმან მტერნი ჩემნი ჴელითა ჩემითა, ვითარცა განკუეთს წყალი. ამისთჳს უწოდა ადგილსა მას განკუეთა - ფარასინს.

12 იქ მიატოვეს მათ თავიანთი კერპები; დავითმა ბრძანა და ცეცხლში დაწვეს ისინი. 12 და დაუტევნეს მათ კერპნი მათნი, და ივლტოდეს და უბრძანა დავით დაწვა მათი ცეცხლითა.
13 კვლავ გამოილაშქრეს ფილისტიმელებმა და ველზე გაიშალნენ. 13 და მერმე შე-ვეღა-სძინეს უცხოთესლთა მათ და მუნვე შესცჳვეს ღელესა მას გმირთასა.
14 კვლავ დაეკითხა დავითი ღმერთს. მიუგო ღმერთმა: უკან ნუ გაეკიდები, გარს მოუარე და თუთების მხრიდან მიადექი. 14 და იკითხა მერმეცა დავით ღმრთისაგან და ჰრქუა მას ღმერთმან: არა აღხჳდე შედგომად მათსა, გარემოიქეც აწ მათგან და აცადენ იგინი მახლობელად სხალოვანსა მას.
15 როგორც კი თუთების კენწეროებიდან შრიალის ხმა შემოგესმება, იმ წამსვე შეიმართე საომრად, რადგან მაშინ წაგიძღვება ღმერთი ფილისტიმელთა ბანაკის შესამუსვრელად. 15 და იყოს, რაჟამს გესმეს ჴმა ძრვისა მწვერვალთა მას სხალისათა, მაშინ გამოხჳდე და ღმერთი წინაშე შენსა ბრძოლად მათად, რამეთუ მაშინ გამოვიდა ღმრთის წინაშე მოსრვად ბანაკისა მის უცხოთელსთასა.
16 ისე მოიქცა დავითი, როგორც ღმერთმა დაარიგა და გაბაონიდან გაზრამდე მუსრი გაავლო ფილისტიმელთა ურდოს. 16 და ყო ეგრე დავით, ვითარცა უბრძანა მას ღმერთმან. და მოსრა ბანაკი იგი უცხოთესლთა გაბაონითგან ვიდრე გაზერადმდე.
17 დავითმა მთელ ქვეყანაზე გაითქვა სახელი და უფალმა მისი შიში მისცა ყველა ხალხს. 17 და იყო სახელი დავითისი ყოველსა ქუეყანასა. და უფალმან მოსცა შიში მისი ყოველთა ნათესავთა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე