ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე მაკაბელთა

თავი მეათე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ხოლო მაკაბელმა და მისმა თანამზრახველებმა, როცა უფალმა კვლავ იბრუნა მათკენ პირი, ტაძარიცა და ქალაქიც დაიბრუნეს,

   
2 მოედანზე კი უცხო ტომთა ნაგები სამსხვერპლოები და საკერპოები გაანადგურეს.    
3 ტაძარი რომ განწმიდეს, ახალი სამსხვერძლო ააგეს; მერე კაჟებიდან დააკვესეს ცეცხლი და ორწლიანი შუალედის შემდეგ მსხვერპლი შესწირეს, აკმიეს საკმეველი, აანთეს სასანთლეები და მიიტანეს დასადებელი პურები.    
4 აღასრულებდნენ ამ წესს და ევედრებოდნენ ღმერთს ქვედამხობილნი, აღარ დასტეხოდათ თავს ამგვარი უბედურებები; ხოლო თუ შესცოდავდნენ, დიდსულოვნებით დარიგებულიყვნენ მისგან და არ ჩაცვენილიყვნენ ღვთისმგმობელთა და ბარბაროსთა ხელში.    
5 ერთსადაიმავე დღეს მოუწია ტაძარს უცხო ტომთაგან შეგინებამაც და განწმედამაც. ეს მოხდა ქისლევის თვის ოცდამეხუთე დღეს.    
6 რვა დღეს ზეიმობდნენ მას, როგორც კარვობის დღესასწაულს, იხსენებდნენ, ცოტა ხნის წინ კარვობის დღესასწაულზე მთებსა და მღვიმეებში ველის მხეცებივით რომ დაეხეტებოდნენ.    
7 ეპყრათ კვერთხები და მთის მცენარეთა ტოტები, აგრეთვე პალმის რტოები და მადლს სწირავდნენ მას, ვინც თავისი წმიდა ადგილი გააწმედინა მათ.    
8 დააწესეს საერთო დადგენილებითა და კენჭისყრით, რომ იუდაელთა მთელ მოდგმას ყოველწლიურად აღენიშნა ეს დღეები.    
9 ასეთი იყო აღსასრული ეპიფანედ წოდებული ანტიოქოსისა.    
10 ახლა კი ანტიოქოს ევპატორის, უღვთო კაცის შვილის დროს მომხდარ ამბებს მოგახსენებთ და მხოლოდ ომების დროს მომხდარ ბოროტებათა აღწერით შემოვიფარგლებით.    
11 როცა ანტიოქოსმა სამეფო მიიღო, საქმეები ჩააბარა ვინმე ლისიას, კოილეს სირიისა და ფინიკიის მთავარსარდალს.    
12 რაკი პტოლემეოსი, მაკრონად წოდებული, სამართლიანობას იჩენდა იუდაელთა მიმართ მათ წინააღმდეგ ჩადენილ უსამართლობათა სანაცვლოდ და ცდილობდა მათთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარებას,    
13 ამიტომ მეფის მეგობრებმა მას ევპატორთან ცილი დასწამეს; ყველამ მოღალატედ აღიარა იგი, რადგან მან დატოვა კვიპროსი, რომელიც ფილომეტორმა ჩააბარა მას და ანტიოქოს ეპიფანესთან გადავიდა. ლისიამაც, ღირსეულად რომ ვერ წარმართა მისდამი რწმუნებული განმგებლობა, მოიწამლა თავი და ასე დაასრულა სიცოცხლე.    
14 ხოლო გორგია, რომელიც ამ ადგილების სტრატეგოსი გახდა, ინახავდა უცხოელთა დაქირავებულ ჯარს და იუდაელებთან ომისთვის მუდამ მზად იყო.    
15 ამასთან ერთად, ედომელნიც, რომელთაც მთავარი ციხე-სიმაგრეები ეჭირათ, უსაფრდებოდნვნ იუდაელებს; ისინი იერუსალიმელ ლტოლვილებს თავშესაფარს სთავაზობდნენ და მზად იყვნენ საომრად.    
16 მაკაბელის მეომრებმა, მას შემდეგ რაც ილოცეს და შეევედრნენ ღმერთს, რომ მათი თანამებრძოლი გამხდარიყო, ედომის ციხე-სიმაგრეებს შეუტიეს.    
17

იერიშით საბოლოოდ იგდეს ხელთ ყველა ადგილი და გალავანზე მებრძოლი ყველა შემუსრეს; კლავდნენ, ვინც კი გზად შეხვდებოდათ, გაწყვიტეს არანაკლებ ოციათასი კაცისა.

   
18 როცა ცხრაათასამდე კაცმა თავი შეაფარა ორ გოდოლს, რომლებიც საკმაოდ იყო გამაგრებული, რომ ალყისთვის გაეძლოთ,    
19 მაკაბელმა დატოვა სიმონი და იოსები, აგრეთვე ზაკქეოსი და მისი ხალხი, საკმარისნი იმისათვის რომ გოდლები ალყაში მოექციათ, თავად კი წავიდა.    
20 მაგრამ სიმონის ხალხი, ვერცხლის სიყვარულით აღგზნებული, ზოგიერთებმა მეციხოვნეთაგან ვერცხლით მოისყიდეს და მათაც სამოცდაათიათასი დრაქმის საფასურად გააპარეს ზოგი მათგანი.    
21 როცა მაკაბელს ეს ამბავი აუწყეს, მან შეკრიბა ხალხის წინამბრძოლები და ბრალი დასდო ამ კაცებს, რომელთაც ფულზე გაყიდეს მოძმენი და მტრებს ხელი გაუხსნეს მათ წინააღმდეგ საბრძოლველად.    
22 მან სიკვდილით დასაჯა დამნაშავენი, როგორც მოღალატეები, და მაშინვე ორ გოდოლზე წარმატებით მიიტანა იერიში.    
23 აიღო გოდლები გამარჯვების მომხვეჭელი იარაღით, გაანადგურა მათში მსხდომი ოციათასზე მეტი კაცი.    
24 ახლა ტიმოთემ, რომელიც ადრე იუდაელებმა დაამარცხეს, შეკრიბა დიდძალი დაქირავებული ჯარი და აზიიდანაც არამცირედი რაოდენობის ცხენოსნები შეაგროვა, და დაიძრა იუდას დასალაშქრავად.    
25 როცა მოახლოვდნენ ისინი, მაკაბელის ხალხმა თავზე მიწის მტვერი დაიყარა, ჯვალო შემოირტყა წელზე და ლოცვა-ვედრება აღავლინა ღვთისადმი.    
26 სამსხვერპლოს კვარცხლბეკთან დამხობილნი ევედრებოდნენ ღმერთს, წყალობის თვალით მიეხედა მათთვის, მათი მტრების მტერი და მათ წინამდეგთა წინამდეგი გამხდარიყო, როგორც ამას რჯული აცხადებს.    
27 ღვთისმსახურების შემდეგ იარაღი აისხეს და კარგა მანძილზე გაშორდნენ ქალაქს; მიუახლოვდნენ მათზე წამოსულ მტერს    
28 და განთიადისას ორი ლაშქარი შეება ერთმანეთს: ერთნი, ვინც გამარჯვების იმედს თავის ძალაზე კი არა, არამედ უფლის შეწევნაზე ამყარებდნენ, და მეორენი, ვინც ბრძოლაში წინამძღოლად მძვინვარება დაიყენეს.    
29 ბრძოლა რომ შენივთდა, მოწინააღმდეგეს ციდან მოეჩვენა ოქროს მოსართავებით შეკაზმულ ცხენებზე ამხედრებული ხუთი ღირსეული კაცი, რომლებიც გაუძღვნენ იუდაელებს;    
30 მათ შუაში მოიქციეს მაკაბელების ლაშქარი, თავიანთი იარაღით იცავდნენ მათ და დაჭრისგან იფარავდნენ. მტრის ლაშქარს კი სტორცნიდნენ ისრებსა და მეხს, და თავგზააბნეულნი და დაბრმავებულნი აქეთ-იქით იფანტებოდნენ.    
31

გაწყდა ორიათას ხუთასი კაცი, მხედარი კი ექვსასი.

   
32 თავად ტიმოთემ კი მიაშურა გაზარად წოდებულ ციხე-სიმაგრეს, რომელიც ქერეას ჰქონდა ჩაბარებული და კარგად იყო მომარაგებული.    
33 ხოლო მაკაბელის ხალხი, გამარჯვებით გახალისებული, ოთხი დღე ალყით ადგა ციხეს.    
34 ციხეში მყოფნი, მიუვალი ადგილით დაიმედებულნი, ღმერთს გმობდნენ და უკადრის სიტყვებს გაჰყვიროდნენ.    
35 მეხუთე დღე რომ გათენდა, ოცი ახალგაზრდა მაკაბელის რიგებიდან ღვთისმგმობელობის გამო შურით ანთებული, ვაჟკაცურად მიეჭრა გალავანს და რისხვით გამძვინვარებული მუსრავდა ყველა დამხვდურს.    
36 სხვებმაც მათ მსგავსად ციხეზე იერიში მიიტანეს; წაუკიდეს ცეცხლი გოდლებს და ცოცხლად წვავდნენ ღვთის მგმობელთ ცეცხლში. სხვებმა კარიბჭე შელეწეს და დანარჩენი რაზმებიც ციხეში შეუშვეს. ასე აიღეს ქალაქი.    
37 მოკლეს ტიმოთე, რომელიც ჭაში იყო დამალული, ასევე მისი ძმა ქერეა, და აპოლოფანეც.    
38 ამის შემდეგ საგალობლებითა და სამადლობლებით დალოცეს უფალი, რომელმაც დიდი სიკეთე მომადლა ისრაელს და გაამარჯვებინა.    

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე