ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე ეზრა

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მეფე დარიოსმა გაუმართა დიდი ლხინი ყველა თავის ქვეშევრდომს, ყველა თავის სახლეულს და მიდიისა და სპარსეთის ყველა დიდებულს,

1

და დარეჰ მეფემან ყო სიხარული დიდი და მოუწოდა ყოველთა მთავრებსა თჳსსა, შვილთა თჳსთა და ყოველთა დიდ-დიდთა მიდთასა და სპარსთასა, ქალდეველთასა.

2 ყველა სატრაპს და მხედართმთავარს ქვეშევრდომი ქვეყნების განმგებელთ ინდოეთიდან ეთიოპიამდე ას ოცდაშვიდ სამთავროში. 2 და ყოველსა უფლებსა და ერისთავთა და სოფლისმპყრობელთა მათ თანა ჰინდოეთითგან ვიდრე ეთიოპედმდე. და იყუნეს მთავრები იგი ასოცდაშჳდ.
3 ჭამეს და სვეს და კმაყოფილნი დაიშალნენ, ხოლო მეფე დარიოსი შევიდა საძინებელში, დაიძინა და მერე გაღვიძა. 3 ჭამეს და სვეს, და განძღეს და მხიარულ იქმნენ, რაჟამს ოხჭანი იყო, დარეჰ მეფე შევიდა სასუენებელად და აჴდა საგებელსა თჳსსა და დაიძინა.
4 მაშინ სამმა ჭაბუკმა, მცველებმა, რომლებიც მეფის სხეულს იცავდნენ უთხრეს ერთმანეთს: 4 მას ჟამსა სამნი იგი სენაკაპანნი მისნი, ვიდრე მეფესა ეძინა და იგინი სასუენებელსა მას შინა ეკრძალებოდეს და ჴუმილვიდეს და სიტყუად იწყეს ურთიერთას და თქუეს:
5 ვთქვათ თითოეულმა ჩვენთაგანმა თითო სიტყვა, - ვინც აჯობებს, და რომლის ნათქვამიც მეორისაზე ბრძნული აღმოჩნდება, მისცეს მას მეფე დარიოსმა დიდძალი საბოძვარი და დიდი ჯილდო. 5 მოდით, თჳთეულად ვთქუათ სიტყუა ერთი, რომელმან უბრძანის და უძლიერეს თქუას მოყუასთა თჳსთა, უფროს მისცეს დარეჰ მეფემან ნიჭი დიდი და განადიდოს და სახელოვან-ყოს იგი უფროს ყოველთასა.
6 პორფირით შეიმოსოს და ოქროს სასმისით სვამდეს, ოქროზე ეძინოს და ჰქონდეს ეტლი ოქროსაღვირიანი და თავსაბურავი ბისონისა, და მანიაკი ყელზე. 6 და ძოწეული შთააცვას მას და ოქროსა სამსახურებელითა ჭამდეს და სმიდეს, და ზედა ოქროსაგებელთა დაწვეს და დაიძინოს. და აღსვან იგი საჴედარსა ოქროსაღვირედსა და ხორი ბეჰეზისა დაადგან შარავანდედი და შეაბან მანიაკი ოქროსა ყელსა მისსა.
7 დაჯდეს დარიოსის გვერდით თავისი სიბრძნის გამო და დარიოსის ნათესავად იწოდებოდეს. 7 და მეორესა საყდარსა დარეჰისასა დაჯდეს სიბრძნისა მისისათჳს და ნათესავად დარეჰისად სახელ-ედვას.
8 მაშინ თითოეულმა დაწერა თავისი სიტყვა, დაბეჭდა და დასდო მეფე დარიოსის სასთუმალთან. 8 და მაშინ თჳთეულად დაწერნეს სიტყუანი თჳსნი, შეაბეჭდეს, და დადვეს სასთუნალით კერძო დარეჰ მეფისა, და თქუეს:
9 როცა გაიღვიძებს მეფე, მისცემენ მას წერილებს და ვის სიტყვასაც მიიჩნევს უბრძნესად მეფე და სამი სპარსელი დიდებული, მას მიეცეს ძლევა, როგორც წერია. 9 რაჟამს აღდგეს, მიუპყრათ დაწერილი ესე, და იკითხოს მეფემან და მთავართა სპარსეთისათა, და რომლისა იპოოს სიტყუა უბრძნეს, მას მისცედ ძლევისა იგი პატივი.
10 ერთმა დაწერა: უძლიერესია ღვინო. 10 და დაწერა პირველმან და თქუა: ძლიერ არს და მძლე უფროს ყოვლისა ღჳნო.
11 მეორემ დაწერა: უძლიერესია მეფე. 11 და დაწერა მეორემან და თქუა: მძლე არს და უძლიერეს უფროს ყოვლისა შარავანდოვანი.
12 მესამემ დაწერა: უძლიერესნი არიან დედაკაცნი, ხოლო ყოველივეს სძლევს ჭეშმარიტება. 12 და მესამემან დაწერა და თქუა: მძლე არიან და უძლიერეს უფროს ყოვლისა დედანი და ყოველსა სძლის ჭეშმარიტებამან.
13

როდესაც მეფემ გაიღვიძა, აიღეს და მისცეს მას დაწერილი და წაიკითხა,

13

და რაჟამს განიღჳძა მეფემან, მოიღეს წერილი იგი და მისცეს მეფესა და აღმოიკითხა.

14 და დაიბარა ყველა დიდებული სპარსეთისა და მიდიისა, და სატრაპნი და მხედართმთავარნი, მხარეების გამგებელნი და მრჩეველნი და დაჯდა სამსჯავროში, და მათ წინაშე წაკითხულ იქნა დაწერილი. 14 და წარავლინა და მოუწოდა ყოველთა მთავართა სპარსეთისათა და უფლებასა, სპასპეტებსა და სოფლისმპყრობელთა და მფლობელთა.
15 თქვა: მოუხმეთ ჭაბუკებს და განმარტონ თავიანთი სიტყვები. დაძახებულ იქნენ და მოვიდნენ. 15 და დაჯდა ადგილსა, სადაცა შეემთხჳნეს მას ყოველნი და აღმოიკითხეს წიგნი იგი ყოველთა წინაშე.
16 უთხრა მათ: გვაუწყეთ დაწერილთა შესახებ. 16 და თქუა მეფემან: მოუწოდეთ აქა სენაკაპანთა და მათ განგჳმარტენ სიტყუანი თჳსნი და ვითარცა მოუწოდეს, შეიყვანეს წინაშე.
17 დაიწყო პირველმა, რომელიც ღვინის ძლიერებაზე ამბობდა, და თქვა ასე: 17 და ეტყოდეს მათ: ყოველნივე გჳთხართ ჩუენ დაწერილნი. და იწყო სიტყუად პირველმან, რომელმან-იგი თქუნა ძლიერებისაგან ღჳნისასა.
18 კაცნო, როგორ სძლევს ღვინო ყოველივეს? ყოველ ადამიანს ებინდება გონება, ვინც მას დალევს. 18 და თქუა ესრეთ: ჵ კაცო, ვითარ არა ძლიერ არს ღჳნო, რამეთუ ყოველთა კაცთა, რაოდენთა სვიან, შესულიბნის გონებანი.
19 ერთ ჭკუაზე აყენებს მეფეს და ობოლს, მონასა და თავისუფალს, ღატაკსა და მდიდარს. 19 მეფეთა და გლახაკთა ერთ ყვის გონება, ეგრეცა უფლისა და მონისა, მდიდრისა და მკოდოვისა.
20 ყოველ გონებას მოაქცევს ლხინისა და სიხარულისკენ და არ ახსენდება არავითარი მწუხარება და არავითარი მოვალეობა. 20 და ყოველთა გონება დრიკის და გარდააქცივის სიხარულად, და არა მოიჴსენიან მწუხარება და სალმობა.
21 ყოველი გულს აქცევს მდიდრად და არავის ახსოვს არც მეფე და არც სატრაპი და ყველას თავის ტალანტზე ალაპარაკებს. 21 რამეთუ ყოველთავე გონება აღავსის მხიარულებითა და სიმდიდრითა.
22 არ ახსოვთ, როცა თვრებიან, მეგობრებისა და ძმების სიყვარული და არც ისე იშვიათად იშიშვლებენ მახვილს. 22 და არა მოიჴსენნეს მეფენი და მთავარნი და ატყუებნ დიდ-დიდთა, და რაჟამს დაითურის, არა მოიჴსენის მეგობარნი და ძმანი და მტერნი და მრავალჯერ მახჳლიცა იჴადის.
23 როცა გამოფხიზლდებიან ღვინისაგან, აღარ ახსოვთ, რა მოიმოქმედეს. 23 და რაჟამს განქარდის ღჳნო, არა აჴსოვნ, რა უქმნიენ.
24 ო, კაცნო, როგორღა არ არის ღვინო უძლიერესი, როცა აიძულებს ასე მოიქცნენ. თქვა ეს და დადუმდა. 24 ჵ კაცნო, ვითარ არა ძლიერ არს ღჳნო, რომელმან ამას ყოველსა აიძულის საქმედ? და ესე ყოველი თქუა და დადუმნა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე